გადაწყვეტილება №20163/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20163/2/2023
26 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 4.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20163/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9130 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2023 წლის №094-33 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14707 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 81 109 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 68 630
ჯარიმა - 9 253
საურავი - 3 226
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.09.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ არასწორად ხდებოდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დეკლარირება, კერძოდ, ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად ჩათვლილი დღგ-ის თანხები ასევე, ჩათვლილი იყო საბოლოო ანგარიშ-ფაქტურითაც და ხდებოდა ჩათვლის გაორება. ამავდროულად, ავანსის ანგარიშ-ფაქტურების გამომწერი მხარის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ფაქტურების შესაბამისად დასაბეგრი თანხები შემცირებულია (გაქვითულია) ავანსის ფაქტურებით დაბეგრილი თანხის ოდენობით. ჩასათვლელი დღგ-ის თანხები განისაზღვრა შემოწმებით დადგენილი მონაცემების შესაბამისად და შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, დაკორექტირდა შესაბამისი თვეების ჩასათვლელი დღგ-ის თანხები, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა;
2. კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაწეულია წარმომადგენლობითი და გასართობი ღონისძიებების გამართვასთან დაკავშრებული ხარჯები, კერძოდ, სასტუმრო და სარესტორნე მომსახურება, ღონისძიებების ორგანიზება, საახალწლო ღონისძიებების გამართვა და სხვა. აღნიშნულ მომსახიურებებზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ზოგიერთ შემთხვევაში მიღებულია დღგ-ის ჩათვლა.
შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის და 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების მიერ შემცირდა წარმომადგენლობით ხარჯებსა და გასართობ ღონისძიებებზე გადახდილ თანხებზე მიღებული დღგ-ის ჩათვლები, შედეგად გადამხდელს განესაზღვრა კუთვნილი დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა;
3. ზედმეტად გადახდილი დღგ-ის, მოგების და ქონების გადასახადებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტში ინფორმაცია დაფიქსირებული არ არის;
4. 2018 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი აქციზის გადასახადის დეკლარაციით, კომპანიას ჩათვლილი აქვს აქციზის გადასახადი 58 728 ლარის ოდენობით. 2018 წლის 1 იანვრიდან განხორციელებულ ოპერაციებზე, გადასახდელად დარიცხული აქციზის თანხის შემცირების უფლება კომპანიას არ ჰქონდა, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ამოღებულია 2018 წლის პირველი იანვრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით შემცირებას დაექვემდებარა აქციზის ჩასათვლელი თანხა, კომპანიას დაერიცხა კუთვნილი აქციზი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 30.12.2021 წლის №42198 ბრძანება და №094-197 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9130 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, პირველი სადავო საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-4 სადავო საკითხზე, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, 2017 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების (ურთიერთჩართვის მომსახურება) ფარგლებში გადახდილი აქციზის თანხის ჩათვლა შესაბამის საანგარიშო პერიოდში და აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9130 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2023 წლის 31 მარტის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა 106 241 ლარით, მათ შორის გადასახადი - 75 389 ლარით, ჯარიმა 30 852 ლარით.
აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 26 აპრილის №9039 ბრძანება და №094-33 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14707 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და აღნიშნა, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე წარმომადგენლობით და გასართობი ღონისძიებების ხარჯებთან მიმართებით მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმებასთან და აქციზის ჩასათვლელი თანხის გაუქმებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების შესწავლის შედეგად, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები შემცირდა სულ 106 332 ლარით, მათ შორის, გადასახადი 75 480 ლარით და ჯარიმა 30 852 ლარით. ხოლო საჩივარში წარდგენილ სადავო საკითხებთან მიმართებით, სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო, შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
1. ზედმეტად დეკლარირებული დღგ და მოგების გადასახადი.
კომპანია მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, რადგან საჩივარში წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები უგულებელყოფილია და უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებულია ყოველგვარი შეფასების და კონტრ-არგუმენტის გარეშე. კომპანიის პოზიციით გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხების გარემოებების გამოკვლევის და სამართლებრივი შეფასების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენილი ჰქონდა ბუღალტრული გატარებები და დეკლარირებული მონაცემების დეტალური გაანგარიშებები, 2022 წლის 20 აპრილს კომპანიამ განმეორებით წარადგინა აღნიშნული დოკუმენტაცია, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით ჰქონდა მისი წარდგენის ვალდებულება.
კომპანიამ 2021 წლის 6 მაისს აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა განმარტებითი №192/22 ბარათი, სადაც განმარტა, რომ შემოწმების მიმდინარეობის პროცესში სრულად და დეტალურად იყო წარდგენილი ინფორმაცია დღგ-ის და მოგების გადასახადით დასაბეგრი ყველა ოპერაციის შესახებ. ამასთან დამატებით წარადგინა ცხრილი, სადაც გამოანგარიშებული იყო ზედმეტად დეკლარირებული დღგ-ის და მოგების გადასახადის თანხები თითოეულ საანგარიშო პერიოდის მიხედვით, რომელიც ექვემდებარებოდა შემცირებას. კერძოდ, კომპანიის მიერ ზედმეტად დეკლარირებული თანხები გამოიყურება შემდეგნაირად: 2018 წელი: იანვარი - 70 641/76 304 ლარი, თებერვალი - 101 828/121 012 ლარი, მარტი - 76 683/88 666 ლარი, აპრილი - 96 064/112 993 ლარი, მაისი - 31 424/39 536 ლარი, ივნისი - 72 773/95 405 ლარი, ივლისი - 64 054/73 594 ლარი, აგვისტო - 69 951/72 629 ლარი, სექტემბერი - 46 000/58 454, ოქტომბერი - 45 435/56 538 ლარი, ნოემბერი - 57 737/75 175 ლარი, დეკემბერი - 78 295/59 190. 2019 წელი: იანვარი - 49 868/70 254 ლარი, თებერვალი - 120 666/41 562 ლარი, მარტი - 58 778/52 676 ლარი, აპრილი - 47 164/61 180 ლარი, მაისი - 53 722/61 755 ლარი, ივნისი - 57 895/52 352 ლარი, ივლისი - 62 833/53 940 ლარი, აგვისტო - 50 715/59 060 ლარი, სულ 1 312 528/1 382 774 ლარი.
