გადაწყვეტილება №23117/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23117/2/2024
24 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 23.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23117/2/2024).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის №007-52 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.05.2024 წლის №10162 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 17 622,84 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი - 10 883
ჯარიმა - 5 442
საურავი - 1 297,84
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2721 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახდო შემოწმება 2021 – 2023 წელების ფიზიკური პირის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით.
საგადასახადო შემოწმების შედეგად, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის ანალიზით დადგინდა, რომ მომჩივანს (ოჯახს) 2020 და 2021 წლებში უფიქსირდება 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავალი, ხოლო 2022 წელს ფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რის მიხედვითაც დაუდგინდა 2021, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში საკუთრებაში აქვს საგადასახადო შემოწმების აქტის დანართში ასახული უძრავი ქონება.
ფიზიკური პირის (ოჯახის) დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება მიწოდებულია გადამხდელის მიერ რომელიც შეუდარდა მსგავსი უძრავი ქონების საბაზრო სარეალიზაციო ფასებს და დადგინდა დასაბეგრი ბაზა.
საგადასახადო შემოწმების აქტით საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამის საანგარიშო პერიოდების მიხედვით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის №007-52 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.05.2024 წლის №10162 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ჯარიმის დარიცხვის საფუძველს წარმოადგენს დაშვებული შეცდომა, კერძოდ, წლიური შემოსავლების გაანგარიშებისას გამორჩენილია კონკრეტული ოპერაციიდან მიღებული შემოსავლები, რაც მექანიკური ხარვეზია.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ რადგან სამართალდარღვევა გამოწვეულია ტექნიკური შეცდომის შედეგად, ერთიანად გადაიხადა დამატებით დაკისრებულ ქონების გადასახადი 10 883 ლარი, ითხოვს მოეხსნას დაკისრებული ჯარიმა 5 442 ლარი და საურავი 1 297,84 ლარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი - 22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით საჩივრის განხილვის დროისთვის (4.07.2024 წ.) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადის ოდენობა, რომელიც არ არის აღიარებული შეადგენს 10 883 ლარს, ხოლო ზედმეტად გადახდილი თანხა 11 194,66 ლარს.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჩივრის განხილვის მომენტისთვის შემოწმების შედეგად დარიცხული ქონების გადასახადის ოდენობას აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხის ოდენობა, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის №007-52 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული, როგორც ჯარიმისგან, ასევე, აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებაზე (ქონების გადასახადზე) დაკისრებული საურავისგან (სრულად).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის №007-52 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან და ასევე, აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებაზე (ქონების გადასახადზე) დაკისრებული საურავისგან (სრულად);
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანი: დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახდო შემოწმება 2021 – 2023 წელების ფიზიკური პირის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით.
საგადასახადო შემოწმების შედეგად, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის ანალიზით დადგინდა, რომ მომჩივანს (ოჯახს) 2020 და 2021 წლებში უფიქსირდება 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავალი, ხოლო 2022 წელს ფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რის მიხედვითაც დაუდგინდა 2021, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.
საგადასახადო შემოწმების აქტით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამის საანგარიშო პერიოდების მიხედვით და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივანი სრულად უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნაში ასახული, როგორც ჯარიმისგან, ასევე საურავისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)