გადაწყვეტილება №22039/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.04.2024
№ დოკუმენტი 22039/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22039/2/2024

10 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 15.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22039/2/2024).

 

დავის საგანი:

უძრავი ქონების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №006-562 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ოქტომბრის №25982 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 300 976 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 207 589

ჯარიმა - 57 664

საურავი - 35 723

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16596 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ „----------“ 2020 წლიდან ყიდულობდა უძრავ ქონებას და ახორციელებდა მათ რეალიზაციას. მომჩივანს უფიქსირდებოდა ერთი და იგივე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები. შემოწმების პროცესში უძრავი ქონების ბოლო რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით. საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე და 165-ე მუხლების შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №31614 ბრძანება და №006-562 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 300 976 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 25 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 14 ივნისის №13358 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13358 ბრძანება 19.06.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 29.06.2023 წლის №20023/2/2023 გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა საჩივარი, გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13358 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნა ამავე სამსახურს განსახილველად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2023 წლის 20 ოქტომბრის №25982 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, მე-9, 165-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე, 282-ე მუხლებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, „----------“ შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა საცხოვრებელი ბინებით ვაჭრობას. საგადასახადო შემოწმებისას არ ყოფილა გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, ნასყიდობის ფასი აღებული იყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ხელშეკრულებებიდან. ამასთან, პირი 2020 წლიდან ყიდულობდა და ყიდიდა უძრავ ქონებას, ზოგიერთი ხელშეკრულება დადებული იყო გამოსყიდვის უფლებით. შესამოწმებელ პერიოდში, „----------“ გაყიდული ქონების უკან შესყიდვასაც ახორციელებდა, შესაბამისად, შემოწმებამ გაითვალისწინა აღნიშნული და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს რაც ჰქონდა რეალიზებული და იყო უკან შესყიდული არ დაიბეგრა დღგ-ით. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელმა 2020 წელს რეალიზებული ბინები უკან შეისყიდა და შესაბამისად, არ დაიბეგრა დღგ-ით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა ქონების რეალიზაციები და აღნიშნული ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები არ ჰქონდა შესრულებული. შემოწმების მიერ 2021 და 2022 წლებში განხორციელებული უძრავი ქონების რეალიზაციები განხილულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობად და უძრავი ქონების ბოლო რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, პირს წარმოეშვა დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია და განესაზღვრა ჯარიმა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

საგადასახადო შემოწმების შედეგად არასწორად განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად დღგ-ში დარიცხული თანხები. გაუგებარია თუ კონკრეტულად რომელი გარიგებები გახდა კვლევის საგანი და რატომ გახდა საჭირო შემმოწმებლის მხრიდან არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, რომელიც არის სადავო და საჭიროებს დამატებით კვლევას და საქმის სრულყოფილად შესწავლას. კერძოდ, გაუგებარია რატომ უნდა დაიბეგროს ფიზიკური პირი, თუ რეალიზაციის შედეგად მას ნამეტი თანხა არ უფიქსირდება. კერძოდ, მომჩივანს ბინების შესყიდვის ან რეალიზაციის შედეგად არანაირი სარგებელი არ მიუღია. შესაბამისად, არ არსებობს დაბეგვრის არანაირი საფუძველი. ასევე, არასწორია მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მომჩივნის მიერ სხვადასხვა დროს შეძენილი და სხვადასხვა დროს რეალიზებული ქონებები დაჯამდა და სწორედ ამ ხელოვნურად დაჯამებულმა თანხებმა გადააჭარბა 100 000 ლარს. ასევე, არასწორია მსჯელობა, რომ 2021-2022 წლებში განხორციელებული უძრავი ქონების რეალიზაციები განხილულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობად და უძრავი ქონების ბოლო რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივნის არგუმენტაცია არასწორ დაბეგვრასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ოქტომბრის №25982 ბრძანება და გათავისუფლდეს საგადასახადო ვალდებულებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს

2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. 2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა - იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

აუდიტის დეპარტამენტის 26.03.2024 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, მომჩივანი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა საცხოვრებელი ბინებით ვაჭრობას. საგადასახადო შემოწმებისას არ ყოფილა გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, ნასყიდობის ფასი აღებული იყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ხელშეკრულებებიდან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი 2020 წლიდან ყიდულობდა და ყიდიდა უძრავ ქონებას, ზოგიერთი ხელშეკრულება დადებული იყო გამოსყიდვის უფლებით. შესამოწმებელ პერიოდში, მომჩივანი გაყიდული ქონების უკან შესყიდვასაც ახორციელებდა, შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ გაითვალისწინა აღნიშნული და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს რაც ჰქონდა რეალიზებული და იყო უკან შესყიდული არ დაიბეგრა დღგ-ით. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელმა 2020 წელს რეალიზებული ბინები უკან შეისყიდა და შესაბამისად არ დაიბეგრა დღგ-ით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა ქონების რეალიზაციები და აღნიშნული ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები არ ჰქონდა შესრულებული. საგადასახადო ორგანოს მიერ 2021 და 2022 წლებში განხორციელებული უძრავი ქონების რეალიზაციები განხილულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობად და უძრავი ქონების ბოლო რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, მომჩივანს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება და განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ არ ახორციელებდა უძრავი ქონების რეალიზაციას. 2019 წელს შეძენილი 12 საცხოვრებელი ბინა წარმოადგენდა მის საკუთრებას, რომლებსაც სესხის სანაცვლოდ გადასცემდა, ხოლო შემდეგ უკან იბრუნებდა საკუთარ ქონებას.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებით შესაფასებელია ოპერაციის კვალიფიკაციის საკითხი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ოქტომბრის №25982 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

უძრავი ქონების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 26.03.2024 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, მომჩივანი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა საცხოვრებელი ბინებით ვაჭრობას. საგადასახადო შემოწმებისას არ ყოფილა გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, ნასყიდობის ფასი აღებული იყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ხელშეკრულებებიდან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი 2020 წლიდან ყიდულობდა და ყიდიდა უძრავ ქონებას, ზოგიერთი ხელშეკრულება დადებული იყო გამოსყიდვის უფლებით. შესამოწმებელ პერიოდში, მომჩივანი გაყიდული ქონების უკან შესყიდვასაც ახორციელებდა, შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ გაითვალისწინა აღნიშნული და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს რაც ჰქონდა რეალიზებული და იყო უკან შესყიდული არ დაიბეგრა დღგ-ით. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელმა 2020 წელს რეალიზებული ბინები უკან შეისყიდა და შესაბამისად არ დაიბეგრა დღგ-ით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა ქონების რეალიზაციები და აღნიშნული ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები არ ჰქონდა შესრულებული. საგადასახადო ორგანოს მიერ 2021 და 2022 წლებში განხორციელებული უძრავი ქონების რეალიზაციები განხილულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობად და უძრავი ქონების ბოლო რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, მომჩივანს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება და განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა. გადასახადის გადამხდელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ არ ახორციელებდა უძრავი ქონების რეალიზაციას. 2019 წელს შეძენილი 12 საცხოვრებელი ბინა წარმოადგენდა მის საკუთრებას, რომლებსაც სესხის სანაცვლოდ გადასცემდა, ხოლო შემდეგ უკან იბრუნებდა საკუთარ ქონებას.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებით შესაფასებელია ოპერაციის კვალიფიკაციის საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1„ა,ბ“); 165(1); 282(1).