გადაწყვეტილება №21526/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.02.2024
№ დოკუმენტი 21526/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 21526/2/2023

26 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 7.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21526/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11689 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2023 წლის №094-66 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28476 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 677 211,39 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 191 455

დღგ - 486 875

საშემოსავლო გადასახადი - 703 714

ქონების გადასახადი - 866

ჯარიმა - 938 116

საურავი - 547 640,39

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 30.12.2021 წლის აქტით შემოწმებულია 1.07.2018 წლიდან 15.02.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №094-206 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17226 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 27.10.2022 წლის №17264/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17226 ბრძანება. შპს ------------- მიერ მომჩივნის ტერიტორიაზე არსებული საქონლის ნაშთების გადამოწმების შედეგად გამოვლენილი დანაკლისის რეალიზებულად განხილვის და დამატებით დადგენილი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევის საკითხთან დაკავშირებით, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.10.2022 წლის №17264/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 29.05.2023 წლის №11689 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.10.2022 წლის №17264/2/2022 გადაწყვეტილების მიხედვით, დამატებით შეისწავლოს შპს ----------- მიერ შპს ----------- ტერიტორიაზე არსებული საქონლის ნაშთების გადამოწმების შედეგად გამოვლენილი დანაკლისის რეალიზებულად განხილვის და დამატებით დადგენილი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, საბჭოს 27.10.2022 წლის №17264/2/2022 გადაწყვეტილების და შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11689 ბრძანების შესაბამისად სრულყოფილად იქნა შესწავლილი ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია. შედეგად არ გამოვლენილა შემოწმების აქტის შედგენისას არსებული მტკიცებულებებისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 12.09.2023 წელს მომზადდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.

აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 14.09.2023 წლის

№094-66 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28476 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, დასკვნის მიხედვით, სრულყოფილად იქნა შესწავლილი ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია. შედეგად არ გამოვლინდა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას არსებული მტკიცებულებებისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი ნორმები საგადასახადო ორგანოს უფლებას აძლევს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდ(ებ)ის გამოყენებით „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. შემოწმების აქტში საგადასახადო ორგანო არ მიუთითებს თუ კონკრეტულად რომელი პირობა უდევს საფუძვლად კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდ(ებ)ის გამოყენებით. საგადასახადო ორგანო როგორც ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, ვალდებულია დაასაბუთოს მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება. კანონიერების პრინციპი გულისხმობს აქტის გამოცემის სათანადო დასაბუთებას. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული საგადასახადო შემოწმების აქტი არ აკმაყოფილებს დასაბუთების კანონით დადგენილ სტანდარტებს. კერძოდ, შემოწმების აქტში არ არის კონკრეტულად იდენტიფიცირებული ის პირობა, რომელიც საფუძვლად უდევს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ გადასახადის გადამხდელის ვალდებულებებზე და საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგადასახადო ორგანოს უფლებებზე.

ზემოაღნიშნულის მიხედვით შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, თითქოს კმაყოფილდება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა, რომლის მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოწმების აქტის მიხედვით არ დგინდება თუ რაში გამოიხატება სააღრიცხვო დოკუმენტაციის არ ქონა, მაშინ როცა საგადასახადო ორგანო შემოწმების აქტში თავად აღნიშნავს, რომ ყველა ის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც განხორციელდა დაუსაბუთებელი დარიცხვა მიწოდებულ იქნა კომპანიის მიერ, კერძოდ: „საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს --------- (ს/ნ ------------) მიერ შპს ---------- ტერიტორიაზე არსებული საქონლის ნაშთების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა საქონლის დანაკლისი. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს ------------ სასამართლოში შეიტანა სარჩელი საქონლის ღირებულების მიღების მოთხოვნით, რის შემდეგაც ჩატარდა ექსპერტიზა, დადგინდა ზენორმატიული დანაკარგი და განისაზღვრა მისი სარეალიზაციო ღირებულება. მხარეებს შორის 2021 წელს შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ------------ აიღო ვალდებულება გადაეხადა თანხის ნაწილი და ასევე მიეწოდებინა საქონელი და მომსახურება“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ საგადასახადო შემოწმების დროს საგადასახადო ორგანოსთვის ხელმისაწვდომი იყო ყველა ის ინფორმაცია (ამონაწერები ბუღალტრული პროგრამიდან, საგადასახადო დეკლარაციები შესაბამისი გაანგარიშებებით, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტები, ინვენტარიზაციის აქტები, სხვა), რაც მნიშვნელოვანია კომპანიის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისათვის.

საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ სადავო დაბეგვრის ობიექტთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ 1.10.2014 წელს შპს ---------- და შპს --------- შორის გაფორმებულია მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კომპანია შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ კლიენტისთვის ეწევა: ტანკერებიდან ნავთობპროდუქტების რეზერვუარებში მიღება-გადატვირთვას, კლიენტის კუთვნილი ნავთობპროდუქტების რეზერვუარებში შენახვას და კლიენტის მიერ მოწოდებულ ვაგონ-ცისტერნებში და/ან ავტომანქანებში პროდუქტების გადატვირთვას.

ზემოაღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში, კომპანიის მიერ შპს ----------- გაწეულ მომსახურებებთან დაკავშირებით, კომპანიას გააჩნია და საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული იყო ყველა ის სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები, ინვოისები, შედარების აქტები, პირველადი დოკუმენტები), რომელიც მნიშვნელოვანია კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი საგადასახადო ორგანოს უფლებას ანიჭებს დამოუკიდებლად განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას, ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, ან საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ხოლო, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიზანს წარმოადგენს სამართლიანად, გონივრული განსჯის საფუძველზე დადგინდეს საგადასახადო ვალდებულებები კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისათვის. შემოწმების აქტში და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული თუ რა უდევს საფუძვლად საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლით განსაზღვრული უფლების გამოყენებას, ამასთან არ განსაზღვრავს იმ წინაპირობას, რომელიც დაკმაყოფილდა კომპანიის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისთვის. ამასთან, გაუგებარია თუ რა ტიპის მონაცემებზე დაყრდნობით გაიანგარიშა საგადასახადო ორგანომ კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი.

როგორც შემოწმების აქტით, ასევე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით ირღვევა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლისა და დარიცხვის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. კერძოდ, როგორც ჩანს, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიას უნდა ეღიარებინა შემოსავალი და რადგან ეს შემოსავალი არ ჰქონდა აღიარებული, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ გააჩნდა ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამასთან, თავად ეს ვარაუდი შემოსავლის აღიარებასთან დაკავშირებით, წარმოებულია ყოველგვარი ობიექტური მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ ორ მეწარმე სუბიექტს შორის კომერციული დავის მასალებზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც სასამართლოს კომპანიის წინააღმდეგ გადაწყვეტილება არ მიუღია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ საგადასახადო ორგანოს, თუნდაც ფორმალურად არ ჰქონდა უფლება დარიცხვის საფუძვლად გამოეყენებინა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, „სრულყოფილად იქნა შესწავლილი ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს არგუმენტაცია“.

მომზადებულ დასკვნაში საგადასახადო ორგანო არ მიუთითებს:

- რა სახის ინფორმაცია შეისწავლა სადავო საკითხთან მიმართებაში;

- რა სახის სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ იქნა მიწოდებული დაბეგვრის ობიექტის დადგენის მიზნით ან/და რომელი სააღრიცხვო დოკუმენტაციით ვერ შეძლო დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

- საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რომელი პირობები ედო საფუძვლად კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა შემოსავლების სამსახურის №11689 ბრძანებით, მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი და ყოველგვარი საფუძვლების მითითების გარეშე მოამზადა დასკვნა.

შემოსავლების სამსახური 20.11.2023 წლის გადაწყვეტილების მიხედვით აღნიშნავს, რომ „დასკვნის მიხედვით, სრულყოფილად იქნა შესწავლილი ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია ..“. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ „გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება“.

შემოსავლების სამსახური არ უთითებს თუ რაში გამოიხატა საკითხის სრულყოფილად შესწავლა. ამასთან, ვერ უთითებს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდ(ებ)ის გამოყენებით განსაზღვრის საფუძველს. ვერც იმ სააღრიცხვო დოკუმენტაციას, რომელიც კომპანიას თითქოსდა არ მოეპოვება.

შედეგად, შემოსავლების სამსახური მხოლოდ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე.

რაც შეეხება რეალურ ფაქტებს შესაბამისი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს, ერთადერთი დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი, რომელიც კომპანიასა და შპს ----------- შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში წარმოიშვება, არის ამ უკანასკნელის მიერ მომსახურების გაწევა. შპს ----------- კუთვნილი, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი (თუნდაც ასეთის არსებობის შემთხვევაში), გამოვლენილი მის მიერვე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, ვერ წარმოშობს რაიმე საგადასახადო ვალდებულებას კომპანიისთვის. იმ პერიოდისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა (საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილი, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილი) მკაფიოდ განსაზღვრავს ასეთი შემთხვევისთვის ვალდებულ პირს, რომელსაც კომპანია არ წარმოადგენს. შპს --------- მიერ ზემოაღნიშნული საწვავის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი ასახული აქვს შესაბამისი პერიოდის დღგ-ისა და მოგების გადასახადის დეკლარაციებში და დაბეგრილი აქვს შესაბამისი გადასახადებით (დანართი 14). ერთ დაბეგვრის ობიექტზე საგადასახადო ვალდებულების 2-ჯერ დაკისრება, სრულადაც რომ დავაიგნოროთ დღგ-ის არსი, ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსით დადგენილ გადასახადით დაბეგვრის ზოგად პრინციპებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28476 ბრძანება და გაუქმდეს დარიცხული დღგ და შესაბამისი სანქციები.

