გადაწყვეტილება №25563/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.09.2025
№ დოკუმენტი 25563/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25563/2/2025

16 სექტემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --ს 1.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25563/2/2025).

 

დავის საგანი:

1. გაცემული ხელფასის და სხვა განაცემების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

2. საწარმოს კაპიტალიდან ზედმეტად გატანილი თანხის (შეტანა/გამოტანას შორის სხვაობის) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.06.2025 წლის №081-121 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.07.2025 წლის №16437 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 25 490.09 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 15 121.19

ჯარიმა - 7 660.5

საურავი - 2 708.4

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.4.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 11.06.2025 წლის №12096 ბრძანება და №081-121 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.07.2025 წლის №16437 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. გაცემული ხელფასის და სხვა განაცემების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა ფაქტების აღწერა

საწარმოს მიერ წარდგენილი, შესამოწმებელი პერიოდის, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, გაცემული ხელფასი და სხვა განაცემები ჯამურად შეადგენს 8 800 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). შემოწმების შედეგად, საწარმოს მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებსა და საბუღალტრო ჩანაწერებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ხელფასი და სხვა განაცემები ჯამურად შეადგენს 18 050 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). გამოვლენილი სხვაობა, 9 250 ლარი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, საწარმოს განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება დეკლარირებულისგან განსხვავებული ოდენობის ხელფასი და სხვა განაცემები, რომლებიც არ იყო დაბეგრილი გადახდის წყაროსთან და ასევე საწარმოს კაპიტალიდან დირექტორის/დამფუძნებლის მიერ გატანილი იყო იმაზე მეტი თანხა ვიდრე თავად საწარმოს დირექტორს/დამფუძნებელს ჰქონდა შეტანილი, განმარტა, რომ საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებები შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

თანხების დარიცხვა არასამართლიანია და ითხოვს დარიცხვის შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საწარმოს მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებსა და საბუღალტრო ჩანაწერებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ხელფასი და სხვა განაცემები ჯამურად შეადგენდა 18 050 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), რომელიც არ ჰქონდა დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით, შესაბამისად, შემოწმებისას მოხდა დაბეგვრა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე მტკიცებულებას, რაც შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანს გაცემული ხელფასი და სხვა განაცემები არ ჰქონდა დაბეგრილი და შესაბამისად დეკლარირებული, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღნიშნულის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შესახებ და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საწარმოს კაპიტალიდან ზედმეტად გატანილი თანხის (შეტანა/გამოტანას შორის სხვაობის) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

საწარმოს მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებსა და საბუღალტრო ჩანაწერებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება საწარმოს დირექტორის/დამფუძნებლის --- ის (პ/ნ ---) მიერ საწარმოს კაპიტალში თანხების შეტანა/გატანა. შესამოწმებელ პერიოდში სულ შეტანილია 203 645 ლარი, ხოლო კაპიტალიდან გატანილია 256 730 ლარი. შემოწმების შედეგად, ფაქტობრივი მდგომარეობისა და საგადასახადო კოდექსის 73-ე, 154-ე და 81-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს კაპიტალიდან ზედმეტად გატანილი, სხვაობა 53 085 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), განხილულ იქნა დირექტორის ---ის (პ/ნ ---) მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, შემოწმებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს დირექტორის/დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში განხორციელებულია თანხების შეტანა/გატანა. საწარმოს კაპიტალიდან ზედმეტად გატანილი თანხა, (შეტანა-გატანას შორის სხვაობა) განხილულ იქნა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან საწარმოს დამფუძნებლის/დირექტორის მიერ საწარმოს კაპიტალში თანხის შეტანა-გატანას შორის გამოვლინდა სხვაობა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საწარმოს კაპიტალიდან ზედმეტად გატანილი თანხის (შეტანა/გამოტანას შორის სხვაობის) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 11.06.2025 წლის №081-121 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 7 660.5 ლარი და საურავი - 2 708.4 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილებით, 291-ე მუხლის მიხედვით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ითხოვს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის და საურავის მოხსნას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გაცემული ხელფასის და სხვა განაცემების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

2. საწარმოს კაპიტალიდან ზედმეტად გატანილი თანხის (შეტანა/გამოტანას შორის სხვაობის) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს მიერ წარდგენილი, შესამოწმებელი პერიოდის, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, გაცემული ხელფასი და სხვა განაცემები ჯამურად შეადგენს 8 800 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). შემოწმების შედეგად, საწარმოს მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებსა და საბუღალტრო ჩანაწერებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ხელფასი და სხვა განაცემები ჯამურად შეადგენს 18 050 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). გამოვლენილი სხვაობა, 9 250 ლარი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, საწარმოს განესაზღვრა ჯარიმა.

შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს დირექტორის/დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში განხორციელებულია თანხების შეტანა/გატანა. საწარმოს კაპიტალიდან ზედმეტად გატანილი თანხა, (შეტანა-გატანას შორის სხვაობა) განხილულ იქნა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101 (1); 154 (1); 269 (7).