ბრძანება N 25981
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25981
20 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 8 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 8 მაისის №80872/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის №005-39 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ დამფუძნებელ პირზე გადახდილი სესხის პროცენტის მოგების განაწილებად განხილვას. მიუთითებს, რომ ოპერაციაზე კვალიფიკაციის ცვლილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან სამეურნეო ოპერაციის მხარეები წარმოადგენენ მოგების მიღებაზე ორიენტირებულ სუბიექტებს და სესხის გამცემის ეკონომიკურ სარგებელს წარმოადგენდა საპროცენტო შემოსავალი, ამასთან აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტი დამფუძნებელ კომპანიასთან აღიარებულია იგივე შინაარსით, რაც სესხის მიმღებთან (საჩივარზე თანდართულია საერთაშორისო ფინანსური აუდიტორის მიერ დამოწმებული აუდიტის დასკვნა). აღნიშნავს, აუდიტორებს რომ ემსჯელათ სადავო საკითხზე საერთაშორისო კონტროლირებადი ოპეარციის ჭრილში, დადგინდებოდა, რომ 2007 წელს გაცემულ სესხთან მიმართებაში მხარეებს შორის ეკონომიკური სარგებელი არ წარმოშობს სამეურნეო ოპერაციის შინაარსის და ფორმის შეუსაბამობას. გადამხდელი ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს არაპირდაპირი მეთოდით გადასახადის დარიცხვას და აღნიშნავს, რომ აღნიშნული დებულების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 თებერვლის №2787 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 13 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 6 აპრილის №7567 ბრძანება და ამავე თარიღის №005- 39 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 680 579 ლარი, მათ შორის, გადასახადი 369 030 ლარი, ჯარიმა 184 515 ლარი და საურავი 127 034 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „----------" გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 18 აგვისტოს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2007 წლის 15 ნოემბრიდან. საწარმოს დირექტორია ----------, ხოლო დამფუძნებელია შპს "----------" (ს/ნ ----------) (----------). შპს „----------" (ს/ნ ----------) (----------) ასევე აქვს საქართველოში წარმომადგენლობა, რომელიც დარეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად 2007 წლის 5 ივნისს. საწარმოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საკუთარი ან იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება და მართვის სხვა საქმიანობები. შპს „----------" 2007 წლის 2 ნოემბერს შეიძინა მიწის ნაკვეთი. ნასყიდობის ფასი შეადგენდა 605 000 ამერიკულ დოლარს, რისთვისაც დამფუძნებლისგან აიღო გრძელვადიანი სესხი 640 000 ამერიკული დოლარი (ექვ. ლარში 1 050 240 ). წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 12 %-ს. საწარმო შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობას არ ახორციელებს, იჯარიდან შემოსავალს იღებდა არაშესამოწმებელ პერიოდში. შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება მხოლოდ მიწის რეალიზაცია. 2021 წელს საწარმომ გაყიდა მიწის ნაკვეთი 940 000 ამერიკულ დოლარად (ექვ. ლარში 3 226 386 ). დებიტორმა 910 000 ამერიკული დოლარი (ექვ. ლარში 3 141 411) გადაურიცხა შპს „----------“ (ს/ნ ----------) (----------). საწარმოს მიერ აღებულ სესხზე დარიცხულმა პროცენტის თანხამ (გადაფასებებით) შეადგინა 3 534 300 ლარი. ამასთან, სესხის ძირი თანხა მიწის რეალიზაციის დროს შეადგენდა 2 170 290 ლარს (გადაფასებებით). საწარმომ მიწის რეალიზაციიის თანხა სრულად მიმართა სესხის პროცენტის დასაფარად. სესხის პროცენტების დაფარვა არ დაბეგრილა წყაროსთან, ვინაიდან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებით პროცენტები იბეგრება კვიპროსში (კვიპროსში მოგების გადასახადი შეადგენს 12.5%-ს). შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომლის შესაბამისადაც, ვინაიდან საწარმოს დამფუძნებელი 100%-იანი წილით არის შპს „----------", მის მიერ შპს „----------“ მიწის შესასყიდად ჩარიცხული თანხა დაკვალიფიცირდა კაპიტალად, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებით და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითებით (სიტუაციური სახელმძღვანელო №1008) გადაფასებას არ ექვემდებარება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 981 მუხლების შესაბამისად, შემოწმებით, 2021 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში არარეზიდენტისთვის ჩარიცხულ თანხას და კაპიტალს შორის სხვაობა ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს „----------" 2007 წლის 2 ნოემბერს შეიძინა მიწის ნაკვეთი, ნასყიდობის ფასი შეადგენდა 605 000 ამერიკულ დოლარს, რისთვისაც დამფუძნებლისგან აიღო გრძელვადიანი სესხი 640 000 ამერიკული დოლარი (ექვ. ლარში 1 050 240, საპროცენტი სარგებელი 12% ). საწარმო შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობას არ ახორციელებს, ხოლო იჯარიდან შემოსავალს იღებს არაშესამოწმებელ პერიოდში. 2021 წელს საწარმომ გაყიდა მიწის ნაკვეთი 940 000 ამერიკულ დოლარად (ექვ. ლარში 3 226 386) და 910 000 ამერიკული დოლარი (ექვ. ლარში 3 141 411) გადაურიცხა შპს „----------“. საწარმოს მიერ აღებულ სესხზე დარიცხულმა პროცენტის თანხამ (გადაფასებებით) შეადგინა 3 534 300 ლარი, ხოლო სესხის ძირი თანხა მიწის რეალიზაციის დროს შეადგენდა 2 170 290 ლარს (გადაფასებებით). საწარმომ მიწის რეალიზაციიის თანხა სრულად მიმართა სესხის პროცენტის დასაფარად. შემოწმებით, შპს „----------“ მიწის შესასყიდად ჩარიცხული თანხა დაკვალიფიცირდა კაპიტალად, ხოლო 2021 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში არარეზიდენტისთვის ჩარიცხულ თანხას და კაპიტალს შორის სხვაობა ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი. შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სესხის პროცენტის დასაფარად არარეზიდენტ დამფუძნებელზე გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და მოგების განაწილებად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ოპერაციის ფარგლებში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არ მომხდარა.
შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ დამფუძნებელ პირზე გადახდილი სესხის პროცენტის მოგების განაწილებად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა 2007 წლის 2 ნოემბერს შეიძინა მიწის ნაკვეთი, ნასყიდობის ფასი შეადგენდა 605 000 ამერიკულ დოლარს, რისთვისაც დამფუძნებლისგან აიღო გრძელვადიანი სესხი 640 000 ამერიკული დოლარი (ექვ. ლარში 1 050 240, საპროცენტი სარგებელი 12% ). საწარმო შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობას არ ახორციელებს, ხოლო იჯარიდან შემოსავალს იღებს არაშესამოწმებელ პერიოდში. 2021 წელს საწარმომ გაყიდა მიწის ნაკვეთი 940 000 ამერიკულ დოლარად (ექვ. ლარში 3 226 386) და 910 000 ამერიკული დოლარი (ექვ. ლარში 3 141 411) გადაურიცხა უცხოურ კომპანიას. საწარმოს მიერ აღებულ სესხზე დარიცხულმა პროცენტის თანხამ (გადაფასებებით) შეადგინა 3 534 300 ლარი, ხოლო სესხის ძირი თანხა მიწის რეალიზაციის დროს შეადგენდა 2 170 290 ლარს (გადაფასებებით). საწარმომ მიწის რეალიზაციიის თანხა სრულად მიმართა სესხის პროცენტის დასაფარად. შემოწმებით, მომჩივანისთვის მიწის შესასყიდად ჩარიცხული თანხა დაკვალიფიცირდა კაპიტალად, ხოლო 2021 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში არარეზიდენტისთვის ჩარიცხულ თანხას და კაპიტალს შორის სხვაობა ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი. შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სესხის პროცენტის დასაფარად არარეზიდენტ დამფუძნებელზე გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და მოგების განაწილებად განხილვა მართლზომიერია.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 97(1„ა“); 981(1); 275.