ბრძანება N 2068
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2068
03 თებერვალი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს------- (ს/ნ ---------------)
(მის.: -----------------)
2025 წლის 29 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა შპს ,,-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 29 დეკემბრის №99686/1/2025 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 დეკემბრის №081-317 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწყისი კაპიტალის შემცირების ხარჯზე საწარმოდან გატანილი თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას. აცხადებს, რომ საგადასახადო ვალდებულების ოდენობა დარიცხულია არასწორი მეთოდოლოგიით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68-ე და 70-ე მუხლების მოთხოვნებს. მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული აქტი არ შეიცავს სრულ ფაქტობრივ ანალიზს, არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილ დასაბუთების სტანდარტს, პროპორციულობის და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, ძირითადი საგადასახადო ვალდებულების დარიცხვის მოცულობა სცდება რეალურად მიღებული ეკონომიკური სარგებლის ფარგლებს. საჩივრის ზეპირ განხილვაზე მომჩივანმა განაცხადა, რომ შემოწმების მიერ არ იყო გათვალისწინებული გონივრული ნაშთის ოდენობა. აღნიშნავს, რომ 2024 წლის დეკემბრის თვეში გაცემულია ხელფასი 130 000 ლარი, ხოლო 31 დეკემბრის მდგომარეობით სალაროს ნაშთი შეადგენდა 20 000 ლარს, მაშინ როცა ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი იყო დაახლოებით 600 000 ლარი. ითხოვს, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, გონივრული ნაშთის- აღნიშნულის 10%-ის გათვალისწინებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დაკისრებულ სანქციას და აცხადებს, რომ დარიცხვა არ არის სამართლიანი და უნდა გაუქმდეს, რადგან გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტში არ არის შეფასებული გადასახადის გადამხდელის ბრალეულობა, არ არის დადგენილი განზრახვა ან უხეში დაუდევრობა, რის გამოც ჯარიმის დაკისრება განხორციელებულია ავტომატურად, ინდივიდუალური შეფასების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის ზოგად პრინციპებს. ხოლო, საურავი თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს დროის ფაქტორის კომპენსაციას და არა სადამსჯელო ღონისძიებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დავის მიმდინარეობის პერიოდში საურავის დარიცხვა ეწინააღმდეგება სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპებს და არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მათ შორის საჩივრის ზეპირ განხილვაზე, გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა დაკისრებული სანქციის შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 მარტის №4500 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 4 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 5 დეკემბრის №26786 ბრძანება და ამავე თარიღის №081-317 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 173 755 ლარი, მათ შორის, გადასახადი 101 014 ლარი, ჯარიმა 50 507 ლარი, საურავი
22 234 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილია ბუღალტრული პროგრამა ფინა 01.01.2024 - 01.02.2025 საანგარიშო პერიოდებზე, რომლის შესწავლის შედეგადაც დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის კაპიტალის საწყისი ნაშთი შეადგენს 411 414 ლარს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (2025 წლის თებერვლის მდგომარეობით) საბოლოო ნაშთი შეადგენს 111 414 ლარს. 2024 წლის საანგარიშო პერიოდში საწყისი კაპიტალის შემცირების ხარჯზე საწარმოდან გატანილია 300 000 ლარი. გადამხდელის მიერ ვერ დასტურდება საწყისი კაპიტალის ნამდვილობა. შესამოწმებელი პერიოდის ბუღალტრული სასტარტო ნაშთების შესწავლის მიზნით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა წინა პერიოდის ბუღალტრული ჩანაწერები, რაც დაადასტურებდა კაპიტალის ოდენობას, წარმოშობის თარიღს ან/და საჭიროებას.
