ბრძანება N 2812
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2812
16.02.2023
ი/მ "----------" (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2022 წლის 15 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა ი/მ "----------"-ს (ს/ნ ----------) 2022 წლის 15 ნოემბრის №18200/2/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 ოქტომბრის №070-16 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებს და ითხოვს დარიცხული დღგ-სა და ჯარიმების შემცირებას. აცხადებს, რომ 2017-2020 წლებში დაკავებული იყო სოფლის მეურნეობით და ამ პერიოდში ნამდვილად შეიძინა პირადი მოხმარებისთვის მასალები/პროდუქტები, რაც არ გაითვალისწინა აუდიტის დეპარტამენტმა და ყველა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ჩათვალა ყალბად. გამოკითხვის ოქმში მიუთითა, რომ ნამდვილად შეიძინა კარფანჯრები (მშენებარე სახლისთვის, რომელიც მალევე გაყიდა), ხოლო შემოწმების პერიოდისთვის კი აღნიშნული მასალები გადაცემული ჰქონდა ნათესავებისთვის, რაც შესაძლოა იყო არასწორი ქმედება, თუმცა გამოწვეულია არცოდნით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აპრილის №9013 ბრძანების საფუძველზე ი/მ "----------"-ს (ს/ნ ----------) 2022 წლის 20 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
,,1. ი/მ "----------"-ს (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და იმ შემთხვევაში, სადაც არ დგინდება გარიგების ფიქტიურობა უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აპრილის №9013 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 6 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ჯარიმა 2 074 ლარით. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 ოქტომბრის №070- 16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გადაანგარიშების პროცესში გადამხდელის მიერ საჩივარში აღწერილი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა მის ხელთ არსებული მტკიცებულებები, მათ შორის საგამოძიებო ორგანოდან მიღებული მასალები, სადაც გადამხდელი მიუთითებდა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით №1687887 მიღებული საქონელი შეესაბამებოდა სინამდვილეს და აღნიშნული საქონელი გადამხდელს მიღებული ჰქონდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გადამხდელს შეუმცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 2 074 ლარის ოდენობით. ხოლო, სხვა სადავო ოპერაციებთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოდან მიღებული მასალების მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა კორექტირებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იმ შემთხვევაში, სადაც არ დგინდებოდა გარიგების ფიქტიურობა უზრუნველეყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის კორექტირება, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა მის ხელთ არსებული მასალები, მათ შორის საგამოძიებო ორგანოდან მიღებული მასალები და ვინაიდან გამოკითხვის ოქმში გადამხდელი №1687887 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებულ საქონელზე აცხადებდა, რომ შეძენილი საქონელი შეესაბამებოდა სინამდვილეს და აღნიშნული საქონელი მიღებული ჰქონდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში, ხსენებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დარიცხული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა დაექვემდებარა შემცირებას. ასევე, გადამხდელს სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა აუდიტის დეპარტამენტისთვის დავალებული შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.ი/მ "----------"-ს (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.