გადაწყვეტილება №77472/1/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№77472/1/2022
10.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 10.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 21.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №77472/1/2022).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.07.2022 წლის გადაწყვეტილების (№16423/2/2022) აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2022 წლის №041-55 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 161 744 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 80 501
ჯარიმა - 40 249
საურავი - 40 994
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა რკინის კარსა და მოაჯირებში გამოსაყენებელი მეტალის კონსტრუქციებითა და მეტალის პროფილებით ვაჭრობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. 2018 წლის საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს საქონელი უმრავლეს შემთხვევაში შემოტანილი აქვს იმპორტის რეჟიმით, თუმცა უფიქსირდება ადგილობრივ ბაზარზე შეძენაც. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა თითქმის სრულად ხდება წონით, ხოლო რეალიზაცია ხორციელდება რიგ შემთხვევებში ცალობით, რიგ შემთხვევებში მეტრობით. გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღრიცხვა არ ხდება პროგრამულად და საქონლის ჩამოწერას ახორციელებს ფასნამატით.
2018 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 15%-ს, თუმცა ვერ იქნა წარდგენილი აღნიშნული ფასნამატის დოკუმენტურად დადასტურებული გაანგარიშება. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებულია სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის და იმპორტის დროს საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული თანხის მითითებისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კომპანიის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, წარდგენილი კატალოგების და საჯაროდ გამოქვეყნებული (ვებ-გვერდი „-------“ ) ინფორმაციის დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ თითოეულ ნაკეთობას მინიჭებული აქვს სპეციალური კოდი, რომელიც მითითებულია კატალოგში და რეალიზაციაზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. შემოწმების მიერ, დაკავშირდა კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის წონა სახეობების მიხედვით, დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციიდან იდენტიფიცირებულ იქნა დაახლოებით 750 სახეობის საქონლის ერთეულის წონა. ამასთან, შესყიდვის დოკუმენტების შესწავლის შედეგად, განისაზღვრა 1 კილოგრამი ლითონის ნაკეთობებისა და პროფილების თვითღირებულება. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება დაიყო კატეგორიებად და გავრცელდა საშუალო შეწონილი ფასნამატი. შემოწმებით დადგენილ დღგით დასაბეგრი ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აგრეთვე, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ შემოსავლებსა და დადგენილ ხარჯებს შორის სხვაობა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №41536 ბრძანება და №041-127 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.04.2022 წლის №8556 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 29.07.2022 წლის გადაწყვეტილებით (№16423/2/2022) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით მართლზომიერად ჩაითვალა. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტს დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 29.07.2022 წლის გადაწყვეტილების (№16423/2/2022) აღსრულების შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხები, საშემოსავლო გადასახადის (სრულად) და დღგ-ის ნაწილში, შემცირდა სულ 165 312 ლარით (გადასახადი 110 207 ლარი, ჯარიმა 55 105), აღნიშნულზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ნოემბრის დასკვნა, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2022 წლის №041-55 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 21.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელიც კუთვნილებისამებრ, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი იქნა გაანგარიშებები, რომლის საფუძველზე 2022 წლის 14 ნოემბერს შედგენილი იქნა დასკვნა რომლის მიხედვითაც შემცირებული იქნა აქტით დარიცხული თანხები.
2022 წლის 14 ნოემბერს შედგენილ დასკვნას არ ეთანხმება შემდეგი გარემოებების გამო: შემოწმების აქტის მიხედვით დაკავშირებულ იქნა კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის წონა სახეობების მიხედვით. დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციიდან იდენტიფიცირებულ იქნა დაახლოებით 750 სახეობის საქონლის ერთეულის წონა. ამასთან შესყიდვის დოკუმენტების შესწავლის შედეგად განისაზღვრა ერთი კილოგრამი ლითონის ნაკეთობებისა და პროფილების თვითღირებულება. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება დაიყო კატეგორიებად და გავრცელებულ იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი.
დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი იქნა კონკრეტული დასახელების საქონლის წონების შესახებ ინფორმაცია და გაანგარიშებები, რაც სრულად არ იქნა გათვალისწინებული.
