გადაწყვეტილება №21179/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21179/2/2023
23 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ---ს 27.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21179/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 20.01.2022 წლის №749 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №081-16 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 9.10.2023 წლის №24879 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 738 699,55 ლარი.
მათ შორის: დღგ - 472 941
ჯარიმა - 236 470
საურავი - 29 288,55
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 29.05.2015 წელს რეგისტრირებულია სს --- (ს/ნ ---). ხოლო, 5.09.2019 წელს რეგისტრირებულია სს --- (ს/ნ ----). აღნიშნულ რეესტრში 10.02.2020 წლიდან სს ---ს (ს/ნ ----) საფირმო სახელწოდება დაფიქსირებულია სს --- (ს/ნ ---). 23.06.2020 წელს სს ---- (ს/ნ ----) შეერწყა სს --- (ს/ნ ----). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 1.09.2020 წლიდან სს ---ის (ს/ნ ---) საფირმო სახელწოდება დაფიქსირებულია სს ---- (ს/ნ ---).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სს ---ის (ს/ნ ---) და მასთან შერწყმული სს ---ს (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რაზეც შედგენილია 25.09.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმებულია დღგ-ით დასაბეგრი/გათავისუფლებული ოპერაციების კანონმდებლობის შესაბამისად დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის იანვრის თვე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სს ---ის (ს/ნ ---) 21.01.2020 წლის აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. 23.06.2020 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ სს --- (იგივე სს ---- შეერწყა სს ----).
შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად სს --- (ს/ნ ---) წარმოადგენს სს ----ის (იგივე სს ----) უფლებამონაცვლეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 17.01.2020 წელს სს ----მ (ს/ნ ---) 9.01.2020 წელს ---გან (ს/ნ ----) მიღებული აქტივები (სასაქონლო ზედნადებით 579 761,11 ლარის ღირებულებით) საბაზრო ღირებულებით შეაფასებინა შპს ----ს (ს/ნ ---), რომლის მიხედვით 21.01.2020 წელს მომზადებული დასკვნის საფუძველზე, მიღებული აქტივების ჯამური საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 1 102 700 ლარის ოდენობით. 2020 წლის იანვრის თვეში სს ----მ (ს/ნ----) თავის 100 %-იან მფლობელობაში არსებული სს ---ის (ს/ნ ---) კაპიტალში განახორციელა შემდეგი აქტივების შეტანა:
1) 9.01.2020 წელს სს ---გან (ს/ნ ---) მიღებული მოძრავი ქონება (სამედიცინო და სხვა ინვენტარი), რომლის შეფასებული საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 1 102 700 ლარით (მათ შორის იმ საქონელის საბაზრო ღირებულებამ, რომლის მიწოდებაც საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია ჩათვლის უფლების გარეშე, შეადგინა 313 810 ლარი);
2) შენობა-ნაგებობა მთლიანი ფართით 1 462,13 კვ. მ (ს/კ----), რომელიც აუდიტორული კომპანია შპს ---ს (ს/ნ ----) მიერ შეფასებულია და საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 700 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც კაპიტალში შეტანის მომენტში არსებული კურსის გათვალისწინებით შეადგენს 2 014 670 ლარს;
3) მოძრავი ქონება, კერძოდ ავეჯი, თეთრეული და სხვა ინვენტარი, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 296 830 ლარი.
სს ---ის (იგივე სს ----) (ს/ნ --) რეგისტრირებულია 5.09.2019 წელს. აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილი სს ----ს (ს/ნ ---) დირექტორების განცხადებით კომპანიამ მის დაფუძნებულ კომპანიაში, სს ---ში (იგივე სს----) 2020 წლის იანვარში განახორციელა კაპიტალში აქტივების შეტანა კლინიკის გახსნის მიზნით.
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შერწყმამდე პერიოდში სს ---ს (იგივე სს ---ის) (ს/ნ ----) საქმიანობას წარმოადგენდა სამედიცინო საქმიანობა და აღნიშნულ პერიოდში დეკლარაციების მიხედვით, ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები წარმოადგენს მთლიანი ბრუნვის 99,41 %-ს.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, სს ---- ვალდებული იყო მის კაპიტალში შეტანილი აქტივების საბაზრო ღირებულებებიდან გამომდინარე 2020 წლის იანვრის თვეში მოეხდინა დღგ-ის აღდგენა.
