გადაწყვეტილება №18544/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.02.2023
№ დოკუმენტი 18544/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18544/2/2022

16 თებერვალი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ „---------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 27.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18544/2/2022).

 

დავის საგანი:

1. ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;

2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2022 წლის №16689 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2022 წლის №005-82 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 5.12.2022 წლის №30573 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 431 914 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 230 493

დღგ - 66 646

მოგების გადასახადი - 753

საშემოსავლო გადასახადი - 163 276

ჯარიმა - 118 265

საურავი - 83 156

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ჰიდროთესვა და გაზონური ბალახის დაგებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 22.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2022 წლის №16689 ბრძანება და ამავე თარიღის №005-82 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 29.07.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.12.2022 წლის №30573 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 5.12.2022 წლის №30573 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები საგადასახადო შემოწმების შედეგად გაანგარიშდა გადამხდელის მიერ მისაღები და მიღებული შემოსავალი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაუფიქსირდა 603 351 ლარის ფულადი მოგება/ნაშთი, რომლის ფაქტობრივად არსებობა ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი არ დასტურდება დოკუმენტურად. შემოწმების შედეგად აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის წარდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი არგუმენტაცია ან/და დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს სადავო საკითხთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმო მომსახურებას მოგებული ტენდერის შედეგად უწევს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და "------"-ის მერიას, ხოლო მწვანე ნარგავების შეძენა ხდება სხვადსხვა ფიზიკური პირებისაგან და აღნიშნული მწვანე ნარგავებით შესრულებული სამუშაოები ჩაბარებულია სახელმწიფო უწყებებზე, ხოლო მწვანე ნარგავების შეძენა წარმოადგენს აუცილებელ ელემენტს სამუშაოების შესასრულებლად. ასევე თუ გავაანალიზებთ, იმას, რომ საწარმოს მთლიანი შემოსავალი დღგ-ის გარეშე შეადგენს 740 015,3 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი დარიცხული ხელფასი შეადგენს 804 689,0 ლარს, რაც მთლიან შემოსავალს მნიშვნელოვნად აღემატება, აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ვინაიდან საწარმოს ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს, მაგრამ შესრულებული სამუშაოები ეჭვს არ იწვევს, იმიტომ, რომ ჩაბარებულია სახელმწიფო უწყებისთვის. ამ სამუშაოებზე გაწეულია/შეძენილია მწვანე ნარგავები-ბიოლოგიური აქტივი და აღნიშნული საქონელი (გამწვანება) როგორც სოფლის მეურნეობის პირველადი მიწოდება საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან. აქედან გამომდინარე, კომპანიის მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ დადგინდეს რეალური საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი და გადაანგარიშდეს შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხა.

ასევე სადავოა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი. შემოწმების აქტში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი აღებულია 25%-ის ოდენობით, როცა საგადასახადო კოდექსით საშემოსავლო 3 გადასახადის განაკვეთი არის 20%. აქედან გამომდინარე, შესაცვლელია განაკვეთი და შესაბამისად, უნდა განხორციელდეს გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საჩივარში მითითებულია, რომ ფიზიკური პირებისაგან შეძენილი მწვანე ნარგავებით შესრულებული სამუშაოები ჩაბარებულია სახელმწიფო უწყებებზე, ხოლო მწვანე ნარგავების შეძენა წარმოადგენს აუცილებელ ელემენტს სამუშაოების შესასრულებლად. აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ვინაიდან საწარმოს ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს, მაგრამ შესრულებული სამუშაოები ეჭვს არ იწვევს (ჩაბარებულია სახელმწიფო უწყებისთვის), ამასთან აღნიშნული საქონელი (გამწვანება) როგორც სოფლის მეურნეობის პირველადი მიწოდება საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან, აქედან გამომდინარე კომპანიის მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ დადგინდეს რეალური საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი და გადაანგარიშდეს შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხა. ასევე, სადავოა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ტენდერის ფარგლებში ქ. "------" აქვს შესრულებული გამწვანების სამუშაოები. ხარჯი რაც ფიქსირდებოდა დოკუმენტურად ეს იყო გაზონის დასარგავად თესლი, მიწა და ა.შ. კონკრეტულად ნარგავები არ ფიქსირდება მიღება-ჩაბარების და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციაში, მითითებულია მხოლოდ გამწვანების (გაზონის) კვადრატული თუ რამდენი დაიგო.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, მომჩივნის მონაწილეობით, მოითხოვს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 5.12.2022 წლის №30573 ბრძანება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით შესწავლილია პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან ამოღებული და დამუშავებულია ტენდერებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მონაწილეობა აქვს მიღებული ქ. "------"-ის მერიის მიერ გამოცხადებულ სამ ტენდერში. შემოწმებით გამოვლინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლის სახით მიღებული აქვს 873 218 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 370 790 ლარს (დღგ-ის გარეშე).

