გადაწყვეტილება №24467/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24467/2/2024
27 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „-------.“-ის 17.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24467/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 29.07.2022 წლის №20265 და №20266 ბრძანებების აღსრულების შედეგი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 15.05.2024 წლის №"------" წერილი;
2. მომსახურების დეპარტამენტის 12.07.2024 წლის №"------" წერილი;
3. შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23536 ბრძანება.
პროცედურული გარემოებები
მომჩივანმა 2020 წლის 4 აგვისტოს და 2021 წლის 13 აპრილის განცხადებებით, 2019 და 2020 წელს ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების მიზნით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დასამოწმებლად წარუდგინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების მე-3 მუხლის შესაბამისად შევსებული ფორმა №2-ები.
მომსახურების დეპარტამენტის 2020 წლის 11 აგვისტოს №"------", 2021 წლის 14 მაისის №"------" და №"------" წერილებით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მომსახურების დეპარტამენტის უარი მოტივირებული იყო შემდეგნაირად:
ვინაიდან მომჩივანის ბენეფიციარ მფლობელს (100%-იანი წილით) წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის რეზიდენტი საწარმო „-------“ და საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არის გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულება, მომჩივანს უარი ეთქვა თანხების დაბრუნებაზე.
მომსახურების დეპარტამენტის 2020 წლის 11 აგვისტოს №"------", 2021 წლის 14 მაისის №"------" და №"------" წერილები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 28.09.2021 წლის №30706 და №30705 ბრძანებებით საჩივრები არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 4.03.2022 წლის №14803/2/2021 და №14802/2/2021 გადაწყვეტილებებით საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საბჭოს 4.03.2022 წლის №14802/2/2021 და №14803/2/2021 გადაწყვეტილებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა და 29.07.2022 წლის №20265 და №20266 ბრძანებებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივრები, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.07.2022 წლის №20265 და №20266 ბრძანებების აღსრულების, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მომსახურების დეპარტამენტის მიერ, 24.10.2022 წლის №"------" წერილით, მომჩივანისგან დამატებით მოთხოვნილ იქნა ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოდან დოკუმენტაციის წარდგენა, რომლის მიხედვითაც, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მიზნებისთვის, 2019- 2022 წლებზე დადასტურდებოდა, რომ მომჩივანი წარმოადგენს ნიდერლანდების რეზიდენტ საწარმოს, არის აქტიური საწარმო, რომელიც იბეგრება ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე დადგინდება, ორმაგი დაბეგვრის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე ხელშემკვრელი სახელმწიფოდან (საქართველოდან) მიღებულ დივიდენდებთან მიმართებაში, რა სახის საგადასახადო ღონისძიებები ტარდება ნიდერლანდების სამეფოში, იბეგრება თუ არა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში (ნიდერლანდებში) და რა განაკვეთი არსებობს აღნიშნული სახის შემოსავალზე.
მომსახურების დეპარტამენტის მიერ, იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ზემოაღნიშნული წერილის პასუხად წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა მოთხოვნილი ინფორმაცია, კომპანიასთან ისევ გაგრძელდა მიმოწერა (11.12.2023 წლის №"------" წერილი) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარდგენის თაობაზე გადასახადის გადამხდელს ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 15 მაისის №"------" და 12 ივლისის №"------" წერილებით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23536 ბრძანებით საჩივრები (2024 წლის 15 აგვისტოს და 3 ოქტომბრის) არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23536 ბრძანება, 2024 წლის 15 აგვისტოს საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის №31275 ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტზე, ამავე მუხლის მე-14 პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების 43-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე, 45-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივლისის №20265 და №20266 ბრძანებებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით,მომჩივანისგან დამატებით მოთხოვნილ იქნა ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოდან დოკუმენტაციის წარმოდგენა. მომსახურების დეპარტამენტის მიერ კომპანიასთან ისევ გაგრძელდა მიმოწერა აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენის თხოვნით, თუმცა უშედეგოდ, აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომპანიამ სრულყოფილად არ წარადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, მომსახურების დეპარტამენტი მოკლებული იქნა შესაძლებლობას, დაესრულებინა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივლისის №20265 და №20266 ბრძანებების საფუძველზე მომჩივანის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე, გადაწყვეტილების აღუსრულებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციის გაცნობის შედეგად, მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივლისის №20265 და №20266 ბრძანებების აღსრულების შემაფერხებელი გარემოებები, წარდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია წარმოადგენს ნიდერლანდების რეზიდენტ საწარმოს, რომელიც ფლობს სს „-------- I“-ისა (ს/კ "-------") და სს „---------II“-ის (ს/კ "-------") აქციების 100%-ს და თითოეულის კაპიტალში ინვესტირებული აქვს 2 მლნ აშშ დოლარზე მეტი.
