ბრძანება N 19268
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19268
07 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------” (ს/ნ --------)
(მის.: ქ. ----------)
2023 წლის 27 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 ივლისი სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა შპს “---------” (ს/ნ -------) 2023 წლის 27 იანვრის №78654/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №006-672 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაცემული თანხების სესხად განხილვას და მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხა გაცემულ იქნა ავანსის სახით 1500 კვ.მ მიწის შესაძენად, 2019 წლის 28 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა მიწის ნაკვეთის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა მიწის ნაკვეთის პირველად რეგისტრაციასთან დაკავშირებული ვადების შეუსრულებლობის გამო შეთანხმება მოიშალა და თანხებიც დაბრუნდა, რაც აისახა საბანკო ანგარიშებსა და ბუღალტრულ აღრიცხვაში. მიუთითებს, რომ ამჟამად გრძელდება მოლაპარაკება და არსებობს ალბათობა აღნიშნული მიწის შეძენის. მხოლოდ ის ფაქტი, რომ საბოლოო ობიექტური მიზეზების გამო სამეურნეო ოპერაცია ამ დროისთვის ფაქტიურად არ არის დასრულებული მისი საწყისი ეკონომიკური განზრახვით, არ წარმოადგენს ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების გარემოებას, რადგან დამდგარი შედეგის ალბათობა გონივრული განჭვრეტით შესაძლებელი იყო გარიგების წინარე ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც უშუალოდ გაწერილ იქნა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებაში და დაზღვეულ იქნა ყველა ეკონომიკური დანაკარგი. გადამხდელი საჩივარზე წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საქონლის/მასალის უსასყიდლო მიწოდებად განხილვას. განმარტავს, რომ არ იზიარებს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქონლის ტრანსპორტირების დასრულების ადგილებზე მითითებულ მისამართებს არ აქვთ შემხებლობა კომპანიის საქმიანობასთან. განმარტავს, რომ შემოწმების პერიოდში შპს „-------“ დაკვეთით საწარმომ განახორციელა მცირე სამშენებლო პროექტი -------- მუნიციპალიტეტში, ასევე სამშენებლო მომსახურება და გარკვეული რაოდენობის სმფ რეალიზებულია შვილობილ კომპანიაზე შპს „-------“, რომელიც ახორციელებს დეველოპერულ პროექტს. აგრეთვე, საქმიანობისთვის გამოიყენებოდა დამხმარე ლოკაციები (საჩივარში მითითებულია აღნიშნული რამდენიმე ლოკაცია). შემმოწმებელმა არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის საჭიროა არა მხოლოდ სამშენებლო მოედნები, არამედ დამხმარე სათავსოების და სივრცეები, მაგ. ოფისი, საწყობი და საქმიანი ეზოს ტიპის ფართები. გადამხდელი საჩივარში ასევე მიუთითებს კონკრეტულ არგუმენტებს მიწოდებულად ჩათვლილი სმფ-ების ღირებულების და მისამართების მითითებით. განმარტავს, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოწმებისთვის მიწოდებულია მონაცემები, მათ შორის საბანკო ამონაწერები და სასაქონლო ზედნადებები, ასევე მიწოდებულია ბუღალტრული პროგრამა ორისი, რის გამოც მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არარსებობდა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 სექტემბრის №24234 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვარიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 28 დეკემბრის №33414 ბრძანება და ამავე თარიღის №006-672 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 441 340 ლარი, მათ შორის, გადასახადი 208 658 ლარი, ჯარიმა 129 166 ლარი და საურავი 103 516 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. საწარმოს ბუღალტრული მონაცემების და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ ანგარიშვალდებულ პირს, -------- საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან ერიცხება თანხები, დანიშნულებით „სესხის გაცემა“. აღნიშნული ოპერაციები ბუღალტრულად გატარებულია მიწის შესაძენად შექმნილ შუალედურ ანგარიშზე, თუმცა მიწის შეძენა არ მომხდარა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე აღნიშნული ბუღალტრული ანგარიშიდან ეტაპობრივად სრულად მოხდა საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე თანხის 632 110 ლარის უკან საბანკო ანგარიშებზე დაბრუნება და სხვადასხვა ვალდებულებების დაფარვა. შემოწმების შედეგად საწარმოს მიერ გაცემული თანხები პერიოდების მიხედვით ჩაითვალა ფ/პ ------ გაცემულ სესხად და საქართველოს საგადასახადო კდოექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ" ქვეპუნქტით მიხედვით დაიბეგრა მოგების გადასახადით, ამასთან ამავე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, სესხის თანხის უკან დაბრუნების პერიოდებში მოხდა მოგების გადასახადის სრულად ჩათვლა. აღნიშნულ სესხს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დაერიცხა საპროცენტო სარგებელი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა მოგება/საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. საწარმო შესამოწმებელ პერიოდში აშენებს 2 საცხოვრებელ კორპუსს -------- და ------ ქუჩაზე. შემოწმების პროცესში დამუშავდა საწარმოს მიერ საქონლის/მასალის შეძენის დროს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, რომელთა ნაწილში ტრანსპორტირების დასრულების ადგილი მითითებულია სხვადასხვა მისამართები, ადგილები, რასთან შემხებლობაც არ აქვს საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში. ამასთან, არ არსებობს უცხო მისამართებიდან მშენებლობის ადგილამდე საბოლოოდ ტრანსპორტირების დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, უცხო მისამართებზე მისული საქონლის/მასალის ღირებულება სულ 467 259 ლარი ჩაითვალა უსასყიდლო მიწოდებად. შემოწმების მიერ, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 161-ე, 163-ე მუხლების მიხედვით, დაიბეგრა დღგ-ით და ამავე კოდექსის 983 მუხლის მიხედვით, დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალდებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ანგარიშვალდებულ პირს საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან ერიცხება თანხები, დანიშნულებით ,,სესხის გაცემა“. აღნიშნული ოპერაციები ბუღალტრულად გატარებულია მიწის შესაძენად შექმნილ შუალედურ ანგარიშზე, თუმცა მიწის შეძენა არ მომხდარა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე ეტაპობრივად სრულად მოხდა საწარმოს საბანკო ანგარიშებზე თანხის დაბრუნება და სხვადასხვა ვალდებულებების დაფარვა. შემოწმების შედეგად საწარმოს მიერ გაცემული თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო სესხის თანხის უკან დაბრუნების პერიოდებში განხორციელდა მოგების გადასახადის სრულად ჩათვლა. ამასთან, სესხზე გაანგარიშებული საპროცენტო სარგებელი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს მიერ საქონლის/მასალის შეძენის დროს გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია მისამართები, რასთან შემხებლობაც არ აქვს საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში და არ არსებობს უცხო მისამართებიდან მშენებლობის ადგილამდე საბოლოოდ ტრანსპორტირების დოკუმენტაცია. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებულ შეძენებად ჩაითვალა სასაქონლო ზედნადებებით შეძენები, რომელთა ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებული იყო გადამხდელის ოფისი და ზუსტ მისამართებთან დაკავშირებული მისამართები (რაიონი, უბნის დასახელება და სხვა). ასევე აღსანიშნავია, რომ საფირმო სახელის „-------“ ირგვლივ ოპერირებს სხვადასხვა იურიდიული პირი, მათ შორის შპს „---------“ (ს/ნ --------), რომლებიც აშენებენ სხვადასხვა მისამართებზე საცხოვრებელ კორპუსებს. შემოწმების შედეგად გამოიკვეთა შემთხვევები, როცა ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებული იყო საფირმო სახელთან „--------“ დაკავშირებული სხვა იურიდიულო პირების საქმიანობის ადგილები. ამასთან, არ არსებობდა უცხო მისამართებიდან შიდა გადაზიდვის ზედნადებები, რომელითაც საქონელი მოხვდებოდა გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებულ ადგილზე. ამასთან, საკითხის ზეპირი განხილვისას, შემმოწმებლის განმარტებით ირკვევა, რომ შემოწმების მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება განხორციელდა შეძენის ღირებულებით და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდი არ იქნა გამოყენებული. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, სხვა მისამართებზე მიტანილი საქონლის/მასალის ღირებულება სულ 467 259 ლარი ჩაითვალა უსასყიდლო მიწოდებად და შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა დღგ-ით და მოგების გადასახადით.
შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაცემული თანხების სესხად განხილვას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საქონლის/მასალის უსასყიდლო მიწოდებად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს ბუღალტრული მონაცემების და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ ანგარიშვალდებულ პირს, საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან ერიცხება თანხები, დანიშნულებით „სესხის გაცემა“. აღნიშნული ოპერაციები ბუღალტრულად გატარებულია მიწის შესაძენად შექმნილ შუალედურ ანგარიშზე, თუმცა მიწის შეძენა არ მომხდარა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე აღნიშნული ბუღალტრული ანგარიშიდან ეტაპობრივად სრულად მოხდა საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე თანხის 632 110 ლარის უკან საბანკო ანგარიშებზე დაბრუნება და სხვადასხვა ვალდებულებების დაფარვა. შემოწმების შედეგად საწარმოს მიერ გაცემული თანხები პერიოდების მიხედვით ჩაითვალა ფ/პ-ზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ამასთან სესხის თანხის უკან დაბრუნების პერიოდებში მოხდა მოგების გადასახადის სრულად ჩათვლა. აღნიშნულ სესხს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დაერიცხა საპროცენტო სარგებელი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა მოგება/საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
საწარმო შესამოწმებელ პერიოდში აშენებს 2 საცხოვრებელ კორპუსს. შემოწმების პროცესში დამუშავდა საწარმოს მიერ საქონლის/მასალის შეძენის დროს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, რომელთა ნაწილში ტრანსპორტირების დასრულების ადგილი მითითებულია სხვადასხვა მისამართები, ადგილები, რასთან შემხებლობაც არ აქვს საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში. ამასთან, არ არსებობს უცხო მისამართებიდან მშენებლობის ადგილამდე საბოლოოდ ტრანსპორტირების დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, უცხო მისამართებზე მისული საქონლის/მასალის ღირებულება სულ 467 259 ლარი ჩაითვალა უსასყიდლო მიწოდებად. შემოწმების მიერ, დაიბეგრა დღგ-ით და დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადები და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4), 73(4)(9"ბ"), 97(1"ბ""გ")(7), 982(3"ზ")(8), 159(1"ა""ბ"), 163(1)(3"ა"), 164(1), 983(1), 101(1)(2"ბ"), 154(1"ა").
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 160, 161(1"ა""ა.ა")(2"დ").
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის N 34 ბრძანება.