ბრძანება 7170

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.04.2024
№ დოკუმენტი 7170
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7170

02 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. ---) 2024 წლის 11 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №88386/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 თებერვლის №006-32 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ 2023 წლის ივლისის თვეში განახორციელა სატვირთო ავტომანქანის იმპორტი, რომელზედაც დაიბეჭდა საბაჟო დეკლარაცია და იმავე თვეში საწარმომ მიიღო ჩათვლა. აღნიშნული მანქანის რეალიზაცია განხორციელდა ივლისის თვეში, თუმცა ბუღალტრის შეცდომით ავტომანქანის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის დაბეგვრა მოხდა 2023 წლის აგვისტოში. შესაბამისად მიღებული შემოსავალი დაბეგრილია ორჯერ.

2. მომჩივანი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №31194 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 31 იანვარს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 7 თებერვლის №2275 ბრძანება და ამავე თარიღის №006-32 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 17 550 ლარი, მათ შორის გადასახადი 11 700 ლარი, ჯარიმა 5 850 ლარი და საურავი 0 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სხვა ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაცია. 2023 წლის ივლისის თვეში (05.07.2023 წ), გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალება (----)), რომელიც იმავე თარიღში რეგისტრირებულია მოქ. --- (პ/ნ ---).

შპს „---ს“ (ს/ნ ---) აღნიშნულ რეალიზაციაზე საგადასახადო ვალდებულება არ აქვს შესრულებული, ხოლო წარდგენილი დეკლარაციით ჩათვლილია საბაჟოზე დარიცხული დღგ-ის თანხა. შემოწმების პროცესში ვერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია.

შემოწმებით ---გან გამოთხოვილ იქნა ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელმაც წარმოადგინა მხოლოდ ახსნა-განმარტება, რომელშიც აღნიშნულია ავტომობილის ღირებულება და მითითებულია, რომ თანხის გადახდა განხორციელდა ნაღდი ანგარიშსწორებით. მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ხელშეკრულება, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან/და ურთიერთშედარების აქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმება დაეყრდნო აღნიშნული ავტომობილის იმპორტისას, საბაჟო დეპარტამენტის მიერ შეფასებულ საბაზრო ღირებულებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 162-ე, 163-ე, 164-ე მუხლების მიხედვით პირს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. ამასთან, შემოწმებით შესწავლილ იქნა დღგ-ის ჩასათვლელი თანხების სისწორე, გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი აქვს საბაჟოზე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალების დღგ-ის თანხა, შესაბამისად, ჩასათვლელ დღგ-ის თანხებს შორის სხვაობა არ გამოვლინდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2023 წლის ივლისის თვეში გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელზედაც მიღებული აქვს ჩათვლა, იმავე თვეში განხორცილებული აქვს მანქანის რეალიზაცია, რაზეც შესრულებული არ აქვს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. ვინაიდან გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია ვერ განხორციელდა, ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა ავტომანქანის შემძენისაგან, რომელმაც შემოწმებას ვერ წარუდგინა სრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, შემოწმებამ გაითვალისწინა აღნიშნული ავტომობილის იმპორტისას, საბაჟო დეპარტამენტის მიერ შეფასებული საბაზრო ღირებულება და მასზე დაყრდნობით პირს განუსაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. იმის გათვალისწინებით, რომ პირს იმპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის ოპერაციაზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში, არ აქვს შესრულებული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს შემოწმებით საწარმოსათვის დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.

გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის ოპერაციის აგვისტოს საანგარიშო პერიოდში დაბეგვრასთან და აღნიშნული ოპერაციიდან მიღებული შემოსავლის ორმაგად დაბეგვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითების საქაღთველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლზე, რომლების თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. მომჩივანი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 31 იანვარს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 7 თებერვლის №2275 ბრძანება და ამავე თარიღის №006-32 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 17 550 ლარი, მათ შორის გადასახადი 11 700 ლარი, ჯარიმა 5 850 ლარი და საურავი 0 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 269 (7).