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმებით დადგენილ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა ელექტრონულად მიღებული ჩასათვლელი დღგ-ის საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც საწარმოს არ ჰქონდა ატვირთული შესაბამისი თვის დეკლარაციებზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტმა არასწორად მოახდინა დღგ-ის გაანგარიშება, არ გაითვალისწინა ელექტრონულად მიღებული ჩასათვლელი დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები, რომლებიც საწარმოს არ ჰქონდა ატვირთული შესაბამისი თვის დეკლარაციებზე, ასევე არასწორად აქვს გაანგარიშებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვები, კომპანიის მოთხოვნაა აღნიშნული საკითხი შესწავლილი და გაანალიზებული იქნას საწარმოს წარმომადგენელთან ერთად და მოხდეს დამატებით დარიცხული გადასახადის გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

დადგენილია, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. პირველადი საგადასახადო დოკუმენტების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან ამოღებული და დამუშავებული ტენდერებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციით გამოვლინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლის სახით მიღებული აქვს 873 218 ლარი.

მომჩივნის განმარტებით არასწორადაა გაანგარიშებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვები, კომპანიის მოთხოვნაა აღნიშნული საკითხი შესწავლილი და გაანალიზებული იქნას საწარმოს წარმომადგენელთან ერთად და მოხდეს დამატებით დარიცხული გადასახადის გადაანგარიშება.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, მომჩივნის მონაწილეობით, მოითხოვს დამატებით შესწავლას.აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 5.12.2022 წლის №30573 ბრძანება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.12.2022 წლის №30573 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.კომპანიის მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ დადგინდეს რეალური საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი და გადაანგარიშდეს შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხა.

2.მომჩივანი მიიჩნევს ,რომ აუდიტის დეპარტამენტმა არასწორად მოახდინა დღგ-ის გაანგარიშება.ასევე, არასწორად აქვს გაანგარიშებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვები.

კომპანიის მოთხოვნაა აღნიშნული საკითხი შესწავლილი და გაანალიზებული იქნას საწარმოს წარმომადგენელთან ერთად და მოხდეს დამატებით დარიცხული გადასახადის გადაანგარიშება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაუფიქსირდა ფულადი მოგება/ნაშთი, რომლის ფაქტობრივად არსებობა ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი არ დასტურდება დოკუმენტურად. შემოწმების შედეგად აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

2.გადამხდელს მონაწილეობა აქვს მიღებული მერიის მიერ გამოცხადებულ სამ ტენდერში. შემოწმებით გამოვლინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლის სახით მიღებული აქვს 873 218 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 370 790 ლარს (დღგ-ის გარეშე).

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმებით დადგენილ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, მომჩივნის მონაწილეობით, მოითხოვს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 5.12.2022 წლის №30573 ბრძანება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, მომჩივნის მონაწილეობით, მოითხოვს დამატებით შესწავლას.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73,82,101,154,160,161.