გადაწყვეტილება №27261/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27261/2/2026
30 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,5.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 29.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27261/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13478 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2026 წლის №086-1 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6396 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 268 792.7 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 128 949.52
დღგ - 46 772.54
ქონების გადასახადი - 448.92
საშემოსავლო გადასახადი - 81 728.06
ჯარიმა - 71 549.13
საურავი - 68 294.05
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა გზების მშენებლობა, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის გზით, თუმცა უფიქსირდება, ასევე კერძო პირებისთვის მომსახურების გაწევაც.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:
გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, რომლის მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთად უფიქსირდება ვალდებულება საწარმოს პერსონალის წინაშე 392 000 ლარის ოდენობით, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენდა 1 000 ლარს, ამასთან, 391 000 ლარი გადახდილი იყო შესამოწმებელ პერიოდში სრულად სალაროდან. აღნიშნული ვალდებულება გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვის თანახმად, დაბალანსებული ჰქონდა, როგორც წინა პერიოდში მიღებული ზარალი (წინა პერიოდის დაგროვილი ზარალი ფიქსირდებოდა 561 136 ლარის ოდენობით). შემოწმების პროცესში განხორციელდა ხანდაზმული პერიოდის ანალიზი, კერძოდ, დეკლარირებული შემოსავლებისა და დოკუმენტური ხარჯების შეპირისპირება, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს ხანდაზმულ პერიოდში ზარალი არ მიუღია. ასევე, გადამოწმდა 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების მონაცემები, რომლითაც დადგინდა, რომ საწარმოს 2021 წლის ბოლოსთვის არ გააჩნდა ვალდებულება საწარმოს პერსონალის მიმართ, ხოლო საბოლოო დაგროვებული ზარალი შეადგენდა 7 199 ლარს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამფუძნებლის მიერ გატანილი თანხის ნაწილი - 391 000 ლარი დაკვალიფიცირდა, როგორც ხელფასის სახით განაცემი და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13478 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. ინფორმაცია კაპიტალის შესახებ. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13478 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 20 იანვარს გამოცემული დასკვნის საფუძველზე, დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 56 029 ლარით, მათ შორის, გადასახადი 37 352 ლარით და ჯარიმა 18 677 ლარით.
აღნიშნულზე, მომჩივანს წარედგინა 26.01.2026 წლის №810 და №086-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6396 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილსა და 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნასა და მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ გადასახადის გადამხდელს ხანდაზმულ პერიოდში უფიქსირდებოდა ზარალი 318 548 ლარის ოდენობით, ნაცვლად 561 136 ლარისა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქმე ეხება ხანდაზმულ საგადასახადო პერიოდში განხორციელებული ოპერაციის საფუძველზე წარმოშობილ „არასწორ ინტერპრეტირებულ“ საფუძველს, რომლის მიმართაც დაერიცხა გადასახადი. ხანდაზმულ პერიოდზე ჩანაწერების არ ქონის გამო ვერ ახდენს მომხდარი ოპერაციების იდენტიფიცირებას. აქვს ბუღალტრული ბალანსი 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მას შემდგომ პერიოდის დეტალური ტრანზაქციები.
აუდიტორის მოსაზრებით პროგრამა „ორისში“ ზარალი მხოლოდ დამაბალანსებლად არის ნაჩვენები, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნულის საილუსტრაციოდ წარმოადგენს შემოსავლების გვერდზე არსებული ინფორმაციით დამზადებულ მოგება ზარალის უწყისს (დანართი 6).
შემმოწმებელი მიუთითებს - რომ პროგრამა „ორისი“ დაბალანსებულია - წინა პერიოდის დაგროვილი ზარალით, 561 136 ლარის ოდენობით. ხანდაზმული პერიოდის დასრულების შემდგომ, ზედაპირულად ჩატარებული, წინა პერიოდების ანალიზიდან გამომდინარე, 2017-2021 წლებში მიღებული დაგროვილი ზარალი შეადგენს 322,779.67 ლარს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ ხანდაზმულ პერიოდში, ბიზზნესის დაწყებისას, იჯარით აღებული ფართი არ იყო მოწყობილი „საკლუბო“ ბიზნესისთვის. მის სათანადოდ მოწყობას დასჭირდა სათანადო ინვენტარის და ავეჯის შეძენა. მფლობელთან წარსული მოვლენების ანალიზისას გამოვლინდა შეძენილი მეორადი ავეჯი, ტექნიკა და სხვა აქტივები. ითხოვს, გათვალისწინდეს ყოველივე ზემოთ აღნიშნული, ასევე ხანდაზმული პერიოდის ინტერპრეტირება და ნუ შეიცვლება კვალიფიკაცია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 წაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენებით კომპანიის დამფუძნებელზე უკან გატანილ თანხებს. კომპანია მომგებიანი, რომ ყოფილიყო ნამდვილად არ მოხდებოდა მისი შეჩერება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13478 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. ინფორმაცია კაპიტალის შესახებ. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13478 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 20 იანვარს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით და ამავე დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №13478 ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები (გაანგარიშება). აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შესწავლილ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა ნაწილობრივ, ასევე, განხორციელდა ხანდაზმული პერიოდის (საწარმოს დაფუძნების დღიდან შესამოწმებელ პერიოდამდე) ანალიზი (დეკლარირებული შემოსავლებისა და დოკუმენტური ხარჯების შეპირისპირება), რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ხანდაზმულ პერიოდში უფიქსირდებოდა ზარალი 318 548 ლარის ოდენობით, ნაცვლად 561 136 ლარისა. შედეგად საგადასახადო შემოწმებისას დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 56 029 ლარით, მათ შორის, გადასახადი 37 352 ლარით და ჯარიმა 18 676 ლარით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში თავადვე განმარტავს და ადასტურებს, რომ ხანდაზმულ პერიოდზე ზარალის ოდენობასთან დაკავშირებით ვერ წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13478 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს, არ შეეცვალოს კვალიფიკაცია სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 წაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენებით კომპანიის დამფუძნებელზე უკან გატანილ თანხებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, რომლის მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთად უფიქსირდება ვალდებულება საწარმოს პერსონალის წინაშე 392 000 ლარის ოდენობით, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენდა 1 000 ლარს, ამასთან, 391 000 ლარი გადახდილი იყო შესამოწმებელ პერიოდში სრულად სალაროდან. აღნიშნული ვალდებულება გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვის თანახმად, დაბალანსებული ჰქონდა, როგორც წინა პერიოდში მიღებული ზარალი.შემოწმების პროცესში განხორციელდა ხანდაზმული პერიოდის ანალიზი, კერძოდ, დეკლარირებული შემოსავლებისა და დოკუმენტური ხარჯების შეპირისპირება, რის შედეგადაც გადამხდელს ხანდაზმულ პერიოდში ზარალი არ მიუღია. ასევე, გადამოწმდა 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების მონაცემები, რომლითაც დადგინდა, რომ საწარმოს 2021 წლის ბოლოსთვის არ გააჩნდა ვალდებულება საწარმოს პერსონალის მიმართ, ხოლო საბოლოო დაგროვებული ზარალი შეადგენდა.სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამფუძნებლის მიერ გატანილი თანხის ნაწილი დაკვალიფიცირდა, როგორც ხელფასის სახით განაცემი და სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა ასევე დაეკისრა ჯარიმა .
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13478 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21).