გადაწყვეტილება №19152/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.05.2023
№ დოკუმენტი 19152/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19152/2/2023

11.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 17.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19152/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 28.04.2021 წლის №12960 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2022 წლის №081-142 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3962 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

117 594 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 54 661

მოგების გადასახადი - 53 137

საშემოსავლო გადასახადი - 1 524

ჯარიმა - 27 431

საურავი - 35 502

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2017 წლის საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადამხდელის პირველად დოკუმენტაციაზე (საბანკო ამონაწერები, მიღებული და გაწერილი ელექტრონული დოკუმენტები, შესყიდვის აქტები) დაყრდნობით შესწავლილი იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც საკასო ხარჯის გათვალისწინებით განხილული იქნა ფიზიკურ პირზე, საწარმოს დირექტორზე, გაცემულ უპროცენტო სესხად.

საგადასახადო კოდექსის 98² მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებით გაცემული სესხი დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, სესხზე გაანგარიშებული პროცენტი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 25.12.2020 წლის №38686 ბრძანება და №081-387 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.04.2021 წლის №12960 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; - შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 28.04.2021 წლის №12960 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივლისის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 79 324 ლარით, მათ შორის: გადასახადი 52 883 ლარით, ჯარიმა 26 441 ლარით.

აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა 8.08.2022 წლის №081-142 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3962 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 28.04.2021 წლის №12960 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადაანგარიშების დროს მხოლოდ საქონლის შესყიდვის აქტებზე მოხდა ყურადღების გამახვილება, ხოლო სხვა დანარჩენი ხარჯების შესახებ სადავო აქტებში არაფერია ნათქვამი, მაშინ როცა შემოწმებისათვის წარდგენილი იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებით სატრანსპორტო მომსახურების ხარჯების გაწევის დოკუმენტი, რაც არ იქნა გათვალისწინებული. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობის სახეა ხილ-ბოსტნეულის, ხორცისა და რძის ნაწარმის ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და მიწოდება მომსახურების ობიექტებზე, ძირითადად სასტუმროებსა და რესტორნებზე, მიწოდება ხდებოდა ადგილზე მიტანით, დისტრიბუციის სახით. ამ სახის საქმიანობა სატრანსპორტო მომსახურებასთან არის დაკავშირებული და მისი სხვაგვარად განხორციელება ფაქტიურად შეუძლებელია. შესაბამისად მიაჩნია, რომ სატრანსპორტო მომსახურებაზე გაწეული ხარჯებით უნდა შემცირებულიყო სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი და შესაბამისად უნდა შემცირებულიყო მოგების, ასევე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, ასეთ შემთხვევაში კი სადავო დარიცხვები კიდევ მეტად უნდა შემცირებულიყო, ვიდრე ეს მოცემულ შემთხვევაშია.

საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი მარტო საქონლის შეძენაზე გაწეული ხარჯი არ არის და ეს არის მთელი ჯაჭვი მომსახურებისა, რა დროსაც ყოველ საფეხურზე ხდება ხარჯების გაწევა, ასე იყო ამ შემთხვევაშიც. ხარჯი ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა, მხოლოდ ერთ სატრანსპორტო მომსახურებაზე ისაუბრა – თუმცა ამ ნაწილშიც იყო შემთხვევები, როცა დამატებით სხვა გადამხდელების მომსახურებითაც სარგებლობდა – რომ საქმიანობის/მომსახურების უწყვეტობა დაცული ყოფილიყო. ასევე იყო შემთხვევები, როცა საქონლის დასაწყობებისათვის/მომარაგებისათვის უხდებოდა დამატებით შესაბამისი ფართის დაქირავება სხვა მეწარმე სუბიექტებიდან – რომ კლიენტები სტაბილურად ღებულობდნენ მომსახურებას და არ ყოფილიყო რაიმე ჩავარდნები/შეფერხებები მომსახურებაში. აღნიშნულის გამო კომპანიის მოგება ფაქტიურად მიზერული იყო – ეს იყო გათვლა შემდგომ პერიოდში ხანგრძლივ და სტაბილურ ურთიერთობაზე, მეტი კლიენტის მოზიდვაზე/მოძიებაზე და ისე არ ყოფილა, რომ ერთ ან 2-3 წელიწადში დიდ ბიზნესად გადაქცეულიყო მისი საქმიანობა და ასიათასობით ლარის შემოსავლები ენახა – თანხების უქონლობის გამო ქირავნობის, სხვა პირების მომსახურების ხარჯზე ხდებოდა საქმიანობა, ამ სახის დამატებითი ხარჯები კი საგრძნობლად ამცირებდა კომპანიის მოგებას, რომ არაფერი არ ვთქვათ საქონლის გაფუჭებაზე/განადგურებაზე, რომელიც უშუალოდ კომპანიის ზარალი იყო და ამ ზარალში არავინ არ შედიოდა.

