გადაწყვეტილება №25103/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25103/2/2025
14 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 22.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25103/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №932 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 დეკემბრის №006-532 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 მარტის №4112 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 935 225.55 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 464 980
დღგ - 194 637
საშემოსავლო გადასახადი - 270 343
ჯარიმა - 229 228
საურავი - 241 017.55
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა საბითუმო და საცალო ვაჭრობა კვების პროდუქტებით, უპირატესად გაყინული ხორცის პროდუქტებით, რომლის შეძენას ახორციელებს იმპორტის გზით ------დან, ხოლო რეალიზაციას - -------ი, იჯარით აღებულ სასაწყობე ფართში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 ივლისის №17200 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 22 დეკემბერის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საწარმოს დეკლარირებული ფასნამატი 2019-2022 წლებში შეადგენს 7.34%,-ს, ხოლო 2022 წელს - 1%-ს. გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, პერიოდების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი მიჩნეულ იქნა არასაიმედოდ და კომპანიის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშებულ იქნა საცალოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება პერიოდების მიხედვით, აღნიშნულ რპთ-ზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი შესაბამისი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშდა შემოსავალი, რომლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელის შემოსავალი 2019 წელს გაიზარდა 22 191 ლარით, 2020 წელს - 26 1944 ლარით, 2021 წელს - 340 736 ლარით, ხოლო 2022 წელს - 746 488 ლარით. შედეგად, დაკორექტირდა (გაიზარდა) საწარმოს მიერ დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვები. აგრეთვე, მიღებული ფულადი შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ჩაითვალა რომ მიღებული აქვს საწარმოს დირექტორს და დაკვალიფიცირდა შესაბამისი პერიოდების მიხედვით ხელფასის სახით განაცემად. შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობებიდან გამომდინარე მომჩივანს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №32638 ბრძანება და №006-610 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 012 681.95 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 18 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 30.05.2023 წლის №11822 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11822 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის დასკვნა, 11.08.2023 წლის №19904 ბრძანება და №006-419 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 13 831 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 1 059 029.12 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 10 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 11 ოქტომბრის №25274 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 30.10.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 18.12.2023 წლის №21190/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 ოქტომბრის №25274 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 24.01.2024 წლის №932 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატის გათვალისწინებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს საჩივარში მითითებული არგუმენტები/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №932 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.12.2024 წლის დასკვნა, 20.12.2024 წლის №26766 ბრძანება და №006-532 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 175 296 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 935 225.55 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 27 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 11 მარტის №4112 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე სადავო საკითხი შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის გათვალისწინებით და აღნიშნულიდან გამომდინარე განხორციელდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) სულ 175 296 ლარით. მათ შორის, გადასახადი -116 781 ლარით და ჯარიმა - 58 515 ლარით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილში არ იყო მითითებული ის დოკუმენტები, რის საფუძველზეც შედგენილ იქნა აღნიშნული ცხრილი. კერძოდ, ვერ ხდებოდა ცხრილში მითითებული შეძენებისა და რეალიზაციების დაკავშირება დოკუმენტურად. შესაბამისად, არ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემები. ამასთან, საკითხის შესწავლისას შემმოწმებლის მიერ შედგენილ ცხრილში აღმოჩენილ იქნა ტექნიკური ხარვეზი. აღნიშნული ხარვეზის გასწორებით გადაანგარიშდა და დაკორექტირდა დასაბეგრი ბრუნვები. შესაბამისად, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება. კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ხელფასის სახით გაცემულად მიჩნეული თანხის შემცირება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც სადავო საკითხის ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდება.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ნაწილობრივ გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის შენიშვნები მხოლოდ ფასნამატის გაანგარიშების ცხრილებთან დაკავშირებით ტექნიკური ხასიათის შეცდომასთან მიმართებით.
თვლის, რომ დაანგარიშებული ფასნამატი არასამართლიანია და არ ასახავს რეალობას, რჩება გარკვეული საკითხები, რომლის განხილვა არ მომხდარა. კერძოდ, არ იქნა გათვალისწინებული მომჩივნის არგუმენტები უშუალოდ ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, შემმოწმებლების მიერ გამოსწორებულია შემოწმების ცხრილებში დაშვებული ტექნიკური ხასიათის შეცდომა, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის არგუმენტები მომჩივნის მიერ წარდგენილ ფასნამატის ცხრილთან დაკავშირებით.
ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ხელახლა შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და მოახდინოს აქტის კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №932 ბრძანებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატის გათვალისწინებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს საჩივარში მითითებული არგუმენტები/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შესწავლილ იქნა მომჩივნის მიერ წარდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომელიც შეუდარდა შემმოწმებლის გაანგარიშებებს ფასნამატის ნაწილში და აღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდა დასაბეგრი ბრუნვები, რამაც გამოიწვია შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
გადაანგარიშების შედეგად, საწარმოს შეუმცირდა დარიცხული თანხა 175 296 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 116 781 ლარი და ჯარიმა - 58 515 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 7.05.2025 წლის №37398-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ შემმოწმებლების მიერ საქმის შესწავლა მოხდა საწარმოს წარმომადგენელის თანდასწრებით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ გაანგარიშების ცხრილში არ იყო მითითებული ის შესყიდვისა და რეალიზაციის დოკუმენტები, რის საფუძველზეც შედგენილ იქნა აღნიშნული ცხრილი. შესაბამისად, ვერ ხდებოდა ცხრილში მითითებული შეძენებისა და რეალიზაციების დაკავშირება დოკუმენტურად. საკითხის შესწავლისას შემმოწმებლის მიერ შედგენილ ცხრილში აღმოჩენილ იქნა ტექნიკური ხარვეზი. აღნიშნული ხარვეზის გასწორებით გადაანგარიშდა და დაკორექტირდა დასაბეგრი ბრუნვები. შესაბამისად, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
მომჩივნის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომდგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილში არ იყო მითითებული ის დოკუმენტები, რის საფუძველზეც იქნა შედგენილი აღნიშნული ცხრილი, კერძოდ, ვერ ხდებოდა ცხრილში მითითებული შეძენებისა და რეალიზაციების დაკავშირება დოკუმენტურად, არ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ. შესაბამისად, ფასნამატის ნაწილში ცვლილება არ განხორციელებულა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №932 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №932 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №17200 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 22 დეკემბერის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საწარმოს დეკლარირებული ფასნამატი 2019-2022 წლებში შეადგენს 7.34%,-ს, ხოლო 2022 წელს - 1%-ს. გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, პერიოდების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი მიჩნეულ იქნა არასაიმედოდ და კომპანიის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შედეგად, დაკორექტირდა (გაიზარდა) საწარმოს მიერ დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვები. აგრეთვე, მიღებული ფულადი შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ჩაითვალა რომ მიღებული აქვს საწარმოს დირექტორს და დაკვალიფიცირდა შესაბამისი პერიოდების მიხედვით ხელფასის სახით განაცემად. შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობებიდან გამომდინარე მომჩივანს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №32638 ბრძანება და №006-610 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 012 681.95 ლარი.აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №11822 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის №11822 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, №19904 ბრძანება და №006-419 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 13 831 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 1 059 029.12 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №25274 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.საბჭოს №21190/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №25274 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად .შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და №932 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი.
შემოსავლების სამსახურის №932 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, №26766 ბრძანება და №006-532 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 175 296 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 935 225.55 ლარი.კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №4112 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №932 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4);