გადაწყვეტილება №20372/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.01.2024
№ დოკუმენტი 20372/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20372/2/2023

26 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,3.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ -ის “ 26.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20372/2/2023).

 

დავის საგანი:

1. მხარეებს შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში ბარტერულ ოპერაციად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა;

2. ბუღალტრული და ფაქტიური ფულადი სახსრების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №006-670 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 3.07.2023 წლის №15632 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 343 541 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 174 504

დღგ - 130 294

საშემოსავლო გადასახადი - 44 210

ჯარიმა - 89 323

საურავი - 79 714

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 26.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33423 ბრძანება და №006-670 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 3.07.2023 წლის №15632 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, დავების განხილვის საბჭოში არსებულ მე-2 დავის საგანთან (ფულადი სახსრების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეესწავლა/გამოეკვლია სადავო საკითხი, მ.შ. ტექნიკური უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 3.07.2023 წლის №15632 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

1. მხარეებს შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში ბარტერულ ოპერაციად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

მომჩივანსა და შპს „------“ (ს/ნ „------“) შორის 2017 წლის 2 ივნისს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მომჩივანმა შეიძინა 1 412 კვ.მ. უძრავი ქონება მდებარე ქ. „------“, „------“-ს ქუჩა 12/10 მიმდებარედ (საკადასტრო კოდი „------“). ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის საფასური განისაზღვრა ერთ კვ.მ.-ზე 160 აშშ დოლარის ოდენობით, სულ 225 920 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვადად განისაზღვრა ორი კალენდარული წელი. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებასთან ერთად დარეგისტრირდა გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის ვალდებულება საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაციიდან არაუმეტეს 6 თვეში ნასყიდობის საგანზე ასაშენებელი შენობის 0 ნიშნულზე ამოყვანა.

აღნიშნულ პირებს შორის იმავე დღეს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ, რომლის მიხედვითაც გამყიდველმა მომჩივანმა აიღო ვალდებულება შპს „------“-ს საკუთრებაში გადასცეს მის მიერ ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობაში ფართის 22,5% (გარდა ავტოფარეხების ფართისა). ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „------“-ზე გადასაცემი ავტოფარეხების ფართი უნდა ყოფილიყო ავტოფარეხების საერთო ფართის 24%. მოცემული ნასყიდობის საფასური ერთ კვ.მ.-ზე განისაზღვრა 175 აშშ. დოლარით, ჯამში 287 927 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის 26 ივნისს განხორციელდა საკუთრების (მიწის) რეგისტრაცია მომჩივანის სახელზე, სადაც ასევე პირობად განისაზღვრა ნასყიდობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების შესრულება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საგადასახადო კოდექსის მე-8, მე-14, მე-16, მე-18,73-ე მუხლის და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, განხორციელებული ოპერაცია განხილულ იქნა გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-16 მუხლის პირველი ნაწილით, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილით, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 171- ე მუხლის პირველი ნაწილით, 2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილით და საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, მომჩივანსა და შპს „------“ -ს შორის 2017 წლის 2 ივნისს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მომჩივანმა შეიძინა 1 412 კვ.მ. უძრავი ქონება მდებარე ქ. „------“, „------“-ს ქუჩა №12/10 მიმდებარედ (საკადასტრო კოდი „------“). ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის საფასური განისაზღვრა ერთ კვ.მ.-ზე 160 აშშ დოლარის ოდენობით, სულ 225 920 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვადად განისაზღვრა ორი კალენდარული წელი. ამავე ხელშეკრულებით მიხედვით, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებასთან ერთად დარეგისტრირდა გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის ვალდებულება საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაციიდან არაუმეტეს 6 თვეში ნასყიდობის საგანზე ასაშენებელი შენობის 0 ნიშნულზე ამოყვანა. აღნიშნულ პირებს შორის იმავე დღეს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ, რომლის მიხედვითაც გამყიდველმა მომჩივანმა აიღო ვალდებულება შპს „----- -ს “ საკუთრებაში გადასცეს მის მიერ ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობაში ფართის 22,5%, ხოლო გადასაცემი ავტოფარეხების ფართი უნდა ყოფილიყო ავტოფარეხების საერთო ფართის 24%. მოცემული უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური ერთ კვ.მ.-ზე განისაზღვრა 175 აშშ. დოლარით, ჯამში 287 927 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის 26 ივნისს განხორციელდა საკუთრების (მიწის) რეგისტრაცია მომჩივანის სახელზე, სადაც ასევე პირობად განისაზღვრა ნასყიდობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების შესრულება.

ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ მხარეთა შორის პრაქტიკულად გარიგება დასრულდა 2017-2018 წლებში, ანუ უძრავი ქონების (მიწის) შეძენა მოხდა 2017 წლის ივნისის თვეში, ხოლო 2018 წლის ივნისში მოხდა შპს „------“ - ზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, აშენებული ფართების მიწოდება, რაზეც შესაბამის პერიოდში გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დაბეგრილ იქნა სრულად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არც ყოფილა გრძელვადიანი კონტრაქტი, მაგრამ მაინც რომც ჩაითვალოს ასეთად, ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები სრულად დასრულდა 2017-2018 წლებში. 2017 წელს მომჩივანს არ უფიქსირდებოდა არანაირი შემოსავალი ან/და ხარჯი, ხოლო 2018 წელში კონტრაქტი დასრულებულია, მაშასადამე 2017 წელში გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით (ნულოვანი ხარჯის გამო) დასაბეგრი ბაზა არ არსებობს, ხოლო 2018 წელში კონტრაქტი დასრულდა და შესაბამისად დაბეგრა კიდეც, ხოლო შემდგომ 2019-2020 წლებში გარიგების გრძელვადიან კონტრაქტად განხილვა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დღგ-ის, საშემოსავლო და მოგების გადასახადის ნაწილში თანხების დარიცხვა არ არის სამართლიანი, აქედან გამომდინარე, მოითხოვს არასწორად დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის №"-----" წერილი, სადაც აღწერილია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულია, რომ ხსენებული ფაქტობრივი გარემოებისა და საგადასახადო კოდექსის მე-8, მე-14, მე-16, მე-18, და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და პირთა მიერ განხორციელებული ოპერაცია განხილულ იქნა გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მხარეთა შორის გარიგების მიხედვით, ოპერაცია დაიწყო 2017 წელს და დასრულდა 2018 წელს, კერძოდ, უძრავი ქონების (მიწის) შეძენა მოხდა 2017 წლის ივნისის თვეში, ხოლო 2018 წლის ივნისში მოხდა შპს „------“-ზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, აშენებული ფართების მიწოდება, რაზეც შესაბამის პერიოდში გამოწერილ იქნა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და დაბეგრა სრულად. გარდა ამისა, 2018 წლის ნოემბერში მოხდა 4 ბინის მიწოდება, რაც დაბეგრა კიდეც საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლა და 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში დღგ-ით დაბეგვრა. ამრიგად, უძრავი ქონების მიწოდება მოხდა 2018 წელში, რომელიც დაბეგრა სრულად და აუდიტის დეპარტამენტის ქმედებით 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე დარიცხვით, გამოდის, რომ ერთი და იგივე ოპერაციაზე ხელმეორედ ხდება დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ამასთან, მის მიერ დაბეგრილ/დეკლარირებულ და აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაბეგრილი თანხების მოცულობებს შორის არსებითი სხვაობაა, რაც კიდევ ყოვლად გაუგებარია.

მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია ოპერაციის მონაწილე მხარეებს შორის, მიწის სანაცვლოდ გადაცემული ფართების გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინებით, საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