კომპანიას 2019 და 2020 წლების განმავლობაში, საქართველოს რეზიდენტი შვილობილი საწარმოებიდან მიღებული აქვს გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავლები, კერძოდ:
- 2019 წელს სს „-------- I“-ისგან დივიდენდის სახით მიღებულია შემოსავალი 9 600 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით. გადახდის წყაროსთან დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 480 000 ლარი;
- 2019 წელს სს „-------II“-ისგან დივიდენდის სახით მიღებულია შემოსავალი 22 500 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით. გადახდის წყაროსთან დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 1 125 000 ლარი;
- 2020 წელს სს „--------I“-ისგან დივიდენდის სახით მიღებულია შემოსავალი 9 000 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით. გადახდის წყაროსთან დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 450 000 ლარი;
- 2020 წელს სს „-------- II“-ისგან დივიდენდის სახით მიღებულია შემოსავალი 20 000 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით. გადახდის წყაროსთან დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 1 000 000 ლარი.
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით, კომპანიამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №633 ბრძანების მე-3 მუხლის შესაბამისად შევსებული ფორმა №2- ებით მიმართა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს და მოითხოვა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების უკან დაბრუნება.
კომპანიის მიერ 2019 წელს დაკავებულ თანხებზე ფორმა №2-ები წარდგენილ იქნა 2020 წლის 4 აგვისტოს, ხოლო 2020 წელს დაკავებულ თანხებზე 2021 წლის 13 აპრილს.
შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 11 აგვისტოს №"-------" და 2021 წლის 14 მაისის №"------" და №"------" წერილების საფუძველზე, კომპანიას უარი ეთქვა წარდგენილი ფორმა №2-ების დამოწმებაზე.
გაცხადებულ უარებთან დაკავშირებით, კომპანიამ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს წარუდგინა საჩივრები, კერძოდ:
- 2020 წლის 10 სექტემბერს წარდგენილი №184449/21 საჩივარი ეხებოდა 2019 წელს დაკავებულ გადასახადებს;
- 2021 წლის 11 ივნისს წარდგენილი №122788/21-11 საჩივარი ეხებოდა 2020 წელს დაკავებულ გადასახადებს. შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტმა ერთ დღეს განიხილა ორივე საჩივარი და მიიღო ორი იდენტური გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, კერძოდ:
- 2021 წლის 28 სექტემბრის №30706 ბრძანება ეხებოდა 2019 წელს დაკავებულ გადასახადებს;
- 2021 წლის 28 სექტემბრის №30705 ბრძანება ეხებოდა 2020 წელს დაკავებულ გადასახადებს. კომპანიამ №30705 და №30706 ბრძანებები გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, კერძოდ:
- 2021 წლის 19 ოქტომბერს წარდგენილი №14803/2/2021 საჩივარი ეხებოდა 2019 წელს დაკავებულ გადასახადებს; - 2021 წლის 19 ოქტომბერს წარდგენილი №14802/2/2021 საჩივარი ეხებოდა 2020 წელს დაკავებულ გადასახადებს.
დავების განხილვის საბჭომ ორი იდენტური გადაწყვეტილებით კომპანიის საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს, კერძოდ:
- 2022 წლის 4 მარტის №14803/2/2021 გადაწყვეტილება ეხებოდა 2019 წელს დაკავებულ გადასახადებს;
- 2022 წლის 4 მარტის №14802/2/2021 გადაწყვეტილება ეხებოდა 2020 წელს დაკავებულ გადასახადებს.
