გადაწყვეტილება №19456/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.07.2023
№ დოკუმენტი 19456/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19456/2/2023

13 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“- ის 20.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19456/2/2023).

 

დავის საგანი:

საწარმოს მოგების გაცემულ დივიდენდად განხილვა და მოგების და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №007-370 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მარტის №5608 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 58 218 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 32 299

მოგების გადასახადი - 25 169

საშემოსავლო გადასახადი - 7 130

ჯარიმა - 16 150

საურავი - 9 769

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა ავტო ნაწილებით ვაჭრობა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 დეკემბრის №31739 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი ---------- ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანიების დავალებით საქონლის შემოტანას ახორციელებს საბაჟო საწყობის რეჟიმით ----------დან, შემოტანილი საქონელი რეექსპორტის რეჟიმით ----------ის და ----------ის კომპანიების დავალებით გატანილია ---------- რესპუბლიკაში. მომჩივანი შეძენილი საქონლის ღირებულებას თითოეულ რეექსპორტის ოპერაციაზე ამატებს ფიქსირებულ თანხას და აღნიშნული თანხით აწვდის მყიდველს. 2019-2021 წლებში საქონლის მიწოდება ხორციელდება ძირითადად ორ კომპანიაზე: 1) „----------“, რომლის ბენეფიციარი მფლობელი რეგისტრირებულია შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (დამფუძნებელი კომპანიები რეგისტრირებული არიან ----------), 2) „----------“, რომელიც რეგისტრირებულია ---------- ფიზიკური პირების მიერ. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საქონლის მომწოდებელს, მომჩივანს და საქონლის მყიდველებს შორის დგება სამმხრივი შეთანხმების აქტები და თანხის დაფარვა საქონლის მყიდველის მიერ ხდება პირდაპირ საქონლის მომწოდებელთან. აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობა წარმოადგენს კომპანიის მიერ საქონლის მიწოდების შედეგად მიღებულ მოგებას, რომელიც გადასახადის გადამხდელის განმარტებით, დაფარული არ არის და წარმოადგენს დებიტორულ დავალიანებას. საწარმოს 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში წარდგენილი აქვს ნულოვანი დეკლარაციები, გარდა 2019 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის საანგარიშო პერიოდებისა, სადაც ფიქსირდება დივიდენდის გაცემა 8 015 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერებისა და საქონლის მიწოდების/შესყიდვის ინვოისების ანალიზის საფუძველზე, განისაზღვრა საწარმოს მოგება, რომელიც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, ამავე კოდექსის 97-ე და 981 მუხლების შესაბამისად ჩაითვალა განაწილებულად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გაცემული დივიდენდი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესაბამისი განაკვეთით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №32748 ბრძანება და №007-370 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 58 218 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 15 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 22 მარტის №5608 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 73-ე, 96-ე, 97-ე, 981, 130-ე, 154- ე, 43-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საწარმოს კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნამდე აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის მიერ განხორციელდა კომპანიის საგადასახადო რისკების მიმოხილვა, რომლის შედეგებზეც შედგა 2022 წლის 10 ნოემბრის საგადასახადო რისკების მიმოხილვის დასკვნა, რომელიც გადამხდელს გაეგზავნა მომხმარებლის ელექტრონულ ვებგვერდზე (გაცნობილია). აღნიშნული დასკვნის მიხედვით, გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია მიღებული მოგების ოდენობის გაცემულ დივიდენდად დაკვალიფიცირებასთან და დივიდენდის თანხის მოგების გადასახადით და საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან დაკავშირებით, რაც გადამხდელის მიერ არ განხორციელებულა. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არც დავის წარმოების ეტაპზე არ წარუდგენია მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი იმგვარი დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია ახორციელებდა ტვირთების რეექსპორტს. ამჟამად, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთის ფედერაციის და ბელორუსის მიმართ ამოქმედებული სანქციების გამო, ძირითადმა დამკვეთებმა შეაჩერეს საქმიანობა. მათი მომხმარებლები ძირითადად იყვნენ ---------- ფედერაციაში მომუშავე კომპანიები. სანქციების გამო შეუძლებელია მათგან გადახდების მიღება, რაც შესაბამისად აფერხებს მომჩივნისთვის თანხის ჩარიცხვას. აქტში მითითებული მოგების თანხა წარმოადგენს კომპანიის დებიტორულ დავალიანებას, რომელიც ჯერ არ არის მიღებული.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი გულისხმობს სამეურნეო ოპერაციის შინაარსის ცვლილებას. მოცემულ შემთხვევაში საბანკო ამონაწერში არ არის ისეთი ოპერაცია, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს მოგების განაწილებად, ანუ თანხის გატანა ისეთი დანიშნულებით, რომელიც შეიძლება რეკლასიფიცირდეს როგორც მოგების განაწილება. აღნიშნულ პერიოდში არ ფიქსირდება კომპანიის დამფუძნებლის ან დირექტორის სახელზე საქვეანგარიშოდ ან სხვა სახით გაცემული თანხების ნაშთი, რაც შეიძლება რეკლასიფიცირდეს როგორც მოგების განაწილება. აგრეთვე, დამფუძნებლის ან დირექტორის სახელზე არ მომხდარა კომპანიის სახელზე რიცხული ქონების მიწოდება/გადაფორმება. დებიტორული დავალიანება არ წარმოადგენს სამეურნეო ოპერაციას და მისი გაცემული/განაწილებული მოგების სახით რეკლასიფიცირება არ არის სამართლიანი. საგადასახადო კოდექსის 97-ე და 98-ე მუხლების თანახმად მოგების განაწილების ფაქტი არ მომხდარა გარდა საწარმოს მიერ დეკლარირებული შემთხვევისა.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს დარიცხული თანხა სრულად, რადგან კომპანიას არ განუხორციელებია მოგების განაწილება არანაირი სახით, არც ფულადი და არც არამატერიალურ სახით.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, საწარმოს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, არ აქვს გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგება, 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში წარდგენილი აქვს ნულოვანი დეკლარაციები, მხოლოდ 2019 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის საანგარიშო პერიოდებში ფიქსირდება დივიდენდის გაცემა 8 015 ლარის ოდენობის. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზებში არსებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერებისა და საქონლის მიწოდების/შესყიდვის ინვოისების ანალიზის საფუძველზე, განისაზღვრა საწარმოს მოგება, რომელიც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ჩაითვალა განაწილებულად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გაცემული დივიდენდი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. აღსანიშნავია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის მიერ განხორციელდა რისკის მიმოხილვის პროცედურა. რისკის მიმოხილვის ფარგლებში გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა რისკის მიმოხილვის დასკვნა და მიეცა რეკომენდაცია დეკლარაციების დაზუსტებასთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში. მომჩივანი გაეცნო რისკის მიმოხილვის დასკვნას, თუმცა დეკლარაციების დაზუსტება არ განუხორციელებია.

