გადაწყვეტილება №25815/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25815/2/2025
18 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 5.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25815/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8480 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2025 წლის №007-28 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.07.2025 წლის №14613 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 164 243,68 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 566 596
საშემოსავლო გადასახადი - 553 324
ქონების გადასახადი - 13 272
ჯარიმა - 283 398
საურავი - 314 249,68
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი.
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 19.06.2018 წელს. მისი საქმიანობის სახეს წარმოადგენს კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები (ეკონომიკური საქმიანობის კოდი 62030). კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია შპს N1 (ს/ნ „-------“), ხოლო დირექტორია „-------“ (პ/ნ „-------“), რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს შპს N1-ის დამფუძნებელს და 100%-იანი წილის მფლობელს. შპს N1-ის (ს/ნ „-------“) მიერ 2018 წლის ივნისის თვეში განხორციელდა მომჩივანის კაპიტალში 1 024 073 ლარის კომპიუტერული ტექნიკის შეტანა, აღნიშნული კომპიუტერული ტექნიკა წარმოადგენს კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად განკუთვნილ აპარატურას. შემოწმების პროცესში დანიშნულ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის და დათვალიერების პროცედურა, რომლის შედეგებიდან (საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.06.2022 წლის №15128 ბრძანება) დგინდება, რომ კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად განკუთვნილი აპარატურა მდებარეობს მისამართზე:„-------“(ს/კ: „-------“), აპარატურა განთავსებულია თაროებზე კრიპტოაქტივის გამოსამუშავებლად საჭირო საექსპლუატაციო მდგომარეობაში. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარმოდგენილი ამონაწერი ელექტრონული საფულიდან და არც სხვა რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა გამომუშავებული კრიპტოვალუტის რაოდენობის განსაზღვრა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გათვალისწინებულ იქნა საწარმოს კაპიტალში შეტანილი მაინერების რაოდენობა, მათი მოდელების მიხედვით კრიპტოაქტივის გამომუშავების სიმძლავრე და კრიპტოაქტივის საბაზრო ღირებულება შესაბამისი პერიოდების მიხედვით. აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალმა შეადგინა 3 853 757 ლარი, რაც ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
ამასთან,„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 39-ე მუხლის და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევისთვის, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა მხოლოდ ერთხელ 100 ლარის ოდენობით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №007-257 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №12989 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, იმ საანგარიშო პერიოდებზე, რომლებზეც ელექტროენერგიის მოხმარება არ ფიქსირდება ან ფიქსირდება მცირე/უმნიშვნელო ოდენობით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №12989 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 21.12.2023 წლის №20870/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №12989 ბრძანება. საჩივარი, პირველი დავის საგნის (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და მიღებული შემოსავლების დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის) ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 21.12.2023 წლის №20870/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი 15.04.2024 წლის №8480 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, მონაცემები/ამონაწერები მომჩივანის და „-------“-ის მიერ გამოყენებული ელექტრონული საფულეებიდან (რომელთა იდენტიფიცირება უნდა უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელმა). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8480 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2025 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა 16.04.2024 წლის №„-------“ წერილით, 23.08.2024 წლის №„-------“ წერილით და 17.09.2024 წლის №„-------“ წერილით გამოგზავნილი გადასახადის გადამხდელის მიერ 3.04.2024 წელს, 21.08.2024 წელს და 13.09.2024 წელს წარდგენილი კორესპონდენციის შესწავლა. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახდო ვალდებულებების (კორექტირება) შემცირება არ განხორციელდა, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის სრულად წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8480 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარსადგენი მტკიცებულებები, ასევე მის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი თუნდაც არასრულად წარდგენილი მონაცემების იდენტიფიცირება.
აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 3.04.2025 წლის №007-28 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2.07.2025 წლის №14613 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის ივნისის თვეში კომპანიის დამფუძნებელმა შპს N1-მა განახორციელა მომჩივანის კაპიტალში 1 024 073 ლარის კომპიუტერული ტექნიკის, კერძოდ, კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად განკუთვნილ აპარატურის შეტანა. ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის და დათვალიერების პროცედურით დადგინდა, რომ აპარატურა, რომელიც მდებარეობს „-------“-ზე (ს/კ „-------“, განთავსებული იყო თაროებზე კრიპტოაქტივის გამოსამუშავლებლად საჭირო საექსპლუატაციო მდგომარეობაში. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას არ წარუდგინა ამონაწერი ელექტრონული საფულიდან და არც სხვა რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა გამომუშავებული კრიპტოვალუტის რაოდენობის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ამ მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი შემოწმებით მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 ივნისის №12989 ბრძანებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, იმ საანგარიშო პერიოდებზე, რომლებზეც ელექტროენერგიის მოხმარება არ ფიქსირდება ან ფიქსირდება მცირე/უმნიშვნელო ოდენობით, განეხორციელებინა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 326 115 ლარით, მათ შორის, გადასახადი 217 410 ლარით და ჯარიმა 108 705 ლარით. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 აპრილის №8480 ბრძანება, რომლითაც გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, წარედგინა მონაცემები/ამონაწერები მომჩივანის და „-------“-ის მიერ გამოყენებული ელექტრონული საფულეებიდან (რომელთა იდენტიფიცირება უნდა მოეხდინა გადასახადის გადამხდელს).
