გადაწყვეტილება №25528/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.10.2025
№ დოკუმენტი 25528/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25528/2/2025

01 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----ს 28.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25528/2/2025).

 

დავის საგანი:

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის თარიღის და განსაზღვრული დღგ-ის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2025 წლის №077-21 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.07.2025 წლის №15904 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 47 296,53 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 28 276,06

ჯარიმა - 10 134.68

საურავი - 8 885,79

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში. გადამხდელს ----ში, ----ში აქვს შერეული მაღაზია, სადაც გარდა სურსათისა ფიქსირდება მედიკამენტების შეძენა-რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 12.03.2006 წელს. 14.12.2023 წლიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების, საკონტროლო-სალარო აპარატით, პოს ტერმინალით და საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის გზით განხორციელებული ოპერაციების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: მეწარმე შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებას. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის (საბანკო ამონაწერები) ანალიზის შედეგად, გადასახადის გადამხდელის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 6 სექტემბერი. გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშებული იქნა შემდეგნაირად: ჩეკებით რეალიზებულ საქონელს დაემატა ტერმინალის საშუალებით რეალიზებული საქონელი. ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა დღგ-ით არადასაბეგრი საქონლის (მედიკამენტების) რეალიზაცია, გაანგარიშდა მთლიან შეძენაში არადასაბეგრი საქონლის ხვედრითი წილი, რომლის მიხედვითაც შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შესაბამისი პროპორციით.

მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული იყო 2023 წლის დეკემბრის თვიდან და ამავე პერიოდის დეკლარაციით ჩათვლილი ჰქონდა 2021, 2022 და 2023 წლების მიღებული ანგარიშ-ფაქტურები სრულად, ნაცვლად იმ პერიოდში არსებული ნაშთის დღგ-სა. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და ვინაიდან დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 6 სექტემბერი, გაუქმდა 2023 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე ჩათვლილი დღგ-ის თანხები და ჩათვლაში დარჩა მხოლოდ 2022 წლის ივლისის (გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები და ვინაიდან ვერ გაშიფრა დღგ-ით სავალდებულო რეგისტრაციის მომენტში ნაშთის ოდენობა, შემმოწმებელთა მიერ გონივრულად ჩაითვალა დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციის წინა ერთი თვის შეძენების ნაშთად დაფიქსირება) შემდგომ პერიოდზე მიღებული ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხები. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმები.

შემოწმების აქტის საფუძველზე 2.06.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №11233 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 3.06.2025 წლის №077-21 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.07.2025 წლის №15904 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, კერძოდ, საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად, მეწარმეს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 6 სექტემბერი. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშდა შემდეგნაირად: ჩეკებით რეალიზებულ საქონელს დაემატა ტერმინალის საშუალებით რეალიზებული საქონელი. ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა დღგ-ით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული საქონლის (მედიკამენტების) რეალიზაცია, შემოწმების მიერ დათვლილ იქნა მთლიან შეძენაში დღგ-სგან გათავისუფლებული საქონლის ხვედრითი წილი, რომლის მიხედვითაც შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შესაბამისი პროპორციით. გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას ერთი და იგივე თანხის დუბლირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული არგუმენტის დასასაბუთებლად, დუბლირებული თანხების გაშიფვრისთვის მეწარმეს მიეცა 2 კვირა. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას გადაუგზავნა ცხრილი (ექსელის ფაილი), სადაც მითითებული იყო მხოლოდ თარიღი და დუბლირებული თანხები (2022 წელს დუბლირებული ჰქონდა 1756.05 ლარის რეალიზაცია, როდესაც ჯამური რეალიზაცია ამ წელს შეადგენს 140 830 ლარს), რომელთაგან მხოლოდ 3 პოზიცია იყო გაშიფრული, ჯამურად 18 ლარის ოდენობის, შესაბამისად, აღნიშნული არ იქნა შემოწმების მიერ გათვალისწინებული. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ მეწარმე ყველა რეალიზაციაზე ახდენდა სალაროს ქვითრის ამობეჭდვას და ხდებოდა დუბლირება, მაშინ ყველა თვეში საკონტროლო-სალარო აპარატზე უფრო მეტი თანხა უნდა დაფიქსირებულიყო ვიდრე ტერმინალზე, თუმცა იყო ბევრი შემთხვევა როდესაც ტერმინალით უფრო მეტი თანხა იყო მიღებული ვიდრე საკონტროლო-სალარო აპარატით.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილ ცნობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გადახდილი თანხის ანგარიშზე მყისიერად ასახვის ფუნქცია ამოქმედდა 2023 წლის 26 დეკემბრიდან, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა თუ რა პერიოდის (მაქსიმუმ 1 დღე) დაგვიანებით ხდებოდა თანხის ასახვა საბანკო ანგარიშზე ის მაინც წარმოადგენს დასაბეგრ ოპერაციას და არ ცვლის შემოწმებით დადგენილ დასაბეგრი ბრუნვის თანხას.

