გადაწყვეტილება №22929/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22929/2/2024
05 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 22.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22929/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32681 ბრძანების აღსრულების შედეგები.
დარიცხული თანხა: 112 492 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 56 514
დღგ - 48 863
საშემოსავლო გადასახადი - 7 157
ქონების გადასახადი - 494
ჯარიმა - 27 235
საურავი - 28 743
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობაა პურ-ფუნთუშეულის გამოცხობა ქალაქ ------- და დისტრიბუცია (------- და მიმდებარე ტერიტორიებზე).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში წარდგენილ იქნა პურის ცხობის კალკულაციები. შესწავლით დადგინდა, რომ 2022 წლის სექტემბერში საწარმოს მიერ შეცვლილია ძირითადი პურის კალკულაცია. მაგალითად, ერთ ცალ გრძელ პურზე ჩამოიწერებოდა 700 გრამი ფქვილი, ხოლო 2022 წლის სექტემბრიდან ერთ ცალ გრძელ პურზე ჩამოიწერება 540 გრამი ფქვილი. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული გამოიწვია იმან, რომ შეამცირა პურის წონები, თუმცა კალკულაციის ცვლილება შეეხო მხოლოდ ფქვილს, ხოლო საფუარის და მარილის ჩამოწერა ხდება იგივე კალკულაციით, ასევე არ შეცვლილა სარეალიზაციო ფასი.
ასევე კომპანია შესამოწმებელ პერიოდში არის ზარალზე, ხარჯების ანაზღაურება ხდება საწარმოს დამფუძნებლის მიერ შეტანილი (დამფუძნებელს შემოსავალი უფიქსირდება მხოლოდ შპს „-------“ ხელფასის სახით) საწესდებო კაპიტალის მეშვეობით (შესამოწმებლ პერიოდში საწესდებო კაპიტალში შეტანილია სულ 412 924.91 ლარი, ხოლო გატანილია 121 149.15 ლარი, საწესდებო კაპიტალის შემცირება მოხდა საწარმოს მიერ აღებული სესხის მეშვეობით).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან საწარმოს მიერ ეკონომიკური საქმიანობისთვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს, ასევე მის მიერ წარდგენილი კალკულაციებში არის უზუსტობები შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი და შემოსავალი გაანგარიშდა მის მიერ წარდგენილი კალკულაციით (რომლითაც სარგებლობს 2022 წლის სექტემბრიდან). დამატებით მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. ასვე ნამეტ შემოსავალს გამოაკლდა საწესდებო კაპიტალის ნაშთი და მიღებული თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 10.04.2023 წლის №7864 ბრძანება და №025-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15084 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 3.11.2023 №20245/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბჭომ ყურადღება გაამახვილა მომჩივნის არგუმენტებზე, მომჩივნის მიერ წარმოდგენილ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე: ვიდეო მტკიცებულებაზე, შპს ------- საგამოცდო ლაბორატორიის მიერ 5.07.2023 წელს შედგენილ №2716 და №2717 გამოცდის ოქმებზე, რომლებზეც შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა ნამსჯელი, ვინაიდან წარმოდგენილი და გამოცემული იყო შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15084 ბრძანების შემდეგ. ასევე, მომჩივნის დასახელებულ არგუმენტებზე, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა მოხდა მომჩივნის მიწვევის გარეშე.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 დეკემბრის №32681 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის პროცესში საჩივრებზე თანდართული დოკუმენტები/მტკიცებულებები შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 დეკემბრის №32681 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 მარტის დასკვნის შედეგად საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირდა, რომლის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2024 წლის №025-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.04.2024 წლის №9081 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ იძლევა იმის დასაბუთებას, რომ 2022 წლის სექტემბრამდე კომპანიის მიერ ხდებოდა 900 გრამიანი გრძელი პურის ცხობა და ამის გამო ხდებოდა 700 გრამი ფქვილის ჩამოწერა ერთ ცალ პურზე, მაშინ როცა არ ხდება სხვა მასალის (მარილი, საფუარი) და სარეალიზაციო ფასის ცვლილება.
ამდენად, საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს ------- საგამოცდო ლაბორატორიის მიერ 5.07.2023 წელს შედგენილ გამოცდის ოქმების 2716 და 2717 შესაბამისად (რომლის შესწავლა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს) ჩაუტარდა ანალიზი შესწავლილ იქნა გრძელი პური ბატონი (900 გრამიანი) და გრძელი პური ბატონი (620 გრამიანი). ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა: 1) გრძელი პური ბატონის (900 გრამიანი) ფიზიკურქიმიური მაჩვენებლები: ერთი ცალის წონა 8932 ფორიანობა, % 71.13 მარილის მასური წილი, %0.32) გრძელი პური ბატონის (620 გრამიანი) ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები: ერთი ცალის წონა 6052 ფორიანობა, %873 მარილის მასური წილი, %0.4 შესაბამისად ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ პურის წონის მიხედვით ხდება, როგორც საფუარის ასევე მარილის ოდენობის განსაზღვრა, კერძოდ უფრო დაბალი წონის პურში გამოიყენება უფრო მეტი ოდენობის მარილი და საფუარი, აღნიშნული აიხსნება, იმით რომ საფუარი აფუებს პურს (ხდის ვიზუალურად უფრო დიდს) და უფრო დიდ ვიზუალს ანიჭებს მას, ხოლო მარილი კი გემოვნებიან თვისებებს აძლებს (უფრო გემრიელს ხდის პურს), სწორედ აღნიშნულის დამტკიცებას ვცდილობდით შემოწმების დროს, რომ ვინაიდან ფქვილის ღირებულება იყო ძალიან გაზრდილი ფიზიკურად შეუძლებელი იყო ერთ ცალ გრძელ პურზე 700 გრამის ფქვილის გახარჯვა, აღნიშნულიდან გამომდინარე 2022 წლის სექტემბრიდან ერთ ცალ გრძელ პურზე ჩამოიწერებოდა მხოლოდ 540 გრამი ფქვილი, ხოლო იმისთვის რომ პურს შენარჩუნდებოდა იგივე ვიზუალი და გემოვნებიანი თვისებები, მარილის და საფუარის ოდენობა დარჩა უცვლელი. (აღნიშნულს ადასტურებს საჩივარს თანდართული ლაბორატორიული ანალიზები). როგორც აღნიშნა პური იყიდებოდა ცალობით და არა წონით (წონის დაკლება იყო განპირობებული ფქვილის ფასების კატასტროფული მატებით, 2020წ. მერყეობდა კილოგრამის ფასი 0,98-1,20ლარამდე, 2021წ 1,23-1,44 ლარამდე, ხოლო 2022წ 1-40-1,60-1,38 ლარამდე), შესაბამისად მყიდველი მხარე უყურებდა ვიზუალურ მხარეს, რომელიც საფუარის წყალობით პურს ჰქონდა შენარჩუნებული. ასევე აღნიშნავს, რომ შემოწმების ლოგიკის გაზიარების შემთხვევაში, საფუარის და მარილის ჩამოწერა საწარმოს უნდა განეხორციელებინა შემდეგი ოდენობით: საფუარის და მარილში ერთ ცალ გრძელ პურზე 700 გრამის ფქვილის გახარჯვის პირობებში - საფუარი- 0.010გრ; მარილი - 0.010 გრ; ერთ ცალ გრძელ პურზე - 540 გრამი ფქვილის გახარჯვის პირობებში - საფუარი 0.0076 გრ; მარილი - 0.0076 გრ. აღნიშნულიდანაც ჩანს, რომ სხვაობა არის იმდენად უმნიშვნელო, რაც ისედაც მიღებულია პურის წარმოებაში ± 20 გამომცხვარი პურის წონის ცვლილება, რითაც ასევე დასტურდება დარიცხული თანხების უკანონობა. დანარჩენ სახეობებს, როგორიცაა ქვის პური, სურს აღნიშნოს, რომ ფქვილის რაოდენობა, რაც იყო აღებული კრიტერიუმად ერთ პურზე 280 გრ ფქვილი დიდი სხვაობით არ გამოირჩევა მის მიერ გამოყენებულ კალკულაციებთან, რომლის მიხედვით ერთი ქვის პურზე იხარჯება 314 გრ. როგორც აღნიშნა პურის წარმოებაში მიღებულია ± 20 გრ გამომცხვარი პურის წონის ცვლილება. შესაბამისად მიაჩნია აღნიშნული ცვლილება დასაშვებად და გადაანგარიშებას არ ექვემდებარება. იგივე მოსაზრებები აქვს მრგვალ და ლაზურ პურთან დაკავშირებით. აქაც ფქვილის გრამაჟობის ცვლილება საშუალოდ მერყეობს 3 – 9 გრ მდე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობების გათვალისწინებით აღნიშნული არის რეალობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 დეკემბრის №32681 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის პროცესში საჩივრებზე თანდართული დოკუმენტები/მტკიცებულებები შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 დეკემბრის №32681 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 მარტის დასკვნის მიხედვით, კომპანიის მიერ საჩივარზე დართულია ლაბორატორიის (შპს „-------“) ოქმი, რომელიც დათარიღებულია 2023 წლის 5 ივლისით, ნიმუშის დასახელებაა გრძელი პური, წონა: 893 გრამი, ფორიანობა 71.1%, მარილის წილი 0.3%. ასევე წარმოდგენილია ვიდეო მასალა, სადაც ხდება ორი პურის აწონვა, ერთის წონაა 582 გრამი, მეორის 902 გრამი. დამატებით რაიმე სხვა სახის მტკიცებულების წარმოდგენა არ მომხდარა. წარდგენილი მტკიცებულებები ვერ იძლევა იმის დასაბუთებას, რომ 2022 წლის სექტემბრამდე კომპანიის მიერ ხდებოდა 900 გრამიანი გრძელი პურის ცხობა და ამის გამო ხდებოდა 700 გრამი ფქვილის ჩამოწერა ერთ ცალ პურზე, მაშინ როცა არ ხდება სხვა მასალის (მარილი, საფუარი) და სარეალიზაციო ფასის ცვლილება. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების გამაბათილებელი არგუმენტების ან/და მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების მართლზომიერებას დაადასტურებდა, შესაბამისად, გაზიარების და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 დეკემბრის №32681 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32681 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესწავლით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ შეცვლილია ძირითადი პურის კალკულაცია. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული გამოიწვია იმან, რომ შეამცირა პურის წონები, თუმცა კალკულაციის ცვლილება შეეხო მხოლოდ ფქვილს, ხოლო საფუარის და მარილის ჩამოწერა ხდება იგივე კალკულაციით, ასევე არ შეცვლილა სარეალიზაციო ფასი.
ასევე კომპანია შესამოწმებელ პერიოდში არის ზარალზე, ხარჯების ანაზღაურება ხდება საწარმოს დამფუძნებლის მიერ შეტანილი საწესდებო კაპიტალის მეშვეობით. ვინაიდან საწარმოს მიერ ეკონომიკური საქმიანობისთვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს, ასევე მის მიერ წარდგენილი კალკულაციებში არის უზუსტობები შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი და შემოსავალი გაანგარიშდა მის მიერ წარდგენილი კალკულაციით. დამატებით მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. ასვე ნამეტ შემოსავალს გამოაკლდა საწესდებო კაპიტალის ნაშთი და მიღებული თანხა, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 დეკემბრის №32681 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 304(21)