გადაწყვეტილება №20343/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.11.2023
№ დოკუმენტი 20343/2/202
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20343/2/2023

22 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------------21.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20343/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15723 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №007-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13965 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 399 342 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 705 429

დღგ - 267 339

საშემოსავლო გადასახადი - 438 090

ჯარიმა - 351 995

საურავი - 341 918

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით საცალო ვაჭრობა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილისა და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 29.10.2018 წლიდან 18.08.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.08.2021 წლის №26874 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური აღწერა, რომლის შედეგებიც, შემდგომი რეაგირებისთვის გაიგზავნა აუდიტის დეპარტამენტში. შემოწმების პროცესში გაკეთებული ანალიზის შედეგად საწარმოს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა, რომლის გარკვეული ნაწილის ფაქტიური ნაშთი და დოკუმენტური რეალიზაცია არ უფიქსირდება. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და საქონლის ჩამოწერას დადგენილი წესის შესაბამისად, ამასთან, წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელია დასაბეგრი ობიექტის დადგენა. ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული და გამოწერილი დოკუმენტების საფუძველზე დადგენილია საქონლის სახეობების და კატეგორიების ფასნამატი, რომელიც გავრცელებულია არადოკუმენტურ რეალიზაციაზე და მიღებული შედეგით განისაზღვრა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულია ფულადი საშუალებების ნაშთი, რომელიც ფაქტიურად კომპანიას არ აღმოაჩნდა. აღნიშნული თანხა ჩაითვალა პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275 და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციები.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 29.12.2021 წლის №41933 ბრძანება და ამავე თარიღის №007- 603 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 25.01.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.06.2022 წლის №15723 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით უზრუნველყოს არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15723 ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15723 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2023 წლის დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობითა და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შესწავლილი/გამოკვლეული იქნა სადავო საკითხი, რის მიხედვითაც არ გამოვლინდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

დასკვნის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №1608 ბრძანება და ამავე თარიღის №007-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 27.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.06.2023 წლის №13965 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა, თუმცა ვინაიდან გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ პროდუქციასთან ფასების მისადაგების ცხრილის ანალიზით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი (42%), თანხვედრაში მოდიოდა შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტის ფორმირებისას განსაზღვრულ საშუალო შეწონილ ფასნამატთან, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მაღაზია ფუნქციონირებს სავაჭრო ცენტრ „-----------“. მაღაზიის ფართი არის სულ 18 კვ.მ., ძირითადად ვაჭრობს მობილური ტელეფონებით. რეალიზაცია ხორციელდება ძირითადად საცალო გაყიდვებით, სალარო აპარატისა და სავაჭრო ტერმინალის გამოყენებით. ასევე აქვს განვადებით გაყიდვები სხვადასხვა ბანკებთან თანამშრომლობით. მაღაზიაში არ აქვს ცალკე სააღრიცხვო პროგრამა. ბუღალტრული აღრიცხვისთვის იყენებს სხვადასხვა ექსელის ფაილებს, რომელთა მეშვეობითაც გამოყავს იმპორტით შემოტანილი საქონლის თვითღირებულება, თვლის რეალიზაციებს და ა.შ.

შემმოწმებელმა აუდიტორებმა შემოწმების პროცესში გამოიყენეს შემოსავლების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდი. შემოსავლების გაანგარიშების დროს იხელმძღვანელეს სარეალიზაციო ფასებით და მათ შეუსაბამეს შესყიდვის ფასები. შესაბამისად, სხვადასხვა ჯგუფის მობილურ ტელეფონებზე გამოიანგარიშეს სხვადასხვა ფასნამატი და ეს პრინციპი გაავრცელეს მთელ პერიოდზე. არ ეთანხმება გაანგარიშების შედეგებს, რადგან მიაჩნია, რომ საკმაოდ ბევრი უზუსტობაა დაშვებული. პირველ რიგში, სარეალიზაციო ფასების დასადგენად გამოყენებულია დოკუმენტაციის მცირე ნაწილი, რაც არ იძლევა სრულ სურათს. ამის გარდა, თუ არ მოხდა საქონლის დასახელებების ზუსტი დამთხვევა, მიიღება არასწორი შედეგი. მაგალითად ერთი და იგივე ბრენდის ერთი და იგივე მოდელის მობილურ ტელეფონს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მოცულობის მეხსიერება და შესაბამისად დიდი სხვაობა იყოს მათ სარეალიზაციო ფასებში. ამასთან, შეიძლება ერთ კონკრეტულ საქონელზე მხოლოდ ერთი რეალიზაცია იყოს სასაქონლო ზედნადებით და იმ კონკრეტულ მომენტში იყოს სხვა ფასნამატი, რომელის გავრცელებაც მთელ პერიოდზე არ მიაჩნია სწორად.

