ბრძანება N 21784

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 29.07.2020
№ დოკუმენტი 21784
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 21784

29/07/2020

შპს "--------------"(ს/კ ----------------)

(მის.: ქ.---------------------------------)

სადავო საკითხთნ დაკავშირებით

საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 16 ივლისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა შპს "--------------"(ს/კ ----------------) 2019 წლის 30 დეკემბრის № 273074/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 11 დეკემბრის №081-387 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, რადგან კომპანიას გააჩნდა სააღრიცხვო დოკუმენტები. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, აცხადებს, რომ მათი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისობაშია აღნიშნულ სტატისტიკასთან.

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებითა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 21 დეკემბრის № 37321 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. აღნიშნული ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის -- იანვრიდან 2018 წლის -- დეკემბრამდე. 2019 წლის 26 ნოემბერს , 2016 წლის საანგარიშო პერიოდზე შედგენილ იქნა შპს ----- ს კამერალური საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი , 2019 წლის 11 დეკემბრის №43137 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და გამოიცა 2019 წლის 11 დეკემბრის №081-387 საგადასახო მოთხოვნა , რომლის მიხედვითაც საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაერიცხება სულ 185 866 ლარი; მათ შორის ძირითადი გადასახადი 117 015 ლარი, ჯარიმა 58 300 ლარი და საურავი 10 551 ლარის ოდენობით.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმო ახორციელებს სიმინდის, ქერის სოიოს და ბარდის მოყვანა-რეალიზაციას იჯარით აღებულ სასოფლო სამეურნეო მიწაზე ---ის თემში. ასევე საწარმო აშენებს საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობებს და საშრობებს მარცვლეულის დამუშავებისთვის. საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით მოსავლიანობა შესამოწმებელ პერიოდში წლების მიხედვით შემდეგია: 2016 წელს სიმინდის მოსავლიანობამ შეადგინა ერთ ჰექტარზე 2,24 ტონა; სოიოს მარცვალმა - 0.9 ტონა, 2 ქერის მარცვალმა - 1.58 ტონა. 2017 წელს სიმინდის მოსავლიანობამ შეადგინა ერთ ჰექტარზე 6.67 ტონა; სოიოს მარცვალმა - 1.52 ტონა, ქერის მარცვალმა - 2 ტონა, ხმელი ბარდის მარცვალმა 2 ტონა; 2018 წელს სიმინდის მოსავლიანობამ შეადგინა ერთ ჰექტარზე 4.85 ტონა;სოიოს მარცვალმა -1.08 ტონა.შემოწმებით შესწავლილ იქნა სიმინდის მარცვალის, სოიოს მარცვალის, ქერის და ბარდის საშუალო მოსავლიანობა და დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ ასახული აღნიშნული მარცვლეულის მოსავლიანობა მნიშვნელოვნად ნაკლებია სტატისტიკის დეპარტამენტიდან და სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებული ინფორმაციით საშუალო მოსავლიანობაზე.

სტატისტიკის დეპარტამენტისა და სხვადასხვა წყაროებიდან მარცვლეული კულტურების მოსავლიანობის შესახებ მოძიებული მონაცემებით დადგინდა, რომ საშუალოდ ჰიბრიდული სიმინდის მარცვლის მოსავლიანობა არის 7.2ტ; სოიოს მარცვლის მოსავლიანობა ჯიშების მიხედვით მერყეობს და შეადგენს საშუალოდ 2.5- დან 3.5 ტონამდე; ქერის მარცვლის მოსავლიანობა 2 ტონა. ვინაიდან საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით მოსავლიანობა არსებითად განსხვავდება სტატისტიკის დეპარტამენტის და სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებული ინფორმაციით მარცვლეული კულტურების მოსავლიანობისაგან, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73 მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, ზემოაღნიშნული წყაროებიდან მოძიებული მოსავლიანობის კოეფიციენტის გათვალისწინებით მოხდა საწარმოს მიერ მოყვანილი მარცვლეულის საშუალო მოსავლიანობის განსაზღვრა, გამოვლენილი მოსავლიანობების სხვაობები (შემოწმებით დადგენილ მარცვლეულის საშუალო მოსავლიანობებს გამოკლებული ბუღალტრულად ასახული მარცვლეულის საშუალო მოსავლიანობა), რეალიზებულად ჩაითვალა და დამატებით ჩაირთო ერთობლივ შემოსავალში. აღნიშნულმა დამატებით მიღებულმა შემოსავალმა 2016 წელს შეადგინა 449 402 ლარი.

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავლებსა და დეკლარირებულ შემოსავლებს შორის სხვაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა ხელაფსის სახით განაცემად. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივარში მითითებულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივანი მიუთითებს, რომ პროდუქციის რეალიზაცია სრულად ხორციელდება ელექტრონული ზედნადებებით და ანგარიშსწორება მხოლოდ უნაღდო ფორმით, ამის დასტურად მომჩივანი მიუთითებს რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია საკონტროლო-სალარო აპარატი ვინაიდან არ ხორციელდება პროდუქციის რეალიზაცია საცალოდ. მომჩივანი უსაფუძვლოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შემმოწმებელი, ერთის მხრივ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლად მიუთითებს გარემოებას, რომ საბუღალტრო აღრიცხვის მიხედვით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ხოლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით, რეალურად ეჭქვეშ აყენებს მოსავლიანობას და ადგენს რომ უნდა არსებულიყო მეტი რეალიზაციის დოკუმენტი, რომელთა არარსებობის გამო არსებული დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. მომჩივანი მიუთითებს, რომ ამგვარი მიდგომით, შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდით დაადგინა არაპირდაპირი მეთოდის საფუძველი, რაც კანონმდებლობის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური მიუთეთებს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოკლებულია დასაბუთებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

შემოსავლების სამსახურმა შეისწავლა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა: მხოლოდ ის ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით განსაზღვრული მოსავლიანობა, ნაკლებია სტატისტიკის დეპარტამენტში არსებული საშუალო მოსავლიანობასთან შედარებით, არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დაუსაბუთებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს "--------------"(ს/კ ----------------) საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის სათანადო კორექტირება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, რადგან კომპანიას გააჩნდა სააღრიცხვო დოკუმენტები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტით დგინდება, რომ საწარმო ახორციელებს სიმინდის, ქერის სოიოს და ბარდის მოყვანა-რეალიზაციას. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ ასახული აღნიშნული მარცვლეულის მოსავლიანობა მნიშვნელოვნად ნაკლებია სტატისტიკის დეპარტამენტიდან და სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებული ინფორმაციით საშუალო მოსავლიანობაზე.

შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა სსკ-ს 73 მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მოძიებული მოსავლიანობის კოეფიციენტის გათვალისწინებით მოხდა საწარმოს მიერ მოყვანილი მარცვლეულის საშუალო მოსავლიანობის განსაზღვრა, გამოვლენილი მოსავლიანობების სხვაობები (შემოწმებით დადგენილ მარცვლეულის საშუალო მოსავლიანობებს გამოკლებული ბუღალტრულად ასახული მარცვლეულის საშუალო მოსავლიანობა), მიღებული სსკ-ს 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა ხელაფსის სახით განაცემად. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დაუსაბუთებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,,ა“); 73(9,,ბ“); 101; 154(1,,ა“); 275