აღსანიშნავია, კომპანიის მიერ წარდგენილ ინფორმაციაში დეტალურად იყო გამოანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებების ოდენობა, სადაც თვალნათლივ დასტურდებოდა ზედ მეტად დარიცხული და გადახდილი გადასახადების ფაქტი, თუმცა, როგორც აუდიტის დეპარტამენტმა, ასევე შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ არ გაიზიარა კომპანიის მოთხოვნა და შემოწმების მონაცემები დარჩა უცვლელი, იმ არგუმენტით რომ კომპანიის მიერ საგადასახადო შემოწმების დროს მოწოდებული ინფორმაციისაგან/დოკუმენტაციისაგან განსხვავებული დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ მომხდარა. საგადასახდო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნის შედგენამდე, აუდიტის დეპარტამენტში გაიმართა შეხვედრა, რომლის დროსაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია, მათ კომპანიის მხრიდან კიდევ ერთხელ განემარტათ სადავო საკითხის არსი, მათ შორის კომპანიის მიერ შემოწმებულ პერიოდში გამოყენებული სტრატეგია საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირებასთან დაკავშირებით.
ბუღალტრული აღრიცხვის პრაქტიკამ და თავისებურებებმა აჩვენა, კომპანიის მხრიდან გარკვეული წინდახედულობის გამოჩენის საჭიროება იყო, იმ მიზეზით, რომ გარკვეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ინფორმაციის დაგვიანებით მიღებას და ბუღალტრულად აღრიცხული მონაცემების შემდგომ კორექტირებებს. იმისთვის, რომ კომპანიას თავიდან აერიდებინა დეკლარაციების რამდენჯერმე დაზუსტება და ასევე დაეზღვია გაუთვალისწინებელი საგადასახადო რისკები, კომპანია ახდენდა დღგ-ის და მოგების გადასახადების ზედმეტად დეკლარირებას. გადასახადების ზედმეტად დეკლარირების პოლიტიკა კომპანიისათვის ახალი არ იყო, ვინაიდან 2017 წლამდეც ასევე ხდებოდა დეკლარირება, რაც დასტურდება 2015-2016 წლის პერიოდზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით, სადაც იგივე საფუძვლით განხორციელდა ზედმეტად დეკლარირებული გადასახადების შემცირება. კომპანიის მიერ მოგების გადასახადის ზედმეტად დეკლარირების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენდა კონტროლირებად ოპერაციებზე სატრანსფერო ფასწარმოქმნის რეპორტების დაგვიანებით მიღება. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია ვერ ახდენდა წინასწარ განესაზღვრა საჭირო იქნებოდა თუ არა საბაზრო ფასთან მიმართებით კორექტირება, ამიტომ გარკვეული თანხის ზედმეტად დეკლარირებას ახდენდა ყოველთვე. გარდა ამისა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასკვნის მომზადებამდე 2023 წლის 13 თებერვალს მსხვილ გადამხდელთა კონტროლის სამმართველომ დეტალური ინფორმაცია მოითხოვა იანვრის თვის დღგ-ით დასაბეგრი და განთავისუფლებული ოპერაციების შესახებ, რათა კიდევ ერთხელ დაენახათ კომპანიის მიერ გადასახადების გამოანგარიშების და დეკლარირების სისწორე. კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შემოწმებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, სადაც დაუზუსტებელ მონაცემებთან დაკავშირებით ზედმეტად დარიცხული გადასახადის თანხამ შეადგინა 60,000 ლარი, რაც წარმოადგენდა ამავე დეკლარაციაში გადასახდელი დღგ-ის თანხის დაახლოებით 3 პროცენტს.
აღნიშნულ პერიოდზე აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ კომპანიის მიერ სრულად იქნა მიწოდებული საგადასახადო ვალდებულებების გამოანგარიშებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად აუდიტის დეპარტამენტმა არ შეამცირა ზედმეტად დეკლარირებული თანხები და შემოწმების მონაცემები დატოვა უცვლელი, იმ არგუმენტით რომ კომპანიის მიერ საგადასახადო შემოწმების დროს მოწოდებული ინფორმაციისაგან/დოკუმენტაციისაგან განსხვავებული დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ მომხდარა.
ზოგადად, საგადასახადო კოდექსის დადგენილი ნორმების მიხედვით საგადასახადო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ასევე ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები და დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
თავის მხრივ, გადასახადის გადამხდელის უფლებას წარმოადგენს, რომ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება და დაიბრუნოს ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა. აქედან გამომდინარე აუდიტის დეპარტამენტს ვალდებულება ჰქონდა შემოწმების ჩატარების პროცესში სწორად განესაზღვრა კომპანიის საგადასახადო ვალდებულები და ზედმეტად დეკლარირებული მონაცემების არსებობის შემთხვევაში შეემცირებინა საგადასახადო ვალდებულებები.
