გადაწყვეტილება №89413/1/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.10.2024
№ დოკუმენტი 89413/1/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№89413/1/2024

16 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 29.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №89413/1/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 8.12.2023 წლის №21161/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2024 წლის №024-14 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 227 943,13 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 126 007

დღგ - 21 735

საშემოსავლო გადასახადი - 104 272

ჯარიმა - 62 991

საურავი - 38 945,13

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 15.09.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმებისას შედგა საქონლის მოძრაობის ცხრილი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დოკუმენტის გარეშე რეალიზებული აქვს როგორც მეორადი მილები, ასევე შავი ლითონის ჯართი და ვერ ხერხდება მყიდველის იდენტიფიცირება. პირს აღნიშნული საქონლის რეალიზაცია არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მიწოდება. საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

საქონლის მოძრაობის ცხრილის მიხედვით დადგინდა ისეთი საქონლის რეალიზაცია, რომლის შეძენის დოკუმენტიც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა, აღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთ საქონელზე ხარჯად ჩაითვალა ამ საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 75%. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების თანახმად, მას არ გააჩნია სმფ-ების ნაშთი, ამიტომ საქონლის მოძრაობის შედეგად გამოვლენილი, ნაშთად დარჩენილი სმფ-ები მთლიანად იქნა რეალიზებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რითაც გადასახადის გადამხდელს გაეზარდა შემოსავალი.

შემოწმების პროცესში ასევე შედგა ფულის მოძრაობის ცხრილი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ კომპანიის დირექტორს საწარმოს თანხებით შეძენილი აქვს პირადი მოხმარების საქონელი (წამლები, საკვები, საწვავი და ა.შ), ასევე კომპანიის ანგარიშიდან გატანილი აქვს თანხები, რომლის გახარჯვის მიზნობრიობაც ვერ დგინდება. აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2023 წლის №024-44 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22793 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 8.12.2023 წლის №21161/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22793 ბრძანება. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია მეორადი მილების და შავი ლითონის ჯართის რეალიზაციასთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით, შეისწავლოს დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 8.12.2023 წლის №21161/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაეცნო 12.02.2024 წელს, თუმცა გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში რაიმე ისეთი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შემოწმების შედეგებზე გავლენას იქონიებდა არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას).

აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 1.04.2024 წლის №024-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადაანგარიშების აქტი და ახალი საგადასახადო მოთხოვნა ელექტრონულად ჩაბარდა 2024 წლის 4 აპრილს, რითაც არ მოხდა გადასახადის შემცირება იმ მოტივით, რომ არ წარადგინა სათანადო ინფორმაცია ან წარადგინა და ეს არ აღმოჩნდა აუდიტისთვის საკმარისი.

ყოველივე სიტუაციიდან გამომდინარე, მოითხოვს განხილვა შედგეს მომჩივნის დასწრებით და კონკრეტულ განხილვაზე მეტი კონკრეტიკით მოხდეს განსაზღვრა თუ რა უნდა ჩათვალოს აუდიტმა სარწმუნოდ, რომ შემდგომ მოახდინოს აქტის გადაანგარიშება.

ითხოვს არგუმენტების შესწავლას, რომელსაც წარმოადგენს საჩივრის განხილვის დროს და შემდგომ მოხდეს აქტის გადაანგარიშება, გაუქმდეს ძველი დარიცხვის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა და გამოიცეს ახალი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს დოკუმენტის გარეშე რეალიზებული აქვს როგორც მეორადი მილები, ასევე შავი ლითონის ჯართი და ვერ ხერხდება მყიდველის იდენტიფიცირება. მომჩივანს აღნიშნული საქონლის რეალიზაცია არ აქვს დაბეგრილი დღგით.

მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ საგადასახადო შემოწმების დროს სრულყოფილად ვერ მოხდა ინფორმაციის მიწოდება შემმოწმებლებისთვის. საქონელი შეძენილია წყალმომარაგების კომპანიისგან, როგორც ჯართი, შემდეგ მოხდა გასუფთავება და გაიყიდა როგორც მილები. საქონლის რეალიზაციაზე არსებობს როგორც სასაქონლო ზედნადებები, ისე ხელშეკრულებები. მილების რეალიზაცია დაბეგრილია დღგ-ით. შემმოწმებელს ვერ მიეწოდა ინფორმაცია, რომ რეალიზებული მილები წარმოადგენს (უკავშირდება) შეძენილ ჯართს, ამის გამო ჯართი ჩათვალა ნაშთად დარჩენილად. უნდა მოხდეს აღნიშნული შეძენა-რეალიზაციის დაკავშირება. ჯართის შეძენა, გასუფთავება და რეალიზაცია ხდებოდა ერთი და იგივე ადგილზე, მყიდველი ახდენდა ადგილზე აზომვას და დიამეტრის და სიგრძის მიხედვით ხდებოდა რეალიზაცია. შესაძლებელია იდენტიფიცირება რა გაიყიდა ჯართად და რა გაიყიდა მილებად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს 8.12.2023 წლის №21161/2/2023 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია მეორადი მილების და შავი ლითონის ჯართის რეალიზაციასთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით, შეისწავლოს დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაეცნო 12.02.2024 წელს, თუმცა გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში რაიმე ისეთი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შემოწმების შედეგებზე გავლენას იქონიებდა არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ გაზიარებული არ იქნა. ხოლო, საჩივრის ზეპირი განხილვის დროს მითითებული არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები დავის განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი არ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 8.12.2023 წლის №21161/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს დოკუმენტის გარეშე რეალიზებული აქვს როგორც მეორადი მილები, ასევე შავი ლითონის ჯართი და ვერ ხერხდება მყიდველის იდენტიფიცირება. მომჩივანს აღნიშნული საქონლის რეალიზაცია არ აქვს დაბეგრილი დღგით. მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ საგადასახადო შემოწმების დროს სრულყოფილად ვერ მოხდა ინფორმაციის მიწოდება შემმოწმებლებისთვის. საქონელი შეძენილია წყალმომარაგების კომპანიისგან, როგორც ჯართი, შემდეგ მოხდა გასუფთავება და გაიყიდა როგორც მილები. საქონლის რეალიზაციაზე არსებობს როგორც სასაქონლო ზედნადებები, ისე ხელშეკრულებები. მილების რეალიზაცია დაბეგრილია დღგ-ით. შემმოწმებელს ვერ მიეწოდა ინფორმაცია, რომ რეალიზებული მილები წარმოადგენს (უკავშირდება) შეძენილ ჯართს, ამის გამო ჯართი ჩათვალა ნაშთად დარჩენილად. უნდა მოხდეს აღნიშნული შეძენა-რეალიზაციის დაკავშირება. ჯართის შეძენა, გასუფთავება და რეალიზაცია ხდებოდა ერთი და იგივე ადგილზე, მყიდველი ახდენდა ადგილზე აზომვას და დიამეტრის და სიგრძის მიხედვით ხდებოდა რეალიზაცია. შესაძლებელია იდენტიფიცირება რა გაიყიდა ჯართად და რა გაიყიდა მილებად. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს 8.12.2023 წლის №21161/2/2023 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია მეორადი მილების და შავი ლითონის ჯართის რეალიზაციასთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით, შეისწავლოს დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაეცნო 12.02.2024 წელს, თუმცა გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში რაიმე ისეთი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შემოწმების შედეგებზე გავლენას იქონიებდა არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას).

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).