შემმოწმებლებმა ისარგებლეს განვადების აქტებით, რომლებშიც არათუ ტელეფონის ზუსტი ბრენდი, მოდელი და მეხსიერების სიდიდე წერია, არამედ უმეტესობა მათგანში საერთოდ ბრენდიც კი არაა მითითებული და უბრალოდ წერია - „მობილური ტელეფონი“. ასეთ შემთხვევაში წარმოუდგენელია სარეალიზაციო ფასისა და თვითღირებულების მისადაგება. რაც იძლევა კიდეც არასწორ შედეგს, მიიღება არარეალური ფასნამატი, რაც არის კიდეც გაანგარიშებულ შედეგებში. შემოწმების შედეგებით გამოვიდა, რომ ადგილობრივ შესყიდვებზე გავრცელებულია ფასნამატი 5-7%-ის ფარგლებში, ხოლო იმპორტირებული საქონლის შემთხვევაში ძირითადად 30%-დან 90%-მდე, თუმცა ზოგიერთ ტელეფონზე 200%-250%-მდე ფასნამატია გავრცელებული. მსგავსი ფასნამატები მობილურ ტელეფონებზე ქართულ რეალობაში აბსურდულია. წარმოუდგენელია, ასეთი მაღალი ფასნამატის არსებობა ისეთი კონკურენციის პირობებში, როგორიც მობილური ტელეფონების სფეროშია ქვეყანაში. მაგალითად შპს „----------“ 2020 წლის წლიური საშუალო ფასნამატი არის დაახლოებით 12%-14%, ხოლო 2021 წელს 11%-12% (მონაცემი აღებულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის საიტზე გასაჯაროებული ფინანსური ანგარიშგებიდან), მაშინ როდესაც მას მომწოდებლებისგან ბევრად უკეთესი პირობებით აქვს წამოღებული საქონელი, ვიდრე მას და სარეალიზაციო ფასებიც ბევრად მაღალი აქვს. ანალოგიური საქონლით ვაჭრობს შპს „---------“. რომლის გასაჯაროებული ფინანსური მონაცემებით 2021 წელს ფასნამატი შეადგენს 8,5%-ს, 2020 წელს ფასნამატი აქვს 9%, ხოლო 2019 წელს - 7%. შპს „----------“ მსგავსად შპს „----------“ მკვეთრად უკეთესი პირობებით სარგებლობს მომწოდებლებთან, ვიდრე კომპანია და ასევე მკვეთრად მაღალი სარეალიზაციო ფასები აქვს მათგან განსხვავებით.

გარდა იმისა, რომ მომწოდებლებთან საგრძნობლად უკეთესი პირობები აქვთ ზემოთხსენებულ კომპანიებს, მათ ასევე უკეთესი პირობები აქვთ რეალიზაციის კუთხით. აქვთ საშუალება მოაწყონ სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობები, ადგილზე ყავდეთ განვადების ოფიცრები, აქვთ ფილიალების ქსელი, მყიდველებს თავაზობენ რამდენიმე წლიან საგარანტიო სერვისს და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის საშუალება არ აქვს გამომდინარე მცირე მასშტაბებიდან და მცირე ფინანსებიდან. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ჰქონდეს მობილურ ტელეფონებზე ისეთი მაღალი ფასნამატი, როგორიც შემმოწმებლებმა დაიანგარიშეს. ფიზიკურად შეუძლებელია ფასნამატი აღემატებოდეს შპს „----------“ და შპს „-----------“ ფასნამატს.

