გადაწყვეტილება №21010/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.11.2023
№ დოკუმენტი 21010/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21010/2/2023

16 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 3.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21010/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №081-156 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.09.2023 წლის №24091 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 344 312,48 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 207 794

დღგ - 73 850

საშემოსავლო გადასახადი - 133 944

ჯარიმა - 103 324

საურავი - 33 194,48

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა, ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობს შერეული საქონლით. აღნიშნულ საქონელს ყიდულობს ადგილობრივად. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 24 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2011 წლის 11 აგვისტოდან, დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა ამავე თარიღში. დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 26%-ს, ფასნამატი ტოლია 7%-ის. თუმცა, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული მონაცემებით რეალიზებულ პროდუქციაზე მიღებული ფასნამატი არის 4 %. ასევე, შემოწმების პროცესში მოკვლეულია მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ობიექტების აუდირებული ფასნამატი, რომელიც ასევე 7%-ის ტოლია.

გადასახადის გადამხდელის მოწოდებული მონაცემებით დადგინდა, რომ არ აქვს დეტალურად ჩამოწერილი საქონელი, შეუძლებელია დადგენა, თუ რომელი საქონელია ჩამოწერილი კონკრეტულ ოპერაციაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გამოყვანილ იქნა არაპირდაპირი მეთოდით, შემოსავალში აღებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავალი, რასაც გამოაკლდა გადასახადის გადამხდელის პირდაპირი ხარჯი, ხელფასები, იჯარის ხარჯები, ბიუჯეტში გადახდები ბანკის პროცენტები და სხვა ფულადი ხარჯები, ასევე ნაშთები. იმის გათვალისწინებით რომ გადასახადის გადამხდელი აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. ჩაითვალა, რომ თანხა მიღებულია დირექტორის მიერ, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №19000 ბრძანება და ამავე თარიღის №081-156 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.09.2023 წლის №24091 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დასკვნაში არაა მითითებული თუ რომელ კომპანიებთან იქნა საბაზრო ღირებულება შემოწმებული და რაიმე სახის მტკიცებულება გარდა აუდიტის მოსაზრებისა შემოწმების აქტში ასახული არაა. შემოწმების აქტში მითითებულია ფასნამატი 7 პროცენტი, თუმცა აუდიტი ვერ ასაბუთებს თუ საიდან მიიღო ფასნამატი და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით. შემოწმების პერიოდში აუდიტის არც კი შეუსწავლია თუ რატომ განახორციელა კომპანიამ 4 პროცენტიანი ფასნამატით რეალიზაცია, უფრო მეტიც, კომპანიას დღემდე აქვს საბანკო ვალდებულება, რომლის გადახდასაც ბოლო პერიოდში ვეღარ ახორციელებს, აღნიშნული კი ცალსახად ადასტურებს კომპანიის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას. ამდენად საგადასახადო შემოწმების აქტი სრულიად დამყარებულია აუდიტის მოსაზრებაზე და გარდა აუდიტის მოსაზრებისა რაიმე სახის კონკრეტული ფაქტი ან მტკიცებულება მოხსენიებული აქვს აუდიტს, მაშინ როდესაც აუდიტს შეეძლო გასაუბრების ოქმი შეედგინა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პირებთან, რომლებიც მსგავსი საქმიანობით არიან დაკავებულნი. მომჩივანი ასევე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ აუდიტორს არ შეუსწავლია კომპანიის საქმიანობა, არ ჩაწვდომია საქმიანობის სფეროს და არ შეუფასებია რისკები. არ დაუსვამს მომჩივნისთვის კითხვები, საქმიანობის ფარგლებში არის თუ არა რაიმე დანაკარგები. მიუხედავად ცალკეული ხარვეზებისა, ბუღალტერია აქვს სწორად ნაწარმები.

გაურკვეველია, თუ რას წარმოადგენს აუდიტის მიზანს, გადამხდელის განადგურება თუ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლი და ამ მიზნით პრევენციული სამუშაოების ჩატარება. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც მან თავისი საპროექტო შედეგები დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტის მიმართ დავალიანება დაერიცხა 32 329 ლარის ოდენობით, შეიმცირა 34 957 ლარი, ბიუჯეტში გადაიხადა 9 451 ლარი, ხოლო უკან დაიბრუნა 12 742 ლარი. ასევე აღნიშნა, რომ შემოწმების ბრძანების ჩაბარების შემდგომ პერიოდში გადამხდელმა დააზუსტა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები, სადაც სრულად ასახა დასაბეგრი თანხა.

დადგენილია, რომ საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო კატეგორიებად, გამოყვანილ იქნა თითოეული კატეგორიის რპთ და გავრცელებულ იქნა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც შესაბამისობაშია სხვა მსგავსი ობიექტის აუდირებულ ფასნამატთან.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რითაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების და შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის, დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №19000 ბრძანება და ამავე თარიღის №081-156 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.09.2023 წლის №24091 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 159; 163; 101; 154.