ბრძანება N 6356

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.03.2024
№ დოკუმენტი 6356
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6356

25 მარტი 2024

ბრძანება

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(მის.: „-------“)

2024 წლის 7 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 მარტის სხდომაზე (ოქმი №29) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ „-------“) 2024 წლის 7 მარტის №88323/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 თებერვლის №066-1 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება განხორციელებული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ საქმიანობას, რადგან მისი საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული მოსახლეობის სოციალურად უზრუნველყოფასთან, მათ შორის, სააღმზრდელო დაწესებულებებში ან/და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევასთან. ამასთან, განმარტავს, რომ რადგან საქონლის შეძენა ხორციელდება ფიზიკური პირებისგან, აღნიშნული უნდა ჩაითვალოს სოფლის მეურნეობის შედეგად მიღებულ პროდუქციად, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ისგან და შესაბამისად, არ უნდა მომხდარიყო მისი დღგ-ით დაბეგვრა.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 ივნისის №14383 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“-ის (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 26 ივლისიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 6 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 7 თებერვლის №2300 ბრძანება და ამავე თარიღის №066-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 36 924 ლარი, მათ შორის, გადასახადი 24 943 ლარი, ჯარიმა 7 958 ლარი, საურავი 4 023 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა სათბობი მასალებით (დახერხილი-დაპობილი საღუმელედ გამზადებული შეშა) ვაჭრობა, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის გზით (მაგ. "--------"-ის რაიონის გამგეობის მიერ სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული მოქალაქეებისთვის, "--------"-ს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებისთვის, ქ. "--------"-ის სკოლამდელი აღზრდის ცენტრისთვის, "-------"-ის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „------ -თვის “ და სხვა) საწვავი ხის მასალის (დახერხილი-დაპობილი საღუმელედ გამზადებული შეშა) მიწოდება-ტრანსპორტირება ბენეფიციარების განსაზღვრულ მისამართზე. შემოწმების მიერ განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონული სახით წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, ახსნა-განმარტების შესწავლა, რომლის მიხედვით, კომპანიას 2023 წლის 20 იანვარს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვრა დღგის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად,გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფასთან, მათ შორის, სააღმზრდელო დაწესებულებებში ან/და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბავშვთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა ან/და ავადმყოფთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, 60 წელზე მეტი ასაკის პირთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა და მოხუცებულთა თავშესაფრისთვის საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის გზით ახორციელებს საწვავი ხის მასალის მიწოდება-ტრანსპორტირებას. საწარმო აღნიშნულ ოპერაციას ახორციელებს "--------"-ს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებისთვის, ქ. "------"-ის სკოლამდელი აღზრდის ცენტრისთვის, "------"-ის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „------- თვის “ და სხვა. შემოწმების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონული სახით წარდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად კომპანია 2023 წლის 20 იანვარს დაექვემდებარა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.

გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, რომლის მიხედვით, ვინაიდან ზემოაღნიშნული საქონლის მიწოდება-ტრანსპორტირებას კომპანია ახორციელებს ტენდერის ფარგლებში და ვინაიდან საქონელს აწვდის "-------"-ის რაიონის გამგეობის მიერ სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მოქალაქეებს, "---------"ს მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებს, ქ. "------"-ის სკოლამდელი აღზრდის ცენტრს, "------"-ის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „------- -ს “ და სხვას, სახეზე არ დგას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები, რადგან კომპანიის მიერ განხორციელებული ოპერაცია, კერძოდ, საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა უშუალოდ არ არის დაკავშირებული მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფასთან. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია და დღგ-ის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება განხორციელებული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობის სფეროა სათბობი მასალებით ვაჭრობა, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის გზით საწვავი ხის მასალის მიწოდება-ტრანსპორტირება ბენეფიციარების განსაზღვრულ მისამართზე.კომპანიას 2023 წლის 20 იანვარს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვრა დღგის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

158,159,163,164,165,168,170,282.