გადაწყვეტილება №20802/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20802/2/2023
02 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-----" (ს/ნ "-----" )
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-----"- ის 11.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20802/2/2023)
დავის საგანი:
არადეკლარირებული საქონლის შემოტანისთვის შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 15.07.2023 წლის №EL216583 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20784 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 2 134.87 ლარი.
ფაქტების აღწერა
2023 წლის 10 ივლისს №"-------" საბაჟო დეკლარაციით მომჩივანმა განახორციელა, 25 850.05 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონლის (საერთო წონა – 1100 კგ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირება.
დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების და საქონლის დათვალიერების შედეგადაც აღმოჩნდა სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი (ჩაის პოლიმერული შესაფუთი პარკი – 2 000 ცალი; ნეილონის ქსოვილი – 2 ერთეული; ჩაის ასაწონი დანადგარი – 1 ცალი; ჩაის შესაფუთი დანადგარი – 1 ცალი).
საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 006425/2013 (13.07.2023) დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 6 895 ჩინური იუანი (2134.87 ლარი).
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის მალულად შემოტანას, რაზეც, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 15 ივლისის №EL216583 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20784 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
დადგენილია, რომ 2023 წლის 10 ივლისს მომჩივნის მიერ №"-------" საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებულ სხვადასხვა დასახელების საქონელს განისაზღვრა „წითელი დერეფანი“. შემოწმებისას გამოვლინდა სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი, რომლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 6 895 ჩინური იუანი (2134.87 ლარი). შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ვინც კი ნახავს მისი საწარმოსა და მისი საქმიანობის ამსახველ ვიდეო მასალას არ შეიძლება არ დაეთანხმოს, რომ გასაჩივრებულ ბრძანებაში გადმოცემული ,,მომჩივნის არგუმენტაცია“ არის მათი საქმიანობის შეურაცხყოფა და დაკნინება. მით უმეტეს როცა ბრძანებით გადმოცემული ,,ფაქტობრივი გარემოებები“ რეალობა არ არის და დარღვევის გამომწვევი და მისი მაპროვოცირებელი მთავარი საკითხი - სინამდვილეს აცდენილია.
საქმეში არსებული დოკუმენტაციით ცნობილი და წარმოდგენილი მტკიცებულებებით რეალური ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:
1. ჩინეთიდან საქართველოში მომჩივნის ტვირთის ჩამოტანის ანუ ტრანსპორტირების თანხა ხელშეკრულებით გადახდილი იყო. საქართველოში შემოსული აღნიშნული ტვირთი ზედნადების (კონოსამენტი) მიხედვით უნდა მიეღო "------" -ის პორტში და არა ,,------’’-ის თაღლითური შუამავალი რგოლის გამოყენებით.
3. საქართველოში ტვირთის ჩამოსვლიდან (08.06.2023წ) ერთ თვეზე მეტი დროის განმავლობაში ,,--------“ შპს "-----"-გან “ საჩუქრის სახით დაუსაბუთებლად აქტიურად ითხოვდა სხვადასხვა რაოდენობის თანხებს. როცა ,,--------“ დარწმუნდა, რომ საწარმო საჩუქარის სახით თანხას არ გადაიხდიდა და უცხოელ პარტნიორთან ერთად აპირებდა მიემართათ სასამართლოსათვის, თანხის მოთხოვნაზე ხელი აიღეს, ნება დართეს ტვირთი განებაჟებინა და შესაბამისად მიეღო.
5. დოკუმენტაციის მიხედვით ,,-------’’-მა აღნიშნული ტვირთის "------"-ის პორტში დაბრუნებაზე საბოლოოდ უარი განაცხადა და მისი განბაჟება მხოლოდ თბილისში მოითხოვა.
6. ,,------- - ის ’’ საწყობში გაგზავნილი იქნა შპს "-----"-ის ტრანსპორტი და უფლებამოსილი პირის მეშვეობით სამჯერადად ჰქონდა მცდელობა კანონიერად განებაჟებინა და მიეღო ტვირთი, მაგრამ დილიდან საღამომდე საბაჟოს მოუცლელობით თუ უყურადღებობით ტვირთის განბაჟება ვერ მოხერხდა.
7. რადგან შპს "-----"-ის წარმომადგენელის მეშვეობით ვერ ხერხდებოდა ტვირთის განბაჟება, ,,------ - მა ’’ თავად შესთავაზა და ითავა მომხდარიყო აღნიშნული ტვირთის განბაჟება, რითვისაც მოითხოვა ,,--------’’-ის წარმომადგენელი ბროკერის "------"-ის ანგარიშზე ჩაერიცხა 300 (სამასი) და დამხმარე მუშისათვის 100 (ასი) ლარი. ,,-------’’-ის მესვეურმა "-------"-მა დაარწმუნა, რომ განბაჟება მოხდებოდა დროულად, თავის სატელეფონო საუბარში "-------" ამბობს: ,,რომ საბაჟოს წეთელში ახლობლები გვყავს, იქ უფროსი ჩემი ნათლია არის, საუბრობს დოკუმენტაციის შესახებ და ბროკერის თანხის ჩარიცხვაზე“.
8. ,,--------“-მა, ("--------" და "-----" ) ადრე მოთხოვნილი საჩუქრის თანხის გადაუხდელობისთვის ჯავრი იყარეს და შეგნებულად მებაჟისთვის არ მოხდა დოკუმენტის ,,საჩუქარის საბუთის’’ დროული მიწოდება. ერთი სიტყვით ,,დეკლარირებული საჩუქარის’’ საბუთი მებაჟეს არ აჩვენეს. ამიტომაც იყო, რომ "-------"-მა მებაჟის მიერ ჯარიმის თანხის გამოწერის შემდეგ, სატელეფონო საუბარში ბროკერის თანხის 300 ლარის, უკან დაბრუნება შესთავაზა.
9. შპს „------- - ის “ (ს/ნ "-----") №130306/21-11 საჩივრის წარდგენიდან რამდენიმე დღეში ,,------- ის“ ხელმძღვანელებმა:"-----"-მ WhatsApp-ში"-------"-თან წარმოებული მიმოწერები დაბლოკა, ხოლო "-----"-მა WhatsApp საერთოდ წაშალა, მაგრამ არსებობს კოპირებული მტკიცებულებები და ყველა სატელეფონო საუბარი, რომელითაც ნათლად ჩანს თაღლითები, თუ როგორ ცდილობდნენ ჯერ თანხების გამოძალვას, ხოლო თანხის არ გადახდის შემდეგ თუ როგორ მოახდინეს არადეკლარირებული საქონელის აღმოჩენის პროვოცირება - მებაჟისთვის შესაბამისი დოკუმენტის შეგნებულად მიუწოდებლობით.
მომჩივანმა სამი წლის განმავლობაში გადატანილი სასამართლო დავებით მიაღწია სამართლიან შედეგს და საწარმო, ახლად აშენებული ჩაის ფაბრიკა, დაიბრუნა კერძო საკუთრებაში. 2023 წლიდან საწარმოს აქვს, როგორც მათთვის, ასევე ქვეყნისათვის პერსპექტიული და სასარგებლო ხელშეკრულება ევროპულ კომპანიასთან. როგორც წინა საჩივარშია გადმოცემული, პარტნიორი კომპანია მათთან ერთად ცდილობს საწარმომ ფუნქციონირება დროულად გააგრძელოს. ამიტომაც იყო, რომ უცხოეთიდან ჩამოტანილი ტარა-მასალა მთლიანად დაფინანსებულია პარტნიორი კომპანიის მიერ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივანს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირების გარეშე საქონლის (ჩაის პოლიმერული შესაფუთი პარკი – 2 000 ცალი; ნეილონის ქსოვილი – 2 ერთეული; ჩაის ასაწონი დანადგარი – 1 ცალი; ჩაის შესაფუთი დანადგარი – 1 ცალი) შემოტანისთვის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 15 ივლისის №EL216583 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.
მომჩივნის განმარტებით, საქონლის შემოტანისას პრობლემები შეუქმნა შუამავალმა ფირმამ, დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწია საქონლის საბაჟო გაფორმების ეტაპამდე, სადაც გაირკვა, რომ მომწოდებელმა საჩუქრად გამოუგზავნა ზემოთ მითითებული (დაუდეკლარირებელი) საქონელი,რომელიც მომწოდებელს არ გაუთვალისწინებია ინვოისში და შესაბამისად არ მოხვდა საბაჟო დეკლარაციაში.
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას, რაზეც მართლზომიერად შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.
ამასთან, მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტაცია ვერ გახდება მომჩივნის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებულ ჯარიმას.
მომჩივანი აღნიშნავს ,რომ გადმოცემული ,,ფაქტობრივი გარემოებები“ რეალობა არ არის და დარღვევის გამომწვევი და მისი მაპროვოცირებელი მთავარი საკითხი - სინამდვილეს აცდენილია.
ფაქტობრივი გარემოებები
დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების და საქონლის დათვალიერების შედეგადაც აღმოჩნდა სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის მალულად შემოტანას, რაზეც,მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით.
გადაწყვეტილება
ამასთან, მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტაცია ვერ გახდება მომჩივნის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
13,163,168.