გადაწყვეტილება №20966/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20966/2/2023
21 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „„-------“ -ის “ 2.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20966/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 19.04.2021 წლის №11595 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.04.2023 წლის №001-55 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.09.2023 წლის №21677 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 486 169 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 239 469
დღგ - 125 403
საშემოსავლო გადასახადი - 114 066
ჯარიმა - 119 202
საურავი - 127 498
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.08.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 10.09.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადამხდელი შესყიდვებს ახდენს იაპონიიდან იმპორტის გზით. რეალიზაცია ხორციელდება როგორც საცალოდ, ისე დოკუმენტურად. შემოწმების პროცესში გამოთხოვილი საბაჟო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის დოკუმენტებში (ინვოისებში) შესყიდვის საგანია - „მეორადი ავტონაწილები“, რასაც მითითებული აქვს ჯამობრივი ღირებულება. საბაჟო დოკუმენტაციას ასევე თან ახლავს კონოსამენტი, სადაც მოცემულია შესყიდული ავტონაწილების ჩამონათვალი ფასების გარეშე.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, თითოეული ნაწილის თვითღირებულების გაანგარიშება ხდება სავარაუდო სარეალიზაციო ფასების მიხედვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ შეუძლებლად მიიჩნია შეძენილი და დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის ერთმანეთთან დაკავშირება და კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. საწარმოს მიერ დეკლარირებული ფასნამატები 2017-2020 წლებში შესაბამისად არის: 12.58%, 8.75%, 7.4% და 5.08%. მიმდინარე წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში საწარმოში ჩატარდა ს.მ.ფ.-ების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციისთვის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტების მიხედვით, შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის თვითღირებულების დადგენა.
შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა საწარმოს მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს. შემოწმების შედეგად პირს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განესაზღვრა ბუღალტრული და ფაქტიური ნაშთი, რომელიც დაემთხვა ერთმანეთს და სხვაობა არ გამოვლენილა. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ შეძენილი საქონელი გადამხდელს რეალიზებული აქვს სხვადასხვა საანგარიშო პერიოდში, თუმცა სრულად არ აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში. შემოწმებისას, კომპანიის მიერ შეძენილი მეორადი ავტონაწილების თვითღირებულებაზე გავრცელდა ანალოგიური საწარმოს აუდირებული ფასნამატი (39%). შემოწმებისას, დამატებითი გამოვლენილი შემოსავლით გაიზარდა, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. ვინაიდან დამატებით დადგენილი შემოსავლების აღრიცხვა არც სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე არ ფიქსირდებოდა, შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე სახელფასო განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ამასთან, ხელფასის სახით დამატებით განაცემებში გათვალისწინებულ იქნა დამფუძნებლის მიერ საწარმოსთვის გაცემული სესხის დაფარვა (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დამფუძნებლის მიერ გაცემული სასესხო ვალდებულების ნაშთი - 308 867 ლარის ოდენობით მიჩნეულ იქნა მთლიანად გადახდილად და გამოაკლდა დამატებით დასარიცხი ხელფასის თანხას). საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 16.09.2020 წლის №27940 ბრძანება და №001-251 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.01.2021 წლის №184 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა/გამოეკვლია წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. ტექნიკური უზუსტობები) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განეხორციელებინა დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 18.01.2021 წლის №184 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 18 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმა სულ 4 300 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2021 წლის 1 მარტის №001-26 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 აპრილის №11595 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 18.01.2021 წლის №184 ბრძანების აღსრულების და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით სადავო საკითხების დამატებით შესწავლა/გამოკვლევა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 აპრილის №11595 