ბრძანება N 31670-2

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 22.10.2020
№ დოკუმენტი 31670
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 31670

22/10/2020

შპს -------------------

(მის.: ქ. ------------ )

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 30 ივლისსა და 12 ოქტომბერს გამართულ სხდომებზე (ოქმი №54, №76) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 27 ივლისის №52201/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 02 ივლისის №005-114 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მითვისებული ფულადი სახსრების ანგარიშვალდებულ პირზე სახელფასო განაცემად განხილვას და აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 19 ივნისისა №20006 და 27 აგვისტოს №29945 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 01 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა ,,გადასახადების/ გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ 2020 წლის 02 ივლისის №18059 ბრძანება და ამავე თარიღის №005-114 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 192 742 ლარი, მათ შორის, გადასახადი 91 738 ლარი, ჯარიმა 69 206 ლარი, საურავი 31 798 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2019 წლის 28 ნოემბრის №15252/15-04-01 წერილით მოწოდებული იქნა ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის -------- სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №092080519002 საქმეზე შპს ----- ს -----ის აგს-ის მენეჯერ ---- ის მიერ კომპანიის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტზე, რომლის მიხედვითაც შპს ----- ს ------ ის აგს-ის მატერიალურად პასუხისმგებელმა პირმა და ავტოგასამართი სადგურის მენეჯერმა/ხელმძღვანელმა, 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მოახდინა 120 418 ლიტრი ნავთობპროდუქტის (თვითღირებულებით 206 120.57 ლარი, სარეალიზაციო ღირებულებით 218 331.09 ლარი) რეალიზაცია სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე შესაბამისი დოკუმენტების გამოწერის გარეშე, ხოლო საწვავის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც არ არის დასრულებული.

შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, მითვისებული თანხები, მიჩნეული იქნა ხელფასის სახით განაცემად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებებით დგინდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ------- სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №092080519002 საქმე,შპს ----- ს, ------ ის აგს-ის მენეჯერ ----- ის მიერ, კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტზე. გამოძიებით დადგენილია, რომ ------ მა, 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მოახდინა 120 418 ლიტრი (თვითღირებულებით 206 120.57 ლარი, სარეალიზაციო ღირებულებით 218 331.09 ლარი) ნავთობპროდუქტის რეალიზაცია სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე შესაბამისი დოკუმენტაციის გამოწერის გარეშე, ხოლო საწვავის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ------ ს წარდგენილი აქვს ბრალი.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიებით დადგენილია ---- ის აგს-ის მენეჯერ ---- ის მიერ შპს ----- ს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტი, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხის ანგარიშვალდებულ პირზე სახელფასო განაცემად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არამართლზომიერია. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს, 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საწვავის რეალიზაციის შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ფულადი სახსრების ანგარიშვალდებულ პირზე განაცემად განხილვის საფუძვლით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს 2020 წლის 27 ივლისის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს, 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საწვავის რეალიზაციის შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ფულადი სახსრების ანგარიშვალდებულ პირზე განაცემად განხილვის საფუძვლით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირება;

3. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება მითვისებული ფულადი სახსრების ანგარიშვალდებულ პირზე სახელფასო განაცემად განხილვას და აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილით მოწოდებული იქნა ინფორმაცია წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე საწარმოს აგს-ის მენეჯერის მიერ კომპანიის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტზე, რომლის მიხედვითაც საწარმოს აგს-ის მატერიალურად პასუხისმგებელმა პირმა და ავტოგასამართი სადგურის ხელმძღვანელმა, მოახდინა 120418 ლიტრი ნავთობპროდუქტის რეალიზაცია სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე შესაბამისი დოკუმენტების გამოწერის გარეშე, ხოლო საწვავის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც არ არის დასრულებული.

შემოწმების მიერ, სსკ-ს 101-ე მუხლის თანახმად, მითვისებული თანხები, მიჩნეული იქნა ხელფასის სახით განაცემად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა, სსკ-ს 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული თანხის ანგარიშვალდებულ პირზე სახელფასო განაცემად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არამართლზომიერია. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4); 73(9,,ბ“); 100; 101(1); 154(1,,ა“); 275