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ აქტში მითითებული მოგების თანხა წარმოადგენს კომპანიის დებიტორულ დავალიანებას, რომელიც ჯერ არ არის მიღებული. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგინა მტკიცებულებები. თუმცა, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიძლება გახდეს დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საწარმოს მოგების გაცემულ დივიდენდად განხილვა და მოგების და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, არ აქვს გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგება, 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში წარდგენილი აქვს ნულოვანი დეკლარაციები, მხოლოდ 2019 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის საანგარიშო პერიოდებში ფიქსირდება დივიდენდის გაცემა 8 015 ლარის ოდენობის. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზებში არსებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერებისა და საქონლის მიწოდების/შესყიდვის ინვოისების ანალიზის საფუძველზე, განისაზღვრა საწარმოს მოგება, რომელიც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ჩაითვალა განაწილებულად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გაცემული დივიდენდი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. აღსანიშნავია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის მიერ განხორციელდა რისკის მიმოხილვის პროცედურა. რისკის მიმოხილვის ფარგლებში გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა რისკის მიმოხილვის დასკვნა და მიეცა რეკომენდაცია დეკლარაციების დაზუსტებასთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში. მომჩივანი გაეცნო რისკის მიმოხილვის დასკვნას, თუმცა დეკლარაციების დაზუსტება არ განუხორციელებია.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 981(1); 130(1); 154(1„ზ“).