გადაწყვეტილება №20564/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.11.2023
№ დოკუმენტი 20564/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20564/2/2023

09 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 13.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20564/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 16.08.2022 წლის №21602 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №042-8 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ივლისის №17506 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 912 310 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 429 767

დღგ - 320 243

მიწა - არასასოფლო - 40 480

მოგების გადასახადი - 4 745

საშემოსავლო გადასახადი - 44 402

ქონების გადასახადი - 19 897

ჯარიმა - 207 721

საურავი - 274 822

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა მარცვლეულით და შავი ლითონების ჯართით.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 8 ოქტომბრის №34790 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 11 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 15 დეკემბრის №37297 ბრძანება და №042-43 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 802 426 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 15 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2021 წლის 13 მაისის №14102 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14102 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 22.10.2021 წლის №13152/2/2021 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14102 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2021 წლის დასკვნა, 19.11.2021 წლის №36159 ბრძანება და 22.11.2021 წლის №042-40 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 28 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, 27.01.2022 წლის №1766 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 11.02.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 6.05.2022 წლის №15705/2/202 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 27.01.2022 წლის №1766 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 16.08.2022 წლის №21602 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით (შავი ლითონის ლისტების გადამუშავების შედეგად მიღებული ჯართის დღგ-ით დაბეგვრა), დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 6 მაისის №15705/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 16.08.2022 წლის №21602 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 დასკვნა, 10.04.2023 წლის №7822 ბრძანება და №042-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 10 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 19 ივლისის №17506 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 აგვისტოს №21602 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული სადავო საკითხების ნაწილში წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის შემდეგ არ გამოვლინდა ისეთი გარემოება, რის საფუძველზეც მოხდებოდა საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების მიხედვით განსაზღვრული შავი ლითონის ლისტების რეალიზაციის შედეგად დარიცხული თანხების კორექტირება.

საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2019 წლის 1 ოქტომბრის ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საწარმოს საკუთრებაში არსებული ავტომობილი (-----------) გაიყიდა უცხოეთის მოქალაქე პირზე (------------). ხელშეკრულების საფუძველზე ავტომობილის ნასყიდობის ფასი შეადგენს 12 000 ლარს. შემოწმებამ ოპერაცია ჩათვალა უსასყიდლო მიწოდებად და აღნიშნული ტექნიკის საბაზრო ფასით (26 890 ლარით) გაზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. წარმოდგენილი დოკუმენტაციით უდავოდ დგინდება ის ფაქტი, რომ მიწოდება სასყიდლიანია და არ არსებობს მოგების გადასახადის დარიცხვის საფუძველი. მტკიცებულებები: 2019 წლის 1 ოქტომბრის ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება და 2019 წლის მიღება-ჩაბარების აქტი.

წარმოდგენილი დოკუმენტაციით უდავოდ დგინდება ის ფაქტი, რომ მიწოდება სასყიდლიანია და საკომპენსაციო თანხა შეადგენს 12 000 ლარს დღგ-ის ჩათვლით. შესაბამისად, დღგ-ის გაანგარიშება უნდა განხორცილდეს საკომპენსაციო თანხის გათვალისწინებით (დღგ-ის გარეშე).

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს ოპერაციის კორექტირებას, თუ მისი გამოხატვის ფორმა და მხარის რეალური ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. აღნიშნული ნორმა არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, იგი ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის, თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს, სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საგადასახადო ვალდებულების შესრულების თავის არიდების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში კი აუდიტორები ვერ ასაბუთებენ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენების წინაპირობების არსებობას, რამდენადაც რაიმე ურთიერთობის ფარგლებში ოპერაციის ფორმიდან გამომდინარე შინაარსს ადგენს არა საგადასახადო ორგანო ან საგადასახადო კოდექსი, არამედ ამ ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა. როდესაც ოპერაციის საფუძველი კერძო სამართლებრივი ურთიერთობაა (ხელშეკრულება), მისი რეგულაცია ხორციელდება სამოქალაქო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით. ამ ნორმატიული აქტების გამოყენებით უნდა მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი კონსტრუქციის ფორმის ნორმატიულად დადგენილი შინაარსისა და მხარეთა ფაქტობრივი ნების შეპირისპირება. სწორედ ეს ნორმატიული აქტები უნდა იყოს გამოყენებული საგადასახადო ორგანოს მიერ იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა გარიგების ფორმა მხარეთა ნებას. თუ არის საკმარისად დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარე თვალთმაქცობს ან ცდება თავისი ნების გამოხატვაში, მხოლოდ მაშინ უნდა იყოს გამოყენებული შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპი, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს და ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ მოუპოვებია შემმოწმებელს.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. უდავოა ის ფაქტი, რომ შემმოწმებლის მიერ შემოწმების აქტი გამოიცა და დარიცხვა განხორციელდა იმ საკითხზე, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ გამოკვლეული არ ყოფილა. ამასვე მოწმობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებაში მითითებული აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელის განცხადება, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის შესახებ. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ეჭვი შეიტანა გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში, რომელიც შესამოწმებლად გადააგზავნა შესაბამის ორგანოში, სადაც მიმდინარეობს მოკვლევა და დღემდე კომპეტენტურ ორგანოს არ შეუფასებია ამ ხელშეკრულებების ნამდვილობა. შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული და მხოლოდ ეს გარემოებაა საკმარისი აქტის და შესაბამისი ბრძანების ბათილად ცნობისთვის.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა 2018 წლის 31 მაისს შპს „----------- შეიძინა 1 684 804 ლარის ღირებულების (დღგ-ის ჩათვლით) 2 596 ტონა შავი ლითონის ფურცელი. ფიზიკურ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა აღნიშნული ფურცლების ჯართად გადამუშავება და შემდგომ ჯართად რეალიზაცია 1 430 396 ლარად (დღგ-ის გარეშე) არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე.