ამდენად, აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა კანონით დადგენილი ვალდებულება და ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე უგულებელყო კომპანიის მოთხოვნა ზედმეტად დეკლარირებული დღგ-ის და მოგების გადასახადების შემცირებაზე. კომპანია ასევე მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული დასკვნის მომზადებისას დარღვეულია კომპანიის უფლებები.
საგადასახადო კოდექსის მიხედვით საგადასახადო შემოწმების შედეგებზე დგება საგადასახადო შემოწმების აქტი კანონით დადგენილი წესის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს გადასახადის დარიცხვის ერთ-ერთ საფუძველს, სადაც მითითებული უნდა იყოს მათ შორის შემდეგი ინფორმაცია:
ა) ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას;
ბ) სსკ-ის ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლითაც იხელმძღვანელეს შემმოწმებლებმა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას.
ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შემოწმებისას ვალდებულება ჰქონდა შეესწავლა საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება, რომ სწორად განესაზღვრა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები.
შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაში დარღვეულია, როგორც საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ნორმები, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები. აუდიტის დეპარტამენტი ვალდებული იყო, როგორც საგადასახადო შემოწმების აქტში, ასევე გამოცემულ დასკვნაში მიეთითებინა ყველა ის საკანონმდებლო აქტის ნორმა, რომლის საფუძველზეც არ მოხდინა ზედმეტად დეკლარირებული თანხების შემცირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომპანია მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ზედმეტად დეკლარირებულ გადასახადებთან დაკავშირებით მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და დარღვეულია საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
2. ზედმეტად დეკლარირებული ქონების გადასახადი.
კომპანია მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურმა ყოველგვარი არგუმენტაციის და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უგულებელყო ზედმეტად დეკლარირებული ქონების გადასახადის შემცირების მოთხოვნა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ დასკვნაზე წარდგენილ საჩივარში დეტალურად იყო აღწერილი სადავო საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, თუმცა შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში გადაწყვეტილება მიღებულია წარდგენილი არგუმენტების შესწავლის და დასაბუთების გარეშე.
ქვემოთ წარმოადგენს კომპანიის მოთხოვნის სამართლებრივ არგუმენტაციას, რომლის მიხედვითაც მოთხოვნილია ზედმეტად დეკლარირებული ქონების გადასახადის შემცირება. საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო და დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილით საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამგვარად, საგადასახადო კოდექსის მიხედვით ქონების გადასახადის გაანგარიშება გადასახადის გადამხდელმა უნდა მოახდინოს მის ბალანსზე აღრიცხული ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულებაზე დაყრდნობით. საგადასახადო კანონმდებლობა არ ადგენს ბალანსის ცნებას ან/და საბალანსო ღირებულების განსაზღვრის წესს. თავის მხრივ, საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში.
საქართველოს კანონის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები მიუთითებს, რომ ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები შედგება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისაგან (ფასს) და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული და გამოცემული სრული სტანდარტებისგან.
ბასს 16-ის (ძირითადი საშუალებები) მიხედვით „საბალანსო ღირებულება ის თანხაა, რომლითაც აქტივი აღიარებულია დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის თანხების გამოკლების შემდეგ“. თავის მხრივ გაუფასურების ზარალის აღრიცხვას არეგულირებს ბასს 36 „აქტივების გაუფასურება“. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საგადასახადო მიზნებისათვის ქონების გადასახადის გამოანგარიშება უნდა მოხდეს ფასს-ის მიხედვით, რადგან ეს სტანდარტები ადგენენ საბალანსო ღირებულების განსაზღვრის წესს. კომპანიამ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გამოანგარიშება და დეკლარირება მოახდინა აქტივების გაუფასურების გარეშე, ვინაიდან დეკლარაციის წარდგენის მომენტისათვის ფინანსური ანგარიშგება არ იყო აუდირებული.
როგორც საგადასახადო შემოწმების პროცესში, ასევე წარდგენილ საჩივარში კომპანიის მიერ მოთხოვნილ იქნა აუდირებულ ფინანსური ანგარიშგებაში ასახული აქტივების საბალანსო ღირებულების გათვალიწინება, თუმცა, როგორც აუდიტის დეპარტამენტმა, ასევე შემოსავლების სამსახურმა უგულებელყო კომპანიის მოთხოვნა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე.
როგორც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ დასკვნაში, ასევე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი არ არის სამართლებრივი საფუძველი პოზიცია, რომლის საფუძველზეც არ მოხდა ზედმეტად დეკლარირებული თანხის შემცირება. აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას კომპანია ყოველწლიურად ამზადებს ფინანსურ ანგარიშგებას ფასს-ის მოთხოვნების შესაბამისად, რომლის აუდირებასაც ახორციელებს---. 2017, 2018 და 2019 წლების ფინანსურ ანგარიშგებებზე ---ს მიერ გამოცემულია არამოდიფიცირებული დასკვნები, რომელთა მიხედვით ფინანსური ანგარიშგებები, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, სამართლიანად ასახავს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას ფასს-ის და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარება წარმოადგენს ბასსთან შესაბამისობის შემოწმებას აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) მოთხოვნების დაცვით, ხოლო არამოდიფიცირებული დასკვნის გამოცემა ნიშნავს, რომ აუდიტის ჩატარების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით ფინანსური ანგარიშგება ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით მიჩნეულ იქნა ფასს-ის შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კომპანიის მიერ აღრიცხული ძირითადი საშუალებები შესაბამისობაშია ბასს-ით დადგენილ მოთხოვნებთან.