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 491 და 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, ასევე 101-ე და 154-ე მუხლებით. საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, მ.შ. გადამხდელის ჩართულობით განხორციელდა გაანგარიშების დაზუსტება. გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ მოწოდებული ისეთი ხარჯების შესახებ მონაცემები, რაც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ხელმისაწვდომი არ იქნებოდა. შემოწმებით ვერ დადგინდა კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანის საჭიროება. შედეგად, შემოწმებამ ბუღალტრულად აღრიცხული საწყისი კაპიტალი მიიჩნია არამართლზომიერად და შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე დირექტორზე გაცემულ ხელფასად, შესაბამისი პერიოდების მიხედვით და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, კაპიტალის საბოლოო ნაშთი შემოწმების მიერ ჩაითვალა ნულის ტოლად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის საფუძველზე, შესამოწმებელი პერიოდის კაპიტალის საწყისი ნაშთი შეადგენს 411 414 ლარს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საბოლოო ნაშთი შეადგენს 111 414 ლარს. 2024 წლის საანგარიშო პერიოდში საწყისი კაპიტალის შემცირების ხარჯზე საწარმოდან გატანილია 300 000 ლარი. გადამხდელის მიერ ვერ დასტურდება საწყისი კაპიტალის ნამდვილობა. შესამოწმებელი პერიოდის ბუღალტრული სასტარტო ნაშთების შესწავლის მიზნით, გადამხდელის მიერ წარდგენილი არ ყოფილა წინა პერიოდის ბუღალტრული ჩანაწერები, რაც დაადასტურებდა კაპიტალის ოდენობას, წარმოშობის თარიღს ან/და საჭიროებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა ზოგადი ანალიტიკური პროცედურები, კერძოდ, გადამხდელის ჩართულობით განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რის საფუძველზეც შემოწმებით ვერ დადგინდა კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანის საჭიროება. შედეგად, შემოწმებამ ბუღალტრულად აღრიცხული საწყისი კაპიტალი მიიჩნია არამართლზომიერად, ხოლო საწყისი კაპიტალის შემცირების ხარჯზე საწარმოდან გატანილი თანხები ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, გონივრული ნაშთის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდის ბუღალტრული სასტარტო ნაშთების, საწყისი კაპიტალის ნამდვილობის შესწავლის მიზნით, შემოწმების მიერ, გადამხდელის ჩართულობით, განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რის საფუძველზეც ვერ დადასტურდა საწყისი კაპიტალის საჭიროება და საწყისი კაპიტალის შემცირების ხარჯზე გატანილი თანხები, რაც ბუღალტრულ პროგრამაში იყო ასახული, ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. აღსანიშნავია, რომ შემოწმების მიერ არ განხორციელებულა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად განკარგვადი თანხის გაანგარიშება, რა დროსაც ხდება ,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითებით (დანართი 9-ის შესაბამისად) განსაზღვრული გონივრული ნაშთის გათვალისწინება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის პოზიცია, კონკრეტულ შემთხვევაში ვერ იქნება გაზიარებული.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები შემოწმებით განსაზღვრული სანქციის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქცია განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწყისი კაპიტალის შემცირების ხარჯზე საწარმოდან გატანილი თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დაკისრებულ სანქციას და აცხადებს, რომ დარიცხვა არ არის სამართლიანი და უნდა გაუქმდეს.
ფაქტობრივი გარემოებები
2024 წლის საანგარიშო პერიოდში საწყისი კაპიტალის შემცირების ხარჯზე საწარმოდან გატანილია 300 000 ლარი. გადამხდელის მიერ ვერ დასტურდება საწყისი კაპიტალის ნამდვილობა. შესამოწმებელი პერიოდის ბუღალტრული სასტარტო ნაშთების შესწავლის მიზნით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა წინა პერიოდის ბუღალტრული ჩანაწერები, რაც დაადასტურებდა კაპიტალის ოდენობას, წარმოშობის თარიღს ან/და საჭიროებას. შემოწმებით ვერ დადგინდა კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანის საჭიროება. შედეგად, შემოწმებამ ბუღალტრულად აღრიცხული საწყისი კაპიტალი მიიჩნია არამართლზომიერად და შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე დირექტორზე გაცემულ ხელფასად, შესაბამისი პერიოდების მიხედვით და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა. ამასთან, კაპიტალის საბოლოო ნაშთი შემოწმების მიერ ჩაითვალა ნულის ტოლად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1);154(1);270;272;275