გადაწყვეტილება №19586/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19586/2/2023
31 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 3.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19586/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11752 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №081-222 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №8998 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 134 217,68 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 64 760
დღგ - 1 265
მოგების გადასახადი - 17 313
საშემოსავლო გადასახადი - 42 105
ქონების გადასახადი - 4 077
ჯარიმა - 43 453
საურავი - 26 004,68
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 28.12.2021 წლის აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდი.
შესამოწმებელ პერიოდში (2018-2019 წლებში) კომპანიას იმპორტის გზით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალებები (მისაბმელი/სატვირთო). საბაჟო დეკლარაციებს თან არ ახლავს შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, საქონლის ღირებულება კი განსაზღვრულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მიხედვით, ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული და ჩამოწერილია ფულადი სახსრები იმ მოტივით, რომ მას ანაზღაურებული აქვს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ღირებულებები მომწოდებელზე. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისთვის მოთხოვნილ იქნა შეძენისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც მის მიერ არ იქნა მოწოდებული. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების მიხედვით, 2018-2019 წლებში შეძენილ საქონელზე გადახდილი თანხიდან (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად განსაზღვრული ღირებულება) 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო 25% დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელს, მის მიერ მოწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის თანახმად, 2018 წლის საწყის ნაშთად უფიქსირდება ვალდებულება საწარმოს დირექტორის წინაშე, 84 832 ლარის ოდენობით, რომელიც დაფარულია 2018 წლის დეკემბერში. შემოწმების ჯგუფის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის მოთხოვნილ იქნა აღნიშნული ვალდებულების წარმოშობის მიზნობრიობის დასაბუთება, თუმცა ვინაიდან წინა პერიოდზე არ არის განხორციელებული ბუღალტრული აღრიცხვა და ფულის მოძრაობის ანალიზი, მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი გაანგარიშება. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №081-436 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11752 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11752 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 6.10.2022 წლის №16706/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11752 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი 8 906 ლარის ოდენობით და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №081-222 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №8998 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხებთან მიმართებით ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტი კომპანიისაგან შეძენილ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების და შედარების აქტის შესაბამისად შემოწმებით დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას. ხოლო, კომპანიის დამფუძნებლის მიმართ არსებული ვალდებულების დაფარვისთვის გადახდილი თანხის ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი შესაბამისი გაანგარიშება/ინფორმაცია, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები შემცირებას არ დაექვემდებარა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალებები. შემოწმების და გადაანგარიშების პროცესში აუდიტორებისათვის ვერ მოხერხდა შესყიდვის დოკუმენტაციის წარდგენა. აღნიშნულის მიზეზი გახლდათ ის გარემოება, რომ შეიცვალა კომპანიის ბუღალტერი, ხოლო ყოფილ ბუღალტერთან კონტაქტი ვერ მოხერხდა, მის ხელში არსებული დოკუმენტაციის ნაწილი ვერ იქნა მოძიებული შემოწმების დასრულებამდე. ამ ეტაპზე მოხერხდა მხოლოდ დოკუმენტაციის ნაწილის გამოთხოვა მომწოდებლებისგან, ხოლო ნაწილს კვლავ წარმოსადგენია. დარჩენილი დოკუმენტაციის (მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები) მოპოვება მოხდება გადაწყვეტილების მიღებამდე.
უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხების შემცირება.