შემოსავლების სამსახურმა, მიიღო ორი იდენტური ბრძანება კომპანიის საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ:
- 2022 წლის 29 ივლისის №20266 ბრძანება ეხებოდა 2019 წელს დაკავებულ გადასახადებს;
- 2022 წლის 29 ივლისის №20265 ბრძანება ეხებოდა 2020 წელს დაკავებულ გადასახადებს.
მომსახურების დეპარტამენტმა 2019 და 2020 წელს დაკავებულ გადასახადებზე მიმდინარე საქმეები გააერთიანა და №20265 და №20266 ბრძანებების აღსრულებისა და შესაბამისად, საქმის შესწავლის მიზნით, 2022 წლის 24 ოქტომბრის №"------" წერილით კომპანიისგან დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა.
კერძოდ, მომსახურების დეპარტამენტმა მოითხოვა ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მიზნებისთვის, 2019-2022 წლებზე დასტურდება, რომ მომჩივანი წარმოადგენს ნიდერლანდების რეზიდენტ საწარმოს და არის აქტიური საწარმო, რომელიც იბეგრება ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე, დადგინდება ორმაგი დაბეგვრის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე ხელშემკვრელი სახელმწიფოდან (საქართველოდან) მიღებულ დივიდენდებთან მიმართებაში, რა სახის საგადასახადო ღონისძიებები ტარდება ნიდერლანდების სამეფოში, იბეგრება თუ არა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში (ნიდერლანდებში) და რა განაკვეთი არსებობს აღნიშნული სახის შემოსავალზე.
აღნიშნული წერილის საპასუხოდ, 2023 წლის 14 მარტის №"------" წერილით, მომსახურების დეპარტამენტს წარედგინა ნიდერლანდების სამეფოს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული რეზიდენტობის ცნობები, რომლებითაც დასტურდება, რომ კომპანია 2019-2022 წლებისათვის ნიდერლანდების სამეფოს საგადასახადო რეზიდენტს წარმოადგენდა.
ხოლო, 2023 წლის 31 ოქტომბრის №"------" წერილით მომსახურების დეპარტამენტს შეატყობინეს, რომ კომპანიამ მიმართა ნიდერლანდების სამეფოს საგადასახადო ორგანოს ისეთი დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახის საგადასახადო ღონისძიებები ტარდება ნიდერლანდების სამეფოში საქართველოდან მიღებულ დივიდენდებთან მიმართებაში, იბეგრება თუ არა ასეთი სახის შემოსავალი ნიდერლანდების სამეფოში და რა განაკვეთი არსებობს აღნიშნული სახის შემოსავალზე. მომსახურების დეპარტამენტისთვის გაგზავნილ 2023 წლის 31 ოქტომბრის №"------" წერილს თან ერთვოდა ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოს ოფიციალური პასუხი, რომლითაც ის ატყობინებდა, რომ ნიდერლანდების საგადასახადო ორგანო ახალი პრაქტიკის თანახმად, უკვე რამდენიმე წელია გადამხდელებზე აღარ გასცემს მოთხოვნილი ტიპის დოკუმენტს.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მიიღეს მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 15 მაისის №"------" წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება:
1. რომ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მიზნებისთვის 2019-2022 წლებზე მომჩივანი არის აქტიური საწარმო, რომელიც იბეგრება ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაბამისად;
2. ორმაგი დაბეგვრის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე ხელშემკვრელი სახელმწიფოდან (საქართველოდან) მიღებულ დივიდენდებთან მიმართებაში, რა სახის საგადასახადო ღონისძიებები ტარდება ნიდერლანდების სამეფოში, იბეგრება თუ არა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში (ნიდერლანდებში) და რა განაკვეთი არსებობს აღნიშნული სახის შემოსავალზე.