შესაბამისად, შემოწმების შედეგად გაანგარიშებული იქნა ბიუჯეტის კუთვნილი დღგ, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების შედეგებზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.10.2020 წლის №081-272 საგადასახადო მოთხოვნა (----) და 2.10.2020 წლის №081-273 საგადასახადო მოთხოვნა (სს ----). აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში:
- შემოსავლების სამსახურის 10.12.2020 წლის №36712 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტის 2.10.2020 წლის №081-272 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე სს ---- 30.10.2020 წლის და 5.11.2020 წლის საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
- შემოსავლების სამსახურის 10.12.2020 წლის №36713 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტის 2.10.2020 წლის №081-273 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე სს ----ის (ს/ნ ---) უფლებამონაცვლის სს --- 30.10.2020 წლის და 5.11.2020 წლის საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 10.12.2020 წლის №36712 და №36713 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 8.07.2021 წლის №12000/2/2020 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 10.12.2020 წლის №36712 და №36713 ბრძანებები და საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 8.07.2021 წლის №12000/2/2020 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული სს ---- უფლებამონაცვლის სს ---- №54446/1/2020 და №54576/1/2020 საჩივრები და 20.01.2022 წლის №749 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გამიჯნოს კაპიტალში შენობის და სასტუმროსთვის განკუთვნილი აქტივების შეტანის ოპერაციის მიხედვით ჩასათვლელი დღგის თანხები და აღნიშნული ოპერაციების მიხედვით, სასტუმროსთვის განკუთვნილ ფართზე/აქტივებზე დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 20.01.2022 წლის №749 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების და გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით გადაანგარიშების ეტაპზე ხელახლა შესწავლილ იქნა აქტით დარიცხული სადავო საკითხებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება. შემოწმების ბრძანების პირობებში, 2020 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდისთვის, საზოგადოების კაპიტალში შეტანილი შენობა (ს/კ ---- წარმოადგენდა სასტუმროს და 2020 წლის იანვარში დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანის გზით გადაცემულ იქნა სს ----ზე 6.04.2020 წლის ახსნა-განმარტების მიხედვით კლინიკის გახსნის მიზნით) და სხვა აქტივები საგადასახადო კოდექსის 168- ე მუხლის მე-4 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის და 174-ე მუხლის მიხედვით, მათი საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე დაექვემდებარა დღგ-ის აღდგენას.
სს ----, 21.01.2020 წლის აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. 23.06.2020 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ სს ---- შეერწყა სს ----. შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მიხედვით დგინდება, რომ შერწყმამდე პერიოდში სს ---- საქმიანობას წარმოადგენდა სამედიცინო საქმიანობა და აღნიშნულ პერიოდში დეკლარაციების მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები წარმოადგენს მთლიანი ბრუნვის 99,41%-ს. გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ კაპიტალში შეტანილი შენობა და სხვა აქტივები გამოიყენებოდა ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შესაძლებელია. თუმცა, საზოგადოების მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი 28.01.2020 წლის ახსნა-განმარტებაში მომჩივანი მიუთითებს, რომ ----- მდებარე შენობაში იმ პერიოდისთვის მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და აქედან გამომდინარე, საქმიანობის განხორციელება სასტუმროს ფუნქციონირებისთვის ჯერ დაწყებული არ ჰქონდა, ხოლო სს --- საქმიანობის 100% წინა წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით მხოლოდ სამედიცინო საქმიანობას მოიცავდა. შესაბამისად, ბრძანებით შესამოწმებელ პერიოდში, 2020 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდისთვის გამიჯვნადი არ არის შენობის მთლიანი ფართიდან და სხვა აქტივებიდან რა ნაწილი გამოიყენებოდა სასტუმროს ფუნქციონირებისთვის და კლინიკისთვის.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილების, 96-ე მუხლის და შემოსავლების სამსახურის 20.01.2020 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად, შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში შემოწმების მიერ განსაზღვრული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძველი მართლზომიერია და არ კმაყოფილდება გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილი პოზიცია საგადასახადო ვალდებულების შემცირებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას).
აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №081-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.10.2023 წლის №24879 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, სს ---ს (ს/ნ ---) 21.01.2020 წლის აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. 23.06.2020 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ სს ---- შეერწყა სს ---ს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა მიხედვით, შერწყმამდე პერიოდში სს ---ის საქმიანობას წარმოადგენდა სამედიცინო საქმიანობა და აღნიშნულ პერიოდში დეკლარაციების მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები წარმოადგენს მთლიანი ბრუნვის 99,41%-ს. 2020 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდისთვის შენობაში მიმდინარეობდა რემონტი, ხოლო სასტუმროს ფუნქციონირება ჯერ დაწყებული არ ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამიჯვნადი არ არის შენობის მთლიანი ფართიდან და სხვა აქტივებიდან რა ნაწილი გამოიყენებოდა სასტუმროს ფუნქციონირებისათვის და რა ნაწილი - კლინიკისათვის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბუღალტრული გატარებების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას სასტუმროდან შემოსავალი არ უფიქსირდება. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა ჩათვალა, რომ საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ წარმოადგენს მოთხოვნა, აღდგენილი იქნას შემოწმების მიერ არასწორად გაუქმებული დღგ-ის ჩათვლა, რომელიც შეეხება კაპიტალში შეტანილ იმ აქტივებს (სასტუმროს შენობა და სასტუმროსთვის განკუთვნილი სხვა აქტივები), რომელიც ცალსახად ყოველთვის (მათ შორის თავდაპირველად) გამიზნული იყო დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების დანიშნულებისთვის (რაზედაც წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები). შემოწმების მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასების გამო, არასწორად ხდება საგადსახადო კოდექსის ნორმების გამოყენება. კერძოდ, სასტუმროს აქტივების როგორც გაუმიჯნავ აქტივებად განხილვა და შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების იმ რეგულაციების გამოყენება, რომლებიც ითვალისწინებენ ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში გამოყენებული გაუმიჯნავი საქონელის ან მომსახურების ან ძირითადი საშუალების ჩათვლების განხორციელების რეგლამენტაციას საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით. შემოწმებამ გადაანგარიშების ეტაპზე არ მოახდინა არასწორად გაუქმებული დღგ-ის ჩათვლების აღდგენა და დღგ-ის ჩათვლის აღდგენის არამართლზომიერება დაუკავშირა ობიექტის ფუნქციონირებას.
საწარმოს კაპიტალში შენატანის სახით აქტივების მიწოდებისას მიღებული დღგ-ის ჩათვლა შემოწმების შედეგად გაუქმდა, როგორც კაპიტალში შეტანილი აქტივების იმ ნაწილში, რომელიც გამოიყენებოდა ან გამოყენებული იქნებოდა სამედიცინო საქმიანობისათვის, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ასევე სასტუმრო მომსახურებისთვის გამიზნული და განკუთვნილი აქტივების (როგორც უძრავი, ასევე მოძრავი) ნაწილში, რომლის გამოყენების მიზნობრიობას წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები. შესაბამისად, შემოწმებამ თავდაპირველად არასწორად გააუქმა ჩათვლა, ასევე გადაანგარიშების ეტაპზე არ გამიჯნა კაპიტალში შენობის და სასტუმროსთვის განკუთვნილი აქტივების შეტანის ოპერაციის მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები და სასტუმროსთვის განკუთვნილ ფართზე/აქტივებზე დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაუქვემდებარა შემცირებას, რითაც დაარღვია აღსადგენი დღგ-ის ჩათვლის გაანგარიშების წესი.
სააქციო საზოგადოების კაპიტალში განხორციელებულ შენატანები იყო 2 014 670 ლარის ღირებულების (დღგ-ის ჩათვლით) უძრავი ქონება (ს/კ ---), რომელიც წარმოადგენს კომერციული დანიშნულების მრავალსართულიან შენობა-ნაგებობას საერთო ფართით 1 462,13 კვ. მ და მასზე დამაგრებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფართით 453 კვ. მ. შენობის მთლიანი ფართიდან (1 462,13 კვ. მ) 97 კვ. მ გაყოფილი იქნა კლინიკისთვის, ხოლო 1 365,13 კვ. მ - სასტუმროსათვის (დანართი), რომლის კუთვნილი ჩათვლილი დღგ-ის თანხა 286 934 ლარი არ ექვემდებარება გაუქმებას, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა შესამცირებელია 286 934 ლარით. ასევე მიუღებელია კაპიტალში აქტივების მიწოდებისას სასტუმროს საჭიროებისათვის გადაცემული მოძრავი აქტივების შესაბამისი ჩათვლილი დღგ-ის გაუქმება. აღნიშნული აქტივებიც მხოლოდ დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენებისთვისაა განკუთვნილი და აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა შესამცირებელია 45 279,15 ლარით. ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასების მიზნით დადასტურებულია და წარმოდგენილია მტკიცებულებები (დანართები), რომ აქციონერს კაპიტალში შეტანილი ზემოთ აღნიშნული უძრავი და მოძრავი ქონება შეძენილი აქვს როგორც სასტუმრო (ნასყიდობის საგანი) სავაჭრო მარკით--- და სასტუმროს ინვენტარი.
