ბრძანება N 1759

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.02.2025
№ დოკუმენტი 1759
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1759

05 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: ----- )

2025 წლის 13 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 31 იანვრის სხდომაზე (ოქმი N 9) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) N 93638/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 3 დეკემბრის N EL268960 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ პროდუქციის მომწოდებელ ორგანიზაციას ინვოისში არასწორად ეწერა ინფორმაცია, კერძოდ, ქალის ზედა ტანსაცმელი - პერანგი, სვიტერი, მოსაცმელი გაერთიანებული იყო ინვოისში და ღირებულებად გამოყვანილი ჰქონდა საშუალო ფასი. ამასთან, პროდუქციის რაოდენობაში იყო მცირე აცდენა, კერძოდ ნაცვლად ინვოისში მითითებული ჯამური 809 პროდუქტისა შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა 803 ცალი პროდუქცია. შედეგად, დაჯარიმდა არადეკლარირებული ტვირთის შემოტანისთვის. მომჩივანი ერთის მხრივ ეთანხმება, რომ ინვოისში იყო შეცდომა, თუმცა უარყოფს არადეკლარირებული საქონლის შემოტანას და მიუთითებს, რომ შეცდომა იყო პროდუქციის დასახელებებში და არა რაოდენობასა და ღირებულებაში. ასევე, ინვოისში მითითებული დასახელება „ორეული“ სრულად იქნა ამოღებული დეკლარირებიდან, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ჩამოვიდა ორეულები - ზედა - ქვედა ერთ შეფუთვაში.

ასევე მიუთითებს, რომ სადავო ოქმი კომპანიას არ ჩაბარებია და დეტალების შესახებ არ ფლობს ინფორმაციას. კომპანიის არსებობის მანძილზე არ ყოფილა გადასახადებისგან თავის არიდების ან/და ვალდებულებების ვადაგადაცილების ფაქტი. ამასთან, აღნიშნული ინვოისით არ მომხდარა თანხების შემცირება, ბიუჯეტში გადასახდელი თანხების დამალვა, პროდუქციის მალულად შემოტანა, ინვოისში მითითებული იყო თანხა, რაც რეალურად იყო გადარიცხული კომპანიის საბანკო ანგარიშიდან ჩინეთში პროდუქციის შესაძენად.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 2 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა სასაქონლო პარტიათა ნაკრებით დატვირთული სატვირთო სატრანსპორტო საშუალება N -----/-----, რომელშიც ასევე განთავსებული იყო შპს „-----“ მიერ N -----/----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით დეკლარირებული 25 721.48 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი (ტანსაცმელი საერთო წონა - 350 კგ). სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ დარეგისტრირდა №-----/----- საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“.

საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების შემდეგ, განხორციელდა N ------/----- საქონლის საბაჟო დეკლარაციის დამუშავება და დეკლარაციას მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალება „-----“-ის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“. გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგად დეკლარირებული საქონლის (მოსაცმელი - 700 ცალი, ტანსაცმლის კომპლექტი - 24 ცალი, შარვალი - 55 ცალი) გარდა, დამატებით აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი (სვიტერი - 330 ცალი, პერანგი -120 ცალი, შარვალი - 55 ცალი), ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული არ იყო დეკლარირებული 24 ცალი ტანსაცმლის კომპლექტი.

კომპლექტი. საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა 2111.4 აშშ დოლარით.

ვინაიდან შპს „-----“ მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 3 დეკემბერს შედგენილი N ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „-----“ შეეფარდა ჯარიმა 6012.84 ლარის ოდენობით. ამასთანავე, გაუქმდა N -----/----- საქონლის საბაჟო დეკლარაცია.

აღნიშნული სანქციის გადახდისა და დეტალების გაცნობის შემდეგ რეგისტრირებულ იქნა ახალი N -----/------/----- (06.12.2024) საქონლის საბაჟო დეკლარაცია.

რაც შეეხება 24 ცალ ტანსაცმლის კომპლექტს, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საქონლის დათვალიერებისას აღნიშნული კომპლექტი სატრანსპოპრტო საშუალებაში არ იყო აღმოჩენილი, შესაბამისად მითითებული საქონელი დეკლარაციაში არ ჩაიწერა.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად - იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების და საქონლის დათვალიერების შედეგად დეკლარირებული საქონლის გარდა, დამატებით აღმოჩენილ იქნა 2111.4 აშშ დოლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული საქონელი. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საჩივარში მითითებულ არგუმენტებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმი ელექტრონულად ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს, რაც განხორციელდა კიდეც განსახილველ შემთხვევაში და ადრესატს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გაეგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე. ამასთან, ზემოაღნიშნული სანქციის ჩაბარების/გაცნობის, გადახდისა და დეტალების გაცნობის შემდეგ კი რეგისტრირებულ იქნა ახალი N -----/-----/----- (06.12.2024) საქონლის საბაჟო დეკლარაცია. რაც შეეხება 24 ცალ ტანსაცმლის კომპლექტს, საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საქონლის დათვალიერებისას აღნიშნული კომპლექტი სატრანსპოპრტო საშუალებაში არ იყო აღმოჩენილი, შესაბამისად მითითებული საქონელი დეკლარაციაში არ ჩაიწერა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ.N 6) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.

 

ფაქტობრივი გარემოება

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა სასაქონლო პარტიათა ნაკრებით დატვირთული სატვირთო - სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც ასევე განთავსებული იყო საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით დეკლარირებული საქონელი. უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება - დათვალიერება და დადგინდა, რომ დეკლარირებული საქონლის გარდა, დამატებით აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი. გადასახადის აღნიშნული გადამხდელი დაჯარიმდა არადეკლარირებული ტვირთის შემოტანისთვის.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 168; 163;.