აღნიშნული წერილის საპასუხოდ მომსახურების დეპარტამენტს წარედგინა 2024 წლის 24 ივნისის "------" წერილი, რომლითაც კიდევ ერთხელ მიუთითეს კომპანიის მიერ წარდგენილ რეზიდენტობის ცნობებზე. დასახელებული ცნობებით დასტურდება, რომ კომპანია 2019-2022 წლებისთვის ნიდერლანდების სამეფოს საგადასახადო რეზიდენტს წარმოადგენდა. რეზიდენტობის ცნობები მითითებას აკეთებს იმაზეც, რომ რეზიდენტობა დადგენილია საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მიზნებისთვის. შესაბამისად, 24 ივნისის წერილში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მომსახურების დეპარტამენტს პირველი საკითხის ფარგლებში მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად წარედგინა.
რაც შეეხება მეორე საკითხს, 2024 წლის 24 ივნისის "------" წერილში კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ კომპანიამ მიმართა ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოს მეორე საკითხის ფარგლებში მოთხოვნილი დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით, თუმცა, მათი ოფიციალური პასუხის მიხედვით, ნიდერლანდების საგადასახადო ორგანო, ახალი პრაქტიკის თანახმად, უკვე რამდენიმე წელია გადამხდელებზე აღარ გასცემს მოთხოვნილი ტიპის დოკუმენტს. აღნიშნული ოფიციალური პასუხი, რომელიც ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოსგან მიიღეს, წარადგინეს წერილზე დანართის სახით.
2024 წლის 24 ივნისის "------" წერილში კომპანიამ ასევე მიუთითა მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოპოვების ალტერნატიულ გზაზე. კერძოდ, როგორც საქართველო, ისე ნიდერლანდების სამეფო წარმოადგენენ საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ კონვენციის ხელმომწერ მხარეებს. დასახელებული კონვენციის მე-3 თავის პირველი ნაწილი ითვალისწინებს კონვენციის ხელმომწერ მხარეთა შორის გადასახადების შეფასებისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას. ამდენად, გამომდინარე იქედან, რომ საქმეში არ არსებობს ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის პოზიციით, საჭიროა საკითხის გადასაწყვეტად, ხოლო გადასახადის გადამხდელისთვის ფიზიკურად შეუძლებელია ასეთი დოკუმენტაციის მოპოვება, საქართველოს საგადასახადო ორგანო (შემოსავლების სამსახური) უფლებამოსილია თავად მოითხოვოს ასეთი დოკუმენტაცია ნიდერლანდების სამეფოს საგადასახადო ორგანოსგან ზემოთ დასახელებული კონვენციის საფუძველზე.
ამავე წერილით კომპანიამ ასევე გამოთქვა მზადყოფნა, გაეცა საგადასახადო ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოშობილ კითხვებზე პასუხები და წარედგინა კომპანიის ხელთ არსებული ინფორმაცია. ასევე, ითხოვეს, მომსახურების დეპარტამენტს უმოკლეს ვადებში მიეღო გადაწყვეტილება ფორმა №2-ების დადასტურების თაობაზე და მომჩივანისთვის დაებრუნებინა ზედმეტად გადახდილი გადასახადები.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2024 წლის 16 ივლისს მიიღეს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 12 ივლისის №"------" წერილი, რომელშიც უცვლელად არის გამეორებული მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 15 მაისის №"------"წერილის შინაარსი. კერძოდ, მომსახურების დეპარტამენტი კვლავ აცხადებს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.
12 ივლისის №"------" წერილში მომსახურების დეპარტამენტი არა მხოლოდ არ პასუხობს, არამედ არც კი ახსენებს კომპანიის პოზიციას იმის თაობაზე, რომ წარდგენილი რეზიდენტობის ცნობები სრულად ფარავს პირველი საკითხის ფარგლებში მოთხოვნილ ინფორმაციას, ხოლო რაც შეეხება მეორე საკითხს, მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოპოვება კომპანიისთვის ფიზიკურად შეუძლებელია და შემოსავლების სამსახურს თავად შეუძლია აღნიშნული ინფორმაციის ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოსგან გამოთხოვა საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ კონვენციის საფუძველზე.