ამგვარად საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯების მოგების, ასევე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განხილვა არასწორია.

სალაროში თანხების მოძრაობის (ფულის ნაშთის) შესწავლისას შემმოწმებელს სხვა მესამე პირებისაგან (მათ შორის დამკვეთებისაგან, საქონლის/მომსახურების მომწოდებლებისაგან, მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიებისაგან) საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად ინფორმაციების გამოთხოვის გზით უნდა გაერკვია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, უნდა დაედგინა შესამოწმებელ პერიოდში გამოქვითვას დაქვემდებარებული ფაქტიური ხარჯები და აღნიშნულის გათვალისწინებით მოეხდინა მოგების, ასევე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტის დაზუსტება - რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 28.04.2021 წლის №12960 ბრძანების აღსრულების დროს დაშვებული იქნა ხარვეზი – სადავო დარიცხვები კიდევ უფრო მეტად უნდა შემცირებულიყო.

მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3962 ბრძანება არ შეესაბამება საქმეში არსებულ მასალებს, თავდაპირველ საჩივარში მითითებულია საქმიანობასთან დაკავშირებით გაწეულ სხვა ხარჯებზე, მათ შორის სატრანსპორტო მომსახურებაზე და ისე არ ყოფილა, რომ შემდეგ გვიან გაახსენდა გადამხდელს ასეთი ხარჯების შესახებ და/ან დაგვიანებით წარადგინა დოკუმენტი სატრანპორტო ხარჯებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც გადამხდელი აღნიშნვდა რომ შესამოწმებელ პერიოდში ასევე სარგებლობდა სხვა მომსახურებებით, რაშიც ასევე გადახდილი იქნა გარკვეული თანხები სხვა მეწარმე სუბიექტებზე, რომელიც ასევე გამოქვითვას დაქვემდებარებულ ხარჯებს მიეკუთვნება. ასეთი თანხებით უნდა შემცირდეს მოგების და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტები.

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას სატრანსპორტო მომსახურებას უწევდა მეწარმე სუბიექტი და შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება და არ არსებობდა ასეთი თანხების ხარჯებიდან ამოღების ფაქტობრივი და/ან სამართლებრივი საფუძველი. ასევე მნიშვნელოვანია ფართის იჯარის, სხვადასხვა მომსახურების ან/და სხვა თანხები, რომლებიც ასევე შემოსავლების მიღებასთან (გადამხდელის საქმიანობასთან) დაკავშირებული ხარჯებია და ასეთი თანხებით ასევე უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი.

საქონლის შეძენის გარდა სხვა (მათ შორის ტრანსპორტირების) ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით მომსახურების მიმწოდებელი პირის მიერ საგადაასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ თითქოს გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული სხვა (მათ შორის ტრანსპორტირების) ხარჯების გაწევას ადგილი არ ჰქონია.

გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა პასუხისმგებელი/ხელმძღვანელი პირის ხელმოწერილი განცხადება მასზედ, რომ მის მიერ გაწეული იქნა საქონლის გადაზიდვასთან დაკავშირებული სატრანსპორტო მომსახურება და რამდენს შეადგენდა მომსახურების თანხები. განსახილველ შემთხვევაში შემმოწმებლის მიერ გადამოწმებული იქნა სატრანსპორტო მომსახურების საკითხი, თუმცა საქმის მასალებს არასწორი შეფასება მიეცა. შემმოწმებლი თვლის, რომ მომსახურების მიმწოდებელი პირის მიერ მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით თავის დროზე დოკუმენტის არ შედგენის გამო არ უნდა მოხდეს ასეთი ხარჯების გათვალისწინება, რაც არასწორია. აშკარაა რომ საქონლის ტრანსპორტირების ხარჯები უშუალოდ და პირდაპირ დაკავშირებულია გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან და სხვა ხარჯების შესახებ თავის დროზე საჩივარშიც იყო მითითებული და ამ ნაწილში გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა კიდეც და თუ თავის დროზე მომსახურების მიმწოდებელი პირის მიერ არ/ვერ შედგა შესაბამისი დოკუმენტი, ეს არ ნიშნავს იმას რომ ასეთი ხარჯების გათვალისწინება არ უნდა მოხდეს. ეს არის მეწარმე სუბიექტი - შპს „----------“ ს/ნ ---------- (მოცემულ შემთხვევაში გადამხდელის მიერ საქონლის შეძენასთან/დისტრიბუციასთან/რეალიზაციასთან დაკავშირებული სატრანსპორტო მომსახურების ხარჯი შეადგენდა სულ 36000 ლარს), რომელმაც მოახდინა სატრანსპორტო მომსახურება და ამ მომსახურებაში მასზე მის მიერ გადახდილი იქნა მომსახურების თანხები – რასაც არ უარყოფს და წერილობით ადასტურებს/აღიარებს შპს „----------“ ს/ნ ----------. შესაბამისად მიაჩნია, რომ ამ ნაწილში უსაფუძვლოდ ეთქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

მოცემულ შემთხვევაში გადამხდელზე სანქცია დაკისრებული იქნა იმის გამო, რომ სრულად არ/ვერ ხდება ხარჯების დოკუმენტურად დადასტურება. თუმცა როგორც ზემოთ აღნიშნა, არც შემმოწმებლის მხრიდან არ ხდება ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით (სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი) გაანგარიშება. მოცემულ შემთხვევაში გადასახადებისათვის თავის არიდების მცდელობას (არაკეთილსინდისიერებას) ადგილი არ ჰქონია. საყურადღებოა ის, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მხრიდან რაიმე სახის საგადასახადო სამართალდარღვევა არ ფიქსირდება.

გასაჩივრებული აქტებით სადავო თანხები გადამხდელზე დარიცხული იქნა იმის გამო, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი ჩათვლილი იქნა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთად, რომელიც განხილული იქნა ფიზიკურ პირზე (დირექტორზე) „----------“ პ/ნ ----------) გაცემულ უპროცენტო სესხად, აღნიშნული თანხები დაბეგრილი იქნა მოგების გადასახადით, ხოლო სესხზე გაანგარიშებული პროცენტი ჩაითვალა დირექტორის „----------“ (პ/ნ ----------) მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით - რაც არასწორია.

შესაბამისად ამ ნაწილში გადამხდელის მიმართ უნდა გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით დადგენილი საგადასახადო შეღავათი და უნდა გათავისუფლდეს გასაჩივრებული აქტებით დარიცხული სანქციისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 28.04.2021 წლის №12960 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივლისის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადამხდელმა წარადგინა დოკუმენტაცია. კერძოდ, გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი იქნა 448 011 ლარის ღირებულების შესყიდვის აქტები. გადაანგარიშების შედეგად, დამატებით წარდგენილი და შემოწმების დროს არსებული შესყიდვის აქტების საფუძველზე შესწავლილი იქნა 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე საქონლის მოძრაობა. შედეგად დადგინდა (დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის რაოდენობა ცალკეულ შემთხვევაში ნაკლები იყო გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით შეძენილი საქონლის რაოდენობაზე, აღნიშნული საქონლის ნაშთი გადამხდელს ფაქტობრივად არ გააჩნდა), რომ საწარმოს დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლის გარდა, საქონლის რეალიზაციიდან მიღებული აქვს შემოსავალი. გადაანგარიშების შედეგად გაიზარდა შემოწმებით დადგენილი შემოსავალი 208 065 ლარით (საქონლის მოძრაობის შედეგად დადგენილი ნაშთი რეალიზებულად ჩაითვალა წლიური საშუალი შეწონილი ფასის საფუძველზე). აგრეთვე, წარდგენილი შესყიდვის აქტების საფუძველზე დაკორექტირდა (გაიზარდა) საწარმოს ხარჯები 2017 წლის პერიოდზე, სულ 448 011 ლარის ოდენობით. შესაბამისად, დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების მიერ 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე გამოანგარიშებული ფულის ნაშთი. აღნიშნულის შედეგად, დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 79 324 ლარით, მათ შორის: გადასახადი 52 883 ლარით, ჯარიმა 26 441 ლარით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2023 წლის №----------21-14 წერილი, სადაც მითითებულია, შემდეგი:

