გადაწყვეტილება №26449/2/2026

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2026
№ დოკუმენტი 26449/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26449/2/2026

10 მარტი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (პ/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 12.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26449/2/2026).

 

დავის საგანი:

ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2025 წლის №037-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №27958 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 442 125,81 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 274 621,77

დღგ - 103 236,18

საშემოსავლო გადასახადი - 171 385,59

ჯარიმა - 127 263,6

საურავი - 40 240,44

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 11.08.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს წლიური საშემოსავლო გადასახადი სრულად არ აქვს დეკლარირებული. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრმა ბაზამ შეადგინა 1 752 930 ლარი. საგადასახადო კოდექსის მე-80 და 81-ე მუხლების მიხედვით, მიღებული შემოსავლები დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, ხოლო რაც შეეხება აღნიშნულ შემოსავლებთან დაკავშირებულ გამოქვითვებს, გადასახადი გადამხდელს ზედმეტად აქვს გამოქვითული ხარჯები. შედეგად, ------- მიერ მიღებულ შემოსავალს და ხარჯებს შორის სხვაობა, სულ 670 286 ლარი, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. 2024 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა წინა წლის ზარალი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2025 წლის №037-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №27958 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 61- ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე100 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, 2024 წელს უძრავ ქონებებზე ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დანახარჯების დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვა შეთანხმდეს შემმოწმებელთან). თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გასაჩივრების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო შესყიდვის აქტი კვერცხისმდებელი ქათმის გალიების 95 000 ლარის ღირებულების 1.09.2022 წელს შეძენის შესახებ. თუმცა, აღნიშნული შეძენა 2022 წლის წლიურ დეკლარაციაში შემოწმების მიერ, როგორც სრულად გამოქვითვის უფლების სახით, გათვალისწინებული არ ყოფილა, რაც არასწორია. აღნიშნული თანხა უნდა გათვალისწინებულ იქნას 2022 წლის სრულად გამოქვითვებში და ცხადაია, მნიშვნელოვნად შეიცვლება 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზა.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში, მიღებული შემოსავალი სრულად არ აქვს დეკლარირებული, ხოლო აღნიშნულ შემოსავლებთან დაკავშირებული ხარჯი, ზედმეტად აქვს გამოქვითული.

მომჩივნის განმარტებით, გასაჩივრების ეტაპზე წარადგინა შესყიდვის აქტი კვერცხისმდებელი ქათმის გალიების 95 000 ლარის ღირებულების 1.09.2022 წელს შეძენის შესახებ. თუმცა, აღნიშნული შეძენა გათვალისწინებული არ ყოფილა, მისი გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეცვლიდა 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზის მოცულობას.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მოპასუხის წარმომადგენელმა მომჩივნის აღნიშნულ არგუმენტზე განმარტა, რომ ვინაიდან კვერცხის და ქათმის რეალიზაცია, ასევე, საკვები პროდუქტების შეძენა აღარ ფიქსირდებოდა, მეწარმეს ფერმა აღარ ჰქონდა. 2022 წლამდე შეძენილი იყო ტონობით საკვები. შემოწმების პროცესში წარმოდგენილ ამ დოკუმენტს შესაძლებელია სრულიად შეეცვალა შემოწმების მიმართულება და არაპირდაპირი მეთოდით მომხდარიყო კვერცხის წარმოება და მიწოდება 5 000 ფრთა ქათმის პირობებში. შემოწმების დასრულების შემდგომ ამ დოკუმენტის წარმოდგენა განპირობებულია მეწარმის სურვილით, როგორმე გაიზარდოს გამოსაქვითი ხარჯი. ი/მ -------, ამ ოპერაციის მონაწილე მეორე მხარე, გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წელს და არანაირი სამეურნეო ოპერაცია არ უფიქსირდება, არ აქვს გამოწერილი პირველადი დოკუმენტები, არ აქვს ჩაბარებული დეკლარაციები და არ უფიქსირდება საბაჟო ოპერაციები. 2022 წელს თუ რეალურად მიაწოდა 95 000 ლარის თურქული წარმოების გალიები, მაშინ უნდა წარედგინა წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია. ამასთან ერთად, უნდა ფიქსირდებოდეს თანხის გადახდა. ი/მ ------- მიერ ასახული უნდა იყოს ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. ქონების გადასახადის დეკლარაციებში მითითებულია მხოლოდ არასასოფლო/სამეურნეო მიწები და მანქანები. ასევე, არალოგიკური იქნებოდა 2022 წელს ამ რაოდენობით გალიის შეძენა, გალიები შესაძლებელია ჰქონოდა 2022 წლამდე, იმ პერიოდში ფერმის პროდუქტების რეალიზაციები დიდი რაოდენობით ფიქსირდება და აშკარაა, რომ მეწარმეს ჰქონდა ფერმა, მაგრამ 2022 წლიდან ფერმის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები აღარ არის.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს წლიური საშემოსავლო გადასახადი სრულად არ აქვს დეკლარირებული. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მიღებული შემოსავლები დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, ხოლო რაც შეეხება აღნიშნულ შემოსავლებთან დაკავშირებულ გამოქვითვებს, გადასახადი გადამხდელს ზედმეტად აქვს გამოქვითული ხარჯები. შედეგად, მიღებულ შემოსავალს და ხარჯებს შორის სხვაობა, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. 2024 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა წინა წლის ზარალი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №27958 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 102; 105(2);