ბრძანება N 7991

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.03.2020
№ დოკუმენტი 7991
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7991

16/03/2020

------- ის

(მის. ------- )

2020 წლის 27 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა ----- ის №49015/1/2020 საჩივარი, რომელიც შეეხება საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 17 იანვრის №EL107612 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 14 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №09).

სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად) დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სპილენძის კონცენტრატით დატვირთული სატვირთო ავტომანქანით შემოვიდა ----- ის რესპუბლიკიდან. დატვირთული სატვირთო ავტომანქანის აწონვის შემდეგ, მონაცემების ანალიზის შედეგად გამოუვლინდა არადეკლარირებული საქონელი და დაჯარიმდა 2000 ლარით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ ტექნიკურ სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებული წონა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების რეალურ წონას, რამაც იმოქმედა საერთო წონაზე. ყოველივე აღნიშნულზე მითითებით ითხოვს მოეხსნას სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა.

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით და საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2020 წლის 17 იანვარს საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-საავტომობილოს“ საბაჟო კონტროლის ზონაში ----- ის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ტრანზიტულად მოძრავი, სპილენძის კონცენტრატით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა (სახ. №NF-------), რომელსაც მართავდა ----- .

რისკის კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა ----- ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის აწონვა, რის შედეგადაც დაუფიქსირდა საერთო წონა 39 980 კგ. სატრანსპორტო ზედდებულის მიხედვით საქონლის წონა შეადგენდა 24 950 კგ, ცარიელი გამწევის წონა – 7 255 კგ, ხოლო მისაბმელის წონა – 6 790 კგ. აღნიშნული მონაცემების ანალიზის შედეგად ზემოაღნიშნულ ავტომობილში აღმოჩნდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად გადაადგილებული საქონელი – 985 კგ სპილენძის კონცენტრატი.

სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-საავტომობილოს“ უფლებამოსილი პირის მიერ ----- ის მიმართ შედგენილ იქნა №EL107612 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და დაერიცხა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

----- ეს განემარტა დაჯარიმების საფუძველი და მისი უფლება-მოვალეობები. მან ჩაიბარა სამართალდარღვევის ოქმი, რაც დაადასტურა შესაბამის გრაფაში ხელის მოწერით.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მომჩივანი პირველად არ გადააადგილებდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს და მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებული წესები და საბაჟო ფორმალობები.

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია:

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

• საბაჟო კონტროლი – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

• საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

• საქონლის წარდგენა ნიშნავს საბაჟო ორგანოში, საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე ან მასთან შეთანხმებულ სხვა ადგილზე (შემდგომ − საბაჟო ორგანოსთვის) საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისას სხვა სარეგისტრაციო მონაცემებთან ერთად მიეთითება მათი ნებადართული მაქსიმალური მასა და დაუტვირთავი მასა, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები ტვირთის გადასაზიდად არის განკუთვნილი. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანსპორტო საშუალებათა ნებადართულ მაქსიმალურ მასასა და დაუტვირთავ მასას განსაზღვრავს (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) არის ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით.

ამდენად, საქონლის წონის გამოთვლისას, საქონლით დატვირთული მანქანის წონას დააკლდება დაუტვირთავი მასა (საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით).

ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ დავის განმხილველი ორგანო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.

შემოსავლების სამსახური დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის აწონვის შედეგად აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი (სპილენძის კონცენტრატი) – 985 კგ. ამდენად, დგინდება საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტი, ვინაიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის გადმოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად.

საბაჟო სანქცია არის ნორმის ელემენტი, რომელიც ითვალისწინებს უარყოფით შედეგებს საბაჟო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საბაჟო პასუხისმგებლობა კი არის კონკრეტული საბაჟო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლითა დაწესით, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო ზედამხვედლობას დაქვემდებარებულ საქონელზე საბაჟო კონტროლის განხორციელების დროს, საბაჟო ორგანოს მიერ გათვალისწინებულ იქნა სატრანსპორტო საშუალების ის მონაცემები, რომელიც ასახული იყო ----- ის მიერ 2020 წლის 17 იანვარს წარმოდგენილ საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობაში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური დადასტურებულად მიიჩნევს ჩადენილ საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით. ამდენად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 17 იანვრის №EL107612 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ----- ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას და აღნიშნავს, რომ ტექნიკურ სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებული წონა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების რეალურ წონას, რამაც იმოქმედა საერთო წონაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ საბაჟო კონტროლის ზონაში შემოვიდა ტრანზიტულად მოძრავი, სპილენძის კონცენტრატით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა რისკის კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა ავტომობილის აწონვა, რის შედეგადაც ავტომობილში აღმოჩნდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად გადაადგილებული საქონელი – 985 კგ სპილენძის კონცენტრატი.

სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და დაერიცხა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური დადასტურებულად მიიჩნევს ჩადენილ საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით. ამდენად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(4)

საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი