გადაწყვეტილება №20701/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20701/2/2023
12 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 29.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20701/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №225-9 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 აგვისტოს №20211 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 38 203,26 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 20 230
დღგ - 12 318
საშემოსავლო გადასახადი - 7 912
ჯარიმა - 10 206
საურავი - 7 767,26
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 20 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №15529 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №225-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20211 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში გამოირკვა, რომ გადამხდელს მოიჯარეები გადახდის წყაროსთან უკავებდნენ საშემოსავლო გადასახადს, მიუხედავად იმისა, რომ პირი რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, მე-100 და 105-ე მუხლების შესაბამისად, განისაზღვრა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი და ხარჯი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული პირი, ვალდებული იყო თავად მოეხდინა იჯარით მიღებული შემოსავლის აღრიცხვა, დეკლარირება და დაბეგრა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მან აღიარა ნაწილობრივ დარიცხვა დღგ-ის ნაწილში. რაც შეეხება დანარჩენ თანხას არ ეთანხმება ვინაიდან მოქმედებდა როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი სამართლებრივი შეცდომის არეალში.
სახელმწიფო ბიუჯეტმა არანაირი ზიანი არ მიიღო და მხოლოდ იმაზე მსჯელობა, რომ ვალდებული იყო თავად მოეხდინა იჯარით მიღებული შემოსავლის აღრიცხვა, დეკლარირება საგადასახადო კოდექსის ბუნდოვან მე-80 მუხლზე დაყრდნობით ნამდვილად გაუგებარია.
ამ მუხლის შინაარსით ნამდვილად არ ირკვევა, ვინ უნდა გადაიხადოს გადასახადი და როდის. მომჩივანი განმარტავს, რომ ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი მოიჯარეების მიერ დაკავებულია გადახდის წყაროსთან.
ნამდვილად შეცდა როდესაც შეადგენინეს ასეთი ხელშეკრულება მაგრამ მისი მხრიდან და საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მის მიერ საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტში გადახდილი აქვს 2019 წლიდან 2023 წლის მაისამდე გადახდილია 76 834 ლარი. გამოდის ორმაგი გადახდა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი უკავდება გადახდის წყაროსთან მოიჯარეების მიერ მიუხედავად იმისა, რომ გადამხდელი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. შემოწმების შედეგად, შემოსავლის დაანგარიშების ნაწილში გამოყენებულ იქნა საიჯარო ხელშეკრულება, ხოლო ხარჯების ნაწილში - რემონტის და კომუნალური ხარჯები.
საგადასახადო კოდექსის 153-ე და 154-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მომჩივანი, რომელიც რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ ვალდებული იყო თავად შეესრულებინა საგადასახადო ვალდებულება. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №225-9 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა - 10 206 ლარის ოდენობით და დაერიცხა საურავი - 7 767,26 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების მართლზომიერებას და ასევე ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20211 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 80(1); 100(1); 102(1-ა); 105(1); 269(7);