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის დასკვნის საფუძველზე, შემცირებას დაექვემდებარა სულ 274 731 ლარი, მათ შორის გადასახადი 185 082 ლარი და ჯარიმა 89 649 ლარი, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 19 აპრილის №001-55 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.09.2023 წლის №21677 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და აღნიშნა, რომ შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება განხორციელებულია წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, წარდგენილი ინვოისების საფუძველზე გაანგარიშდა საწარმოს მიერ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის ფასნამატები (მათ შორის, ზედნადებებში დაფიქსირებული დაშლილი მანქანების რეალიზაციის შემთხვევაში, მხედველობაში იქნა მიღებული გადამხდელის განმარტება იმის შესახებ, რომ თითოეული დაშლილი მანქანის კომპლექტაცია ხდება კონკრეტულ ინვოისში მითითებული ცალკეული ავტონაწილების ერთმანეთზე დამატების შედეგად). მოცემული მეთოდით გაანგარიშებული დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი გავრცელდა წლების მიხედვით არადოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია დაკავებულია ავტონაწილების იმპორტითა და საბითუმო რეალიზაციით. კომპანიის ბიზნეს სპეციფიკიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ ხდება მთლიანი ავტომანქანის შეძენა (გადაჭრილი სახით), რა დროსაც ინვოისში მითითებულია ავტომანქანების მთლიანი ღირებულება. მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანა შედგება უამრავი ნაწილისა და დეტალისგან მის მიერ უზრუნველყოფილია ის, რომ იმპორტირებული ა/მ-ის ინვოისს აქვს ე.წ. დანართი, სადაც დეტალურად არის გაშიფრული მანქანის ნაწილების ჩამონათვალი. გამომდინარე იქიდან, რომ ა/მ-ის შეძენა ხდება მთლიანი სახით, ინვოისში მითითებულია მანქანის მთლიანი ღირებულება და დანართში მოცემული ნაწილების ჩამონათვალზე ა/მის მთლიანი თანხა გადანაწილებული არ არის. ამ უკანასკნელი მიზეზია ის რომ ბიზნესში საქონლის გამყიდველის მიერ ინვოისის გამოწერა სხვაგვარად შეუძლებელია ვინაიდან გამყიდველი ვერ დაიწყებს იმაზე ფიქრს თუ რა პრინციპით მოახდინოს აღნიშნული სახის გამიჯვნა თანხების გადანაწილება, გარდა ამისა გამყიდველის არ აქვს ინფორმაცია აღნიშნული მანქანის ცალკეული ნაწილების საქართველოში არსებულ საბაზრო ფასზე აქედან გამომდინარე გამყიდველი ვერ ახორციელებს ცალკეულ ავტო ნაწილებზე თანხის პროპორციულად გადანაწილებას შესაბამისად უწერს ინვოისში მთლიანი მანქანის ღირებულებას და დანართის სახით თან ურთავს იმ ნაწილების ჩამონათვალს, რისგანაც შედგება აღნიშნული ავტომანქანა.
აღნიშნული სირთულის მიუხედავად გამოდინარე იქიდან, რომ კომპანიას გააჩნია სრულფასოვანი ბუღალტრული აღრიცხვა მის მიერ ხდება ა/მ-ის მთლიანი ღირებულების გადანაწილება ცალკეულ ნაწილებზე რისგანაც შედგენა აღნიშნული მანქანა. მის მიერ მანქანის მთლიანი ღირებულების გადანაწილება ნაწილებზე აღნიშნული ნაწილების საქართველოში სარეალიზაციო ფასის პროპორციულად. კომპანიას აქვს სრულფასოვანი ბუღალტრული აღრიცხვა, სადაც არათუ ყველა ა/მ არამედ აღნიშნული ა/მ-ის ყველა ნაწილი აღრიცხულია, როგორც რაოდენობრივად ასევე თანხობრივად (თვითღირებულებით), ამასთან სრულფასოვნად გვაქვს აღრიცხული ჩვენს კომპანიაში მომხდარი ყველა სხვა სამეურნეო ოპერაცია ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად. უფრო მეტიც, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძველზე ხდება სრულფასოვანი ფინანსური რეპორტების მომზადება და წარდგენა (წარდგენა არ მომხდარა იმიტომ, რომ მოხდა აღნიშნული ანგარიშგების წარდგენის გადავადება, ანგარიშგება გამზადებული გვაქვს) ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურში (SARAS), რაც აღრიცხვის წარმოება არ წარმოების ნაწილში კითხვების საერთოდ არ არსებობაზე მიანიშნებს.
შემმოწმებლების მიერ არ მომხდარა არაპირდაპირი მეთოდის საფუძვლის არსებობა/არ არსებობის საკითხის შესწავლა, შედეგად მათ არ თქვეს უარი ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებაზე და შესაბამისად სრულად განულდა შემოწმებით დარიცხული თანხები, რაც უნდა შემცირებულიყო შემოსავლების სამსახურის უკანასკნელი გადაწყვეტილების მიხედვით, რის გამოც მიაჩნია რომ უკანასკნელი ბრძანების აღსრულება არ მომხდარა.
დასკვნის შედეგად აუდიტორების მიერ შემცირებული იქნა დარიცხული თანხები თუმცა თანხის მთლიანად შემცირება არ მომხდარა. სრულად არ მოხდა პოზიციების გათვალისწინება, რის შედეგადაც დარიცხული თანხა სრულად არ შემცირებულა და შესაბამისად არ მოხდა შემოსავლების სამსახურის უკანასკნელი ბრძანების აღსრულება.
საგადასახადო კოდექსში გასაგებად და არაორაზროვნად წერია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება შეიძლება 2-დან ერთ-ერთ შემთხვევაში:
ა) თუ არ არსებობს ბუღალტრული აღრიცხვა ან/და აღრიცხვიდან შეუძლებელია გადასახადის გამოანგარიშება.