ამდენად, მათი არაერთი მცდელობის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტმა უგულებელყო წარდგენილი დოკუმენტები და არგუმენტები, შესაბამისად, მან დაარღვია ადმინისტრაციული წარმოების წესები. კერძოდ, სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის დეტალები და ამასთან, ვერ მოახერხა №20265 და №20266 ბრძანებებით მისთვის დაკისრებული დავალების შესრულება. აღნიშნულის საფუძველზე კომპანიამ მიმართა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს და 2024 წლის 15 აგვისტოს №137056/21 საჩივრით მოითხოვა მომსახურების დეპარტამენტისთვის ფორმა №2-ების დადასტურებისა და კომპანიისთვის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების დავალება ან იმავე ქმედებების განხორციელება თავად დავების დეპარტამენტის მიერ.
2024 წლის 15 აგვისტოს №137056/21 საჩივრის საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტმა 2024 წლის 4 ნოემბერს გამოსცა №23536 ბრძანება, რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2024 წლის 27 ნოემბერს.
ბრძანების მიხედვით, დავების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ვინაიდან კომპანიამ სრულყოფილად არ წარადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, მომსახურების დეპარტამენტი მოკლებული იქნა შესაძლებლობას, დაესრულებინა №20265 და №20266 ბრძანებების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება. საბოლოოდ, დავების დეპარტამენტმა კომპანიის საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია და უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე.
აღსანიშნავია, რომ სადავო ბრძანებაში მოცემულია ფაქტობრივი გარემოებების აღწერა, კომპანიის არგუმენტები და საკანონმდებლო ნორმები. რაც შეეხება უმთავრეს ნაწილს - დასაბუთებას, ბრძანება სრულად დაცლილია შეფასებისა და არგუმენტებისგან და დავების დეპარტამენტის გადაწყვეტილება მხოლოდ ორი წინადადებით არის გადმოცემული. დავების დეპარტამენტი უგულებელყოფს კომპანიის ზემოთ აღწერილ ყველა არგუმენტს და არ პასუხობს არც ერთ მათგანს.
დავების დეპარტამენტი თავად იმეორებს იმ ქმედებას, რომელიც მათთან გასაჩივრდა და რომელსაც მათი სათანადო რეაგირება უნდა მოჰყოლოდა. წარდგენილი საჩივრის ფარგლებში კომპანიის მოთხოვნა იყო, სათანადო რეაგირება მოჰყოლოდა იმ ფაქტს, რომ მომსახურების დეპარტამენტი უგულებელყოფდა კომპანიის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს და უსაფუძვლოდ მიიჩნევდა, რომ მოთხოვილი დოკუმენტაცია კომპანიის მიერ წარდგენილი არ იყო. დავების დეპარტამენტმა კი სათანადო რეაგირების ნაცვლად, თავადაც იგივე პოზიცია გააჟღერა თავის გადაწყვეტილებაში.
სადავო ბრძანებაში გამოვლინდა ისიც, რომ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტმა სათანადოდ არ შეისწავლა და არ გამოიკვლია საქმის გარშემო არსებული მნიშვნელოვანი გარემოებები და ამის გამო იგი ერთმანეთში ურევს ორ სხვადასხვა საქმეს. კერძოდ, გასაჩივრებული ბრძანების მიხედვით, იგი ეხება 2024 წლის 15 აგვისტოსა და 3 ოქტომბრის საჩივრებს. ამის შემდეგ, ბრძანებაში აღწერილია 2024 წლის 15 აგვისტოს საჩივრისთვის რელევანტური გარემოებები, ამავე საჩივარში მოცემულია კომპანიის არგუმენტები, შემდეგ კი დავების დეპარტამენტი ერთი წინადადებით აღწერს 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივარს: „ამასთან, №164604/21 საჩივარშიც გადამხდელი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ გარემოებებსა და არგუმენტებზე და დამატებით არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 11 დეკემბრის №"------" და 11 ივნისის №21-11/44880 გადაწყვეტილებებს.“
აღნიშნულთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივარი ეხება 2021-2022 წლებში დაკავებულ გადასახადებს მაშინ, როცა 2024 წლის 15 აგვისტოს საჩივარი ეხება 2019-2020 წლებში დაკავებულ გადასახადებს. ამ ორი საქმის პროცედურული ისტორია, მათთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და დოკუმენტები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან და შესაბამისად, გაუმართლებელია მათთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილების მიღება.
