ბრძანება N 15276
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15276
29 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს “-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 2 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 მაისის №19369/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს “-------“ (ს/ნ -------) №78791/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 10 იანვრის №CB1255612 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ივნისის სხდომაზე (ოქმი №66).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს და განმარტავს, რომ ინვენტარიზაცია ჩატარდა უფლებამოსილი პირის დაუსწრებლად. არ ჩაბარებიათ ინვენტარიზაციის აქტები და მათთვის სრულიად გაუგებარია, ციფრები როგორ იქნა დათვლილი. კომპანიას დღესაც გააჩნია საქონლის ნაშთი, რომელიც არსად არის გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 8 ივლისის №22150 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შპს „-------“ (ს/ნ -------) სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ინვენტარიზაციის დაწყებამდე, 2021 წლის 21 ივლისს შპს „-------“ (ს/ნ -------) ელექტრონულად ჩაბარდა ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ ბრძანება. კომპანიას არ განუსაზღვრავს საინვენტარიზაციო კომისია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, შევსებული იქნა ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №16, №19, №21 და №22. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ (დანართი №21). საშუალო შეწონილი ფასნამატი (20%) მიღებული იქნა შეძენილი და რეალიზებული საქონლის ფასთა სხვაობიდან (სასაქონლო ზედნადებებით) გამომდინარე. ფასი დანაკლისად მიჩნეულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებზე განსაზღვრული იქნა შემდეგი პრინციპით: თვითღირებულება + ფასნამატი + დღგ. ვინაიდან შპს „-------“ (ს/ნ -------) სასაქონლომატერიალური ფასეულობების მოძრაობას (შეძენა-რეალიზაციას) არ აღრიცხავდა სასაქონლო ნომენკლატურის (დასახელებების) მიხედვით, აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დადგენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხობრივმა ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 272404.24 ლარი, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიურმა ნაშთმა კი 0 ლარი თვითღირებულებით. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია. საინვენტარიზაციო კომისიამ შეადარა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ბუღალტრული და ფაქტობრივი მონაცემები, რის შედეგადაც გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 385724.40 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ითვალისწინებს ჯარიმას 38572.44 ლარის ოდენობით.
შპს „-------“ (ს/ნ -------) 2021 წლის 11 აგვისტოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, ელექტრონულად გაეგზავნა შეტყობინება №21-12/101667 ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომელსაც გაეცნო 2021 წლის 16 აგვისტოს. კომპანიის მიერ ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2022 წლის 10 იანვარს შედგენილ იქნა №CB1255612 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2023 წლის 2 თებერვალს შპს “-------“ (ს/ნ -------) მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ იქნა №78791/1/2023 საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 მარტის №5461 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 მარტის №5461 ბრძანება გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 10 აპრილს №19369/2/2023 საჩივრით გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ 2021 წლის 8 ივლისის №22150 ბრძანების საფუძველზე მომჩივნის საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (-------; სოფ. -------), სადაც განთავსებულია საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. 2021 წლის 21 ივლისს გადამხდელს ჩაბარდა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ, თუმცა გადამხდელს არ განუსაზღვრავს საინვენტარიზაციო კომისია. 2021 წლის 11 აგვისტოს მომჩივანს გაეგზავნა №21-12/101667 შეტყობინება ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2021 წლის 16 აგვისტოს, თუმცა არ იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი, რაზეც შედგენილ იქნა №CB1255764 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. 2022 წლის 10 იანვარს კი საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შედგენილ იქნა №CB1255612 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით, ინვენტარიზაცია ჩატარდა იურიდიულ მისამართზე (-------; სოფ. -------), მაშინ, როდესაც ფაქტობრივი საქმიანობის ადგილი იყო -------. ინვენტარიზაცია ჩატარდა უფლებამოსილი პირის დაუსწრებლად. არ ჩაბარებია ინვენტარიზაციის აქტები და გაუგებარია, ციფრები როგორ იქნა დათვლილი. კომპანიას დღესაც გააჩნია საქონლის ნაშთი, რომელიც არსად არ არის გათვალისწინებული.
სადავო საკითხზე მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საბჭომ მიიჩნია, რომ საქმის არსებითი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 მარტის №5461 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადის გადამხდელთან რამდენიმეჯერ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია და მოწვეულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ივნისის სხდომაზე (ოქმი №66). გადასახადის გადამხდელმა დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით წარმოდგენილ ინფორმაციაზე. კერძოდ, საჩივარში მოყვანილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, შპს „-------“ (ს.ნ -------) მიერ 2021 წლის 8 ივლისის მდგომარეობით ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით ტრანსპორტირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის შესახებ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ირკვევა, რომ კომპანიის მიერ სულ ზედნადებით შეძენილია 398087 ლარის ღირებულებების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. აღნიშნული საქონლიდან 241625.42 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შიდა გადაზიდვით ტრანსპორტირებული აქვს თბილისის, ზესტაფონის, ქუთაისის, ქობულეთის, ბათუმის, გარდაბნის და რუსთავის მიმართულებით, ხოლო 163285.21 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ტრანსპორტირებული აქვს ქობულეთის მიმართულებით.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს “-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მომჩივნის საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე, ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი და დაერიცხა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა.
შპს მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ იქნა საჩივარი. საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. სადავო საკითხზე მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საბჭომ მიიჩნია, რომ საქმის არსებითი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(9);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება