გადაწყვეტილება №27939/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27939/2/2026
16 სექტემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 06.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27939/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6111 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.06.2026 წლის №001-122 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.07.2026 წლის №17021 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 88 444,18 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 49 750,27
დღგ - 29 059,97
საშემოსავლო გადასახადი - 20 690,3
ჯარიმა - 20 821,53
საურავი - 17 872,38
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს ძირითად ეკონომიკური საქმიანობის საგანს წარმოადგენს ------- არსებული ბინების შეძენა და მისი შემდგომი რეალიზაცია რემონტით ან რემონტის გარეშე. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 14.04.2022 წლიდან.
აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2024 წლიდან 1.02.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №001-132 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23116 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რეალიზებული ბინების ღირებულების გაზრდის და მიღებული შემოსავლის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბინების რეალიზაციისას ზედმეტად მიღებული თანხების დამატებით გაწეულ მომსახურებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. მტკიცებულება საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდილი ჩეკის გაუქმების შესახებ/ფიქსაციის აქტი). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება ერთი ბინის ღირებულების ორჯერ დაბეგვრის ფაქტი, უზრუნველყოს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). შეძენილი სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. გაშიფრული ინფორმაცია ბინების სარემონტო დანახარჯებთან დაკავშირებით). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23116 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი 22.11.2025 წლის დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტით ბინების რეალიზაციისას ზედმეტად მიღებული თანხების დამატებით გაწეულ მომსახურებად განხილული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას ( შემცირებას) – 1 001 ლარით, მათ შორის ძირითადი გადასახადი შემცირდა - 723 ლარით, ხოლო ჯარიმა შემცირდა - 278 ლარით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გადაწყვეტილებაში მითითებული პირველი საკითხის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას), ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები (ჩეკის ფიქსაციის აქტი) წარმოდგენილი და განხილული იყო როგორც შემოწმების ეტაპზე, ისე შემოსავლების დავების განხილვის ეტაპზე. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა 37 ბინის რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციები და დასაბეგრი ბრუნვა დადგინდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თარიღებიდან, თანხებიდან და ასევე, ავანსად მიღებული თანხებიდან და თარიღებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია ერთი ბინის ორჯერ დაბეგვრის ფაქტს. გარდა ამისა, არც შემოწმების და არც გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ შედარების აქტები ან/და მყიდველებისგან მოწოდებული სხვა დამოწმებული ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა, რომელიც დაადასტურებდა გადახდილი თანხების და გადახდის პერიოდების შესახებ ზუსტ მონაცემებს. შეძენილი სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ დავების ეტაპზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია: მყიდველებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, სხვადასხვა ბინების ფოტოები, ფორმა 2-ები. აღნიშნული ინფორმაცია ნაწილობრივ წარმოდგენილი და განხილული იქნა, როგორც შემოწმების ასევე შემოსავლების სამსახურის დავების ეტაპზე და შესწავლის შედეგად არ მოხდა მათი გათვალისწინება არც საგადასახადო შემოწმების და არც გადაანგარიშების ეტაპზე, შემდეგ გარემოებათა გამო: წარმოდგენილ მიღება-ჩაბარებებში მყიდველები (მყიდველის ოჯახის წევრები) მიუთითებდნენ, რომ ბინა შეიძინეს გარემონტებულ მდგომარეობაში, თუმცა თითოეულ ბინაზე გაწეული ზუსტი დანახარჯი აღნიშნული ინფორმაციით ვერ დგინდება. ამასთან, პდფ და ექსელის ფორმატში წარმოდგენილ ფორმა №2-ებში თითოეულ ბინაზე მიკუთვნებული რემონტის ხარჯი რადიკალურად განსხვავდება. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მყიდველის მიერ მიღება-ჩაბარებაში მითითებული „გარემონტებული მდგომარეობა“ რას გულისხმობს. გამოგზავნილი ფოტოებიდან კი ვერ დგინდება შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული 37 ბინიდან თუ რომელს ეკუთვნის აღნიშნული ფოტომასალა.
აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 24.11.2025 წლის №001-295 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6111 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობის და სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, მისი არგუმენტებისა და წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6111 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს მოეთხოვა კონკრეტული პირების მხრიდან ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტების წარმოდგენა, ვინაიდან გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემების მიხედვით საკონტროლოსალარო აპარატში თანხის გატარება ხდებოდა იანვრის საანგარიშო პერიოდში. ხოლო, ბუღალტრულად ასახული მონაცემები არ ემთხვეოდა ნასყიდობის თანხებს, თარიღებს და საწარმოს მიერ მიღებულ ფულს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები ფ/პ ------- და ფ/პ -------, სადაც ისინი უთითებენ შეძენილი ბინის ღირებულებას, პერიოდს, თანხის გადახდის თარიღს, ბინის მდგომარეობას და სხვა მონაცემებს. აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგად, შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდება 33 079 ლარით, ხოლო შემოწმებით დადგენილი დამატებით მიღებული თანხების ნაწილში, აღნიშნული საკითხის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ მიღებულად ჩათვლილი თანხების ნაწილში ბინების რეალიზაციიდან გამომდინარე - დადგინდება 90 699 ლარი - ნაცვლად 130 158 ლარისა. ამასთან, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების პროცესში პასუხისმგებელმა პირმა (დამფუძნებელი ------- (პ/ნ -------)) წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება, დამატებით დადგენილი თანხების კაპიტალის შემცირებასთან დაკავშირებით (კაპიტალის ნაშთის ოდენობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენდა 106 536 ლარს), გადაანგარიშების ეტაპზე მოხდა შესაბამისი შედეგების გათვალისწინება. გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილია მყიდველების მხრიდან ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი ახსნა-განმარტებები (შერჩევით) შეძენილი ბინის ღირებულების, პერიოდის, თანხის გადახდის თარიღის, ბინის მდგომარეობის და სხვა მონაცემების შესახებ. ასევე, მოთხოვნილი იქნა და არასრულად არის წარმოდგენილი მცირე მეწარმეების მიერ გაწეულ მომსახურებებთან დაკავშირებით ნოტარიულად დამოწმებული დეტალური ინფორმაცია. აღნიშნული მონაცემები არაპირდაპირად გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების შესწავლის პროცესში, ასევე ანალიზი ჩაუტარდა მიღებული სასაქონლო ზედნადებების ტრანსპორტირების დასრულების ადგილებსა და საწარმოს მიერ შეძენილი/საკუთრებაში არსებული ბინების მისამართებს, რომლის მიხედვითაც ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც მიტანილია ისეთ მისამართებზე, სადაც სასაქონლო ზედნადების ტრანსპორტირების მომენტში, საწარმო უკვე აღარ ფლობდა ფართს ან არასდროს არ ფლობდა ფართს, დარჩა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, ხოლო სმფ-ის ის ნაწილი, რომლის შენახვა შესაძლებელი იქნებოდა სხვა მისამართზე (ტრანსპორტირების დასრულების მომენტში საწარმოს აღნიშნულ მისამართზე გააჩნდა ფართი), გათვალისწინებულ იქნა სარემონტო დანახარჯებში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ასევე მიღებული ფულადი სახსრების ნაწილით გაანგარიშებული ხელფასის სახით განაცემები (გათვალისწინებულია კაპიტალის ნაშთის შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 10.06.2026 წლის №001-122 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.07.2026 წლის №17021 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილია მყიდველების მხრიდან ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი ახსნა-განმარტებები (შერჩევით) შეძენილი ბინის ღირებულების, პერიოდის, თანხის გადახდის თარიღის, ბინის მდგომარეობის და სხვა მონაცემების შესახებ, ასევე, მცირე მეწარმეების მიერ გაწეულ მომსახურებებთან დაკავშირებით ნოტარიულად მოთხოვნილი დეტალური ინფორმაცია, რომელიც არაპირდაპირად გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის არგუმენტების შესწავლის პროცესში. ასევე, ანალიზი ჩაუტარდა მიღებული ზედნადებების ტრანსპორტირების დასრულების ადგილებსა და საწარმოს მიერ შეძენილი/საკუთრებაში არსებული ბინების მისამართებს, რომლის მიხედვითაც ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც მიტანილია ისეთ მისამართებზე, სადაც ზედნადების ტრანსპორტირების მომენტში, საწარმო უკვე აღარ ფლობდა ან/და არასდროს არ ფლობდა ფართს, დარჩა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, ხოლო სმფ-ის ის ნაწილი, რომლის შენახვა შესაძლებელი იქნებოდა სხვა მისამართზე (ტრანსპორტირების დასრულების მომენტში საწარმოს აღნიშნულ მისამართზე გააჩნდა ფართი), გათვალისწინებულ იქნა სარემონტო დანახარჯებში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემცირდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ასევე მიღებული ფულადი სახსრების ნაწილით გაანგარიშებული ხელფასის სახით განაცემები. გადაანგარიშების შედეგად, ასევე, შემცირდა ბინების რეალიზაციის საფუძველზე დარიცხულ დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის თანხები.
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 22 ოქტომბრის №23116 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბრძანება მოიცავდა 3 დავალებას, პირველ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტს პირდაპირ დაევალა დარიცხვის შემცირება, ხოლო მე-2 და მე-3 ნაწილებში ხელახლა შესწავლა და გადაანგარიშება.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ნოემბრის №001-259 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 20 მარტის №6111 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბრძანებით საჩივრის ერთი საკითხი (ზედმეტად მიღებული თანხების დაბეგვრა დღგ-ით) არ დაკმაყოფილდა, ხოლო საჩივრის ორ საკითხში (2024 წლის აპრილის თვის 3 ბინის რეალიზაციის და სარემონტო მასალების რეალიზაციის ნაწილში) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის ხელახლა შესწავლა და გადაანგარიშება გადამხდელის მონაწილეობით. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 10 ივნისის №001-122 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დამატებით დარიცხული თანხის ნაწილი შემცირდა.
აღნიშნული გადაანგარიშების შედეგები სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევის ნაწილში გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საჩივრდება ამ საჩივრით.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიხედვით: ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობის და სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, მისი არგუმენტებისა და წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტში და შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იყო ყველა საჭირო დოკუმენტი, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა შემოსავლების სამსახურის დავალება - საკითხის ხელახლა შესწავლა არ მომხდარა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით!
კომპანია შეძენილ მასალას არც ყიდის და არ სარემონტო მომსახურებას ეწევა ამ მასალით. შესაბამისად, შეძენილი მასალის რეალიზებულად ჩათვლა არასწორია, რადგან არ შეესაბამება რეალობას.
კომპანიამ ყველა მასალა გამოიყენა მხოლოდ ბინების სარემონტოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ------- იქნა წაღებული საქონელი. შესაბამისად, ასეთი მასალის (რომელიც ------- იქნა წაღებული) მიწოდებად განხილვაზე და დაბეგვრაზე გადასახადის გადამხდელს პრეტენზია არ აქვს. რაც შეეხება დანარჩენ მასალას, ყველა მათგანი გახარჯულია მხოლოდ იმ ბინებზე, რომელიც იყიდა და გააუმჯობესა კომპანიამ გაყიდვის მიზნით.
რაც შეეხება იმ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებს, რომლებიც მიტანილია ისეთ მისამართებზე, სადაც სასაქონლო ზედნადების ტრანსპორტირების მომენტში, საწარმო არ ფლობდა ფართს, ეს შეიძლება გამოწვეული იყო სხვადასხვა მიზეზით, რომლის ახსნაც შეიძლება და ეს არ ნიშნავს, რომ ეს მასალა ამ სასაქონლო ზედნადებით გადაიზიდა რეალიზაციის მიზნით და არა ბინების გაუმჯობესების მიზნით. კომპანიის წარმომადგენლები მზად არიან აუდიტორებთან ერთად გაიარონ ყველა ასეთი სადავო სასაქონლო ზედნადები და მისცენ განმარტებები. მაგალითად, თუკი ამ მისამართზე კომპანია ოდესმე (არა მაინცდამაინც სასაქონლო ზედნადების გამოწერის დროს) ფლობდა ბინას, ზოგჯერ კომპანია ამ ბინაში მასალის მიტანის/დასაწყობების უფლებით სარგებლობდა. ანუ ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პერიოდი არ არის რელევანტური საზომი (რეგისტრაცია ფორმალური პროცედურაა და მასზე არ უნდა მოხდეს სწორება). შეიძლება მასალის მიტანის მომენტი არ ემთხვეოდეს კომპანიის სახელზე ამ ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პერიოდს, მაგრამ -------- ყველა მასალა მიტანილია მხოლოდ ისეთ ბინაში, რომელსაც კომპანია ფლობდა. კომპანიას მასალა არ მიუტანია ისეთ ბინაში, რომელსაც არასოდეს ფლობდა.
