გადაწყვეტილება №18437/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ „---------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“-ის 13.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18437/2/2022).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 22.02.2022 წლის №4525 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2022 წლის №001-125 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.12.2022 წლის №30278 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 177 403,48 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 98 382
დღგ - 13 919
მოგების გადასახადი - 71 084
საშემოსავლო გადასახადი - 13 379
ჯარიმა - 49 566
საურავი - 29 455,48
ფაქტების აღწერა
სადავო დარიცხვა განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის 30.07.2021 წლის შემოწმების აქტით. შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 5.08.2021 წლის №001-306 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივრით გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა შემოწმებით განსაზღვრულ დღგით დასაბეგრ ბრუნვას, სახელფასო განაცემებს და ფულის ნაშთის დირექტორზე ხელფასად განხილვას.
შემოსავლების სამსახურის 22.02.2022 წლის №4525 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნეული თანხის ოდენობის დადგენის მიზნით, ემსჯელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის თაობაზე და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოეხდინა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.02.2022 წლის №4525 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 22.06.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 73 391 ლარით, მათ შორის, გადასახადი 48 927 ლარით და ჯარიმა 24 464 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 18.07.2022 წლის №001-125 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2.12.2022 წლის №30278 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, კერძოდ, სადავო საკითხები იდენტურია საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ თავდაპირველად წარმოდგენილ საჩივარში მითითებული სადავო საკითხების, ხოლო არ არის მითითებული კონკრეტული არგუმენტაცია/მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს სადავო საკითხების დამატებით შესწავლას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდში კომპანია მხოლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციებს ემსახურებოდა. გაწეული მომსახურების სანაცვლოდ სულ მიღებულია 1 478 155 ლარის შემოსავალი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 12.07.2012 წლის ბრძანება №1-1/1463-ის შესაბამისად განსაზღვრულია სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების ზღვრული ოდენობები. შესაბამისად, წარმოუდგენელია სახელმწიფო შესყიდვისას კომპანიის მიერ მიღებულმა გასანაწილებელმა შემოსავალმა (მოგებამ) შეადგინოს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 34%. აღნიშნული სხვაობები გამოწვეული შემდეგი ობიექტური გარემოებით:
1. შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე საწარმოს შეძენილი აქვს გარკვეული ტიპის საქონელი. აღნიშნული საქონლის სამუშაოების შესრულება დასტურდება დამკვეთთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებითა, ფორმა №2-ებითა და ექსპერტიზის დასკვნებით;
2. არსებული პანდემიის გამო მომჩივანი არ იყო ჩართული საგადასახადო შემოწმების პროცესში. შესაბამისად, არ აქვს წარდგენილი ცნობები დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ცალკეულ მომწოდებლებთან გადახდილი აქვს ავანსები.
ავანსების თანხებით უნდა შემცირდეს სადავო საკითხში დარიცხული თანხები. ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გაწეულია სხვადასხვა ტიპის ხარჯი, რომლებიც არ არის ასახული შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაში მნიშვნელოვანი წილი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნებისა გათვალისწინებულია, თუმცა არის ცალკეული საკითხები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ დამატებით შესწავლას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 22.06.2022 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ შემოწმებით განსაზღვრულ სახელფასო განაცემებთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ახსნა-განმარტებები, სადაც დაფიქსირებულია ფიზიკური პირები კომპანიაში რა პერიოდში იყვნენ დასაქმებული, რომელ პოზიციაზე და რამდენს შეადგენდა მათი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა. ზემოაღნიშნული ინფორმაცია დადასტურებულია ხელმოწერებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ახსნა-განმარტებებში დაფიქსირებული თანხები განხილულ იქნა ხელფასად, გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით განსაზღვრული შეღავათი (სულ დასაბეგრი 145 300 ლარი (აგროსილი), შეღავათი 118 200 ლარი, შეღავათის გამოკლებით 27 100 ლარი). ხოლო დარჩენილი ფულადი სახსრები 402 813 ლარის ოდენობით, ჩაითვალა შესაბამის პერიოდში დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა საშემოსავლო და მოგების გადასახადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 73 391 ლარით, მათ შორის, გადასახადი 48 927 ლარით და ჯარიმა 24 464 ლარით
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 22.02.2022 წლის №4525 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი არსებითი მნიშვნელობის რაიმე მტკიცებულებები, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 22.02.2022 წლის №4525 ბრძანება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.