ბრძანება N 16840

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.07.2023
№ დოკუმენტი 16840
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16840

12.07.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

--------ს მოქალაქე -------ის (პას/ნ -------)

(მის.: ქ. ------------)

2023 წლის 16 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 ივლისის (ოქმი №72) განიხილა --------ის (პას/ნ --------) №103449/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივნისის №EL211883 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოში ჩამოფრინდა მეუღლესთან ერთად. ჰქონდა ფულადი თანხა, რომლის ნაწილი ეკუთვნოდა მის მეუღლეს. ეს ფაქტი საბაჟო დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა და ჩათვალა თანხის არასწორ დეკლარირებად.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას და გადახდილი ჯარიმის უკან დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 4 ივნისს რეისით -------- ჩამოფრინდა ------. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პიროვნება საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით. საბაჟო გამშვები პუნქტი „--------" უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა მისი შეჩერება. დასმულ შეკითხვაზე ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის ფული, რადგან ნებისმიერ ვალუტაში 30 000 ლარის ექვივალენტზე მეტი თანხა საჭიროებს სავალდებულო დეკლარირებას, -------- თავდაპირველად განაცხადა, რომ ჰქონდა მხოლოდ 5 000 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ განაცხადა, რომ ჰქონდა - 10 000 აშშ დოლარი. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება --------- კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე, რის შედეგად ნაცვლად გაცხადებულისა, აღმოჩენილ იქნა 11 400 აშშ დოლარი, 392 000 ყაზახური ტენგე და 20 000 რუსული რუბლი, რამაც ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 32 973,06 ლარი.

ვინაიდან, -------- მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადმოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, სგპ „--------" უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 4 ივნისს შედგენილი №EL211883 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით -------- სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად ჩამორთმეული თანხა დაილუქა საბაჟო ლუქით და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტის სპეციალურად გამოყოფილ საცავში, რაზეც შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69401087360 ოქმი“.

ჯარიმის თანხა --------- მიერ გადახდილ იქნა მოგვიანებით, იმავე დღეს, რის შემდეგაც დარეგისტრირდა №69401/P 007202/2023 საბაჟო დეკლარაცია.

საჩივარში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით ირკვევა, რომ რეისით -------- ------- ერთად ჩამოფრინდა -------ს რესპუბლიკის მოქალაქე --------- (--------- პასპ.№N-------), რომელმაც მებაჟე-ოფიცრის მიერ დასმულ შეკითხვაზე ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის ფული, განაცხადა, რომ მგზავრობდა ---------თან ერთად და მას თანხა არ ჰქონდა.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.

„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესის“(დანართი №2), პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა მოიცავს სამართალდამრღვევი პირის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელ ღონისძიებებს (შემდგომში – უზრუნველყოფის ღონისძიება) და მათი განხორციელების პროცედურებს.

ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესამამისად საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია გამოყენებული იქნეს სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით კი შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. --------ის (პას/ნ N-------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2023 წლის 4 ივნისის №EL211883 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივნისის №EL211883 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას და გადახდილი ჯარიმის უკან დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადმოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 4 ივნისს შედგენილი №EL211883 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 5, 6, 163(1)(11), 169(1).

საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 63(1).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 და 27.08.2019 წლის N 254 ბრძანებები.