გადაწყვეტილება №22424/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.06.2024
№ დოკუმენტი 22424/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22424/2/2024

20 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,31.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 29.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22424/2/2024).

 

დავის საგანი:

ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის გამო ჯარიმის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის №042-28 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.02.2024 წლის №2136 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 100 774 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით. აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №092080523013 საქმე, სხვადასხვა საწარმოს ხელმძღვანელი პირების მიერ, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა ერთობლიობით დგინდება, რომ მომჩივანის მიერ 29.09.2021 წლიდან 1.09.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდებში, შპს "------"-ზე (ს/ნ "------"), ინდ. მეწარმე "------"-ზე (ს/ნ "------"), ინდ. მეწარმე "------"-ზე (ს/ნ "------"), ინდ. მეწარმე "------"-ზე (ს/ნ "------"), ინდ. მეწარმე "------"-ზე (ს/ნ "------"), შპს "------"-ზე (ს/ნ "------"), შპს "------"-ზე (ს/ნ "------"), შპს "------"-ზე(ს/ნ "------") და შპს "------"-ზე (ს/ნ "------") გამოწერილია ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

მომჩივანს, ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის გამო, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის №042-28 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.02.2024 წლის №2136 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე და 282-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტაციაზე, შემოწმებით გაანგარიშებული ფასნამატის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით (№1530) დგინდება, რომ საწარმოს მიერ 2021 წლის 29 სექტემბრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილია ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის საფუძველზეც საწარმოს შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამის სადავო საკითხებს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2021 წლის 29 სექტემბრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებზე აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №1604 ბრძანების საფუძველზე განხორციელებულ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემულია 2023 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტი, ამავე წლის 18 აპრილის N8421 ბრძანება და ამავე თარიღის №042- 9 საგადასახადო მოთხოვნა, რომელზეც შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულია 2023 წლის 21 ივნისის №14359 ბრძანება საჩივრის (გასაჩივრებული საკითხი - ფასნამატი და მის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2023 წლის 1 თებერვლის №1604 ბრძანების საფუძველზე განხორციელებულ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული 2023 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტით დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი გავრცელებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რის საფუძველზეც განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.

შესაბამისად, შემმოწმებელი განმარტავს, რომ კონკრეტული პირების მიმართ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბემ ფაქტიურად ზეგავლენა ვერ მოახდინა ფასნამატის სიდიდეზე, ეჭქვეშ არ დამდგარა საქონლის შეძენა-რეალიზაციის ფაქტი და ამგვარად, მიმდინარე შემოწმებით არ განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის კორექტირება.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველ ყალბ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

თამბაქოს ნაწარმით საბითუმო ვაჭრობის ფასნამატი 1,5-დან 2-პროცენტამდეა. ვინაიდან არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა, გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი და შემოსავლების დადგენა მოხდა შემოწმებით დადგენილი ფასნამატით, რომელიც 2-ჯერ აღემატება რეალობას. ახალი შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჯარიმამ შეადგინა 1 100 774 ლარი, მაგრამ ძველი აქტის სანქცია მაგალითად 275-ე მუხლი დატოვეს უცვლელი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა – იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა ერთობლიობით დგინდება, რომ მომჩივნის მიერ 29.09.2021 წლიდან 1.09.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდებში გამოწერილია ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ დადგენილი იყო გამოწერილი დოკუმენტების სიყალბე და ეჭვქვეშ არ დამდგარა საქონლის შეძენა-რეალიზაციის ფაქტი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან საგამოძიებო ორგანოს მიერ დადგენილია მომჩივნის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბის ფაქტი, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნისთვის ჯარიმა დაკისრებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს გასაჩივრებული აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი და შემოსავლების დადგენა მოხდა შემოწმებით დადგენილი ფასნამატით, რომელიც 2-ჯერ აღემატება რეალობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს, ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის გამო, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან საგამოძიებო ორგანოს მიერ დადგენილია მომჩივნის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბის ფაქტი, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნისთვის ჯარიმა დაკისრებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს გასაჩივრებული აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

282(3)