საგადასახადო შემოწმების აქტსა და დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის თანახმად 1.01.2018 წლის მდგომარეობით უფიქსირდება ვალდებულება კომპანიის დამფუძნებლის მიმართ 84 832 ლარის ოდენობით, რომელიც დაფარულია 2018 წლის დეკემბრის თვეში. აუდიტორი აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში მოითხოვეს აღნიშნული ვალდებულების მიზნობრიობის დასაბუთება, მაგრამ ვინაიდან ვერ იქნა წარდგენილი ხანდაზმული პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, დაფარული ვალდებულება განხილულ იქნა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
როგორც ცნობილია ბუღალტრულ აღრიცხვაში დროის ნებისმიერ მონაკვეთში უნდა სრულდებოდეს ბუღალტრული ტოლობა. კერძოდ, აქტივები უდრის ვალდებულებებისა და კაპიტალის ჯამს. ბუნებრივია აქტიურ კომპანიას ნებისმიერი განვლილი პერიოდიდან მოჰყვება აქტივები და ვალდებულება. თუკი შემმოწმებლებმა საეჭვოდ მიჩნიეს ვალდებულების ოდენობა, მაშინ ასევე საეჭვოდ უნდა იქნას მიჩნეული აქტივების ოდენობაც, რაც არ მომხდარა და ცხადია ვერ მოხდებოდა, რადგან შემოწმების შედეგადაც დასტურდება, რომ კომპანიას გააჩნდა აქტივების ის ოდენობა, რაც ფიქსირდება საბუღალტრო პროგრამაში 1.01.2018 წლის მდგომარეობით. კომპანიის დამფუძნებელმა მოახდინა პირადი უძრავი ქონების რეალიზაცია, სწორედ აღნიშნული თანხებით იქნა შეძენილი კომპანიის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებები. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
ბათილად უნდა იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №8998 ბრძანება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნულ საკითხებში დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების 19.04.2023 წლამდე მოქმედი რედაქციით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11752 ბრძანებით სატრანსპორტო საშუალებების შეძენისას დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ნაწილის (25%) დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის და დირექტორის მიმართ არსებული კომპანიის ვალდებულების დასაფარად გადახდილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11752 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ:
- 2018-2019 წლებში მომჩივანს არარეზიდენტი კომპანიისაგან (-------) შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალებები (მისაბმელი/სატვირთო). საბაჟო დეკლარაციებს თან არ ახლდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, საქონლის ღირებულება კი განსაზღვრული იყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე, რამაც შეადგინა სულ 142 500 ლარი. გადასახადის გადამხდელს, შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის თანახმად, შეძენის ღირებულებად და შესაბამისად, კრედიტორზე გადახდილ თანხებად (სალაროდან გაცემული) მითითებული ჰქონდა ექსპერტიზის დასკვნის შედეგად განსაზღვრული ოდენობა. შესაბამისად, შემოწმების პროცესში „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების მიხედვით, 2018-2019 წლებში შეძენილ საქონელზე გადახდილი თანხიდან (142 500 ლარიდან) 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო 25% დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები და შედარების აქტი არარეზიდენტ კომპანიასთან, რომლის თანახმადაც, სატრანსპორტო საშუალებების ღირებულებამ და შესაბამისად, გადახდილმა თანხებმა შეადგინა სულ 145 373 ლარი (48 500 ევროს ექვივალენტი ლარში). შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას. შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა კომპანიის დამფუძნებლის მიმართ არსებული ვალდებულების წარმოშობის მიზნობრიობის დასაბუთება, თუმცა ვინაიდან წინა პერიოდზე არ არის განხორციელებული ბუღალტრული აღრიცხვა და ფულის მოძრაობის ანალიზი, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი გაანგარიშება. შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელებული დარიცხვა არ დაექვემდებარა შემცირებას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11752 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11752 ბრძანების აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას იმპორტის გზით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალებები (მისაბმელი/სატვირთო).შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისთვის მოთხოვნილ იქნა შეძენისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც მის მიერ არ იქნა მოწოდებული. შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების მიხედვით, 2018-2019 წლებში შეძენილ საქონელზე გადახდილი თანხიდან (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად განსაზღვრული ღირებულება) 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო 25% დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საგადასახადო შემოწმების აქტსა და დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის თანახმად 1.01.2018 წლის მდგომარეობით უფიქსირდება ვალდებულება კომპანიის დამფუძნებლის მიმართ, რომელიც დაფარულია 2018 წლის დეკემბრის თვეში. აუდიტორი აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში მოითხოვეს აღნიშნული ვალდებულების მიზნობრიობის დასაბუთება, მაგრამ ვინაიდან ვერ იქნა წარდგენილი ხანდაზმული პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, დაფარული ვალდებულება განხილულ იქნა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11752 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 136; 101; 154; 275
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანება №22708