2. ბუღალტრული და ფაქტიური ფულადი სახსრების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 15 მარტს განხორციელდა მომჩივანის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 646 ლარის ოდენობით. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, მათ შორის გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების, ასევე ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ინფორმაციის ანალიზის შედეგად 2022 წლის 1 თებერვლისთვის სალაროს ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 36 557 ლარს. შემოწმებით, აღნიშნული თანხა (აგროსილი 45 697 ლარი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სახელფასო განაცემად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ სალაროს ბუღალტრული ნაშთი 36 557 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, შედგება ავანსის დღგ-ის თანხებისგან, რომელსაც ავანსის დღგ-ის თანხების გატარება იწვევდა. შემოწმებამ აღნიშნული თანხები განიხილა, როგორც დუბლირებული გატარებები და მიანიჭა სალაროს ნაშთის კვალიფიკაცია. აცხადებს, რომ შემოწმებას დეტალურად გაუშიფრა ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი (ასევე, ის ხარჯები, რომლებზეც არ იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილი და ასევე ბუღალტრული პროგრამიდან განუსაზღვრა 1480 და 3110 ანგარიშების ბრუნვები).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ინფორმაციის ანალიზით დადგენილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევა, მ.შ. ტექნიკური უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ დარიცხვა 36 557 ლარზე შედგება ავანსის დღგ-ის თანხებისგან, რომელსაც ავანსის დღგ-ის თანხების გატარება იწვევდა და განხილული იქნა, როგორც დუბლირებული გატარებები და მიენიჭა სალაროს ნაშთის კვალიფიკაცია. განმარტავს, რომ აგზავნის მის მიერ მიწოდებულ ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისს, რომელიც დეტალურად გაშიფრა, ასევე გაშიფრა ის ხარჯები, რომლებზეც არ იყო ანგარიშ-ფაქტურები გაწერილი და თვალსაჩინოებისთვის ასევე, ამოვუღე პროგრამიდან 1480-ის და 3110 ანგარიშების ბრუნვები. ამავე ფაილში, sheet-ზე დანართი 2, ყვითლად მონიშნულ ავანსის თანხებზე 32 137.4 ლარზე არის დარიცხვა და ამას კიდევ ემატება 4 420 ლარი ზედნადებით რეალიზაცია, რომლის დაბეგვრაც იყო გამორჩენილი და ამას აღიარებს და ეთანხმება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაგზავნილია აუდიტორთან შემდგომი განხილვის მიზნით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 3.07.2023 წლის №15632 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევა, მ.შ. ტექნიკური უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 3.07.2023 წლის №15632 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.07.2023 წლის №15632 ბრძანება;

3. საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი მიიჩნევს,რომ დღგ-ის, საშემოსავლო და მოგების გადასახადის ნაწილში თანხების დარიცხვა არ არის სამართლიანი, აქედან გამომდინარე, მოითხოვს არასწორად დარიცხული თანხების კორექტირებას.

2.მომჩივანი განმარტავს, რომ დარიცხვა შედგება ავანსის დღგ-ის თანხებისგან, რომელსაც ავანსის დღგ-ის თანხების გატარება იწვევდა და განხილული იქნა, როგორც დუბლირებული გატარებები და მიენიჭა სალაროს ნაშთის კვალიფიკაცია. განმარტავს, რომ აგზავნის მის მიერ მიწოდებულ ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისს, რომელიც დეტალურად გაშიფრა, ასევე გაშიფრა ის ხარჯები, რომლებზეც არ იყო ანგარიშ-ფაქტურები გაწერილი.ასევე გამორჩენილი ჰქონდა დაბეგვრა,ამას აღიარებს და ეთანხმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივანსა და შპს-ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მომჩივანმა შეიძინა უძრავი ქონება.

აღნიშნულ პირებს შორის იმავე დღეს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ, რომლის მიხედვითაც გამყიდველმა მომჩივანმა აიღო ვალდებულება შპს-ს საკუთრებაში გადასცეს მის მიერ ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობაში ფართის 22,5%.ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს-ზე გადასაცემი ავტოფარეხების ფართი უნდა ყოფილიყო ავტოფარეხების საერთო ფართის 24%.აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა საკუთრების რეგისტრაცია მომჩივანის სახელზე, სადაც ასევე პირობად განისაზღვრა ნასყიდობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების შესრულება.

განხორციელებული ოპერაცია განხილულ იქნა გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

2.აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივანის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადამხდელის სალაროში გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი. აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სახელფასო განაცემად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია ოპერაციის მონაწილე მხარეებს შორის, მიწის სანაცვლოდ გადაცემული ფართების გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინებით, საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

2.შემოსავლების სამსახურის 3.07.2023 წლის №15632 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

8,16,18,73(9),101,154,309(107).

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის მუხლი :160,161.