გადაწყვეტილება №25449/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.10.2025
№ დოკუმენტი 25449/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25449/2/2025

07 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 11.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25449/2/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.03.2025 წლის №24690/2/2025 (რეგ. 19.03.2025წ. 03/19545) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2025 წლის დასკვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2025 წლის №12237 ბრძანება; 3. აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2025 წლის №058-7 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 389 889.72 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 207 035

დღგ - 18 993

საშემოსავლო გადასახადი - 188 042

ჯარიმა - 102 950

საურავი - 79 904.72

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხე-ტყის მასალით ვაჭრობა, ტყე-კაფის მომსახურების გაწევა და ხე-ტყის მასალის ექსპორტი.

აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №31158, 25.03.2024 წლის №6359 და 5.06.2024 წლის №13342 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2021 წლიდან 1.04.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:

2022 წლის აგვისტოდან 2024 წლის 1 აპრილამდე პერიოდზე განხორციელებული ანალიტიკური პროცედურებით, დაანგარიშდა ფულის მოძრაობა და შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 404 527 ლარი, მათ შორის არაგონივრული ნაშთის ოდენობამ 372 536 ლარი. შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების“ დანართი №9-ის შესაბამისად, შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 104-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

საგადასახდო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 23.07.2024 წლის №17266 ბრძანება და 24.07.2024 წლის №058-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.09.2024 წლის №20887 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში

საბჭოს 21.11.2024 წლის №23999/2/2024 (რეგ. 29.11.2024წ. 03/88433) გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 25.09.2024 წლის №20887 ბრძანება, საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 24.12.2024 წლის №27065 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საწარმოს სალაროდან შპს „-------“ (ს/ნ -------) გაცემული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საკითხის შესწავლის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/მტკიცებულება ბანკიდან აღებული სესხის მიზნობრიობისა და ამ სესხით შეძენილი ქონების შესახებ;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №27065 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 14.03.2025 წლის №24690/2/2025 (რეგ. 19.03.2025წ. 03/19545) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №27065 ბრძანება;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ მე-2 დავის საგნის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტების (საჩივრისთვის დართული შედარების აქტების და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების) შესწავლა, საჭიროების შემთხვევაში მეორე მხარიდან ინფორმაციის გამოთხოვა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ამ ნაწილში განსაზღვრული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 14.03.2025 წლის №24690/2/2025 (რეგ. 19.03.2025წ. 03/19545) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2025 წლის დასკვნა საიდანაც ირკვევა, რომ:

გადასახადის გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე წარდგენილია შპს -------თან (ს/ნ -------) და შპს -------თან (ს/ნ -------) 31.03.2024 წლის მდგომარეობით დებიტორული დავალიანების თაობაზე ურთიერთშედარების აქტები. ასევე, შემოწმების მიღმა პერიოდში, აღნიშნული დავალიანების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტები (ჩგდ). საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით დებიტორებიდან (შპს ------- და შპს -------) საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილია შპს ------- 31.03.2024 წლის მდგომარეობით არსებული დავალიანების შესახებ ინფორმაცია. წარდგენილი მასალებით დადასტურდა 31.03.2024 წლის მდგომარეობით დებიტორული დავალიანების არსებობა (ჯამური თანხა 180 181 ლარი). ახალი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა შემოწმების შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 40 592 ლარით და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა 20 296 ლარით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2025 წლის №12237 ბრძანება და ამავე თარიღის №058-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გასაჩივრებული აქტი და აქტში დაფიქსირებული გადაწყვეტილება არამართლზომიერია და უნდა გაუქმდეს (ბათილად იქნას ცნობილი), შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამო:

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, 41-ე მუხლზე, 51-ე მუხლზე, 267- ე მუხლზე, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 26-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ დავის ეტაპზე გამოთხოვილია ინვენტარიზაციის მასალები და ფიქრობს, რომ ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი, რომელიც საერთოდ არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ობიექტი, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთან, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენა ცვლის ჯარიმების დარიცხვის რეგლამენტს, დანაკლისის ფარგლებში გამოვლენილი დამატებითი საგადასახადო ვალდებულება, აღარ არის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით ჯარიმის დაკისრების საფუძველი.

რეალურად აუდიტორმა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოიყენა ხანდაზმული პერიოდი 2018-2020 წლები. მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გარკვეული მოქმედების განხორციელების (მათ შორის, საგადასახადო შემოწმების) უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, რომელიც საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მიმდინარე შემოწმების ფარგლებში 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება ვერ განხორციელდება და არც უნდა იყოს გამოყენებული ხანდაზმული პერიოდის მონაცემები.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიმდინარე შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნებისათვის, გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ოპერაციების ათვლა უნდა განხორციელდეს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან (1.01.2021 წლიდან). კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აუდიტორი აღნიშნავს, რომ სმფ-ის რაოდენობრივი ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად წლების ჭრილში და იმავე სახეობის საქონელზე აღებული დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასით. თუ საუბარია წლების ჭრილში დარიცხვაზე, როდესაც იყენებს 2018-2020 წლების შეძენა რეალიზაციებს, გადანაწილება და დარიცხვა უნდა მომხდარიყო 2018-2020 წლებზეც, მაგრამ ამას აუდიტორი ვერ განახორციელებდა მარტივი მიზეზი გამო, რადგანაც 2018-2020 წლები ხანდაზმულია, მაშინ რატომ იყენებს ხანდაზმული პერიოდის მონაცემებს შესამოწმებელ პერიოდში, როდესაც კომპანიას არ გააჩნდა სმფ-ის ნაშთი იმაზე მეტი ვიდრე კომპანიამ მიაწოდა. თუ აუდიტორის ქმედებას გავყვებით, ასეთ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო მხოლოდ ჯარიმის 10%-ის დაკისრება. დანაკლისის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული 13.12.2023 წლის ხე-ტყის ახალი მოდულიდან რეალიზებული 34,39 მ3 მორი.