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს რომ გადაანგარიშების შედეგად არ იქნა გათვალისწინებული ტრანსპორტირების თანხები, რომლებიც თითქოსდა გადაუხადა შპს „----------“ (ს/ნ ----------). შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს თავის სახელზე უფიქსირდებოდა 5 სატრანსპორტო საშუალება, ასევე შეძენილი აქვს საწვავი, რომელსაც თავისივე განმარტებით იყენებდა მომსახურების გაწევისას. შემოწმების დაწყებისას ზეპირი განმარტებით გადამხდელმა დააფიქსირა რომ საქმიანობას ახორციელებდა შპს „----------“-ზე (მომჩივანი) რეგისტრირებული ავტომანქანებით და სატრანსპორტო მომსახურება სხვა საწარმოსგან არ მიუღია. შემოწმების დასრულების შემდეგ წარმოდგენილი იქნა საჩივარი სადაც გადამხდელი აფიქსირებდა, რომ მიღებული აქვს სატრანსპორტო მომსახურება შპს „----------“ (ს/ნ ----------) და გადახდილი აქვს სატრანსპორტო მომსახურების თანხები და ითხოვდა აღნიშნული თანხების ჩართვას საწარმოს ხარჯებში. გადაანგარიშებისას აღნიშნულის (სატრანსპორტო მომსახურება) დასადასტურელად საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოითხოვილი იქნა ინფორმაცია შპს „----------“ (ს/ნ ----------), თუმცა აღნიშნული ინფორმაციის მოწოდება არ მომხდარა და ასევე გადამხდელი ელექტრონულ გვერდზე შეტყობინებას დღემდე არ გაცნობია. ასევე შპს „----------“ (ს/ნ ----------) აღნიშნულ პერიოდში წარმოადგენდა დღგ-ს გადამხდელს, თუმცა არც შპს „----------“-ის(მომჩივანი) მიერ მითითებულ პერიოდში და არც სხვა პერიოდში საქმიანობის განხორციელება არ უფიქსირდება, არ აქვს გაწერილი მომსახურების შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები, არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალებები, არ აქვს გაცემული ხელფასი და არ აქვს ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო მომსახურებაზე შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფრომაცით შპს „----------“ არ უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) დირექტორი „----------“ (პ/ნ ----------) საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით საქონლის გადაზიდვისას დაფიქსირებულია როგორც მძღოლი.

მომჩივანმა 10.05.2023 წელს დამატებით წარმოადგინა განცხადება, რომელსაც დაურთო ი/მ „----------“ (ს/ნ ---------- განცხადება 1.01.2017-1.09.2020 წლამდე პერიოდში სოფისე/სასაწყობე ფართის საქვეიჯარო მომსახურებაზე მომჩივნისაგან მიღებული თანხის შესახებ.

მომჩივანი წარმოადგენს მხოლოდ სატრანსპორტო და საქვეიჯარო მომსახურების გაწევის შესახებ ზემოთ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირების განცხადებებს, რაზეც არ არსებობს შესაბამისი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშფაქტურა) ან სხვა სახის შესაბამისი მტკიცებულება, რაც მის მიერ დასახელებული ოპერაციების არსებობას, შესაბამისად მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების გათვალისწინების და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა.

ამასთან, მომჩივანი სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს (საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლება), რომლებიც 28.04.2021 წლის №12960 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 28.04.2021 წლის №12960 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 28.04.2021 წლის №12960 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების ხარჯების მოგების, ასევე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი წარმოადგენს მხოლოდ სატრანსპორტო და საქვეიჯარო მომსახურების გაწევის შესახებ იურიდიული და ფიზიკური პირების განცხადებებს, რაზეც არ არსებობს შესაბამისი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშფაქტურა) ან სხვა სახის შესაბამისი მტკიცებულება, რაც მის მიერ დასახელებული ოპერაციების არსებობას, შესაბამისად მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების გათვალისწინების და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 28.04.2021 წლის №12960 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 982(3 „ზ“); 154(1„ა“); 275; 291.