გადაწყვეტილება №18071/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.12.2022
№ დოკუმენტი 18071/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18071/2/2022

08.12.2022

გადაწყვეტილება

მომჩივანი: "--------" (ს/ნ ---------- )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ 25.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №--------) .

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგები

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.05.2022 წლის №001-67 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.10.2022 წლის №25410 ბრძანება

 

დარიცხული თანხა: 503 433 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 277 079

დღგ - 115 286

მოგების გადასახადი - 115 306

საშემოსავლო გადასახადი - 46 487

ჯარიმა - 115 163

საურავი - 111 191

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კულტურული ღონისძიებების, წვეულებების დაგეგმვა და მოწყობა (ასევე მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში).

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2020 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.04.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, საბანკო ამონაწერები გამოთხოვილია სასამართლო წესით. სასამართლო შუამდგომლობით მოწოდებული საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბანკიდან გადარიცხულია 644 822 ლარი სხვადასხვა დანიშნულებით, თუმცა არ არსებობს ხარჯის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი. აღნიშნული განხილულია ფულადი სახსრების უსასყიდლო გადაცემად. საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, დადგინდა, რომ კომპანიის დირექტორს საქვეანგარიშო/სამეურნეო ხარჯად გატანილი აქვს 185 948 ლარი, ხოლო, გატანილ თანხებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმების შედეგად განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთი, განხილულია საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2021 წლის №16042 ბრძანება და ამავე თარიღის №001-158 საგადასახადო მოთხოვა, რომელიც 20.07.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.09.2021 წლის №29489 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.09.2021 წლის №29489 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2022 წლის დასკვნის საფუძველზე შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.05.2022 წლის №11071 ბრძანება და 4.05.2022 წლის №001-67 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 25.07.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.10.2022 წლის №25410 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

აუდიტის დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 22.09.2021 წლის №29489 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადამხდელისგან მოთხოვნილია ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რისთვისაც განესაზღვრა ვადა 15.04.2022 წლის ჩათვლით, თუმცა გადამხდელს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარუდგენია. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტთან ერთად არ მიიღო მონაწილოება სადავო საკითხის შესწავლაში, მათ შორის, საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საჩივარში ასახული არგუმენტაციის შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის ესაჭიროებოდა ფინანსური სახსრები (კერძოდ, სხვადასხვა ღონისძიების მოსამზადებლად საწყის ეტაპზე საჭირო იყო ფინანსები, ხოლო დამკვეთის მიერ თანხები ირიცხებოდა ღონისძიების ჩატარების დროს ან მის შემდგომ). აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიას სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან მიღებული აქვს სასესხო თანხები, რომელიც აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხილულია როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და დაბეგრილია დღგ-ით. აღნიშნული სასესხო

თანხები არ წარმოადგენს კომპანიის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს და კომპანიას ვალდებულება გააჩნდა აღნიშნული თანხების გამსესხებლისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით წარმოადგენს შესაბამის სასესხო ხელშეკრულებას.

კომპანიას იურიდიული პირისგან ერიცხებოდა თანხები, რომელიც გამოიყენებოდა სხვადასხვა ვალდებულებების გადასახდელად. აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული განხილული აქვს როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები. აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით წარმოადგენს შესაბამის ხელშეკრულებებს.

კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მას გააჩნდა უამრავი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი, რომლის ანაზღაურება ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის თანამშრომლებს (პასუხისმგებელ პირებს) კომპანიის საბანკო ანგარიშიდან საქვეანგარიშოდ (სამეურნეო ხარჯებისთვის) ერიცხებოდათ თანხები, რომლებიც შემდგომ იხარჯებოდა დანიშნულებისამებრ, აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით მომსახურების გამწევი პირების (ძირითადად ფიზიკურ პირების) მიერ არ ხდებოდა შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდება. აღნიშნულ დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებთან დაკავშირებით წარმოადგენს ლიცენზირებულ აუდიტორულ დასკვნას კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობის შესახებ, რის მიხედვითაც აუდიტის დეპარტამენტს საშუალება ექნება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვროს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა.

შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა დროულად შემმოწმებლებისათვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა. კერძოდ: შესამოწმებელი პერიოდი დაემთხვა პანდემიურ პერიოდს, კომპანიას, არ ჰყავდა შესაბამისად საკმარისი კადრები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა-შეგროვებას, ასევე რთული იყო კომპანიისთვის მომსახურების გამწევი პირებისგან დროულად დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება. დღეის მდგომარეობით აღნიშნული პრობლემები მოგვარებულია, კომპანიას დაქირავებული ჰყავს შესაბამისი კადრები, რომლებიც სრულად უზრუნველყოფენ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღებას და შემმოწმებლებისთვის დროულად, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მიწოდებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს მიეცეს საშუალება წარადგინოს დოკუმენტაცია შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლების და შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ, კერძოდ:

1. ფიზიკურ პირებთან გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებები;

2. იურიდიულ პირებთან გაფორმებულ სამმხრივი ხელშეკრულება ვალდებულებების და მოთხოვნების შესახებ;

3. ლიცენზირებულ აუდიტორულ დასკვნას შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ.

შესაბამისად, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მისი თანამონაწილეობით განიხილოს და შეისწავლოს მის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით ბიუჯეტის მიმართ დამატებით დარიცხული თანხების შემცირება/კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 22.09.2021 წლის №29489 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 22.09.2021 წლის №29489 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული 18.04.2022 წლის დასკვნის მიხედვით გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტთან ერთად არ მიიღო მონაწილეობა სადავო საკითხის შესწავლაში, მათ შორის საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საჩივარში ასახული არგუმენტაციის შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამდენად, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

საჩივარში მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა დროულად შემმოწმებლებისათვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა. კერძოდ: შესამოწმებელი პერიოდი დაემთხვა პანდემიურ პერიოდს, კომპანიას, არ ჰყავდა შესაბამისად საკმარისი კადრები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა-შეგროვებას. ასევე რთული იყო კომპანიისთვის მომსახურების გამწევი პირებისგან დროულად დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება. დღეის მდგომარეობით აღნიშნული პრობლემები მოგვარებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს მიეცეს საშუალება წარადგინოს:

1. ფიზიკურ პირებთან გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებები;

2. იურიდიულ პირებთან გაფორმებული სამმხრივი ხელშეკრულება ვალდებულებების და მოთხოვნების შესახებ;

3. ლიცენზირებული აუდიტორული დასკვნა შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მისი თანამონაწილეობით განიხილოს და შეისწავლოს მის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით ბიუჯეტის მიმართ დამატებით დარიცხული თანხების შემცირება/კორექტირება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს საკმარისი დრო ჰქონდა არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარსადგენად და ამასთან, აღნიშნული დოკუმენტაცია დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ საჩივარსაც არ ერთვის, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 22.09.2021 წლის №29489 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.