ბრძანება N 15381

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.07.2025
№ დოკუმენტი 15381
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15381

08 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2025 წლის 19 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ივლისის სხდომზე (ოქი №52) განიხილა შპს ---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 19 ივნისის №96355/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №127-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ არაგონივრული ფულის ნაშთის ოდენობას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 მარტის №4688 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 16 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 20 მაისის №10236 ბრძანება და ამავე თარიღის №127-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 73 803 ლარი, მათ შორის, გადასახადი 41 685 ლარი, ჯარიმა 22 230 ლარი, საურავი 9 888 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანია სამშენებლო საქონლით ვაჭრობა (ძირითადად არმატურა). შემოსავლების მიღება და ხარჯების გაწევა, მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწმების მონაცემებით, საწარმოს საბუღალტრო ჩანაწერებზე დაყრდნობით, 2025 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში საწარმოს არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 175 766 ლარი. ამასთან, აღნიშნული თანხის ნაწილი - 173 986 ლარი, უძრავი ნაშთის სახით ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან. უძრავი ნაშთი არის შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული არაგონივრული ნაშთის ის ნაწილი, რომელიც უძრავად (შეუმცირებლად) ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ არაგონივრულ ნაშთში.

ამასთან, უძრავი ნაშთი - 173 986 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის პირველივე საანგარიშო პერიოდში, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ხოლო 2025 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში გაცემულ ხელფასად ჩაითვალა სხვაობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ არაგონივრულ ნაშთსა და უძრავ ნაშთს შორის (175 766 – 173 986) 1 780 ლარი.

საწარმოს ნაღდი ფულის არაგონივრული და უძრავი ნაშთი, მისი ხელფასად დაკვალიფიცირების და დაბეგვრის საკითხები ასახულია „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ დანართი №9-ში „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“. ამდენად, არაგონივრული ფულის ნაშთი შეადგენს სულ 175 766 ლარს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ, არაგონივრული ფულის ნაშთად დაკვალიფიცირებული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება არაგონივრული ფულის ნაშთის ოდენობას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ შემოწმებისათვის წარდგენილი საბუღალტრო მონაცემებითაც დასტურდება, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდანვე გააჩნდა დიდი ოდენობით კრედიტორული დავალიანება ერთ-ერთი მომწოდებლის შპს „---ის“ მიმართ, რამაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგინა 535 015.93 ლარი. აღნიშნული დავალიანებიდან 180 000 ლარი კომპანიის დირექტორის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით იქნა დაფარული და რომლის დამადასტურებელი ჩგდ №--- დროულად არ იყო მოწოდებული ჯერ შპს „---ის“ წარმომადგენლის მიერ და შემდეგ უკვე დირექტორის მიერ ბუღალტრისათვის.

შესაბამისად, შემოწმების აქტში მოყვანილი სალაროს არაგონივრული ნაშთით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის საწარმოს მიერ დაფარულია კრედიტორული დავალიანება, რისი დამადასტურებელი ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი დანართის სახით ერთვის საჩივარს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივრის დანართად წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, გამოითხოვოს ინფორმაცია მესამე პირებისგან განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივრის დანართად წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, გამოითხოვოს ინფორმაცია მესამე პირებისგან განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ არაგონივრული ფულის ნაშთის ოდენობას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანია სამშენებლო საქონლით ვაჭრობა (ძირითადად არმატურა). შემოსავლების მიღება და ხარჯების გაწევა, მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწმების მონაცემებით, საწარმოს საბუღალტრო ჩანაწერებზე დაყრდნობით, 2025 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში საწარმოს არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 175 766 ლარი. ამასთან, აღნიშნული თანხის ნაწილი - 173 986 ლარი, უძრავი ნაშთის სახით ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან. უძრავი ნაშთი არის შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული არაგონივრული ნაშთის ის ნაწილი, რომელიც უძრავად (შეუმცირებლად) ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ არაგონივრულ ნაშთში.

შემოწმების მიერ, არაგონივრული ფულის ნაშთად დაკვალიფიცირებული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივრის დანართად წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, გამოითხოვოს ინფორმაცია მესამე პირებისგან განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154.