აღნიშნულს ადასტურებს უმაღლესი რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ აუდირებული ფინანსური ანგარიშგება და მასზე გამოცემული არამოდიფიცირებული დასკვნები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც დამოუკიდებელი და მაღალი რეპუტაციის მქონე აუდიტორის მიერ გაცემული აუდიტის დასკვნით უტყუარადაა დადგენილი კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მონაცემების და მათ შორის ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულების სისწორე, აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი რომ არ ეხელმძღვანელა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას. დამატებითი წერილი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასკვნაზე 2018 წელს განხორციელებული ძირითადი საშუალებების გაუფასურებაზე კომპანიამ აუდიტის დეპარტამენტს მეტი რწმუნების მოპოვებისათვის წარუდგინა ---ს წერილი 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე გამოცემულ დასკვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული წერილით ---მ აუდიტის ჯგუფის სახელით დაადასტურა, რომ კომპანიის ძირითადი საშუალებები, რომელიც აღრიცხულია კომპანიის 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსურ ანგარიშგებაში მომზადებულია ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც ეყრდნობა ფასს-ს, კონკრეტულად კი ასს 16 „ძირითადი საშუალებები“ და ასს 36 „აქტივების გაუფასურება“ მოთხოვნების დაცვით. ამავე წერილში დადასტურებულ იქნა რომ 2019 წლის 6 ნოემბრით დათარიღებულ აუდიტის დასკვნაში მოსაზრება არ არის მოდიფიცირებული ამ საკითხთან მიმართებაში.
ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები ზოგადად ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით სურს მოკლედ წარმოადგინოს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით (შემდგომში: ასს) დადგენილი ნორმები, რათა უფრო მეტი სიცხადე და რწმუნება შესძინოს აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას. ასს-ები განსაზღვრავენ აუდიტის ჩატარების პროცედურებს, კერძოდ ასს 200 ადგენს ყველა აუდიტში გამოსაყენებელ დამოუკიდებელი აუდიტორის ზოგად პასუხისმგებლობას, მათ შორის ასს-ების მოთხოვნების დაცვის ვალდებულებას და აუდიტის დაგეგმვისას განსაზღვრული მიზნების შესრულებას.
თავის მხრივ, ასს 500 – „აუდიტის მტკიცებულება“ განსაზღვრავს რას წარმოადგენს აუდიტის მტკიცებულება და ეხება აუდიტორის პასუხისმგებლობას, დაგეგმოს და ჩაატაროს აუდიტის პროცედურები საკმარისი და შესაფერისი აუდიტის მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რათა შეძლოს დასაბუთებული დასკვნების გამოტანა, რომელსაც დაეყრდნობა მისი მოსაზრება.
ასს 315-ის მიხედვით სუბიექტის ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცესი მოიცავს არასტანდარტულ საბუღალტრო გატარებებსაც, რომლებიც გამოიყენება ერთჯერადი, უჩვეულო ოპერაციების ან კორექტირებების აღრიცხვისთვის. ამ ტიპის საბუღალტრო გატარებების მაგალითებია კონსოლიდაციის კორექტირებებისა და საწარმოთა გაერთიანების ან გაყიდვის, ან ერთჯერადი სააღრიცხვო შეფასებების, მაგალითად, აქტივების გაუფასურების შესაფერისი საბუღალტრო გატარებები. ამდენად, ყველა დამოუკიდებელი აუდიტორი ვალდებულია დაიცვას ასს-ები და ისე ჩაატაროს აუდიტი, რომ მოპოვებული იქნეს საკმარისი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც გამოცემული იქნება მოსაზრება.
ასს ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს რომ აქტივების გაუფასურების სისწორის შემოწმება წარმოადგენს აუდიტის ჩატარების პროცესის შემადგენელ ნაწილს, რომლის უგულებელყოფის შემთხვევაშიც ჩატარებული აუდიტი არ იქნება ასს-თან შესაბამისი.
ასს 620-ით მიხედვით, თუ ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას ბუღალტრული აღრიცხვის გარდა რომელიმე სხვა სფეროს ექსპერტული ცოდნაა გამოყენებული, აუდიტორი, რომელიც ბუღალტრულ აღრიცხვისა და აუდიტის უნარ-ჩვევებით არის აღჭურვილი, შეიძლება არ ფლობდეს ამ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩასატარებლად აუცილებელ ექსპერტულ ცოდნას. ასეთ შემთხვევაში, ასს გარიგების პარტნიორს აკისრებს ვალდებულებას დარწმუნდეს, რომ გარიგების გუნდს და აუდიტორის ნებისმიერ ექსპერტს, რომელიც არ არის გარიგების გუნდის წევრი, ერთობლივად გააჩნიათ აუდიტის ჩასატარებლად აუცილებელი სათანადო კომპეტენცია და შესაძლებლობები. გარდა ამისა, აუდიტის ჩატარებისთვის აუდიტორს ევალება გარიგების შესასრულებლად იმის დადგენა, გამოიყენოს უნდა თუ არა აუდიტორის ექსპერტის სამუშაო აუდიტის მტკიცებულების მოსაპოვებლად და თუ გამოიყენებს, როდის და რა მოცულობით.