მიზანშეწონილად არ მიაჩნია ინვენტარიზაციით გამოვლენილი სმფ-ებს შორის სხვაობის წინა საანგარიშო პერიოდებში რეალიზებულად განხილვა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა და აღნიშნული რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

აუდიტორის მიერ არასწორად იქნა გამოყვანილი ინვენტარიზაციის შედეგები, ვინაიდან კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ბრუნვითი უწყისის და გატარებების ჟურნალის სახით, არასარწმუნოდ მიიჩნია. იხელმძღვანელა SARAS.GOV.GE-ზე წარდგენილი ინფორმაციით და ხანდაზმული პერიოდით. ითხოვს განემარტოს რა იურიდიული ძალის მქონეა საგადასახადო მიზნების განსაზღვრისთვის SARAS.GOV.GE-ზე წარდგენილი ინფორმაცია და მიეთითოს კანონმდებლობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას და იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით.

საშემოსავლო გადასახადთან მიმართებაში აქტში აღნიშნულია, რომ დარიცხული თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. რეალურად ინვენტარიზაციის შედეგად სმფ-ის ფაქტიური ნაშთების მიხედვით დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც შემმოწმებელმა გადაანაწილა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების პერიოდის პროპორციულად, ხოლო საშემოსავლო გადასახადით დაბეგრა პერიოდის ბოლოს. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი არა მარტო არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ობიექტი, არამედ მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, ასევე არ წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას. რეალურად ამ შემთხვევაში გამოვლენილი დანაკლისზე შეიძლება გავრცელებულიყო მხოლოდ 10%-იანი ჯარიმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საბჭოს 14.03.2025 წლის №24690/2/2025 (რეგ. 19.03.2025წ. 03/19545) გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ მე-2 დავის საგნის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტების (საჩივრისთვის დართული შედარების აქტების და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების) შესწავლა, საჭიროების შემთხვევაში მეორე მხარიდან ინფორმაციის გამოთხოვა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ამ ნაწილში განსაზღვრული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 14.03.2025 წლის №24690/2/2025 (რეგ. 19.03.2025წ. 03/19545) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2025 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ: გადასახადის გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე წარდგენილია შპს -------თან (ს/ნ -------) და შპს -------თან (ს/ნ -------) 31.03.2024 წლის მდგომარეობით დებიტორული დავალიანების თაობაზე ურთიერთშედარების აქტები. ასევე, შემოწმების მიღმა პერიოდში, აღნიშნული დავალიანების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტები (ჩგდ). საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით დებიტორებიდან (შპს ------- და შპს -------) საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილია შპს ------- 31.03.2024 წლის მდგომარეობით არსებული დავალიანების შესახებ ინფორმაცია. წარდგენილი მასალებით დადასტურდა 31.03.2024 წლის მდგომარეობით დებიტორული დავალიანების არსებობა (ჯამური თანხა 180 181 ლარი). ახალი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა შემოწმების შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 40 591 ლარით და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა 20 296 ლარით, სულ 60 887 ლარით.

მომჩივანი არგუმენტს აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 14.03.2025 წლის №24690/2/2025 (რეგ. 19.03.2025წ. 03/19545) გადაწყვეტილების არასწორად ან არასრულად აღსრულებაზე არ წარმოადგენს. არგუმენტებს მიუთითებს ისეთ საკითხებზე (დარიცხვის არამართლზომიერებაზე), რაც საბჭოს 14.03.2025 წლის №24690/2/2025 (რეგ. 19.03.2025წ. 03/19545) გადაწყვეტილებით არ იყო დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.03.2025 წლის №24690/2/2025 (რეგ. 19.03.2025წ. 03/19545) გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.03.2025 წლის №24690/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხე-ტყის მასალით ვაჭრობა, ტყე-კაფის მომსახურების გაწევა და ხე-ტყის მასალის ექსპორტი.

აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი: 2022 წლის აგვისტოდან 2024 წლის 1 აპრილამდე პერიოდზე განხორციელებული ანალიტიკური პროცედურებით, დაანგარიშდა ფულის მოძრაობა და შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 404 527 ლარი, მათ შორის არაგონივრული ნაშთის ოდენობამ 372 536 ლარი. შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმების შედეგად, გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.03.2025 წლის №24690/2/2025 გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154