გადაწყვეტილება №19306/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19306/2/2023
27 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------3.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19306/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
2. დღგ-ში მიღებული ჩასათვლელი თანხის კორექტირება (შემცირება).
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2022 წლის №007-320 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №5019 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 54 157 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 28 655
ჯარიმა - 14 428
საურავი - 11 074
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2020 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2022 წლის №29584 ბრძანება და №007-320 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №5019 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, 2020 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნულის ტოლია. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას განხორციელებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები და გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები საერთო თანხით 157 920 ლარი დღგ-ის გარეშე, საიდანაც ბიუჯეტში გადასახდელი დღგ შეადგენს 28 425 ლარს. შემოწმებით შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული ანგარიშფაქტურების საფუძველზე განხორციელებული ბრუნვები დაექვემდებარა 2020 წლის სექტემბრის თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვას.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლით, 161-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
წინა საანგარიშო პერიოდებზე შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტი სასამართლო დავის პროცესშია და აღნიშნული დავის შედეგი გავლენას მოახდენს ამ საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს №007-320 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხის დარიცხვის გადავადებას, ვიდრე არ დასრულდება სასამართლო დავა. თუმცა განმარტავს, რომ ვინაიდან სადავო შემთხვევაში დარიცხვა უკვე განხორციელებულია, აზრი ეკარგება მის მოთხოვნას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ კომპანიას განხორციელებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები და გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები საერთო თანხით 157 920 ლარი დღგ-ის გარეშე, საიდანაც ბიუჯეტში გადასახდელი დღგ შეადგენს 28 425 ლარს. შემოწმებით შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული ანგარიშფაქტურების საფუძველზე განხორციელებული ბრუნვები დაექვემდებარა 2020 წლის სექტემბრის თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვას.
მომჩივანი ვერ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანს განხორციელებული ჰქონდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაზეც შესაბამისი დეკლარირება და საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის (გაზრდის) შესახებ მართებულია.
2. დღგ-ში მიღებული ჩასათვლელი თანხის კორექტირება (შემცირება)
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, 2020 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით, გადამხდელს ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლიდან/მომსახურებიდან გამომდინარე მიღებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხა ასახული აქვს
2 328,45 ლარის ოდენობით.
შემოწმებით დადგინდა, რომ შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს 2 099 ლარს. სხვაობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გადამხდელს საგადასახადო ანგარიშფაქტურით ----------- მიღებული აქვს ჩათვლა განმეორებით. კერძოდ, აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განაშთულია ავანსის ანგარიშფაქტურა ------------, რომელიც გადამხდელის მიერ დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში ასახულია 2020 წლის აგვისტოს თვეში, დღგ-ის თანხით 229,43 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა მიღებული ჩათვლები.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 171-ე მუხლით და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტები ასახულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
დადგენილია, რომ დეკლარირებულ და შემოწმებისას დადგენილ დღგ-ის ჩათვლებს შორის გამოვლინდა სხვაობა, რომ სხვაობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გადამხდელს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ------------- №------------ მიღებული აქვს ჩათვლა განმეორებით. კერძოდ, აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განაშთულია ავანსის ანგარიშ-ფაქტურა ------------, რომელიც გადამხდელის მიერ დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში ასახულია 2020 წლის აგვისტოს თვეში, დღგ-ის თანხით 229,43 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა მიღებული ჩათვლები.
მომჩივანი ვერ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება დღგ-ის ჩათვლის კორექტირების შესახებ მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
2. დღგ-ში მიღებული ჩასათვლელი თანხის კორექტირება (შემცირება).
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, 2020 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნულის ტოლია. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას განხორციელებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები და გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.ზემოაღნიშნული ანგარიშფაქტურების საფუძველზე განხორციელებული ბრუნვები დაექვემდებარა 2020 წლის სექტემბრის თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვას.
ასევე აღმოჩენილია, რომ გადამხდელს საგადასახადო ანგარიშფაქტურით მიღებული აქვს ჩათვლა განმეორებით.. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა მიღებული ჩათვლები.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;173;174;