თავის მხრივ, ასს-ით აუდიტორის ექსპერტი განმარტებულია როგორც ფიზიკური პირი ან ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია ექსპერტული ცოდნა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის გარდა სხვა სფეროში და რომლის მიერ აღნიშნულ სფეროში შესრულებულ სამუშაოს იყენებს აუდიტორი საკმარისი და შესაფერისი აუდიტის მტკიცებულებების მოპოვებაში დასახმარებლად. აუდიტორის ექსპერტი შეიძლება იყოს აუდიტორის შიდა ექსპერტი (რომელიც არის ამ აუდიტორის ფირმის ან ფირმების ქსელის პარტნიორი ან თანამშრომელი, მათ შორის დროებითი თანამშრომელი), ან აუდიტორის გარე ექსპერტი. წარმოდგენილი ასს-ები გარიგების პარტნიორს და აუდიტორს აკისრებს პასუხისმგებლობას, რომ შეაფასონ აქვს თუ არა გარიგების გუნდს აუდიტის ჩატარებისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, როცა ფინანსური ანგარიშგების აუდიტი მოითხოვს აუცილებელ ექსპერტულ ცოდნას. რაც შეეხება აუდიტორის ექსპერტს, ის შეიძლება იყოს, როგორც აუდიტორული კომპანიის თანამშრომელი ასევე მოწვეული გარე ექსპერტიც.
ზემოაღნიშნული სტანდარტებიდან გამომდინარე ფინანსური ანგარიშგების აუდიტი წარმოადგენს კომპლექსურ პროცესს, რომლის ჩატარებისთვის ასს ადგენს საბუღალტრო ოპერაციების კრიტიკულად შესწავლის და შეფასების მოთხოვნას. კერძოდ, ასს-ით განსაზღვრულია რომ აუდიტორმა უნდა დაგეგმოს და ჩაატაროს აუდიტი დადგენილი წესის მიხედვით, მოიპოვოს საკმარისი რწმუნება და მტკიცებულებები, რომელთა შედეგებზეც გამოსცემს დასკვნასა და გამოთქვამს მოსაზრებას ბასს-თან შესაბამისობაზე. ამდენად, აუდიტის ჩატარების უმთავრეს მიზანს წარმოდგენს ბასს-თან შესაბამისობის დადგენა, ხოლო ასს-ების ფუნქცია არის ისეთი ღონისძიებების განსაზღვრა, რომ აუდიტის ჩატარების პროცესში აუდიტორის მიერ მოპოვებული იქნას მტკიცებულებები, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნება მოსაზრების გამოთქმა ფინანსური ანგარიშგების სისწორეზე.
აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის სტანდარტის შესაბამისად ჩატარება ნიშნავს, რომ აუდიტორმა დეტალურად შეისწავლა ყველა არსებითი ოპერაცია ასს-ებით მოთხოვნათა დაცვით და მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოსცა დასკვნა.
განსახილველ შემთხვევაშიც, ---ს მიერ კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდირება და არამოდიფიცირებული დასკვნის გამოცემა ადასტურებს, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ყველა მუხლი, მათ შორის გაუფასურების ზარალის საკითხიც დეტალურად არის შესწავლილი და შეფასებულია როგორც ბასს-თან შესაბამისი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემაჯამებელი დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიზანია სწორედ მისი სტანდარტთან შესაბამისობის შემოწმება. ამავდროულად აუდიტის პროცესში დეტალურად და ყოველმხრივ მოწმდება ყველა მნიშვნელოვანი ოპერაცია და ხდება კომპანიის მიდგომების კრიტიკული შეფასება. ამასთან, აუდიტს ახორციელებს აუდიტორი, რომელიც ზედმიწევნით კარგად იცნობს ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებს, საჭიროების შემთხვევაში აუდიტის პროცესში ერთვებიან დამატებით შესაფერისი დარგის ექსპერტები. აღნიშნული პროცესის შედეგად შედგენილ დოკუმენტში ფიქსირდება აუდიტის შედეგები. ვინაიდან უდავო ფაქტია, რომ კომპანიის ფინანსური ანგარიშგება აუდირებულია და სათანადო წესით დადგენილია მისი შესაბამისობა ბასს-თან, მათ შორის, დადასტურებულია გაუფასურების გაანგარიშების სისწორეც, აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, რომ უარი ეთქვა კომპანიის მოთხოვნაზე ზედმეტად დეკლარირებული თანხის შემცირების თაობაზე.
ანგარიშგებისა და აუდიტის მარეგულირებელი სისტემა ზოგადად, საერთაშორისო დონეზე, ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარება სტანდარტიზებულია და რეგულირდება სპეციალური საერთაშორისო სტანდარტით. ამავდროულად, სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობით შესაძლოა დაწესებული იყოს დამატებითი რეგულაციები.
მათ შორის საქართველოშიც 2016 წელს შეიქმნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში: აუდიტის ზედამხედველობის სამსახური), რომელიც არეგულირებს აუდიტორულ საქმიანობას და უზრუნველყოფს ფასს და ბასს შემოღებას საქართველოში. ამავე წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ (შემდგომში: ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ კანონი), რომელმაც სამართლებრივ რეგულირებას დაუქვემდებარა ფინანსური ანგარიშების წარდგენა და აუდირება.
აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის შექმნის და ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ კანონის მიღების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სააღრიცხვო დისციპლინისა და ანგარიშგების სანდოობის ხარისხის ამაღლება, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში კაპიტალური და ფინანსური ბაზრების განვითარებასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.
ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ კანონით აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს დაეკისრა აუდიტორული კომპანიების სერტიფიცირების, გადამზადების და შემდგომ მათი საქმიანობის ხარისხის კონტროლის ვალდებულება. მათ შორის კომპანიების მიერ წარდგენილ ფინანსური ანგარიშგებების სისწორის და აუდიტორული კომპანიების საქმიანობის შემოწმება ბასს-თან და ასს-თან.
ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ კანონით საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები დაიყო ოთხ კატეგორიად წლიური შემოსავლის, აქტივების ოდენობით და თანამშრომლების რაოდენობის მიხედვით. პირველი და მეორე კატეგორიის კომპანიებს დაეკისრათ ყოველწლიურად ფინანსური ანგარიშგების აუდირება და საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულება. ასევე, შეიქმნა საგანგებო ინტერნეტ სივრცე, სადაც ქვეყნდება კომპანიების აუდირებული ფინანსური ანგარიშგებები, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისათვის.
ამდენად, გარდა იმისა, რომ ზოგადად საერთაშორისო დონეზე სტანდარტების მიხედვით ფინანსური ანგარიშგება მოწმდება ფინანსური აუდიტით, რომლის დასკვნაც მიიჩნევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე მაღალი სანდოობის დოკუმენტად, საქართველოში დანერგილი რეგულაციათა სისტემა მოწყობილია იმგვარად, რომ აშკარად იკვეთება სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური აუდიტის ინსტიტუტისადმი მაღალი ნდობის გაცხადება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან აუდირებული ფინანსური ანგარიშგების გაუთვალისწინებლობა ნიშნავს ზემოაღნიშნული რეგულაციის პრინციპების უგულებელყოფას და მთლიანი სისტემისათვის უნდობლობის გამოცხადებას.
გასათვალისწინებელია, რომ აუდიტის ზედამხედველობის სამსახური მუდმივად ახორციელებს წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების სისწორის შემოწმებას და ლიცენზირებული აუდიტორული კომპანიების საქმიანობის ხარისხის კონტროლს. აღნიშნულ ადასტურებს 2020 წელს აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შპს „---“-ში ჩატარებული ხარისხის კონტროლი, რომლის დროსაც შერჩეულ და შესწავლილ იქნა კომპანიის 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების შესაბამისობა. შედეგად, აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული ანგარიშის მიხედვით საწარმოს ფინანსური ანგარიშგების არსებით მუხლებზე ფირმის მიერ განხორციელებული აუდიტორული პროცედურების შეუსაბამობა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან არ გამოვლენილა.
ყოველივე აქედან გამომდინარე კომპანია მიიჩნევს, რომ მაღალი რეპუტაციის მქონე აუდიტორის მიერ აუდირებული, ამავდროულად აღნიშნულ სფეროში ყველაზე მაღალი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო ორგანოში წარდგენილი და გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგება არის ყველაზე მაღალი სანდოობის დოკუმენტი, რომელიც შეიძლება არსებობდეს.
შემოსავლების სამსახურის პრაქტიკა ფინანსური ანგარიშგების გამოყენებაზე, როგორც საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, ასევე, დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებებში არაერთი პრეცედენტია, როდესაც შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილ საბალანსო ღირებულების გამოყენებაზე ქონების გადასახადის გამოანგარიშებისათვის. მაგალითისთვის შემოსავლების სამსახურის 5.03.2019 წლის №5248 გადაწყვეტილების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ქონების გაუფასურების ზარალი გათვალისწინებული არ ჰქონდა დეკლარირებულ ქონების გადასახადის გაანგარიშებაში, ვინაიდან დეკლარაციის წარდგენის მომენტისათვის ფინანსური ანგარიშგება არ იყო აუდირებული.
გამომდინარე იქიდან, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების დანიშვნა მოხდა იმავე თვეში, როდესაც დასრულდა ფინანსური ანგარიშგების აუდირება, კომპანიამ ვერ მოასწრო მისი კორექტირება და შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით მოითხოვა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის შემცირება.
აღნიშნულზე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის დამატებით შესწავლა და გადაანგარიშება წარდგენილი აუდირებული ფინანსური ანგარიშგების და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
საყურადღებოა, რომ ამავე კომპანიის საგადასახადო შემოწმების ფარგლებში აუდიტის დეპარტამენტმა 2017 წლის პერიოდზე ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზის გამოანგარიშებისას იხელმძღვანელა ---ს მიერ აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში დაფიქსირებული ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულებით, რომლის შედეგადაც კომპანიის დეკლარირებული ქონების გადასახადი შემცირდა 293 ათასი ლარით. ეს ფაქტი დამატებით ადასტურებს შემოსავლების სამსახურის პრაქტიკას, რომ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისას საბალანსო ღირებულების განსაზღვრისათვის აუდირებული ფინანსური ანგარიშგება წარმოადგენს მაღალი სანდოობის მქონე დოკუმენტს.
მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის პერიოდზეც ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი საბალანსო ღირებულებების გამოყენება დავის საგანი არ გამხდარა, 2018 წლის საანგარიშო პერიოდებზე შემოსავლების სამსახურმა უგულებელყო და გაუგებარი მიზეზით არ გაითვალისწინა კომპანიის მოთხოვნა. ამდენად, შემოსავლების სამსახურის პოზიცია წინააღმდეგობაშია ჩამოყალიბებულ პრაქტიკასთანაც.
