გადაწყვეტილება №83515/1/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№83515/1/2023
09 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 11.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №83515/1/2023).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 11.05.2023 წლის №19130/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2023 წლის №081-173 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 824 523 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 411 927
დღგ - 326 088
მოგების გადასახადი - 66 881
საშემოსავლო გადასახადი - 18 958
ჯარიმა - 213 207
საურავი - 199 389
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის 26 მარტიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ თავდაპირველად საწარმოს ჰყავდა სამი დამფუძნებელი, თანაბარი წილობრივი მონაწილეობით. 2019 წლის ოქტომბრის თვეში, ერთ-ერთ დამფუძნებელზე, უსასყიდლოდ გადაცემულია 7 ერთეული ბინა, რომლის სანაცვლოდაც, დამფუძნებელმა დათმო საკუთარი წილი საწარმოში, დარჩენილი ორი დამფუძნებლის მიმართ (რომლებიც ამავე დროს საწარმოს ხელმძღვანელ პირებსაც წარმოადგენდნენ).
შემოწმების შედეგად, აღნიშნული ბინები ჩაითვალა საბაზრო ფასით (სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის საშუალო ფასები) რეალიზაციად და სარგებლად, საწარმოს იმ ხელმძღვანელ პირებზე, რომლებმაც აღნიშნული გარიგების შედეგად მიიღეს წილები საწარმოში. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 29.11.2022 წლის №29765 ბრძანება და №081-224 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3702 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭომ 11.05.2023 წლის №19130/2/2023 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ ბინების რეალიზაციად ჩათვლის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა მართებულია, თუმცა ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლზე, რომლის თანახმად, უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს, შესაბამისად, მიაჩნია, რომ ბინების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის სარგებლად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არამართებულია, ვინაიდან აღნიშნული სასაქონლო ოპერაცია საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დაბეგვრის ობიექტი განესაზღვრა საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად და აღნიშნულის გათვალისწინებით განეხორციელებინა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 11.05.2023 წლის №19130/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 10.08.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 6 269 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 4 179 ლარით, ხოლო ჯარიმა 2 090 ლარით. მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2023 წლის №20331 ბრძანება და №081- 173 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
დავების განხილვის საბჭოს 11.05.2023 წლის №19130/2/2023 გადაწყვეტილებით უნდა მომხდარიყო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). კორექტირების საფუძველზე გამოცემული იქნა აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2023 წლის №20331 ბრძანება და №081-173 საგადასახადო მოთხოვნა, რომელშიც დარიცხული თანხა აღემატება შესამცირებელ თანხას, შემცირების ნაცვლად გაიზარდა 18806,19 ლარით. ყოველივე ეს გამოწვეულია არასწორი დაბეგვრის რეჟიმის გამოყენებით, კერძოდ დავების საბჭოს განმარტებებში მითითებულია, რომ საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილი და აქედან გამომდინარე, მიაჩნია, რომ დაბეგვრის რეჟიმი უნდა განხორციელდეს შემდეგი თანმიმდევრობით: რეალიზებული ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 360041 ლარი. გადასახდელი დღგ 360041/1,18X18%=54912 ლარი. გადასახდელი მოგების გადასახადი (360041- 54912)X15%=305129X15%=457693 ლარი. გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი (დივიდენტი) (305129- 45769)X5%=259360 X 5%=12968 ლარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ე) საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად), რომლის დროსაც:
ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე;
ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების მომენტი;
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: განაწილებული მოგება, უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.
საბჭოს 11.05.2023 წლის №19130/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დაბეგვრის ობიექტი განესაზღვრა საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად და აღნიშნულის გათვალისწინებით განეხორციელებინა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 11.05.2023 წლის №19130/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ 10.08.2023 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, გადაცემულ ბინებზე დასარიცხი გადასახადი გაანგარიშდა საგადასახადო კოდექსის 97-ე და 130-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალა მოგების განაწილებად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დივიდენდად, ნაცვლად ხელფასისა, შედეგად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 6 269 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 4 179 ლარით, ხოლო ჯარიმა 2 090 ლარით.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი, კერძოდ, საგადასახადო ორგანოს მიერ გადაანგარიშებისას საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის დებულება არ არის შესწავლილი, ამ მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის შესწავლა საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილთან შესაბამისობა და აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საბჭოს 11.05.2023 წლის №19130/2/2023 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უზრუნველყოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საბჭოს 11.05.2023 წლის №19130/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება უზრუნველყოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 11.05.2023 წლის №19130/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
2019 წლის ოქტომბრის თვეში, საწარმოს სამი დამფუძნებელიდან (თანაბარი წილით) ერთ-ერთმა, მისთვის გადაცემული 7 ერთეული ბინის სანაცვლოდ, დათმო საკუთარი წილი საწარმოში, დარჩენილი ორი დამფუძნებლის სასარგებლოდ (რომლებიც ამავე დროს საწარმოს ხელმძღვანელ პირებსაც წარმოადგენდნენ). შემოწმების შედეგად, აღნიშნული ბინები ჩაითვალა საბაზრო ფასით (სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის საშუალო ფასები) რეალიზაციად და სარგებლად, საწარმოს იმ ხელმძღვანელ პირებზე, რომლებმაც აღნიშნული გარიგების შედეგად მიიღეს წილები საწარმოში. საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ სადავო შემთხვევაში სადავო ოპერაციის დაბეგვრა უნდა მოხდეს 97-ე მუხლის თანახმად, მოგების გადასახადით, ხოლო დივიდენდის საშემოსავლო გადასახადით. საბჭო განმარტავს, რომ ბინების რეალიზაციად ჩათვლის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა მართებულია, თუმცა ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლზე და მიაჩნია, რომ ბინების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის სარგებლად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არამართებულია, ვინაიდან აღნიშნული სასაქონლო ოპერაცია საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ საბჭოს 11.05.2023 წლის №19130/2/2023 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უზრუნველყოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 97(1 „ბ“); 982(3 „ზ“); 101(1,2); 130; 154(1„ა“); 275.
(2021 წლამდე მოქმედი): 160; 161(1„ა“ „ე“)