გადაწყვეტილება №18892/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 07.04.2023
№ დოკუმენტი 18892/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18892/2/2023

7.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 7.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 16.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18892/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 1.10.2021 წლის გადაწყვეტილების (№11519/2/2020) აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2023 წლის №002-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 73 852 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 28 188

დღგ - 3 975

საშემოსავლო გადასახადი - 24 213

ჯარიმა - 24 516

საურავი - 21 148

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 8.06.2018 წლიდან 1.06.2020 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 30 ივლისის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შემოწმებით განხორციელდა სალაროში ფულადი სახსრების მოძრაობისა და საბოლოო ნაშთის დადგენა, რა დროსაც გამოვლინდა ნაღდი ფულის დანაკლისი. გამოვლენილი დანაკლისი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.08.2020 წლის №23347 ბრძანება და 11.08.2020 წლის №002-208 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.10.2020 წლის №29849 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გაუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.10.2020 წლის №29849 ბრძანება (არ დაკმაყოფილებულ ნაწილში) გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 1.10.2021 წლის გადაწყვეტილებით (№11519/2/2020) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 1.10.2021 წლის გადაწყვეტილების (№11519/2/2020) აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 18 003 ლარით (გადასახადი 12 002 ლარი, ჯარიმა 6 001 ლარი), მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2023 წლის №2147 ბრძანება და №002-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების პერიოდში, რომელიც დაიწყო 2019 წელს და გაგრძელდა დაახლოებით 3 წლის განმავლობაში, საგადასახადო ორგანოსთან კავშირი შედგა 2022 წლის ნოემბერში, მოთხოვნილი იქნა გადახდის საბუთი, მეორე მომწოდებლისგან ----------, რომელიც დაუდასტურებდა, რომ საქონლის ღირებულების სრული თანხა ნამდვილად მიიღეს, მათ მიმართ დავალიანება არ უფიქსირდება და ეს თანხა დირექტორს არ აუღია. კომპანიას სულ ყავდა ორი მომწოდებელი: ---------- და ----------. აღნიშნული დოკუმენტის მოთხოვნაზე შედგა სატელეფონო საუბარი აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელთან, რომელსაც აუხსნეს, რომ რადგანაც კომპანია უკვე დიდი ხანია აღარ თანამშრომლობს მომწოდებელ კომპანიასთან ეცდებოდა უმოკლეს დროში გამოეთხოვა საბუთი დავალიანების შესახებ და შეთანხმდნენ, რომ მათი მხრიდან მოხდებოდა ხელმეორედ დაკავშირება, რაც არ მომხდარა. აღნიშნული დოკუმენტი მიაწოდა მომწოდებელმა ელექტრონულად. არსებული დავალიანება ნამდვილად არის გადახდილი და დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენს დოკუმენტებში ატვირთული ფაილით.

მომჩივანი ითხოვს მომწოდებელზე გადახდილ და სალაროს ნაშთად რიცხულ თანხაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის სრულად გაუქმებას.

 

დავების განხილვის

საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და შემდგომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 1.10.2021 წლის გადაწყვეტილებით (№11519/2/2020) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების (№11519/2/2020) აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი 25.01.2023 წლის დასკვნაში აღნიშნავს შემდეგს:

შემოწმებით ნაღდი ფულის დანაკლისი განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი არის ---------- მოქალაქე, რომლის მიერაც სალაროდან თანხები გატანილია დავალიანების დასაფარავად ---------- მომწოდებლებისათვის, რომლებიც საქმიანობენ ---------, თუმცა თანხის გადაცემა უნდა მომხდარიყო ----------. საბუღალტრო პროგრამაში კრედიტორული დავალიანება ჩამოწერილია პირველადი დოკუმენტების მითითების გარეშე. გადასახადის გადამხდელმა განაცხადა, რომ თანხის გატანა ხდებოდა ---------- მძღოლებისათვის ---------- თანხის გადაცემის მიზნით. საქმე ეხებოდა 2 მომწოდებლისათვის გადასახდელ თანხას, რომელიც გადიოდა სალაროდან. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შედარების აქტი, რომ შეძენილი პროდუქციის ღირებულება გადახდილი აქვს და დავალიანება არ ფიქსირდება. მაგრამ, ასეთი აქტი წარმოდგენილია მხოლოდ ერთ კომპანიაზე, შესაბამისად, ამ კომპანიისთვის დავალიანების დასაფარავად გატანილი თანხის 75% ჩაითვალა დავალიანების დაფარვად შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების (დანართი №8) შესაბამისად. მეორე კომპანიისადმი დავალიანების დასაფარავად სალაროდან გატანილი თანხები კვლავ დარჩა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში.

ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ აღსრულება განხორციელებულია საბჭოს 1.10.2021 წლის გადაწყვეტილების (№11519/2/2020) შესაბამისად.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარზე დამატებით, დანართის სახით წარმოადგენს არარეზიდენტი კომპანიის (მეორე კომპანიის - ---------- 25.12.2022 წლის წერილს (ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული), ითხოვს მის გათვალისწინებას და შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირებას.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს ყავდა ორი არარეზიდენტი მომწოდებელი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 25.01.2023 დასკვნიდან ირკვევა, რომ ერთ მომწოდებელ კომპანიაზე წარდგენილი შედარების აქტი გათვალისწინებული იქნა, ხოლო მეორე კომპანიაზე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ შეძენილი პროდუქციის ღირებულება გადახდილია და დავალიანება არ ფიქსირდება, გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მიერ, ამდენად ამ ნაწილში, სალაროდან გატანილი თანხები დარჩა უცვლელი.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიას ყავდა ორი უცხოელი მომწოდებელი 2018 წელს და 2020 წელს. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე წარადგინეს ერთი მომწოდებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებული იქნა გადაანგარიშების ეტაპზე და შედეგად, ამ ეპიზოდში დარიცხული თანხა შემცირდა, ამჟამად საჩივარზე დამატებით, დანართის სახით წარმოდგენილია მეორე მომწოდებელი კომპანიის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტი და ითხოვს მის გათვალისწინებას.

საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების შესწავლა;

3. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

 

მომჩივანი ითხოვს მომწოდებელზე გადახდილ და სალაროს ნაშთად რიცხულ თანხაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის სრულად გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმებით განხორციელდა სალაროში ფულადი სახსრების მოძრაობისა და საბოლოო ნაშთის დადგენა, რა დროსაც გამოვლინდა ნაღდი ფულის დანაკლისი. გამოვლენილი დანაკლისი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელი ითხოვს გათვალისწინებული იქნას დამატებით, დანართის სახით, წარმოდგენილი დოკუმენტები.

 

გადაწყვეტილება

 

საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 154; 275;