ბრძანება N 9716

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.04.2024
№ დოკუმენტი 9716
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 9716

25 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 6 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 აპრილის სხდომაზე (ოქმი №42) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) №22796/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი აპრილის №001-44 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრას. აცხადებს, რომ მის მიერ უძრავი ქონება, კერძოდ, მიწის ნაკვეთები, შეძენილი იქნა საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაში უზრუნველყოფის საგნის სახით გამოსაყენებლად. კომპანიის საქმიანობას არ წარმოადგენს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ან რაიმე სხვა ოპერაციების წარმოება უძრავი ქონების გამოყენებით. 2023 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდში კომპანია იძულებული გახდა გაესხვისებინა აგვისტოს თვეში შეძენილი მიწის ნაკვეთები იგივე ფასად რა ფასადაც შეიძინა. კომპანიას არ მიუღია არანაირი სახის შემოსავალი ან რაიმე სარგებელი ამ ქონების ფლობიდან, არ მიუღია დღგ-ის ჩათვლა. ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე, სრული ფართობით 25 287 მ2 , საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, ფიქსირდება ნაგებობა N01-238 მ2 , ნაგებობა N02- 5 მ2 და ნაგებობა N03-8 მ2 (სულ-251 მ2 ). აღნიშნული შენობა-ნაგებობები არის სრულიად გამოუსადეგარი (ამორტიზებული), ასევე გაუგებარია მათი ფუნქციური დანიშნულება. ქონების შეძენის და მიწოდებისას გარიგება მოხდა მხოლოდ მიწის ნაკვეთებზე. ამის დასტურს წარმოადგენს სამივე ნაკვეთზე გადახდილი თანხების შეფარდება ნაკვეთების შესაბამის ფართობებთან. სამივე ნაკვეთზე მიწის 1მ2 -ის ღირებულება თითქმის ტოლია, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ნაკვეთზე განლაგებულია ნაგებობები. სამივე მიწის ნაკვეთი შეძენილია და გასხვისებულია ერთად. ნაგებობებს რაიმე ღირებულება რომ ჰქონოდა, მოხდებოდა მათი ასახვა ნასყიდობის საგნის ღირებულებაში.

იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შენობა-ნაგებობებს არ გააჩნია არანაირი ღირებულება, გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ არამართლზომიერია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით ოპერაციის შენობა-ნაგებობის მიწოდებად განხილვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლას და გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ნოემბრის №28340 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 26 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის პირველი აპრილის №7079 ბრძანება და ამავე თარიღის №001-44 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 19 963 ლარი, მათ შორის, გადასახადი 15 511 ლარი, ჯარიმა 3 878 ლარი, საურავი 574 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „-------“-ის საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ძირითადად ტენდერების მეშვეობით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საჯარო რეესტრის ბაზების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის სექტემბრის თვეში მოახდინა მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის რეალიზაცია, რაც დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ გაუთვალისწინებია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე, 158-ე, 159-ე მუხლებისა და 160-ე მუხლის მე-6 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმებით დასაბეგრ ბრუნვებში ჩართულ იქნა რეალიზებული მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის ღირებულება. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობის/ნაგებობის ერთობლივად მიწოდება შენობის/ნაგებობის მიწოდებად განიხილება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის სექტემბრის თვეში მოახდინა მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის რეალიზაცია, რაც დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ გაუთვალისწინებია. შემოწმებით დასაბეგრ ბრუნვებში ჩართულ იქნა რეალიზებული მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის ღირებულება. შედეგად, შპს „-------“-ს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ, ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობის/ნაგებობის ერთობლივად მიწოდება განიხილება შენობის/ნაგებობის მიწოდებად, შემოწმების შედეგად დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით ამაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ძირითადად ტენდერების მეშვეობით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საჯარო რეესტრის ბაზების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ გადასახადის გადამხდელმა მოახდინა მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის რეალიზაცია, რაც დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ გაუთვალისწინებია. შემოწმებით დასაბეგრ ბრუნვებში ჩართულ იქნა რეალიზებული მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის ღირებულება. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160(6)