ამასთან, დავების დეპარტამენტის ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტიც, რომ 15 აგვისტოსა და 3 ოქტომბრის საჩივრები წარდგენილი იყო სხვადასხვა წარმომადგენლის მიერ. ამასთან, საჩივრებში მითითებული იყო სხვადასხვა საკონტაქტო ნომრები და სხვადასხვა მისამართები. ეს გარემოებები, ბუნებრივია, საგადასახადო ორგანოსთვის უნდა ყოფილიყო იმის მანიშნებელი, რომ სხვადასხვა საანგარიშო პერიოდების (2019-2020 და 2021-2022 წწ.) გადასახადებთან დაკავშირებულ საქმეებზე მუშაობდნენ კომპანიის სხვადასხვა წარმომადგენლები, რაც დამატებით შემზღუდველ გარემოებას წარმოადგენს ამ ორი განსხვავებული საქმის გასაერთიანებლად და მათთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილების მისაღებად.
კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ვალდებულებას, სრულად გამოიკვლიოს საქმის დეტალები, კერძოდ მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტზე.
მიმდინარე დავა ეხება 2019 და 2020 წელს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დაბრუნებას. 2019 წლის გადასახადებზე კომპანიამ მომსახურების დეპარტამენტს ფორმა №2-ები წარუდგინა 2020 წლის 4 აგვისტოს, ხოლო 2020 წლის გადასახადებზე - 2021 წლის 13 აპრილს. ამდენად, კომპანია ვერ სარგებლობს მისი კუთვნილი თანხებით უკვე 3-4 წელია.
მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ შემოსავლების სამსახური უხეშად არღვევს კომპანიის უფლებას, მოთხოვნაა განხილული, გამოკვლეული და დადასტურებული იქნეს ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. შესაბამისად, დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, წინამდებარე საჩივრით ითხოვს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2024 წლის 4 ნოემბრის №23536 ბრძანების ბათილად ცნობას და ადმინისტრაციული აქტის გამოცემას ფორმა №2-ების დადასტურებისა და კომპანიისთვის ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2019 და 2020 წლებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების მიზნით, შევსებული ფორმა №2-ების დამოწმების თაობაზე მომჩივნის განცხადებებზე მომსახურების დეპარტამენტის უარი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 28.09.2021 წლის №30706 და №30705 ბრძანებებით საჩივრები არ დააკმაყოფილა, აღნიშნული გასაჩივრდა საქართველოს ფინანთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 4.03.2022 წლის №14802/2/2021 და №14803/2/2021 გადაწყვეტილებებით საჩივრები, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც განიხილა და 29.07.2022 წლის №20265 და №20266 ბრძანებებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივრები, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
ასევე დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მომსახურების დეპარტამენტის მიერ, 24.10.2022 წლის №"------" წერილით,მომჩივანისგან დამატებით მოთხოვნილ იქნა ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოდან დოკუმენტაციის წარდგენა, რომლის მიხედვითაც, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მიზნებისთვის, 2019-2022 წლებზე დადასტურდებოდა, რომ მომჩივანი წარმოადგენს ნიდერლანდების რეზიდენტ საწარმოს, არის აქტიური საწარმო, რომელიც იბეგრება ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე დადგინდება, ორმაგი დაბეგვრის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე ხელშემკვრელი სახელმწიფოდან (საქართველოდან) მიღებულ დივიდენდებთან მიმართებაში, რა სახის საგადასახადო ღონისძიებები ტარდება ნიდერლანდების სამეფოში, იბეგრება თუ არა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში (ნიდერლანდებში) და რა განაკვეთი არსებობს აღნიშნული სახის შემოსავალზე.
საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ ხსენებული მოთხოვნის საპასუხოდ, მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მომსახურების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ წარდგენილით ინფორმაციით არ დასტურდებოდა მოთხოვნილი ინფორმაცია, ითხოვა ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენა, რაზეც ეცნობა მომჩივანს მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 11 დეკემბრის №"------", 2024 წლის 15 მაისის №"------" და 12 ივლისის №"------" წერილებით.
შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომპანიამ სრულყოფილად არ წარადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, მომსახურების დეპარტამენტი მოკლებული იქნა შესაძლებლობას, დაესრულებინა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივლისის №20265 და №20266 ბრძანებების საფუძველზე მომჩივანის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, სახეზეა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივლისის №20265 და №20266 ბრძანებების აღსრულების შემაფერხებელი გარემოებები და საჩივარი სადავო ბრძანებით არ დააკმაყოფილა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მოთხოვნის საპასუხოდ, 2023 წლის 14 მარტის №"------" წერილით, წარადგინეს ნიდერლანდების სამეფოს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული რეზიდენტობის ცნობები, რომლებითაც დასტურდება, რომ კომპანია 2019-2022 წლებისათვის ნიდერლანდების სამეფოს საგადასახადო რეზიდენტს წარმოადგენდა. ხოლო, 2023 წლის 31 ოქტომბრის №"------" წერილით მომსახურების დეპარტამენტს შეატყობინეს, რომ კომპანიამ მიმართა ნიდერლანდების სამეფოს საგადასახადო ორგანოს ისეთი დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახის საგადასახადო ღონისძიებები ტარდება ნიდერლანდების სამეფოში საქართველოდან მიღებულ დივიდენდებთან მიმართებაში, იბეგრება თუ არა ასეთი სახის შემოსავალი ნიდერლანდების სამეფოში და რა განაკვეთი არსებობს აღნიშნული სახის შემოსავალზე. ამასთან, ზემოაღნიშნულ წერილს თან ერთვოდა ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოს ოფიციალური პასუხი, რომლითაც ის ატყობინებდა, რომ ნიდერლანდების საგადასახადო ორგანო ახალი პრაქტიკის თანახმად, უკვე რამდენიმე წელია გადამხდელებზე აღარ გასცემს მოთხოვნილი ტიპის დოკუმენტს. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 15 მაისის №"------" წერილით ეცნობათ, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა მოთხოვნილი ინფორმაცია, რომლის საპასუხოდ წერილობით (24 ივნისის "------" წერილი), კიდევ ერთხელ მიუთითეს კომპანიის მიერ წარდგენილ რეზიდენტობის ცნობებზე, ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მომსახურების დეპარტამენტს პირველი საკითხის ფარგლებში მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად წარედგინა, კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ კომპანიამ მიმართა ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოს თუმცა, მათი ოფიციალური პასუხის მიხედვით, ნიდერლანდების საგადასახადო ორგანო, ახალი პრაქტიკის თანახმად, უკვე რამდენიმე წელია გადამხდელებზე აღარ გასცემს მოთხოვნილი ტიპის დოკუმენტს. აღნიშნული ოფიციალური პასუხი, რომელიც ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოსგან მიიღეს, წარადგინეს წერილზე დანართის სახით. კომპანიამ ასევე მიუთითა მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოპოვების ალტერნატიულ გზაზე. კერძოდ, რომ გადასახადის გადამხდელისთვის ფიზიკურად შეუძლებელია ასეთი დოკუმენტაციის მოპოვება, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია თავად მოითხოვოს ასეთი დოკუმენტაცია ნიდერლანდების სამეფოს საგადასახადო ორგანოსგან. მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტმა უგულებელყო წარდგენილი დოკუმენტები და არგუმენტები, შესაბამისად, სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის დეტალები და ამასთან, ვერ მოახერხა №20265 და №20266 ბრძანებებით მისთვის დაკისრებული დავალების შესრულება. არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ ვინაიდან კომპანიამ სრულყოფილად არ წარადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, მომსახურების დეპარტამენტი მოკლებული იქნა შესაძლებლობას, დაესრულებინა №20265 და №20266 ბრძანებების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება და გადაწყვეტილებას საჩივრის არ დაკმაყოფილებაზე.