გადამხდელის მიერ შავი ლითონის ფურცლების გადამუშავების შედეგად მიღებული ჯართის დღგით დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14102 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარდგენილი იქნა აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები (ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, ელ. სასაქონლო ზედნადები ატვირთულია გადამხდელის ოფიციალურ ვებ გვერდზე). შემოწმებისათვის წარდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საწარმომ ფერადი ლითონის ლისტების დამუშავება-დაჭრა და ჯართად ქცევა დაუკვეთა ფ/პ -----------, რისთვისაც გადაუხადა 10 000 ლარი (ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით). აღნიშნული ფიზიკური პირის მიერ გაწეული მომსახურება საწარმოს მიერ არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. ამასთან, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 1 430 396 ლარად 2 596 ტონა შავი ლითონის ჯართი მიაწოდა არარეზიდენტ ფიზიკურ პირს. მიწოდების ოპერაციაზე კომპანიის მიერ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად გამოწერილია სასაქონლო ზედნადები. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, შემოწმების მასალებით დოკუმენტურად დადასტურებულია შესყიდვის ოპერაცია, გადამუშავების ოპერაცია (შემოწმებით სადავო არ გამხდარა მომსახურების შეძენის ფაქტი), რეალიზაციის ოპერაცია და იდენტიფიცირებადია მყიდველი.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა. უდავოდ უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ დაკმაყოფილებულია კანონით გათვალისწინებული ერთადერთი მოთხოვნა მყიდველის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით. მაშასადამე, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით დამატებით მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებით კანონთან შეუსაბამოა და უფრო მეტიც, არღვევს პირის კონსტიტუციურ უფლებას საკუთრებასთან დაკავშირებით. ის რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ ან არ განახორციელა აღნიშნულ პირთან დაკავშირება, არ ნიშნავს მის არაიდენტიფიცერებას და არ წარმოადგენს ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველს.

კომპანიის მიერ საქონლის მიწოდების შედეგად ქონების შემძენზე გადადის მესაკუთრის უფლებები, საკუთრება თავის თავში სამ კომპონენტს მოიცავს: ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას. მაშასადამე, საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ მყიდველი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს ქონებას და გამყიდველი კარგავს როგორც კონტროლის უფლებას, ასევე განკარგვის უფლებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით: „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.“

საკუთრების უფლება აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. სახელმწიფო ვალდებულია არ ჩაერიოს და ხელყოს კერძო მესაკუთრის ინტერესები. ამასთან, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ ხელი შეუწყოს უფლებით მშვიდობიან სარგებლობას და მის ფაქტობრივ რეალიზაციას.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სრულიად არაკონსტიტუციურია შემმოწმებლის პოზიცია მყიდველის მიერ საქონლის შემდგომი განკარგვის კონტროლის მოთხოვნასთან დაკავშირებით. კომპანიისთვის არ არის ცნობილი და არც იყო ვალდებული სცოდნოდა როგორ განკარგა ------------, რომელიც არის ------------ მოქალაქე, თავისი პირადი საკუთრება.

ადმინისტრაციული ორგანოს ზემოაღნიშნული მსჯელობით, უცხო ქვეყნის მოქალაქე პირზე საქონლის ყიდვა-გაყიდვა აკრძალული ან კომპანიისთვის საფრთხის შემცველი ყოფილა.

შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს ფიზიკურ პირებზე გადარიცხული აქვს როგორც ხელფასი, ასევე გაწეული მომსახურების ანაზღაურება. შემოწმების მიერ ფიზიკურ პირზე გადახდილი ხელფასი და მომსახურების თანხა დაბეგრილი იქნა გადახდის წყაროსთან ისე, რომ გათვალისწინებული არ ყოფილა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მოთხოვნები. კომპანიის მიერ გადარიცხული მომსახურების თანხები ძირითად უკავშირდება ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული სუბიექტებისთვის მომსახურების ანაზღაურებას. შესაბამისად, არსებული და იმ დროისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, კომპანიას გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება არ გააჩნდა. ფაქტია, რომ შემმოწმებელმა არ შეისწავლა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, რასაც გავლენა აქვს დამატებით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრაზე და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაზე.

ყოველივე ამის დასტურად ადგენს ამონაწერებს სამეწარმეო რეესტრიდან. შემოსავლის მიმღები ფიზიკური პირები (სულ 24 სუბიექტი), რომლებზედაც 2018-2019 წლებში გაცემულია ჯამში 154 660 ლარი, შემოსავლის მიღების მომენტში წარმოადგენენ ინდივიდუალურ მეწარმეებს. და ეს არ არის სრული ჩამონათვალი. შემმოწმებლის მიერ 2018-2019 წლებში გადახდის წყაროსთან დამატებით დაიბეგრა 221 991 ლარი. აქედან 154 660 ლარზე მეტი უკავშირდება ინდივიდუალურ მეწარმეებად რეგისტრირებულ პირებს. ვინაიდან გადახდა უკავშირდება ფიზიკურ პირს, რომელიც რეგისტრირებული არის ინდივიდუალურ მეწარმედ, კომპანიას აღარ აკისრია საგადასახადო აგენტის ვალდებულება და შემმოწმებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების დაკისრება წინააღმდეგობაში მოდის არსებულ საგადასახადო კანონმდებლობასთან. ფაქტია, რომ არცერთი გადაანგარიშების დროს შემმოწმებელი არ დაინტერესდა აღნიშნული ფაქტის გადამოწმებით, არადა ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის პირდაპირი მოვალეობას წარმოადგენს მსგავსი ფაქტების შესწავლა.

წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს გადასახადის გადამხდელის სამართლიან მოთხოვნას და დამატებით დარიცხული გადასახადები და სანქციები უნდა დაექვემდებაროს გადაანგარიშებას.

შესაბამისად, დასკვნაში წარმოდგენილი მტკიცებულებები კანონთან შეუსაბამო და არამართლზომიერია. ამასთან, აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეისწავლა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელსაც გავლენა აქვს გადასახადების გაანგარიშებაზე. მომჩივანს საჭიროდ მიაჩნია საკითხის დამატებით შესწავლა შემმოწმებელთან ერთად.

გადასახადის გადამხდელი ითხოვს გასაჩივრებული აქტების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 16.08.2022 წლის №21602 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 6 მაისის №15705/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შავი ლითონის ლისტების გადამუშავების შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები (ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები). წარდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საწარმომ ფერადი ლითონის ლისტების დამუშავება-დაჭრა და ჯართად ქცევა დაუკვეთა ----------- რისთვისაც გადაუხადა 10 000 ლარი (ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით). აღნიშნული ფიზიკური პირის მიერ გაწეული მომსახურება საწარმოს არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 1 430 396 ლარად 2 596 ტონა შავი ლითონის ჯართი მიაწოდა არარეზიდენტ ფიზიკურ პირს (აღნიშნული ჯართი შეძენილია როგორც ფერადი ლითონის ფურცელი 1 684 804 ლარად). აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლის შემდეგ არ გამოვლინდა ისეთი გარემოება, რის საფუძველზეც მოხდებოდა საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების მიხედვით განსაზღვრული შავი ლითონის ფურცლების რეალიზაციის შედეგად დარიცხული თანხების კორექტირება. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ ---------- არ არის რეგისტრირებული მეწარმედ, ხოლო არარეზიდენტი ფიზიკური პირი (----------) საქართველოში იმყოფებოდა რამდენიმე დღით და არ დგინდება როგორ განკარგა მან შეძენილი საქონელი. ამასთან, მომჩივანი სადავოდ ხდის ისეთ გარემოებებს, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის აღსასრულებლად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 16.08.2022 წლის №21602 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა მარცვლეულით და შავი ლითონების ჯართით. წარდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საწარმომ ფერადი ლითონის ლისტების დამუშავება-დაჭრა და ჯართად ქცევა დაუკვეთა პირს, რისთვისაც გადაუხადა 10 000 ლარი (ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით). აღნიშნული ფიზიკური პირის მიერ გაწეული მომსახურება საწარმოს არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 1 430 396 ლარად 2 596 ტონა შავი ლითონის ჯართი მიაწოდა არარეზიდენტ ფიზიკურ პირს (აღნიშნული ჯართი შეძენილია როგორც ფერადი ლითონის ფურცელი 1 684 804 ლარად).

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5,9)