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. ამასთან, გადამხდელმა ვერ უზრუნველყო თუნდაც არასრულად წარდგენილი მონაცემების იდენტიფიცირება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე:
1. რადგან წარმოდგენილია, ამონაწერი ელექტრონული საფულიდან, უნდა მოხდეს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების გაუქმება და თანხა დაანგარიშდეს მოცემული ელექტრონული საფულის ამონაწერის მიხედვით (დანართი №1).
2. უნდა მოხდეს იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ შემოწმების პერიოდში, შემოწმების ადგილზე ფიზიკური პირი „-------“თავისი კუთვნილი ე.წ. მაინერებით ეწეოდა კრიპტოვალუტის მოპოვების საქმიანობას და მოცემულ ფართზე ფიქსირებული ელექტროენერგიის საფასურს თავად რიცხავდა მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან. მას 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდში ელექტროენერგიის აბონენტზე გადარიცხული/დაფარული აქვს 269 419 ლარი (დანართი №2 და №3).
3. ასევე, 2020 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე გარკვეული ფართი ნაქირავები ჰქონდა ფიზიკურ პირ „-------“-ს(პ/ნ „-------“), რომელიც აღნიშნულ პერიოდში დაკავებული იყო ისეთი საქმიანობით, როგორიცაა საკვებით მობილური მომსახურება (ლობიანი, ხაჭაპური და ა.შ.). შესაბამისად, აღნიშნულ მისამართზე 2020 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში დაფიქსირებულ ელექტროენერგიის ხარჯის ნაწილის მომხმარებელს წარმოადგენს ფიზიკური პირი „-------“. 2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე გარკვეული ფართი ნაქირავები აქვს შპს N2-ს (ს/ნ „-------“), რომელიც აღნიშნულ პერიოდში დაკავებული იყო ისეთი საქმიანობით, როგორიცაა საკვებით მობილური მომსახურება (ლობიანი, ხაჭაპური და ა.შ.). შესაბამისად, აღნიშნულ მისამართზე 2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე პერიოდში დაფიქსირებულ ელექტროენერგიის ხარჯის ნაწილის მომხმარებელს წარმოადგენს შპს N2.
4. რომ შევაჯამოთ, 2018 წელს, შპს N1-ის მხრიდან, მომჩივანის კაპიტალში ე.წ. მაინერების შეტანა განპირობებული იყო სურვილით, რომ მოცემული მაინერები გაყიდულიყო საბითუმო წესით, ერთიანი პაკეტით მსხვილ ინვესტორზე, რა მიზანიც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ განხორციელდა. სწორედ ამიტომ იყო განთავსებული მოცემული ტექნიკა, სასაქონლო მატერიალური მარაგების და არა ძირითადი საშუალებების ბალანსზე. მოცემული საბითუმოდ გასაყიდი მარაგების სპეციფიკიდან გამომდინარე, ხდებოდა ზოგიერთი მათგანის პერიოდული ტესტირება, რათა პოტენციური ინვესტორისთვის ეჩვენებინათ, რომ მოცემულ მაინერებს არ ჰქონდათ ხარვეზი/წუნი. სწორედ ამ პროცესში იყენებდნენ კომპანიის ელექტრონულ საფულეს. ამ მიზეზით იყო მაინერების ზოგიერთი ნაწილი დაერთებული, ხოლო ზოგიერთი მაინერი გაუხსნელი და შეფუთული (აღწერის აქტშიც არის მოცემული ინფორმაცია კომენტარებით აღნიშნული). საგადასახადო შემოწმების აქტში, არც კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა იყო გათვალისწინებული: მაგალითად, მოცემული ტექნიკის საბითუმო რეალიზაციის განსახორციელებლად, კომპანიას ესაჭიროებოდა საწყობის ტიპის სივრცე, სადაც მოახდენდა გარკვეულ ტესტირებას, მათ შორის პოტენციური მსხვილი ინვესტორებისთვის და არაბრენდირებული საცალო გაყიდვების ტიპის ეფექტური მაღაზია, რომელიმე სავაჭროდ აქტიურ ცენტრალურ ქუჩასა თუ გამზირზე.
5. შემოსავლების სამსახური, ყველა წინა ბრძანებით ითხოვდა ელექტრონული საფულის ჩვენებას, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ მომჩივანმა გადასცა ამონაწერი ელექტრონული საფულიდან, ასევე ფიზიკურმა პირი„-------“-ის საფულის გახსნა და დეტალური დათვალიერება მოხდა ადგილზე შემოსავლების სამსახურის ოფისში, აუდიტორების მიერ, საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული ელექტრონული საფულეები, გასაკვირია რატომ ითხოვდნენ დაჟინებით ელექტრონულ საფულეებს როგორც რეესტრს და საინფორმაციო საშუალებას, თუ მაინც არ მოხდებოდა საფულეების დეტალური ანალიზი.