ამასთან აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა სათანადოდ რომ არ შეისწავლა და არ გამოიკვლია საქმის გარშემო არსებული მნიშვნელოვანი გარემოებები სადავო ბრძანებით ვლინდება იმითაც, რომ იგი ერთმანეთში ურევს ორ სხვადასხვა საქმეს. კერძოდ, გასაჩივრებული ბრძანების მიხედვით, იგი ეხება 2024 წლის 15 აგვისტოსა და 3 ოქტომბრის საჩივრებს და რომ 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივარი ეხება 2021-2022 წლებში დაკავებულ გადასახადებს მაშინ, როცა 2024 წლის 15 აგვისტოს საჩივარი ეხება 2019-2020 წლებში დაკავებულ გადასახადებს. ამ ორი საქმის პროცედურული ისტორია, მათთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და დოკუმენტები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან და შესაბამისად, გაუმართლებლად მიიჩნევს მათთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილების მიღებას. საჩივრები წარდგენილი იყო სხვადასხვა წარმომადგენლის მიერ. ამასთან, საჩივრებში მითითებული სხვადასხვა საკონტაქტო ნომრები და სხვადასხვა მისამართები, უნდა ყოფილიყო იმის მანიშნებელი, რომ სხვადასხვა საანგარიშო პერიოდების (2019-2020 და 2021-2022 წწ.) გადასახადებთან დაკავშირებულ საქმეებზე მუშაობდნენ კომპანიის სხვადასხვა წარმომადგენლები, რაც დამატებით შემზღუდველ გარემოებას წარმოადგენს ამ ორი განსხვავებული საქმის გასაერთიანებლად და მათთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილების მისაღებად. მიმდინარე დავა ეხება 2019 და 2020 წელს წყაროსთან დაკავებული გადასახადების დაბრუნებას. ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ნოემბრის №23536 ბრძანების ბათილად ცნობას და ადმინისტრაციული აქტის გამოცემას ფორმა №2- ების დადასტურებისა და კომპანიისთვის ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების შესახებ. მომსახურების დეპარტამენტი 2024 წლის 25 დეკემბრის №"------" წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ვინაიდან შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, მომსახურების დეპარტამენტი მოკლებულია საკითხის დამატებითი შესწავლის და დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობას, საკითხის დარეგულირების მიზნით რეაგირებისთვის 2022 წლის 9 სექტემბერს მიმართეს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკურ და მეთოდოლოგიის დეპარტამენტებს. მათ მიერ მიწოდებული დასკვნების საფუძველზე შესაბამისი ინფორმაცია რამდენჯერმე მოთხოვეს მომჩივანს, რომლის მიერ წარდგენილი ინფორმაციიდან ვერ დგინდება, რომ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მიზნებისთვის 2019-2022 წლებზე მომჩივანი არის აქტიური საწარმო, რომელიც იბეგრება ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე არ დგინდება ორმაგი დაბეგვრის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე ხელშემკვრელი სახელმწიფოდან (საქართველოდან) მიღებულ დივიდენდებთან მიმართებაში, რა სახის საგადასახადო ღონისძიებები ტარდება/ტარდებოდა ნიდერლანდების სამეფოში, იბეგრება/იბეგრებოდა თუ არა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში (ნიდერლანდებში) და რა განაკვეთი არსებობს/არსებობდა აღნიშნული სახის შემოსავალზე.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მომჩივნის მონაწილეობის და მისი პოზიციის მოსმენის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23536 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი საჩივრით ითხოვს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2024 წლის 4 ნოემბრის №23536 ბრძანების ბათილად ცნობას და ადმინისტრაციული აქტის გამოცემას ფორმა №2-ების დადასტურებისა და კომპანიისთვის ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა 2020 წლის 4 აგვისტოს და 2021 წლის 13 აპრილის განცხადებებით, 2019 და 2020 წელს ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების მიზნით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დასამოწმებლად წარუდგინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების მე-3 მუხლის შესაბამისად შევსებული ფორმა №2-ები.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
302,306.