ბ) არის ზემოთ დასახელებული 4 წინაპირობიდან მინიმუმ 2 წინაპირობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აქტში კითხულობს, რომ შემმოწმებლები აქცენტის აკეთებენ არა 4-დამ 2 პირობის არსებობაზე არამედ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის 5 ნაწილის ა) ქვეპუნქტზე ანუ აღრიცხვის სათანადოდ არ წარმოებაზე რაც სრულია აბსურდია!
კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ კომპანიას აქვს მაღალი ხარისხის, მე-4 კატეგორიის სტანდარტების შესაბამისად ნაწარმოები სრულფასოვანი ბუღალტრული აღრიცხვა!! არათუ მარტო აღრიცხვა არამედ სრულფასოვანი ფინანსური ანგარიშგებაც, რომლის წარდგენაც ხდება ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროს მარეგულირებელ სპეციალურ ზედამხედველ სამსახურში (ე.წ. SARAS-ი), რის პერიოდულ მონიტორინგსაც უზრუნველყოფს აღნიშნული მარეგულირებელი სახელმწიფო უწყება.
მიაჩნია, რომ სრულიად დაუსაბუთებელი და არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რადგან მანქანის ღირებულება არ არის გადანაწილებული ინვოისის დანართში არსებული ნაწილების ჩამონათვალზე ეს აუცილებლად ნიშნავს იმას რომ კომპანიას აღრიცხვა არ გააჩნია! ასევე იმაზე, რომ ამ შემთხვევაში კმაყოფილდება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის 5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობა. ეს უკანასკნელი პირველ რიგში მიანიშნებს შემმოწმებელთა მხრიდან აღრიცხვის სტანდარტების უცოდინარობაზე ვინაიდან, როგორც აღრიცხვის სტანდარტების მიხედვით მარაგების აღრიცხვა ხდება უმცირესი ღირებულებით აქტივის თვითღირებულებასა და ნეტო სარეალიზაციო ღირებულებას შორის, შესაბამისი სტანდარტების შესაბამის განყოფილებებში კი პირდაპირ არის საუბარი იმის შესახებ რომ ზემოთ ხსენებულ შემთხვევაში (როდესაც ხდება აქტივის დაშლა შემადგენელ ნაწილებად) მთლიანი ღირებულების გადანაწილება უნდა განხორციელდეს სწორედ ისე როგორც ეს მის აღრიცხვაშია გაკეთებული. აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მსჯელობა და არგუმენტაცია სრულიად დაუსაბუთებელია. მიაჩნია, რომ არასწორია შემოსავლების სამსახურის შემმოწმებლების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ კომპანიას არ აქვს აღრიცხვა მაშინ როდესაც კომპანიას არათუ მხოლოდ სრულფასოვანი აღრიცხვა აქვს (იმ სტანდარტით რომელიც შეესაბამება მის ზომით კატეგორიას), არამედ სრულყოფილად აქვს მომზადებული ფინანსური ანგარიშგებაც (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი), რომელიც სრულად შეესაბამება ზემოთ ხსენებულ აღრიცხვის სტანდარტს.
ამას გარდა არ არსებობს არანაირი საგადასახადო რისკი პირველად დოკუმენტებში ნაწილების ღირებულების არ არსებობიდან გამომდინარე (ანუ ასეთი ფორმით აღრიცხვით არაფერი არ ფუჭდება და არაფერი არ შავდება), ვინაიდან ა/მ-ის მთლიანი ღირებულების გადანაწილება ხდება ე.წ. სამართლიანი პრინციპის საფუძველზე, როგორც ამას აღრიცხვის სტანდარტები ითვალისწინებს რითაც სამართლიანი ღირებულების პრინციპით ხდება თითოეული ნაწილის თვითღირებულების აღრიცხვა სმფ-ების ბუღალტრულ ანგარიშებზე.
აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია შემოსავლების სამსახურის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ არსებობს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი საფუძველი (არასრულფასოვანი აღრიცხვის არსებობა), რის გამოც კომპანიაზე უნდა გავრცელდეს ე.წ. არაპირდაპირი მეთოდებით გადასახადის დათვლის პრინციპი. აქედან გამომდინარე, სრული აბსურდია ის დარიცხული თანხებიც რაც შემმოწმებლებმა დაარიცხეს ძირითადი გადასახადისა და სანქციის სახით.
2. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შემთხვევაშიც კი ბოლომდე არ იქნა გათვალისწინებული მოსაზრება, რის შემდგომ მცირედით მაგრამ მაინც ბოლომდე არ შემცირებულა ფასნამატი, რომელიც მისი არგუმენტაციისა და წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით უნდა შემცირებულიყო.