მოცემულ შემთხვევაში კომპანიას არ მიუღია რაიმე შემოსავალი, შესაბამისად არარსებული შემოსავლის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებაც ვერ იარსებებს. ზემოაღნიშნული არგუმენტაცია სრულად რელევანტურია მოცემული შემთხვევისთვის.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, დარიცხვის საფუძვლად მიუთითებს ამონარიდს საგადასახადო კოდექსიდან, რომლის მიხედვით, „თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს“, თუმცა კონკრეტული პირის ინტერესებისათვის გამოყენების ირიბი მტკიცებულებაც კი წარმოდგენილი ვერ იქნა და ბუნებრივია ვერც იქნებოდა, ვინაიდან შემოსავლის მიღებას ადგილი არ ჰქონია. შპს ---------- და კომპანიას შორის არსებულ დავის მასალებში ნათლადაა წარმოდგენილი დავის საგნის წარმოშობის ობიექტური მიზეზები და კომპანიის არგუმენტები, რომელიც ასევე ნათლად მიუთითებს, რომ კომპანიას არანაირი სარგებელი დავის საგანთან მიმართებაში არ მიუღია და ვერც მიიღებდა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით იმისათვის, რომ საგადასახადო ორგანომ გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლება, მნიშვნელოვანია დაკმაყოფილდეს საგადასახადო კოდექსით დადგენილი პირობები, რაც გულისხმობს ისეთი სამეურნეო ოპერაციის განხორციელებას, რომლის ფორმაც არ შეესაბამება მის შინაარსს. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია განხილული იქნას შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- რა სამეურნეო ოპერაცია განხორციელდა

- რა სამართლებრივი ფორმით არის წარმოდგენილი

- რამ განაპირობა სამეურნეო ოპერაციისთვის შესაბამისი სამართლებრივი ფორმის არჩევა

- არსებობს თუ არა საეჭვო სამეურნეო ოპერაციის სხვა სამართლებრივი ფორმა

- არჩეული ფორმის გავლენა მხარეთა ეკონომიკურ და საგადასახადო შედეგებზე ფაქტობრივი გარემოებების მიმოხილვის შედეგად:

- სადავო საკითხთან დაკავშირებით კომპანიას სამეურნეო ოპერაცია არ განუხორციელებია, რაც საერთოდ გამორიცხავს მითითებული ნორმის გამოყენების შესაძლებლობას. კომპანიის სამეურნეო ოპერაციები, თავის მხრივ მოიცავს მესამე პირების საკუთრებაში არსებული ნავთობპროდუქტების მიღების, დასაწყობების და გადატვირთვა-გადმოტვირთვის მომსახურებას, რომლიდან მიღებული შემოსავალიც აღრიცხული აქვს ბასს-ის და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, შესაბამისად საგადასახადო ორგანოს შემოწმების აქტში მითითებული არგუმენტი, რომ კომპანიასა და შპს --------- შორის არსებული დავის საგანი კომპანიას არ აქვს ბუღალტრულად აღრიცხული არ შეესაბამება რეალობას.

- კომპანიასა და შპს ----------- შორის გაფორმებული მორიგების შეთანხმება გამოწვეული იყო სასამართლო დავით, შესაბამისად იმისი მტკიცება, რომ მორიგების აქტის გაფორმება ან/და შპს ----------- მიერ მისი კუთვნილი საქონლის ინვენტარიზაციის ჩატარება კავშირშია კომპანიის დირექტორის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ საზღაურთან ან/და სარგებელთან მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.

- შპს ---------- მიერ მისი კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და სასამართლო დავის წარმოება არ არის განპირობებული კომპანიის გადაწყვეტილებით. შესაბამისად, მორიგების აქტი წარმოადგენდა ერთადერთ ლოგიკურ გამოსავალს არსებული გარემოებებიდან, რამაც კომპანიას მისცა საშუალება თავიდან აერიდებინა დამატებითი ხარჯები და შეენარჩუნებინა არსებული კლიენტი.

- შპს ----------- მიერ მისი კუთვნილი საწვავის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი ასახული აქვს შესაბამისი პერიოდის დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციებში და დაბეგრილი აქვს შესაბამისი გადასახადებით. მაშინ, როცა, მხარეებს შეეძლოთ არ შეეწყვიტათ სასამართლო დავა, რაც გამოიწვევდა ზემოაღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების გადავადებას ან საერთოდ საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობას.

- აუდიტის დეპარტამენტი მომზადებულ დასკვნაში არ მიუთითებს თუ რა სახის ინფორმაცია შეისწავლა სადავო საკითხთან მიმართებაში. რა თანხა გამოიყენა კომპანიამ დირექტორის ინტერესებისათვის და რომელი ოპერაცია განახორციელა კომპანიამ, რომლის კვალიფიკაციის ცვლილებამაც გამოიწვია კომპანიისათვის დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა შემოსავლების სამსახურის №11689 ბრძანებით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი და ყოველგვარი საფუძვლების მითითების გარეშე მოამზადა დასკვნა.

შემოსავლების სამსახური 20.11.2023 წლის გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნავს, რომ „დასკვნის მიხედვით, სრულყოფილად იქნა შესწავლილი ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია .. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ „გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება“.

შემოსავლების სამსახური არ უთითებს თუ რაში გამოიხატა საკითხის სრულყოფილად შესწავლა, მხოლოდ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28476 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11689 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);161(1);101(1);154(1);