ამავდროულად, მათი გადაწყვეტილება არათანმიმდევრულია, ვინაიდან ერთსა და იმავე საკითხზე გამოყენებულია განსხვავებული მიდგომა კომპანიის სხვადასხვა წლების საგადასახადო აუდიტის ფარგლებში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის პოზიცია დაუსაბუთებელია და წინააღმდეგობაშია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან. გარდა ამისა, აუდიტის დეპარტამენტი არათანმიმდევრულია და ეწინააღმდეგება ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის სისტემის პრინციპებს. ასევე არ შეესაბამება თავად საგადასახადო ორგანოების მიერ განვითარებულ პრაქტიკას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვს ზედმეტად დეკლარირებული დღგ-ის, მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში. შედეგად, კომპანიის მოთხოვნას წარმოადგენს რომ შემცირდეს ზედმეტად დეკლარირებული გადასახადები სულ 3 305 638 ლარის ოდენობით, მათ შორის დღგ - 1 312 528 ლარის, მოგება - 1 382 774 ლარის და ქონების გადასახადი - 610 336 ლარის ოდენობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9130 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
1. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-4 სადავო საკითხზე, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, 2017 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების (ურთიერთჩართვის მომსახურება) ფარგლებში გადახდილი აქციზის თანხის ჩათვლა შესაბამის საანგარიშო პერიოდში და აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9130 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2023 წლის 31 მარტის დასკვნის მიხედვით:
1. გადამხდელმა დამატებით წარადგინა სადავო საკითხთან დაკავშირებული არგუმენტები, კერძოდ, უფლებამოსილი პირის განმარტებით, დღგ-ის დეკლარაციის რეესტრების მოცულობის გამო არსებული ტექნიკური ხარვეზების მიზეზით, ზოგიერთ შემთხვევაში ფაქტურების დაწყვილების გარეშე მექანიკურად მცირდებოდა დეკლარაციის დანართი „ა“ III ნაწილით ჩასათვლელი დღგ-ის მთლიანი თანხა ავანსის ფაქტურების მიხედვით უკვე ჩათვლილი დღგ-ის თანხების ოდენობით. ამ მიზეზით ჩათვლილი არ არის 2018 წლის ნოემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში 8 680,25 ლარი და 2019 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში - 183,05 ლარი, რადგან ჩათვლას მექანიკურად გამოაკლდა წარსულში უკვე ჩათვლილი ავანსის დღგ. გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით იქნა შესწავლილი კომპანიის მიერ მიღებული და ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, დეკლარირებული და შემოწმებით განსაზღვრული მონაცემები და გადამხდელის მიერ მითითებული არგუმენტები არ დადასტურდა, შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული მონაცემები ამ ნაწილში დარჩა უცვლელი;
2. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადამხდელმა დამატებით წარადგინა სადავო საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომლითაც დგინდება, რომ კომპანიას მიღებული აქვს სხვადასხვა სახის მომსახურება (საბაზისო სადგურების განთავსების, საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის, სარეკლამო და სხვა). აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში;
3. საგადასახადო შემოწმების დროს გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა შემოწმების ჩატარებისთვის აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, ბუღალტრული ჩანაწერები, დეკლარირებული მონაცემების გაანგარიშებები, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და სხვ. შემოწმების ეტაპზე წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების გათვალისწინებით შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. ხოლო გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმებისას მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისგან განსხვავებული დამატებითი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული მონაცემები აღნიშნულ ნაწილში დარჩა უცვლელი.
4. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული აქციზი და შესაბამისი ჯარიმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 31 მარტის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა 106 241 ლარით, მათ შორის გადასახადი - 75 389 ლარით, ჯარიმა 30 852 ლარით.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9130 ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა №192/22 განმარტებითი ბარათი, სადაც განმარტა, რომ შემოწმების მიმდინარეობის პროცესში სრულად და დეტალურად იყო წარდგენილი ინფორმაცია დღგ-ის და მოგების გადასახადით დასაბეგრი ყველა ოპერაციის შესახებ. ამასთან დამატებით წარადგინა ცხრილი, სადაც გამოანგარიშებული იყო ზედმეტად დეკლარირებული დღგ-ის და მოგების გადასახადის თანხები თითოეულ საანგარიშო პერიოდის მიხედვით, რომელიც ექვემდებარებოდა შემცირებას.
წარდგენილი აქვს ბუღალტრული გატარებები, დეკლარირებული მონაცემების გაანგარიშებები და მისი სისწორის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტაცია.
შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის წარმომადგენლებსა და აუდიტორებს შორის ინფორმაციის მოთხოვნა და გაგზავნა ხდებოდა ელექტრონული ფოსტის გამოყენებით, რომელიც ადასტურებს რომ მოთხოვნილი ინფორმაცია წარდგენილია სრულყოფილად და ადგილი არ ჰქონია ისეთ შემთხვევას, რომ კომპანიას არ მიეწოდებინა, რომელიმე ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.
წარდგენილ ინფორმაციაში დეტალურად იყო გამოანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებების ოდენობა, სადაც თვალნათლივ დასტურდებოდა ზედმეტად დარიცხული და გადახდილი გადასახადების ფაქტი, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა ყოველგვარი არგუმენტირებული პოზიციის გარეშე უგულებელყო კომპანიის მოთხოვნა ზედმეტად დეკლარირებული თანხების შემცირებაზე. მთელი რიგი გარემოებების გამო კომპანია ახდენდა დღგ-ის და მოგების გადასახადის ზედმეტად დეკლარირებას, მანამდეც ასე მუშაობდა და აქამდე პრობლემა არ ჰქონია, ამჟამად, შეცვალა მიდგომა, ვინაიდან დაიწყო აღნიშნული პრობლემები.
