ბრძანება N 8429
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8429
18.04.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ---------------------)
2023 წლის 16 მარტის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მარტის სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა შპს „----------ის“ (ს/ნ -----------) 2023 წლის 16 მარტის №46285/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 თებერვლის №261-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ შემოწმების აქტით დარიცხვა განხორციელდა ზუსტად იმ ოპერაციებზე, რაზეც დაერიცხათ შპს „---------თან“ დაკავშირებულ კომპანიებს დღგ-ის ნაწილში. შესაბამისად, სახეზეა დუბლირებული, იდენტური ტიპის დარიცხვა. მომჩივანი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 4 მარტის №5750 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------ის“ (ს/ნ ---------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------ის“ (ს/ნ -----------) 2020 წლის 30 დეკემბრის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 4 მარტის №5750 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 10 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.
აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 16 თებერვლის №261-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შპს „----------“ 2017 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებში მიღებული აქვს მომსახურება შემდეგი საწარმოებისაგან: შპს „----------“, შპს „-----------“, შპს „----------“, შპს „-----------“ და შპს „---------“, შესაბამისად ზემო ჩამოთვლილი კომპანიებისაგან შპს „---------ის“ მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს სულ 150 662 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „---------ის“ მიერ, 2017 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში, დარიცხული ხელფასი შეადგენს სულ 6 000 ლარს, რომელიც გაცემულია ფ/პ-----------ზე ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას 2020 წლის 21 სექტემბრის წერილით შემდეგი კომპანიებისაგან შპს „---------“, შპს „---------“, შპს „----------“, შპს „---------“ და შპს „---------“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „---------ის“ შესრულებული სამუშაოს, დაქირავებული მუშახელისა და შპს „---------ის“ მიერ მათთვის ანაზღაურებული თანხების შესახებ, აღნიშნულ კომპანიებს კი აუდიტის დეპარტამენტისათვის მსგავსი ინფორმაცია საგადასახადო შემოწმების ეტაპზე არ მოუწოდებიათ. გადასახადის გადამხდელმა 2021 წლის 4 მარტის №5750 გადაწყვეტილების შესაბამისად მითითებულ ვადაში წარმოადგინა გარკვეული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილია არასრულად. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიმდინაროებს გამოძიება ზემოხსენებული კომპანიების მიერ გამოწერილი და ჩათვლილი ანგარიშ-ფაქტურების სიყალბის დადგენის მიზნით. შედეგად, დარიცხული თანხები არ დაექვემდებრა კორექტირებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო გადამხდელებთან არსებული ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს კონტროლის მიზნით წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმებით, შპს „--------------“ საგადასახადო ვალდებულებები დარიცხულია ზუსტად იმ ოპერაციებზე, რაზეც დაერიცხათ შპს „-------------“ დაკავშირებულ კომპანიებს დღგ-ის ნაწილში და ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 4 მარტის №5750 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. შპს „--------ის“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 4 მარტის №5750 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ სახეზეა დუბლირებული, იდენტური ტიპის დარიცხვა. მომჩივანი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგად დგინდება რომ, მომჩივანს 2017 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებში მიღებული აქვს მომსახურება საწარმოებისგან. მომჩივანის მიერ, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხის და საანგარიშო პერიოდში, დარიცხული ხელფასის სისწორის ოდენობის დადგენის მიზნით, შემოსვლების სასმახურის მიერ გამოთხოვილ იქნა კომპანიებისგან ანაზღაურებული თანხების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულ კომპანიებს კი აუდიტის დეპარტამენტისათვის მსგავსი ინფორმაცია საგადასახადო შემოწმების ეტაპზე არ მოუწოდებიათ.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 4 მარტის №5750 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:136,173,174,171