მიაჩნია, რომ შემმოწმებლის მიერ გამოყენებული მეთოდი შეიცავს არსებით უზუსტობებს და ითხოვს შედეგების გადაანგარიშებას დარიცხვების შემცირების მიზნით. ითხოვს შემოსავლების დაანგარიშების მეთოდად გამოყენებული იქნეს შპს „-----------“ საშუალო ფასნამატი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15723 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); ხოლო აღნიშნულის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და მისი გათვალისწინებით უზრუნველყოს არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15723 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 26.01.2023 წლის დასკვნა, რომლითაც ირკვევა შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მონაწილეობითა და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შესწავლილი/გამოკვლეული იქნა სადავო საკითხი, კერძოდ, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს მიაწოდა რეალიზებულ პროდუქციასთან ფასების მისადაგების ცხრილი (წარდგენილ ცხრილში მითითებული არ ყოფილა საქონლის შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტის ნომრები). ამასთან, მიწოდებული ცხრილის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 42%, რაც თანხვედრაშია საგადასახადო შემოწმებისას განსაზღვრულ საშუალო შეწონილ ფასნამატთან (42%). აღნიშნულიდან გამომდინარე, დამატებით წარდგენილი მტკიცებულებებისა და არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადაანგარიშების ეტაპზე არ გამოვლინდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. მომჩივანი მიუთითებს, რომ სარეალიზაციო ფასების დასადგენად გამოყენებულია დოკუმენტების მცირე ნაწილი, რაც არ იძლევა სრულ ინფორმაციას. ამის გარდა, თუ არ მოხდა საქონლის დასახელებების ზუსტი დამთხვევა, მიიღება არასწორი შედეგი. მაგალითად ერთი და იგივე ბრენდის ერთი და იგივე მოდელის მობილურ ტელეფონს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მოცულობის მეხსიერება და შესაბამისად დიდი სხვაობა იყოს მათ სარეალიზაციო ფასებში. ამასთან, შეიძლება ერთ კონკრეტულ საქონელზე მხოლოდ ერთი რეალიზაცია იყოს სასაქონლო ზედნადებით და იმ კონკრეტულ მომენტში იყოს სხვა ფასნამატი, რომლის გავრცელებაც მთელ პერიოდზე არ მიაჩნია სწორად. შემმოწმებლებმა ისარგებლეს განვადების აქტებით, რომლებშიც არათუ ტელეფონის ზუსტი ბრენდი, მოდელი და მეხსიერების სიდიდე წერია, არამედ უმეტესობა მათგანში საერთოდ ბრენდიც კი არაა მითითებული და უბრალოდ წერია - „მობილური ტელეფონი“. ასეთ შემთხვევაში წარმოუდგენელია სარეალიზაციო ფასისა და თვითღირებულების მისადაგება. შეუძლებელია ჰქონდეს მობილურ ტელეფონებზე ისეთი მაღალი ფასნამატი, როგორიც შემმოწმებლებმა დაიანგარიშეს, რადგან შეუძლებელია მისი ფასნამატი აღემატებოდეს შპს „--------“ და შპს „----------“ ფასნამატს (მონაცემი აღებულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის საიტზე გასაჯაროებული ფინანსური ანგარიშგებიდან). შემმოწმებლის მიერ გამოყენებული მეთოდი შეიცავს არსებით უზუსტობებს და ითხოვს შედეგების გადაანგარიშებას დარიცხვების შემცირების მიზნით. ითხოვს შემოსავლების დაანგარიშების მეთოდად გამოყენებული იქნეს შპს „-----------“ საშუალო ფასნამატი.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოწმების პროცესში გაკეთებული ანალიზის შედეგად საწარმოს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა, რომლის გარკვეული ნაწილის ფაქტიური ნაშთი და დოკუმენტური რეალიზაცია არ უფიქსირდება. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და საქონლის ჩამოწერას, რის საფუძველზეც შეუძლებელია დასაბეგრი ობიექტის დადგენა. ხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე შემოწმების მსვლელობისას გამოყენებულია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებები და საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული და გამოწერილი დოკუმენტების საფუძველზე დადგენილია საქონლის სახეობების და კატეგორიების ფასნამატი, რომელიც გავრცელებულია არადოკუმენტურ რეალიზაციაზე და მიღებული შედეგით განისაზღვრა საწარმოს შემოსავალი. გაანგარიშებები ელექტრონული (ექსელის) სახით, აქტის შედგენამდე გაეგზავნა გადასახადის გადამხდელს. აღნიშნული ცხრილების გაცნობის შემდეგ გადამხდელმა წარადგინა განვადების აქტები და განმარტავდა, რომ შესაძლებელი იყო დამატებით საქონლის სახეობების დაკავშირება, მაგრამ აღნიშნული აქტები უმეტეს შემთხვევაში შეიცავდა იგივე ინფორმაციას (სარეალიზაციო თანხას), რაც გადამხდელის მიერვე გაწერილ სასაქონლო ზედნადებებში იყო დაფიქსირებული. რაც შეეხება ფასნამატის ოდენობას საშუალო შეწონილი მეთოდით შეადგინა 42-43%. ზოგიერთ შემთხვევაში კონკრეტულ საქონელზე ფიქსირდება გაცილებით მაღალი ფასნამატი, მაგალითად ---------- ფასნამატი შეადგენს 290%, თვალსაჩინოებისთვის წარმოადგენს გადამხდელის მიერ გამოწერილ რეალიზაციის ზედნადებს და შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტს (ინვოისს). რაც შეეხება გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებებს, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით მიწოდებულია რეალიზებულ პროდუქციასთან ფასების მისადაგების ცხრილი (წარდგენილ ცხრილში მითითებული არ არის საქონლის შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტის ნომრები). ამასთან, მიწოდებული ცხრილის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 42%, რაც თანხვედრაშია შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საშუალო შეწონილ ფასნამატთან 42-43%-თან.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა, თუმცა ვინაიდან გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ პროდუქციასთან ფასების მისადაგების ცხრილის ანალიზით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი (42%), თანხვედრაში მოდიოდა შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტის ფორმირებისას განსაზღვრულ საშუალო შეწონილ ფასნამატთან, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი, შესაბამისად მიაჩნია, რომ მისი 21.06.2022 წლის №15723 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15723 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით საცალო ვაჭრობა.

შემოწმების პროცესში გაკეთებული ანალიზის შედეგად საწარმოს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა, რომლის გარკვეული ნაწილის ფაქტიური ნაშთი და დოკუმენტური რეალიზაცია არ უფიქსირდება. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და საქონლის ჩამოწერას, რის საფუძველზეც შეუძლებელია დასაბეგრი ობიექტის დადგენა. ხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე შემოწმების მსვლელობისას გამოყენებულია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებები და საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

რაც შეეხება ფასნამატის ოდენობას საშუალო შეწონილი მეთოდით შეადგინა 42-43%. ზოგიერთ შემთხვევაში კონკრეტულ საქონელზე ფიქსირდება გაცილებით მაღალი ფასნამატი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5)