მომჩივანი ითხოვს, წარდგენილი ინფორმაციის, მათ შორის სხვადასხვა საქონლის წონების შესახებ, სრულად გათვალისწინებას
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭოს 29.07.2022 წლის გადაწყვეტილებით (№16423/2/2022) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ნოემბრის დასკვნიდან ირკვევა, რომ დამატებით იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. კერძოდ გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით იქნა წარდგენილი 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთის თვითღირებულების გაანგარიშება, რომელიც ეყრდნობოდა 2016-2017 წლებში (დაფუძნების დღიდან) განხორციელებულ შეძენებს. აღნიშნულ პერიოდში შეძენილი საქონლის ერთეულის თვითღირებულება აღემატება 2018 წელს იგივე დასახელების საქონლის თვითღირებულებას. შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთი (2016-2017 წლებში შეძენილი) შემოწმებით განისაზღვრა 684 136 ლარის ოდენობით, შესაბამისად, აღნიშნული ნაშთის ნაწილის რეალიზაცია ხდებოდა 2018 წლის განმავლობაში, რაც გავლენას მოახდენდა ფასნამატის გაანგარიშებაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ფასნამატი და შესაბამისად, გადაანგარიშდა დღგ-ის ბრუნვა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც კომპანიამ საქმიანობა დაიწყო დამფუძნებლის მიერ მოზიდული ფულადი სახსრებით, 2016-2017 წლის ანგარიშგების გათვალისწინებით, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დამფუძნებლის შენატანი აღემატებოდა 2018 წელს შემოწმების მიერ გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთს, შესაბამისად უნდა ჩაითვალოს დამფუძნებლის მიმართ ვალდებულების დაფარვად. შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული 2016-2017 წლების ფულის მოძრაობის გაანგარიშება, შედარების აქტები კრედიტორებთან, ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან, ახსნა-განმარტება ნაღდი ფულის ნაშთის დამფუძნებლისათვის დაბრუნების თაობაზე და ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აღნიშნავს, რომ საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა კონკრეტული დასახელების საქონლის წონების შესახებ ინფორმაცია და გაანგარიშებები, რაც სრულად არ იქნა გათვალისწინებული. ითხოვს, წარდგენილი ინფორმაციის, მათ შორის სხვადასხვა საქონლის წონების შესახებ, სრულად გათვალისწინებას. მაგრამ, მომჩივანი არ წარმოადგენს ინფორმაციას, კონკრეტულად რომელი სახეობის შესახებ წარდგენილი, რომელი კონკრეტული ინფორმაციის გაუთვალისწინებლად მიიჩნევს გადაანგარიშებას არასრულყოფილად.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება განხორციელდა, მაგრამ ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ვერ შეთანხმდნენ ეხება კონკრეტული კატეგორიებს, მაგალითად 11.5X11.5 ზომის
პროფილს, რომელზეც შემოწმების მიერ აღებული წონა განსხვავდება იმ წონისაგან, რასაც ფიქრობს რომ რეალურად არის. ამ შემთხვევაში, გამოითხოვეს მეორე მხარიდან ინფორმაცია, კატალოგიც არსებობს ინტერნეტში სადაც, 1 მეტრის წონა მითითებულია. ითხოვს ამ პოზიციაზე მეორე მხარის მიერ დადასტურებული და მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებას. საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, დააფიქსირონ ზომა და მოითხოვონ დასკვნა წონაზე, წარადგინონ ექსპერტიზის დასკვნა და რაც იქნება დასკვნაში, მისი მიხედვით განისაზღვროს 1მ რამდენ კგ-ს მოიცავს. არ გამორიცხავს და შესაძლებლად მიაჩნია ინვენტარიზაციისას და საკონტროლო შეთავაზების დროს რაღაც ტექნიკურ შეცდომას ქონდეს ადგილი ზომის დაფიქსირებისას, რადგან ასეულობით საქონლის აღრიცხვა მოხდა. მაგრამ, რაც შეეხება ინტერნეტში განთავსებულ საიტს, 11.5X11.5 ზომის პროფილი მითითებული არ არის და არც ინვენტარიზაციის ეტაპზე არ ერიცხებოდა გადასახადის გადამხდელს ნაშთად, საიტზე კი მითითებულია 10X10 ზომის პროფილი, რომლის წონა უფრო მეტია, ვიდრე ზემოაღნიშნული პროფილის. ამდენად, ფიქრობს ზომასთან დაკავშირებით მოხდა ტექნიკური შეცდომა, ამ კონკრეტული პოზიციის ცდომილება მნიშვნელოვნად მიაჩნია და ითხოვს, რაც რეალურია ის იქნეს გათვალისწინებული.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, საკონტროლო შეთავაზებები, რადგან არანაირი აღრიცხვა არ იყო ნაწარმოები, რომ წონით დაეთვალათ და საქონლის ღირებულება დაეკავშირებინათ სარეალიზაციო ფასთან. გამომდინარე იქიდან, რომ წონა იყო მნიშვნელოვანი კრიტერიუმი გაანგარიშებისათვის, ითხოვეს ინვენტარიზაციის შედეგებში და საკონტროლო შეთავაზებისას ამა თუ იმ დეტალის წონით ერთეულებში დაფიქსირება. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ ნახსენები კონკრეტული პროფილიც მითითებულია ინვენტარიზაციის შედეგებში და საკონტროლო შეთავაზებაშიც, ასევე ინტერნეტში საიტზე განთავსებულია შპს „-------“ -ის პროდუქცია, სადაც მითითებულია წონები, მას დაეყრდნენ და სწორედ ამ წონების, კოდების მიხედვით მოახდინეს გაანგარიშება. არ გამორიცხავს რომ რაიმე ცდომილება იყოს, მაგრამ შემოწმების პერიოდში, გადასახადის გადამხდელს არ მიუთითებია რომ წონა იყო არასწორი. ეთანხმება, რომ უფრო სარწმუნო და შესაძლებელი იქნებოდა მსჯელობა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მაგრამ არა ურთიერთდამოკიდებული პირის ახსნა-განმარტების საფუძველზე, ამდენად არ იქნა გათვალისწინებული და სიტყვიერი თუ წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე ვერ მოხდებოდა წონის შეცვლა. ამასთან, საქონლის წონებთან დაკავშირებით არაერთხელ უსაუბრიათ წარმომადგენელებთან, მაგრამ დღემდე დასკვნა არ წარუდგენიათ. რაც შეეხება გადაანგარიშებას, იგი არანაირი უზუსტობის გამოვლენის გამო არ მომხდარა, დარიცხული თანხების შემცირება გამოიწვია შესამოწმებელ პერიოდამდე არსებული გაანგარიშების წარმოდგენამ, რომელიც შემოწმების ეტაპზე და არც დავის პროცესში არ წარუდგენია მომჩივანს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საბჭოს 29.07.2022 წლის გადაწყვეტილებით (№16423/2/2022) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამგვარად, განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 29.07.2022 წლის №16423/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.