ზემოაღნიშნულის სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. ამასთან, მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მაღაზიაში გადახდის ტერმინალის გამოყენების თავდაპირველ პერიოდში გაურკვევლობის გამო ერთი და იგივე თანხები არის გატარებული, როგორც ტერმინალზე, რომელიც ასახულია საბანკო ამონაწერში, ასევე სალარო აპარატზე, რამაც გამოიწვია საანგარიშო თანხების გაორმაგება და გამოიწვია ბრუნვის გაზრდა. აღსანიშნავია, რომ სს „---ს“ ტერმინალზე (ტერმინალი, რომელიც ფუნქციონირებს მაღაზიაში) 2023 წლის 26 დეკემბრამდე თანხები არ აისახებოდა დროს სიზუსტეში (ტერმინალზე გატარებული თანხა ანგარიშზე აისახებოდა/ჯდებოდა მოგვიანებით და არა მყისიერად), რაც ბრუნვის გაზრდის გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დანართად გააჩნიათ ცნობა, "---დან", რომელშიც ნათქვამია, რომ ი.მ. ---ის სახელზე რეგისტრირებულ ტერმინალზე მყისიერი ანგარიშსწორების ფუნქცია სს „---ის“ მხრიდან გააქტიურდა 2023 წლის 26 დეკემბრიდან და 26.12.2023-მდე გატარებული ტრანზაქციების ასახვა ხდებოდა მოგვიანებით. მაღაზია არის მცირე ზომის, მისი სავაჭრო ფართი 36 კვ.მ. ხოლო ნაშთი 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა დაახლოებით 49 000 ლარს, რასთანაც შედარებით საგადასახადო მოთხოვნა არაგონივრულია და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის თანხის რაოდენობა მაღაზიის დახურვისა და საქმიანობის შეწყვეტის ტოლფასია. დღგ-ის რეგისტრაციის ვადა გადაცდა მარტივი მიზეზის გამო იმიტომ, რომ ჩეკები ორმაგად იყო ამორტყმული, ანუ ტერმინალზე გატარებული თანხა პარალელურად ტარდებოდა საკასო აპარატზეც, შესაბამისად აუდიტმა შემოწმების პერიოდში ეს ინფორმაცია იცოდა, მაგრამ გადამხდელს მისცა მხოლოდ ორი კვირა იმისთვის, რომ მოეხდინა იდენტიფიცირება. ორი კვირა არ წარმოადგენდა იმ დროს, რომელშიც შეიძლებოდა ამ პერიოდის იდენტიფიცირება, ვინაიდან უნდა დაემთხვეს საათი საათს, წუთი წუთს ტერმინალში გატარებული თანხის და სალარო აპარატზე ამორტყმული თანხები, შესაბამისად ვერ მოახერხეს ამ ინფორმაციის მოპოვება, იმიტომ რომ ---ს ტერმინალზე გატარებული თანხები 2023 წლის 26 დეკემბრამდე მყისიერად არ აისახებოდა, თანხები აისახებოდა მოგვიანებით რამდენიმე საათის შემდეგ ან ზოგი თანხა აისახებოდა მეორე დღეს. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს ხელახალი გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

მომჩივნის განმარტებით იდენტური თანხები გაურკვევლი მიზეზით გატარებულია ორჯერ, რამაც განაპირობა საგადასახადო ვალდებულებების გაზრდა და დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვადის არასწორად განსაზღვრა. სს „---ის“ ტერმინალზე 2023 წლის 26 დეკემბრამდე თანხები არ აისახებოდა დროს სიზუსტეში რაზეც ცნობაც გააჩნია ბანკისგან. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით დუბლირებული თანხების გაშიფვრისთვის მეწარმეს მიეცა 2 კვირა. გადასახადის გადამხდელმა შემმოწმებელს გადაუგზავნა ცხრილი (ექსელის ფაილი), სადაც მითითებული იყო მხოლოდ თარიღი და დუბლირებული თანხები, რომელთაგან მხოლოდ 3 პოზიცია იყო გაშიფრული. შესაბამისად, აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული.

ამასთან, იმ შემთხვევაში თუ მეწარმე ყველა რეალიზაციაზე ახდენდა სალაროს ქვითრის ამობეჭდვას და ხდებოდა დუბლირება, მაშინ ყველა თვეში საკონტროლო-სალარო აპარატზე უფრო მეტი თანხა უნდა დაფიქსირებულიყო ვიდრე ტერმინალზე, თუმცა იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც ტერმინალით უფრო მეტი თანხა იყო მიღებული ვიდრე საკონტროლო-სალარო აპარატით. სს „---გან“ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ცნობასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მიუხედავად იმისა თუ რა პერიოდის (მაქსიმუმ 1 დღე) დაგვიანებით ხდებოდა თანხის ასახვა საბანკო ანგარიშზე ის მაინც წარმოადგენს დასაბეგრ ოპერაციას და არ ცვლის შემოწმებით დადგენილ დასაბეგრი ბრუნვის თანხას. საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის პოზიცია საგადასახადო ვალდებულებების არამართლზომიერებასთან, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის სისწორესთან დაკავშირებით არ არის დასაბუთებული. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის თარიღის და განსაზღვრული დღგ-ის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: მეწარმე შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებას. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის (საბანკო ამონაწერები) ანალიზის შედეგად, გადასახადის გადამხდელის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 6 სექტემბერი. გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშებული იქნა შემდეგნაირად: ჩეკებით რეალიზებულ საქონელს დაემატა ტერმინალის საშუალებით რეალიზებული საქონელი. ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა დღგ-ით არადასაბეგრი საქონლის (მედიკამენტების) რეალიზაცია, გაანგარიშდა მთლიან შეძენაში არადასაბეგრი საქონლის ხვედრითი წილი, რომლის მიხედვითაც შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შესაბამისი პროპორციით.

შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შეეფარდა ჯარიმები.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის პოზიცია საგადასახადო ვალდებულებების არამართლზომიერებასთან, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის სისწორესთან დაკავშირებით არ არის დასაბუთებული. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165 (1); 159 (1,2); 163 (1;2); 164 (1).