6. შემოსავლების სამსახურმა, არ გააკეთა მათივე მოთხოვნილი ელექტრონული საფულეების დეტალური ანალიზი, მხოლოდ ზედაპირული ჩვენებით დაკმაყოფილდა და არ გადაიანგარიშა დარიცხული თანხა არაპირდაპირი მეთოდიდან პირდაპირ მეთოდზე.
7. შემოსავლების სამსახურმა არც ის პირდაპირი მტკიცებულებები გაითვალისწინა, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ ფიზიკური პირი „-------“ ბანკის მეშვეობით იხდიდა ელექტროენერგიის საფასურს მიმდინარე აბონენტზე, რადგან მისი პირადი მაინერების დიდი ნაწილი განთავსებული იყო იგივე ლოკაციაზე და არ უნდოდა, რომ კომპანიას გაესტუმრებინა მისი პირადი საქმიანობის შედეგად მიღებული კომუნალური ხარჯები. შემოსავლების სამსახურს არ მოუხდენია არც მისი მაინერების აღწერა, „-------“-ის მიერ მისი პირადი მოხმარებისთვის გადახდილი 300 000 ლარამდე კომუნალური მომსახურების ხარჯზე ფაქტობრივად არამცთუ შესწავლა არამედ კითხვის დასმაც არ მომხდარა, თითქოს წარმოდგენილი მტკიცებულება არც არსებობდეს, იმ დროს როცა საბანკო ამონაწერია წარდგენილი, ერთ-ერთი ყველაზე სანდო დოკუმენტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურმა 2025 წლის 3 აპრილის ბრძანებით დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირა, რისი მიზეზიც პროცესში გამოვლენილი რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევაა:
- მიწოდებული ელექტრონული საფულეების ზედაპირული/სიმბოლური ანალიზი და არ გათვალისწინება;
- „-------“-ის მიერ წარდგენილი, საბანკო ამონაწერების არ გათვალისწინება, სადაც ჩანდა, რომ ის იხდის ზოგიერთ კომუნალურ ხარჯს იგივე მისამართზე; - არ განხორციელდა ფ. პ. „-------“-ის პირადი მაინერების აღწერა;
- და სხვა დარღვევები, რომელთა შესახებ ინფორმაცია დავის განხილვის პროცესში შეხვედრის ფორმატში იქნება წარმოდგენილი.
გასათვალისწინებელია ზემოაღნიშნული გარემოებები, გამოვლენილი ხარვეზები, წარმოდგენილი მტკიცებულებები, დეტალურად უნდა გაანალიზდეს და მოხდეს ზედმეტად დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8480 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, მონაცემები/ამონაწერები მომჩივანსა და „-------“-ის მიერ გამოყენებული ელექტრონული საფულეებიდან (რომელთა იდენტიფიცირება უნდა უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელმა). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2025 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა 16.04.2024 წლის №„-------“ წერილით, 23.08.2024 წლის №„-------“ წერილით და 17.09.2024 წლის №„-------“ წერილით გამოგზავნილი გადასახადის გადამხდელის მიერ 3.04.2024 წელს, 21.08.2024 წელს და 13.09.2024 წელს წარდგენილი კორესპონდენციის შესწავლა. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახდო ვალდებულებების (კორექტირება) შემცირება არ განხორციელდა, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის სრულად წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8480 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარსადგენი მტკიცებულებები, ასევე მის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი თუნდაც არასრულად წარდგენილი მონაცემების იდენტიფიცირება.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიის წარმომადგენლები მათი თანდასწრებით შევიდნენ ელექტრონულ საფულეში, თუმცა ვერ ხდება კრიპტოაქტივის იდენტიფიცირება, ვის მიერ არის გამომუშავებული და ვის ეკუთვნის. უცნობია ელექტრონული საფულის ტიპი.
საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8480 ბრძანების აღსრულების საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.07.2025 წლის №14613 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიიჩნევს,რომ დეტალურად უნდა გაანალიზდეს და მოხდეს ზედმეტად დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 19.06.2018 წელს. მისი საქმიანობის სახეს წარმოადგენს კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები.კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია სხვა საწარმო ხოლო დირექტორია ფიზიკური პირი,რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ამ კომპანიის დამფუძნებელს და 100%-იანი წილის მფლობელს. შპს-ს მიერ 2018 წლის ივნისის თვეში განხორციელდა მომჩივანის კაპიტალში 1 024 073 ლარის კომპიუტერული ტექნიკის შეტანა, აღნიშნული კომპიუტერული ტექნიკა წარმოადგენს კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად განკუთვნილ აპარატურას.დგინდება, რომ კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად განკუთვნილი აპარატურა განთავსებულია თაროებზე კრიპტოაქტივის გამოსამუშავებლად საჭირო საექსპლუატაციო მდგომარეობაში.
გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარმოდგენილი ამონაწერი ელექტრონული საფულიდან და არც სხვა რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა გამომუშავებული კრიპტოვალუტის რაოდენობის განსაზღვრა.მომჩივნის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალმა შეადგინა 3 853 757 ლარი, რაც ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლით. ამასთან, სსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელი დაჯარიმდა მხოლოდ ერთხელ 100 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8480 ბრძანების აღსრულების საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5,9),101,154,