შესაბამისად, ამ ნაწილში არ არის შემოსავლების სამსახურის ბრძანება აღსრულებული და საკითხი ხელახლა უნდა დაბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტში გადასაანგარიშებლად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6111 ბრძანებით, ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობის და სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, მისი არგუმენტებისა და წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილია მყიდველების მხრიდან ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი ახსნა-განმარტებები (შერჩევით) შეძენილი ბინის ღირებულების, პერიოდის, თანხის გადახდის თარიღის, ბინის მდგომარეობის და სხვა მონაცემების შესახებ. ასევე, მოთხოვნილი იქნა და არასრულად არის წარმოდგენილი მცირე მეწარმეების მიერ გაწეულ მომსახურებებთან დაკავშირებით ნოტარიულად დამოწმებული დეტალური ინფორმაცია. აღნიშნული მონაცემები არაპირდაპირად გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების შესწავლის პროცესში, ასევე ანალიზი ჩაუტარდა მიღებული სასაქონლო ზედნადებების ტრანსპორტირების დასრულების ადგილებსა და საწარმოს მიერ შეძენილი/საკუთრებაში არსებული ბინების მისამართებს, რომლის მიხედვითაც ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც მიტანილია ისეთ მისამართებზე, სადაც სასაქონლო ზედნადების ტრანსპორტირების მომენტში, საწარმო უკვე აღარ ფლობდა ფართს ან არასდროს არ ფლობდა ფართს, დარჩა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, ხოლო სმფ-ის ის ნაწილი, რომლის შენახვა შესაძლებელი იქნებოდა სხვა მისამართზე (ტრანსპორტირების დასრულების მომენტში საწარმოს აღნიშნულ მისამართზე გააჩნდა ფართი), გათვალისწინებულ იქნა სარემონტო დანახარჯებში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ასევე მიღებული ფულადი სახსრების ნაწილით გაანგარიშებული ხელფასის სახით განაცემები (გათვალისწინებულია კაპიტალის ნაშთის შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ინფორმაცია ცხრილის სახით, რომელი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით გამოვლენილი სარემონტო მასალები რჩებოდა მიწოდებულად განხილული, რაზეც გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ წარმოადგენდა მტკიცებულებებს, თუმცა მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. მასალების ნაწილში, განხილულია საქონლის მიწოდებად და არა მომსახურების გაწევად (გაწეული მომსახურებისთვის გახარჯულ მასალად) და შესაბამისად, დაბეგრილია, როგორც საქონელის მიწოდება რა დროსაც გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატის მონაცემები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2026 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6111 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6111 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილია მყიდველების მხრიდან ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი ახსნა-განმარტებები (შერჩევით) შეძენილი ბინის ღირებულების, პერიოდის, თანხის გადახდის თარიღის, ბინის მდგომარეობის და სხვა მონაცემების შესახებ, ასევე, მცირე მეწარმეების მიერ გაწეულ მომსახურებებთან დაკავშირებით ნოტარიულად მოთხოვნილი დეტალური ინფორმაცია, რომელიც არაპირდაპირად გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის არგუმენტების შესწავლის პროცესში. ასევე, ანალიზი ჩაუტარდა მიღებული ზედნადებების ტრანსპორტირების დასრულების ადგილებსა და საწარმოს მიერ შეძენილი/საკუთრებაში არსებული ბინების მისამართებს, რომლის მიხედვითაც ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც მიტანილია ისეთ მისამართებზე, სადაც ზედნადების ტრანსპორტირების მომენტში, საწარმო უკვე აღარ ფლობდა ან/და არასდროს არ ფლობდა ფართს, დარჩა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, ხოლო სმფ-ის ის ნაწილი, რომლის შენახვა შესაძლებელი იქნებოდა სხვა მისამართზე (ტრანსპორტირების დასრულების მომენტში საწარმოს აღნიშნულ მისამართზე გააჩნდა ფართი), გათვალისწინებულ იქნა სარემონტო დანახარჯებში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემცირდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ასევე მიღებული ფულადი სახსრების ნაწილით გაანგარიშებული ხელფასის სახით განაცემები. გადაანგარიშების შედეგად, ასევე, შემცირდა ბინების რეალიზაციის საფუძველზე დარიცხულ დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის თანხები.
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2026 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6111 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 159; 163; 164;