ბრძანება N 25104-3

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.08.2020
№ დოკუმენტი 25104-3
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 25104

24/08/2020

შპს ----------------------

(მის: -------------------- )

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს 2019 წლის 31 დეკემბრის №48348/1/2019 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 26 დეკემბრის № 094-257 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 06 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №56).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

აცხადებს, რომ დამფუძნებელზე გაცემული 5 წლიანი სესხი შემოწმებით ჩათვლილია უპროცენტო სესხად და დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი სარგებელზე.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 24 სექტემბრის №33066 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგებზე 2019 წლის 24 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის ---- იანვრიდან 2019 წლის --- აგვისტოს ჩათვლით. გამოიცა 2019 წლის 26 დეკემბრის №46394 ბრძანება და ამავე თარიღის №094-257 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 3 043 897 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 547 075 ლარი, ჯარიმა 1 010 791 ლარი და საურავი 486 031 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან მიმართებაში დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება ნაღდი ფულადი სახსრები 1 999 000 ლარის ოდენობით, რომელიც იზრდებოდა 2016 წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საწარმომ დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე (დირექტორზე, ----- ზე) და ----- ზე ) და სალაროდან გასცა სესხი სულ 3 458 500 ლარის ოდენობით (--- - 1 767 000 ლარი და ---- - 1 691 500 ლარი), ხელშეკრულების თანახმად სესხი არის სასყიდლიანი წლიური 20% იანი. გადასაახდის გადამხდელი საპროცენტო შემოსავალს იღებს შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში, თუმცა პროცენტების მიღება და თანხების (ძირის) დაბრუნება არ ხდება. ამასთან, საზოგადოება 2016 წლის დეკლარირებული და შემოწმების მონაცემების მიხედვით არის ზარალზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქვეანგარიშოდ და ასევე სესხად გაცემული თანხები განხილულ იქნა საზოგადოების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად გაანგარიშდა სარგებელი საბაზრო საპროცენტო განაკვეთით (20%) თვეების მიხედვით, ხოლო სარგებლის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად (-------- ზე) - 1 178 560 ლარი და ------ ზე - 1 046 961 ლარი) საწარმოს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ლომბარდის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ხელფასის სახით მიღებული შემოსავალია "დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სალაროში რიცხული თანხის სესხის გაცემად განხილვა და შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოგების გადასახადით დაბეგვრა, ასევე გაცემული ავანსის თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება და სესხად განხილულ თანხებზე საპროცენტო სარგებლის გაანგარიშება არის მართლზომიერი და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის N34-ე ბრძანების თანახმად: "საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცდეს 20 პროცენტის ოდენობით.

განსახილველ საკითხთან მიმართბაში შემოსავლების სამსახური განმარტავს შემდეგს: დადგენილია რომ საწარმომ დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე (დირექტორი, ------ და ----- ) სალაროდან გასცა სესხი სულ 3 458 500 ლარის ოდენობით. ასევე, სადავო არ არის ის ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელი საპროცენტო შემოსავალს იღებს შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში, თუმცა პროცენტების მიღება და თანხების (ძირის) დაბრუნება არ ხდება. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების (ოპერაციის შინაარსი) გათვალისწინებით, შემოწმებით კვალიფიკაციის შეცვლის შედეგად საქვეანგარიშოდ და სესხად გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა, მასზე გაანგარიშებული სარგებლის საბაზრო საპროცენტო განაკვეთით განსაზღვრის შედეგად განხორციელებული დარიცხვა მართლზომიერია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება დამფუძნებელზე გაცემული 5 წლიანი სესხის უპროცენტო სესხად ჩათვლას და საერგებელზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით გადამხდელს უფიქსირდება ნაღდი ფულადი სახსრები. საწარმომ დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე (დირექტორზე) სალაროდან გასცა სესხი 20%-იანი სარგებლით. გადამხდელი საპროცენტო შემოსავალს იღებს ერთობლივ შემოსავალში, თუმცა პროცენტების მიღება და თანხების (ძირის) დაბრუნება არ ხდება.

შემოწმებით საქვეანგარიშოდ და ასევე სესხად გაცემული თანხები განხილულ იქნა საზოგადოების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, გაანგარიშდა სარგებელი საბაზრო საპროცენტო განაკვეთით (20%) თვეების მიხედვით, ხოლო სარგებლის თანხა სსკ-ს 101-ე მუხლის თანახმად ჩაითვალა ხელფად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან სსკ-ს 154-ე მუხლის საწარმოს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სალაროში რიცხული თანხის სესხის გაცემად განხილვა და შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოგების გადასახადით დაბეგვრა, ასევე გაცემული ავანსის თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება და სესხად განხილულ თანხებზე საპროცენტო სარგებლის გაანგარიშება არის მართლზომიერი და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,,ბ“); 982(3,,ზ“); 101(2); 154(1).