პოზიცია სადავო საკითხთან მიმართებაში ეყრდნობა შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის ნორმებს, კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში. ამასთანავე, ითვლება, რომ აქტივების მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით აქტივების მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო ჩათვლა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია სამედიცინო მომსახურების გაწევა. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 და მე-7 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნავს, რომ შემოწმებამ ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასების და წარმოდგენილი მტკიცებულებების იგნორირების გამო, გადაანგარიშების ეტაპზე არ მოახდინა არასწორად გაუქმებული დღგ-ის ჩათვლების აღდგენა და გადაწყვეტილების საფუძველში დღგ-ის ჩათვლის აღდგენის არამართლზომიერება დაუკავშირა ობიექტის ფუნქციონირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში. ამასთანავე, ითვლება, რომ აქტივების მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით აქტივების მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო ჩათვლა.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია სამედიცინო მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-4 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ამ მუხლის მე-5–მე-11 ნაწილების გათვალისწინებით, თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებულ იქნა ისეთ ოპერაციებში, რომელთა დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება გაუქმებას იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც ის ამგვარ ოპერაციებში იქნა გამოყენებული.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებულ იქნა მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარება გაუქმებას.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ძირითადი საშუალების მიხედვით, თუ იგი გამოყენებულ იქნა ან/და იქნება მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს აქვს ჩათვლის მიღების უფლება, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა, და ჩათვლილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარება გაუქმებას.
შემოსავლების სამსახურის 20.01.2022 წლის №749 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გამიჯნოს კაპიტალში შენობის და სასტუმროსთვის განკუთვნილი აქტივების შეტანის ოპერაციის მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები და აღნიშნული ოპერაციების მიხედვით, სასტუმროსთვის განკუთვნილ ფართზე/აქტივებზე დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, 2020 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდისთვის, საზოგადოების კაპიტალში შეტანილი შენობა (ს/კ --- წარმოადგენდა სასტუმროს და 2020 წლის იანვარში დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანის გზით გადაცემულ იქნა სს ---ზე იგივე სს ---ზე 6.04.2020 წლის ახსნა-განმარტების მიხედვით კლინიკის გახსნის მიზნით) და სხვა აქტივები საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის და 174- ე მუხლის მიხედვით, მათი საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე დაექვემდებარა დღგ-ის აღდგენას.
სს ---ის (ს/ნ ---), 21.01.2020 წლის აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. 23.06.2020 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ სს ----ს (იგივე სს----) (ს/ნ ----) შეერწყა სს --- (ს/ნ ---).
შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მიხედვით დგინდება, რომ შერწყმამდე პერიოდში სს ---ის (იგივე სს ---) (ს/ნ ----1) საქმიანობას წარმოადგენდა სამედიცინო საქმიანობა და აღნიშნულ პერიოდში დეკლარაციების მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები წარმოადგენს მთლიანი ბრუნვის 99,41%-ს.
გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ კაპიტალში შეტანილი შენობა და სხვა აქტივები გამოიყენებოდა ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შესაძლებელია. თუმცა, საზოგადოების მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი 28.01.2020 წლის ახსნა-განმარტებაში მომჩივანი მიუთითებს, რომ ---- მდებარე შენობაში იმ პერიოდისთვის მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და აქედან გამომდინარე, საქმიანობის განხორციელება სასტუმროს ფუნქციონირებისთვის ჯერ დაწყებული არ ჰქონდა, ხოლო სს ---ის საქმიანობის 100% წინა წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით მხოლოდ სამედიცინო საქმიანობას მოიცავდა. შესაბამისად, ბრძანებით შესამოწმებელ პერიოდში, 2020 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდისთვის გამიჯვნადი არ არის შენობის მთლიანი ფართიდან და სხვა აქტივებიდან რა ნაწილი გამოიყენებოდა სასტუმროს ფუნქციონირებისთვის და კლინიკისთვის. გადაანგარიშების ეტაპზე, შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში შემოწმების მიერ განსაზღვრული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძველი მართლზომიერია და არ კმაყოფილდება გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილი პოზიცია საგადასახადო ვალდებულების შემცირებასთან დაკავშირებით. საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ახსნა-განმარტების მიხედვით 2020 წლის იანვარში დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანის გზით შენობა გადაცემულ იქნა კლინიკის გახსნის მიზნით, კომპანიას გააჩნდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები გავლენას ახდენს შემდგომ პერიოდებში გასაანგარიშებელი დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნით, სადავო საკითხები შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 20.01.2022 წლის №749 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 20.01.2022 წლის №749 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №081-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.10.2023 წლის №24879 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა 2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
168; 174.