3. საშემოსავლო გადასახადში თანხები დაბეგრილია საკითხი 1-ში მოცემული საფუძვლით და ჩათვლილია გაცემულ ხელფასად. გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი 1-ში მოყვანილი არგუმენტაციიდან 100%-ით დასტურდება თანხების დარიცხვის საფუძვლის არ არსებობა, შესაბამისად აშკარაა, რომ ასეთივე უსაფუძვლოა თანხების დარიცხვა საშემოსავლო გადასახადში. შესაბამისად მოითხოვს დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხების გადაანგარიშებას!
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 აპრილის №11595 ბრძანებით, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის №184 ბრძანების აღსრულების და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა/გამოეკვლია სადავო საკითხები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის დასკვნა, სადაც მითითებულია შემდეგი:
საგადასახადო დავის პროცესში გადასახადის გადამხდელს მოეთხოვა თავის იაპონური მომწოდებელი კომპანიისგან გამოეთხოვა მიღებული საქონლის (მეორადი ავტონაწილები) შესაბამისი ინვოისები, სადაც პირველადი ინვოისებისგან განსხვავებით შესაძლებელი იქნებოდა თითოეული საქონლის და მისი შესაბამისი ღირებულების იდენტიფიცირება. გადამხდელის მიერ სრულად იქნა წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად, წარდგენილი ინვოისების საფუძველზე მოხდა კომპანიის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის ფასნამატების გაანგარიშება (მათ შორის, ზედნადებებში დაფიქსირებული დაშლილი მანქანების რეალიზაციის შემთხვევაში, მხედველობაში იქნა მიღებული გადამხდელის განმარტება იმის შესახებ, რომ თითოეული დაშლილი მანქანის კომპლექტაცია ხდება კონკრეტულ ინვოისში მითითებული ცალკეული ავტონაწილების ერთმანეთზე დამატების შედეგად). მოცემული მეთოდით გაანგარიშებული დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 19.44%-ს, რის გავრცელებაც მოხდა წლების მიხედვით არადოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას. შემცირებას დაექვემდებარა სულ 274 731 ლარი, მათ შორის გადასახადი 185 082 ლარი და ჯარიმა 89 649 ლარი.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებებს, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა.
ამასთან, მომჩივანი სადავოდ ხდის ისეთ საკითხს (საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა), რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 აპრილის №11595 ბრძანების (18.01.2023 წლის №184 ბრძანების) აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს. ამასთან, დასახელებულ სადავო საკითხზე, საჩივარი შემოსავლების სამსახურის 18.01.2023 წლის №184 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 აპრილის №11595 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია შემოსავლების სამსახურის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ არსებობს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი საფუძველი,რის გამოც კომპანიაზე უნდა გავრცელდეს ე.წ. არაპირდაპირი მეთოდებით გადასახადის დათვლის პრინციპი.
აქედან გამომდინარე, არ ეთანხმება დარიცხულ თანხებს რაც შემმოწმებლებმა დაარიცხეს ძირითადი გადასახადისა და სანქციის სახით.
შესაბამისად გადამხდელი ითხოვს დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი შესყიდვებს ახდენს იაპონიიდან იმპორტის გზით.რეალიზაცია ხორციელდება როგორც საცალოდ, ისე დოკუმენტურად. შემოწმების პროცესში გამოთხოვილი საბაჟო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის დოკუმენტებში შესყიდვის საგანია - „მეორადი ავტონაწილები“, რასაც მითითებული აქვს ჯამობრივი ღირებულება. საბაჟო დოკუმენტაციას ასევე თან ახლავს კონოსამენტი, სადაც მოცემულია შესყიდული ავტონაწილების ჩამონათვალი ფასების გარეშე.
საწარმოში ჩატარდა ს.მ.ფ.-ების ინვენტარიზაცია.ინვენტარიზაციისთვის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტების მიხედვით, შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის თვითღირებულების დადგენა.
შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა საწარმოს მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს. შემოწმების შედეგად პირს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განესაზღვრა ბუღალტრული და ფაქტიური ნაშთი, რომელიც დაემთხვა ერთმანეთს და სხვაობა არ გამოვლენილა. შეძენილი საქონელი გადამხდელს რეალიზებული აქვს სხვადასხვა საანგარიშო პერიოდში, თუმცა სრულად არ აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში. შემოწმებისას, კომპანიის მიერ შეძენილი მეორადი ავტონაწილების თვითღირებულებაზე გავრცელდა ანალოგიური საწარმოს აუდირებული ფასნამატი. შემოწმებისას, დამატებითი გამოვლენილი შემოსავლით გაიზარდა.პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა.
შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე სახელფასო განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.ამასთან, ხელფასის სახით დამატებით განაცემებში გათვალისწინებულ იქნა დამფუძნებლის მიერ საწარმოსთვის გაცემული სესხის დაფარვა.საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 აპრილის №11595 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21).