აუდიტის დეპარტამენტს ვალდებულება ჰქონდა შემოწმების ჩატარების პროცესში სწორად განესაზღვრა კომპანიის საგადასახადო ვალდებულები და ზედმეტად დეკლარირებული მონაცემების არსებობის შემთხვევაში შეემცირებინა საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რადგან საჩივარში დასახელებული სამართლებრივი არგუმენტები უგულებელყოფილია და უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებულია ყოველგვარი შეფასების და კონტრარგუმენტების გარეშე. შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხების გარემოებების გამოკვლევის და სამართლებრივი შეფასების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურმა ასევე, ყოველგვარი არგუმენტაციის და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უგულებელყო ზედმეტად დეკლარირებული ქონების გადასახადის შემცირების მოთხოვნა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ დასკვნაზე წარდგენილ საჩივარში დეტალურად იყო აღწერილი სადავო საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, თუმცა შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში გადაწყვეტილება მიღებულია წარდგენილი არგუმენტების შესწავლის და დასაბუთების გარეშე. საგადასახადო შემოწმების პროცესში, ასევე, წარდგენილ საჩივარში კომპანიის მიერ მოთხოვნილ იქნა აუდირებულ ფინანსური ანგარიშგებაში ასახული აქტივების საბალანსო ღირებულების გათვალიწინება, თუმცა, როგორც აუდიტის დეპარტამენტმა, ასევე შემოსავლების სამსახურმა უგულებელყო კომპანიის მოთხოვნა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. როგორც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ დასკვნაში, ასევე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი არ არის სამართლებრივი საფუძველი პოზიცია, რომლის საფუძველზეც არ მოხდა ზედმეტად დეკლარირებული თანხის შემცირება.
კომპანია ყოველწლიურად ამზადებს ფინანსურ ანგარიშგებას ფასს-ის მოთხოვნების შესაბამისად, რომლის აუდირებასაც ახორციელებს ---. 2017, 2018 და 2019 წლების ფინანსურ ანგარიშგებებზე ---ს მიერ გამოცემულია შესაბამისი დასკვნები, რომელიც სამართლიანად ასახავს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას ფასს-ის და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. იმ პირობებში, როდესაც დამოუკიდებელი და მაღალი რეპუტაციის მქონე აუდიტორის მიერ გაცემული აუდიტის დასკვნით უტყუარადაა დადგენილი კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მონაცემების და მათ შორის ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულების სისწორე, აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი რომ არ ეხელმძღვანელა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას. შემოსავლების სამსახურში არსებობს პრაქტიკა ფინანსური ანგარიშგების გამოყენებაზე, როგორც საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, ასევე, დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებებში არაერთი პრეცედენტია, როდესაც შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილ საბალანსო ღირებულების გამოყენებაზე ქონების გადასახადის გამოანგარიშებისათვის.
საყურადღებოა, რომ ამავე კომპანიის საგადასახადო შემოწმების ფარგლებში აუდიტის დეპარტამენტმა 2017 წლის პერიოდზე ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზის გამოანგარიშებისას იხელმძღვანელა ---ს მიერ აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში დაფიქსირებული ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულებით, რომლის შედეგადაც კომპანიის დეკლარირებული ქონების გადასახადი შემცირდა 293 ათასი ლარით. ეს ფაქტი დამატებით ადასტურებს შემოსავლების სამსახურის პრაქტიკას, რომ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისას საბალანსო ღირებულების განსაზღვრისათვის აუდირებული ფინანსური ანგარიშგება წარმოადგენს მაღალი სანდოობის მქონე დოკუმენტს.
მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის პერიოდზეც ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი საბალანსო ღირებულებების გამოყენება დავის საგანი არ გამხდარა, 2018 წლის საანგარიშო პერიოდებზე შემოსავლების სამსახურმა უგულებელყო და გაუგებარი მიზეზით არ გაითვალისწინა კომპანიის მოთხოვნა. ამდენად, შემოსავლების სამსახურის პოზიცია წინააღმდეგობაშია ჩამოყალიბებულ პრაქტიკასთანაც. ამავდროულად, მათი გადაწყვეტილება არათანმიმდევრულია, ვინაიდან ერთსა და იმავე საკითხზე გამოყენებულია განსხვავებული მიდგომა კომპანიის სხვადასხვა წლების საგადასახადო აუდიტის ფარგლებში.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ შემოწმება დაინიშნა 2019 წელს, გარკვეული გარემოებების გამო შემოწმების 2 ჯგუფი შეიცვალა, საბოლოოდ შემოწმების ჩამტარებელ ჯგუფს შემოწმების ჩატარებისათვის შემოწმების ვადა დარჩა 2 კვირა, შემოწმების შედეგად გადაწყდა ამ ნაწილში დარჩენილიყო დეკლარირებული მონაცემები.
ამრიგად, საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი სადავოდ ხდის ზედმეტად დეკლარირებული დღგ-ის, მოგების და ქონების გადასახადების განსაზღვრასთან დაკავშირებით 31.03.2023 წლის დასკვნაში დაფიქსირებულ გარემოებებს, განმარტავს, რომ დასკვნა დაუსაბუთებელია, არ არის მითითებული დასახელებული არგუმენტების გათვალისწინებაზე უარის და შემოწმებით განსაზღვრული მონაცემების უცვლელად დატოვების საფუძვლები, შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9130 ბრძანების შესაბამისად, მის მიერ წარდგენილი არგუმენტების და დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების, დამატებით საფუძვლიანად შესწავლა არ მომხდარა, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა მოხდა მისი დასწრების, დასახელებული არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის/გაანალიზების გარეშე და ისე მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის არ დაკმაყოფილების გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14707 ბრძანება;
3. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9130 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 30.12.2021 წლის №42198 ბრძანება და №094-197 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9130 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9130 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2023 წლის 31 მარტის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა 106 241 ლარით, მათ შორის გადასახადი - 75 389 ლარით, ჯარიმა 30 852 ლარით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1 ბ).